კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი დაამყარა კულტურის მინისტრის მოადგილემ კავკასიონის მთებში და რაში ჩაითრიეს ის

კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ბაგრატის, ოშკისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებთან  დაკავშირებული თემებით გაიცნო, ახალი მთავრობის  ახალი სახეა.  ცნობილი მოქანდაკეების შთამომავალს, მართალია, ოჯახური ტრადიციის გაგრძელება არ მოუხდა, მაგრამ  ცხოვრება მაინც ხელოვნებას დაუკავშირა და  ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა ბელგიაში, სადაც 18 წელი მოუწია ცხოვრება.  როგორ გახდა მარინე მიზანდარი კულტურის მინისტრის მოადგილე და  რაში ჩაითრიეს ის ბავშვობიდანვე, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელსაც საინტერესო ისტორია და „ბეგ რაუნდი”  აქვს. 

მარინე მიზანდარი: პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, სხვა პროფესიას, ალბათ, ვერც ავირჩევდი. მამაც მოქანდაკე მყავდა, ბაბუაც. ბავშვობიდან გავიზარდე გამოფენებზე, მერე ამ გამოფენებთან დაკავშირებულ საქმეების „გარჩევებზე”, ამ გარემომ ჩემზე დიდი კვალი დატოვა – ამიტომაც ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე. ამის შემდეგ დავამთავრე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა, დავიცავი დისერტაცია ანტიკური ხანის ქართულ ძეგლებზე, მაქვს დოქტორის ხარისხი. ასპირანტურის დამთავრებისთანავე სამუშაოდ ამიყვანეს ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლად.  იმ პერიოდში დაიწყო ჩემი კონტაქტები  კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც უცხოეთში აწყობდნენ გამოფენებს. იმ დროს  თბილისში სიტუაცია უკვე არეული იყო, არ არსებობდა არანაირი სამუშაო პირობები. ჩვენი ინსტიტუტი დაინგრა  და მეცნიერებისთვისაც აღარავის ეცალა. მე მივლინებით ბელგიაში მომიწია წასვლა, ერთ-ერთ პროექტზე სამუშაოდ. თუმცა, მოხდა ისე, რომ ჩემი მივლინება უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. საბოლოო ჯამში, ბელგიაში  18 წელი ვიცხოვრე.  თავის დამკვიდრება იოლი არ იყო, იქ ძნელია თავის გატანა – თავიდან დავიწყე სამეცნიერო საქმიანობა, რამდენიმე მოხსენება წავიკითხე პარიზში  ძალისას უნიკალურ ანტიკური ხანის კომპლექსზე, რომელიც ახალი აღმოჩენილი იყო და მისი შესწავლა-დათარიღება სწორედ მაშინ იწყებოდა. ამ თემამ  ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ კოლეგებს შორის. კონტაქტების დამყარება მომიწია ცნობილ ევროპელ მეცნიერებთან, მათ შორის იყო ფრაიბურგის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც მთხოვა, ლექციები მის ინსტიტუტში წამეკითხა. ამას მოჰყვა სხვა საინტერესო წინადადებები. პარალელურად, ვმუშაობდი ნაფიც მთარგმნელ-თარჯიმნად  სასამართლოში. ვაწყობდი ქართველი მხატვრების გამოფენებს როგორც ევროკავშირის საგამოფენო დარბაზში, ასევე ჩემს სახლში, რომლის პირველი სართული საგამოფენო დარბაზად ვაქციე. ყველაზე საინტერესო გამოცდილება ჩემთვის მაინც ევროკავშირის სათავო ოფისში მუშაობა იყო. სამი წელი ვიმუშავე ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტებზე. პასუხისმგებელი ვიყავი საქართველოს, სომხეთსა და მოლდავეთზე. ეს პროექტი მოიცავდა ამ ქვეყნების ადმინისტრაციული უწყებების მუშაობის  დაახლოებას და შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. პროექტის დამთავრების შემდეგ, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს, ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია  მუშაობა ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებზე,  რაც ძალიან საინტერესო იყო.

– და ასე „შორიდან” როგორ მოხვდით ამ თანამდებობაზე?

– თბილისში 2011 წელს ჩამოვედი,  სულ მინდოდა აქ დაბრუნება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს  ბევრჯერ  გადავდე.  თბილისში საინტერესო, კულტურულ პროექტებში ჩავერთე, რომელთა უმეტესობაც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდებოდა. მაშინ   გურამ ოდიშარიასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, ერთმანეთს  არც  ვიცნობდით.   შეიძლება ითქვას, აქ შემთხვევით მოვხვდი. ეს, უპირველესად, ჩემი მეგობრებისა და თანაკურსელების „დამსახურებაა.” თავი მოიკლეს, ვის აღარ აჩვენეს ჩემი „სივი”, სად აღარ გამიწიეს რეკომენდაცია, ბოლოს  დამირეკეს და მითხრეს: შენს „სივს“ კულტურის სამინისტროში ვგზავნით და ახლა შენ არ დაიწყო, არა და ვერაო (იცინის). მათ წინადადებაზე ბევრი ვიყოყმანე, ისეთ პროექტებზე ვმუშაობდი,  შუა გზაზე მათი  მიტოვება მიჭირდა. უნდა მემუხთლა მათთვის, ვისთან ერთადაც მნიშვნელოვან ოთხწლიან პროექტზე ვიწყებდი  მუშაობას.  ბოლოს მაინც დავთანხმდი მეგობრებს და ჩემი „სივი“ უკვე აქ იყო. მაგრამ სამინისტროდან არავინ მირეკავდა. ბოლოს 09-ით გავიგე სამინისტროს ნომერი, დავრეკე და მინისტრის თანაშემწეს ვუთხარი, რომ ჩემს „სივზე“ მობილური ტელეფონის ნომერი არ იყო მიწერილი და ყოველი შემთხვევისთვის, თუ სურვილი ჰქონდათ, დავუტოვებდი. ამის შემდეგ მართლაც დამირეკეს სამინისტროდან და ასე აღმოვჩნდი ამ თანამდებობაზე. მე გაცნობიერებული მაქვს, რა დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. მიწევს კურირება ისეთ თემებზე, რაც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ძალიან მეხმარება ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირში მივიღე. სათავო ოფისში ძალიან ხშირად იმართებოდა მოლაპარაკებები მინისტრების დონეზე, რაშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. იქ მენეჯმენტის ისეთი სკოლა გავიარე, არ ვიცი, ახლა რას ვერ უნდა გავართვა თავი.

– როგორ დაიმკვიდრეთ ადგილი  ბელგიაში, გყავდათ იქ ვინმე, ვინც გეხმარებოდათ? 

–  თავიდან ძალიან მიჭირდა, რთული იყო ცხოვრება  მარტო ორ ბავშვთან ერთად, მაშინ ჩემი შვილები – მარეხი და სანდრო პატარები იყვნენ.  მარტოს მიწევდა მათი გაზრდაც და იმ ყველაფრის გაძღოლაც, რაც საქმეებთან იყო დაკავშირებული. რთული ცხოვრება მქონდა, რომ არა გარშემო მყოფთა თანადგომა და დახმარება, არ ვიცი, როგორ გავუძლებდი იმ სირთულეებს. ხან სად ვცხოვრობდით, ხან – სად,  იმ დროს ბელგიაში ქართველების სათვისტომო პატარა  იყო, საელჩოც  კი მაშინ დაარსდა. იქ ცხოვრობდნენ სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია. ისინი ისე მედგნენ მხარში, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანები. ქართველი მხატვრების პირველი დიდი გამოფენა სალომესთან და ჯანრისთან ერთად გავაკეთე.  ევროპული ცხოვრების წესი არ აღმოჩნდა ჩემთვის მძიმე, სიმართლე გითხრათ, მე იქ მაინც ლაღად ვგრძნობდი თავს. ეს ქართველების თვისებაა, ჩემი აზრით. ძალიან მედგა გვერდში მამაჩემი, მისი სიყვარული და მზრუნველობა ბევრ რამეს მატანინებდა. ყოველთვის  „მშველიდა” მისი სატელეფონო ზარი, სიტყვები: შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ხომ მაგარი ხარ, რაც არ უნდა  მძიმე სიტუაციაში ვყოფილიყავი, ძალას მაინც ვპოულობდი. მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო სიცოცხლის ბოლო წუთამდე.   

– ბელგიაში თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო?

– იქ დავქორწინდი მამაკაცზე, რომელიც ნახევრად იტალიელი იყო, ნახევრად ბელგიელი.  მუშაობდა როგორც პრესატაშე და მისგან ამ მიმართულებით ბევრი რამ ვისწავლე. ის ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და მასთან ერთად საინტერესო წლები გავატარე.  ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ ცხრა წელიწადი და მერე დავშორდით ერთმანეთს. სამნი წავედით – მე და ჩემი შვილები თბილისიდან და სამნი დავბრუნდით. თუმცა, ჩემი გოგონა ცოტა ადრე წამოვიდა ბელგიიდან, მთხოვა: უნივერსიტეტში თბილისში ჩავაბარებო და მეც არ წავსულვარ წინააღმდეგი. თბილისში რომ იყო იქით ითხოვდა ჩამოსვლას, აქ გავზარმაცდი და მანდ ჩამოვალო მეტყოდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი ბელგიაში გაუგრძელდებოდა ყოფნა, თბილისისკენ მოუწევდა გული. ბიჭმა არ მიმატოვა  და ბოლომდე ჩემთან  დარჩა.   

–18-წლიანი „განშორების” შემდეგ ქართულ რეალობაში როგორ დამკვიდრდით?       

– ჩვეულებრივ,  მე მაინცდამაინც არ დავშორებულვარ აქაურობას, წელიწადში ორჯერ მაინც მიწევდა თბილისში საქმეებზე ჩამოსვლა. მოვდიოდი  მშობლებთან, რომლებიც აქ დავტოვე. თბილისური ცხოვრების წესი ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ერთადერთი, რაც აქ ჩამოსულს  მაკლია, ჩემი ძველი რეჟიმია რომლის წყალობითაც ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწევდა მოგზაურობა. ეს ეტყობა, პატარაობიდან დამებედა. მოსკოვში ვარ დაბადებული, დედა მყავს რუსი. რამდენიმე თვის ვიყავი, თბილისში რომ ჩამომიყვანეს პირველად. ასე რომ, ძალიან პატარამ დავიწყე მოგზაურობა (იცინის). ნამყოფი ვარ 40-მდე ქვეყანაში, ვმუშაობდი ალჟირში, ტუნისში, ისრაელში, პალესტინაში. აღმოსავლური ეგზოტიკა ძალიან მომწონს, თავადაც ბევრჯერ  ვეზიარე.  მგონი, ისეთი ქვეყანა არ არის, სადაც  მეგობარი, ან მეგობრის მეგობარი არ მყავდეს. ამ მხრივ ძალიან მწყალობს ბედი, უკომპასოდ რომ წავიდე, უამრავ ქვეყანას შემოვივლი.

– აქ თქვენი ცხოვრების რეჟიმი როგორია?

– ოფიციალური, ამ ეტაპზე, საქმიანი შეხვედრების გარდა, ვერაფერს ვახერხებ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დაჩაგრულად ვგრძნობ თავს და რამე განსაკუთრებულად მაკლია.  უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს, ჩემი შვილებისთვის,   ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. ამას წინათ მომწერეს: გადადექი, გვენატრებიო (იცინის). სიამოვნებით წავიდოდი გუდაურში რამდენიმე დღით და სრიალით  ვისიამოვნებდი, მაგრამ არ გამომდის. წლების წინ  ძალიან ხშირად დავდიოდი მთაში, ალპინიზმში მეგობრებმა ჩამითრიეს. თუმცა, გადამწყვეტი მაინც პიონერთა სასახლის წრე იყო, საიდანაც დაიწყო ჩემი გატაცება ალპინიზმით.  იქაც მამაჩემმა მიკრა თავი. ისეთი აქტიური კაცი იყო, ყველგან ჩემი ყოფნა უნდოდა. სიმაღლის მიხედვით ჩემი „რეკორდი” მყინვარწვერია. თვრამეტ   მწვერვალზე  ვარ ასული, მათ შორის – მყინვარწვერზეც კი. სვანეთში უფრო რთულ მწვერვალებზეც ვარ ნამყოფი, ზოგიერთი 4 000 მეტრამდე იყო – ტექნიკურად სვანეთის მწვერვალები ძალიან რთულია. ზვავშიც მოვყოლივარ,  მთიდანაც მოვწყდი, დავიმტვერი კიდეც. მოკლედ, ყველაფერი გადამხდენია, რაც ალპინისტის ცხოვრებას ახლავს.  მერე ერთხანს ჩამოვშორდი  მთას. ბელგიაში ცხოვრების დროს კი, ცოტა თუმცა მოგვიანებით,  რამდენიმე მეგობარი ჩამოვიყვანე საქართველოში და ჩვენს მწვერვალებზე ავიყვანე. მათ შორის იყო ჩემი იტალიელი მეგობარი ქალი,  რომელიც ასაკშია.  

– ახლა რაში იხარჯება თქვენი სპორტული აზარტი?

–  ძირითადად  საქმეში. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი მაინც ძველი თბილისია. ვგიჟდები, ისე მიყვარს.  ძალიან მაინტერესებს დიზაინიც, სივრცის გაფორმება. არ ვარ გულგრილი არქიტექტურის მიმართ. მე თვითონ გავაკეთე ჩემი სახლი ბრიუსელში, სადაც ულამაზესი ბაღი გვქონდა. იმ ბაღში ისე ხშირად და ისეთი სიამოვნებით ვმუშაობდი, დაქირავებული მებაღე  ვეგონე ყველას (იცინის). ეს სახლი ჩემი მეუღლის იყო და მას დარჩა, თუმცა ბელგიიდან წამოსვლამდე მეც შევიძინე პატარა ბინა. ამ ეტაპზე იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ისე მაქვს ბინა მოწყობილი, როგორიც უნდა ყოფილიყო ჩემი სივრცე – კედლები  ნახატებით  მაქვს გადაჭედილი. ნახატების კარგი კოლექცია მაქვს.  თბილისში მეგობრის ბინაში ვცხოვრობ. ეს იყო ჩემი დროებითი არჩევანი. მეგობრის სახლს  შეფარებული  ჩემს არქიტექტურულ  გატაცებას გასაქანს ვერ მივცემ. ამას მომავალში საკუთარ ბინაში შევუდგები.

–  ეს სამუშაო  კაბინეტი თქვენი მოწყობილია?

– ეს ნახატი მოვიტანე, დროებით ვთხოვე ჩემს მეგობარს ვახო ბუღაძეს,  უფრო სწორად ცოტა ხნით „წავართვი” (იცინის). ისეთი  ნახატია, ვისაც რა უნდა იმას დაინახავს – ზოგი წყლის ვარდნას ხედავს,  ზოგი სხვა ფიგურებს. მე დადებით ემოციასა და მუხტს ვხედავ, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა აქ.   

скачать dle 11.3