კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის დაუვიწყარი დღე და საზიარო სასმისი

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება, საბჭოთა კავშირის თასი რომ ავიღეთ. ეს იყო შეუდარებელი დღე. დაუვიწყარი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ტაშკენტის მერე ქართველებს ასეთი სიხარული არ მოგვსწრებია.

რასაკვირველია, გადარეულები ვართ სიხარულით. ბედნიერები, ბედნიერები!!!

პირველი შთაბეჭდილებები ოდნავ რომ დაცხრა და მაყურებელთა თვალს მოვცილდით, დაიწყო თასის „შინამონათვლა“ – ჩვენს წრეში და ძმაკაცებში თითოეულ მონაწილეს ღვინით სავსე ის თასი უნდა შეგვესვა.

თასის მოპოვება, დამეთანხმებით, არაა ადვილი, მაგრამ, უფრო ძნელი მისი დაცლა ყოფილა. ზოგმა თქვა – რა საჭიროა, რა აუცილებელიაო, მაგრამ, გუნდში გვყავდა მაგის ოსტატებიც. ერთ-ერთი პირველი კი ჩვენი ფირუზ კანთელაძე გახლდათ. ამ უბადლო ფეხბურთელმა ქეიფი და დროსტარებაც უბადლო იცოდა. აიღო ეს თასი, პირამდე გაალიცლიცა სუფთა „რქაწითელით“, ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოსო! – იყვირა და მოიყუდა.

სანამ ფირუზი სვამს, ვისარგებლებ და განგიმარტავთ: ეს ბრწყინვალე ადამიანი ყველა ჩვენგანზე მაღალია, თან – გაცილებით მაღალი. თამაშიც სამაგალითო იცის, მეგობრობაც, მოედანზე დახმარებაც, ლხინში ხომ – შენია და შენი...

მოკლედ, ჩამოცალა ეს თასი ფირუზმა. დედის რძესავით შეერგო და ისევ შეავსო.

– ალავერდი შენთან! – თქვა და მე არ გადმომაწოდა?! ვაი შენს ვახოს (ზუსტად ორი ლიტრი ჩადის).

აკანკალებული ხელებით ჩამოვართვი გაპიპინებული თასი. რა ვქნა ახლა?

– შენ თუ ამას დალევ, შენ თუ ამას დალევ,  მერე მე ვიცი, – გადმომხედა ღიმილით.

– შენ თუ ამას დალევ! – ჩამესმა ისევ და... მოვიყუდე.

პირველი ორი ყლუპი გამიჭირდა, მაგრამ, მერე წავიდაა... თუმცა, ერთ ლიტრს ვერ გავცდი. ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები, სასწრაფოდ შევწყვიტე პროცედურა და ამღვრეული თვალებით ავხედე ფირუზას ქვევიდან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფირუზამ თანადგომა მხოლოდ მოედანზე არ იცის. მიხვდა, რა კატასტროფის წინაშეც ვიდექი და ამჯერადაც არ უღალატა რაინდობას: გამომართვა (უკვე მოსწყურდა კიდევაც, ალბათ) და ის ჩემი წილიც უცერემონიოდ ჩაიცალა... დიახ... ფირუზასთან ერთად არც ერთ სუფრაზე დალევის არ მეშინია – „დახმარება“ მუდამ გარანტირებული მაქვს.

P. S. ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის გუნდებს ხშირად ვეღარ ვხვდებით. ისე კი, მახსენდება ერთი ამბავი. თასი რომ ავიღეთ, ერთ გასვლით მატჩში პატარა უსიამოვნება მოგვივიდა. დაგვიჭირა იქაურმა მილიციამ და, რომ გაიგეს, დინამოელები ვიყავით („დინამო“ ხომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო) – პირიქით, ბოდიში მოგვიხადეს და „პირზე კოცნით“ დაგვშორდნენ – ჩვენ თქვენზე მეტად გაგვიხარდა, თასი რომ ავიღეთო. არა, ეს სიმართლეა და მეხსიერებიდან ვეღარ წაშლი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, მშვიდობასა და ერების ერთმანეთთან კეთილ დამოკიდებულებას ხელს ვერაფერი შეუშლის. გავა დრო და ვიტყვით: „ყველაფერი სისულელეა... მშვიდობას არაფერი ჯობია“. კაცმა რომ თქვას, გურული ვარ და მშვიდობის სადღეგრძელო გურიაში პირველი სადღეგრძელოა. გაუმარჯოს მშვიდობას!

 

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის, ვახტანგ ქორიძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3