კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან ქართველი ჰომერიდები და რატომ დააჯილდოეს მანანა ხომერიკი კუნძულ ქიოსზე ჰომეროსის ოქროს მედლით

„დღეს ქიოსზე აღარ დარჩა ჰომეროსის მოდგმა, ჯიში. მარტო მუზეუმის ფილა, ოცდახუთი საუკუნის გვაცნობს ოჯახს ჰომერიდას. შემდეგ ბევრი დრო გასულა და ოჯახი გაფანტულა. ლაზიკაში გადასულან?“... „საბერძნეთშიც, ლაზიკაშიც მაშინ რომი ბატონობდა, ლათინურად კი „ჰომერიკ“ – ჰომეროსისეულია. ჰომერიდნი დარჩენილან, შემდეგ გაქართველებულან, მათ ძველ გვარსაც ჟღერადობა შეუცვლია. როცა სკოლა დაიხურა, როცა აღარ გამოადგათ თავის ჰომერიკოსობა, ფაზისიდან, სად ტაძარიც აღარ იდგა მათი კერპის – აპოლონის, აი, მაშინ წასულან და გურიაში გადასულან“... – ეს ნაწყვეტებია ისტორიკოს მანანა ხომერიკის პოემიდან „ჩემი მცირე ოდისეა“. ქალბატონი მანანა რამდენჯერმე იმყოფებოდა კუნძულ ქიოსზე გამართულ აკადემია „ჰომერიკის“ კონგრესზე, სადაც ერთ-ერთი გამოსვლისას წაიკითხა ლექცია „ჰომერიდების მიგრაციის“ შესახებ, რომელიც ეხება ჰომერიდების საქართველოში გადმოსვლას. ქალბატონი მანანა ქიოსზე „ჰომეროსის ოქროს მედლით“ დააჯილდოეს. 

მანანა ხომერიკი: ჩვენს ოჯახში შემორჩენილი იყო გადმოცემა იმის შესახებ, რომ ხომერიკების ნამდვილი გვარი საუკუნეების წინ იყო ჰომერიდი. როდესაც ურეკში ჩავდიოდი, ადგილობრივი მცხოვრებლები ყოველთვის მეუბნებოდნენ: თქვენ იყავით ბერძნები, ჰომერიდები, ჰომეროსის შვილებიო. ეს თემა ისე ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, რომ, ლიტერატურაში, ისტორიულ წყაროებში, სულ ვეძებდი ამის დამადასტურებელ ინფორმაციას. შემდეგ მივაკვლიე, რომ ჰომერიდების სამშობლო იყო კუნძული ქიოსი და სულ ვოცნებობდი იქ მოხვედრაზე. შევიტყვე ისიც, რომ ჰომერიდები დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეებში გადმოსულან საქართველოში, გაქართველებულან და გვარსაც განუცდია ფონეტიკური ცვლილება – ჰომერიდი გამხდარა ხომერიკი... სხვათა შორის‚ ილია მაისურაძეს აქვს გვარ-სახელების ცნობარი, სადაც წერია: „ხომერიკი – გადმოცემით‚ ბერძნული გვარია“.

კუნძული ქიოსი – მარადიული დაბრუნება 

2007 წელს საშუალება მომეცა‚ მოვხვედრილიყავი კუნძულ ქიოსზე, რომელიც ჰომერიდების სამშობლო იყო. საქართველოში საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენლისგან შევიტყვე, რომ კუნძულ ქიოსზე ტარდებოდა აკადემია „ჰომერიკას“ კონგრესი. ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაგრამ, მაინც მოვახერხე გამგზავრება და დასწრება. სხდომაზე ბრძანდებოდა აკადემია „ჰომერიკას“ დირექტორი, ქალბატონი მარია ელეფთერია-იათრაქო. აკადემია შედის „ევრო კლასიკაში“ („ევრო კლასიკა“ – ეს არის ანტიკური ენებისა და ცივილიზაციების პროფესორების ასოციაციების ევროპული ფედერაცია) და იგივე ქალბატონი ბრძანდება „ევრო კლასიკის“ პირველი, საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. აკადემია „ჰომერიკას“ მსოფლიო კონგრესი ყოველ ზაფხულს იკრიბება, რომლის ძირითადი თემაა  „ჰომეროსი მსოფლიოში“. ქალბატონმა მარიამ იცოდა ჩემი ისტორია – მას წინასწარ გავუგზავნე მონაცემები იმის შესახებ, რომ ჩვენ‚ ანუ ჰომერიდები‚ მაშინ გადმოვედით საქართველოში, როდესაც კოლხეთის ტერიტორიაზე შექმნილი იყო ეგრისის, ანუ, ლაზიკის სამეფო. კონგრესზე, ჩემთვის მოულოდნელად, მან გამოაცხადა: „ჩვენ გვესწრება ქალბატონი ლაზიკის სამეფოდან“. სრულიად მოუმზადებელი ავედი კათედრაზე და ინგლისურად ვთქვი, რომ ყოველთვის ვიცოდი ჩემი წარმომავლობის შესახებ და ისიც, თუ რა იყო ჰომერიდების ძველი ფუნქციები, თან‚ დავიმოწმე პლატონი: „ჰომერიდები თავზე ადგამდნენ გვირგვინს პოეტურ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს“. ძალიან მოკლე იყო ჩემი გამოსვლა, მაგრამ, საოცრად დიდი რეაქცია მოჰყვა. კონგრესის შემდეგ მაჩერებდნენ ბერძენი ქალბატონები, პროფესორები და მეუბნებოდნენ, ჩვენ ვიტირეთ თქვენს გამოსვლაზეო. სულ ვგრძნობდი გადამეტებულ სითბოს კონგრესის მონაწილეებისგან. კუნძულ ქიოსზე ჰომეროსს ძალიან დიდ პატივს სცემენ, თითქოს ის ახლა გარდაიცვალა. ათეული საუკუნეების წინ მოხდა მისი გაღმერთება, მაგრამ, ეს დღემდე იგრძნობა. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს მოსაზრებას ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა. შესაბამისად‚ ჩემი კვლევისთვის გარკვეული მიმართულება დავისახე.

ჰომერიდები – ჰომეროსის შთამომავლები 

ჰომეროსმა ქიოსზე გაატარა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი და იქ დატოვა ფიზიკური შთამომავლობა, იქ შექმნა ოჯახი. სწორედ მის შთამომავლებს ეწოდებოდათ ჰომერიდები. მათ შესახებ მოგვითხრობს ძველი  წელთაღრიცხვით მეექვსე-მეხუთე-მეოთხე საუკუნეების წერილობითი წყაროები და ეს გრძელდება ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნემდე. პირველად ჰომერიდებს ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ახსენებს აკუსილაე არგოსელი. პინდარეს სქოლიასტი კი ჰომერიდების საგვარეულოს ასე განმარტავს: „ჰომერიდები პირველად ეწოდებოდათ ჰომეროსის ოჯახის წევრებს, მათ შთამომავლებს, ვინც ინახავდა ჰომეროსის ტრადიციას – მისი პოემების სიმღერით შესრულების წესს. გარკვეული ხნის შემდეგ ეს სახელწოდება სხვა პოეტებზეც გავრცელდა, რომლებიც ასევე იცავდნენ ჰომეროსის ტრადიციას, მაგრამ, არ იყვნენ მისი შთამომავლები. შემდგომში ჰომერიდების სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ჰომეროსის სპეციალისტებს, თაყვანისმცემლებს, მაგრამ, ქიოსზე იყვნენ მისი ფიზიკური შთამომავლები. ეს საგვარეულო ძალიან დაფასებული იყო. პლატონი რამდენიმე ადგილას მოიხსენიებს ჰომერიდებს, მაგრამ, მას აქვს ერთ-ერთი დიალოგი, რომელსაც ჰქვია „იონი“. თითქოს სოკრატე ესაუბრება იონს, ტრაგიკოს პოეტს, რომელიც ქიოსიდან იყო. იონი ამბობს: მე ისე კარგად ვასრულებ ჰომეროსის ნაწარმოებებს, ისე განვმარტავ მათ, ვიმსახურებ‚ თავად ჰომერიდებმა დამადგან თავზე ოქროს გვირგვინიო. აქედან უკვე იკვეთება‚ რა დიდი ფუნქცია ეკისრებოდათ ჰომერიდებს, ისინი კუნძულზე გარკვეულ კლანსა და ძალას წარმოადგენენ. ძალიან საინტერესო არტეფაქტი ინახება ქიოსზე. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის მონაცრისფრო ფილა, სადაც ამოკვეთილია ქიოსის წამყვანი საგვარეულოების დასახელებები და მათ შორის არიან ჰომერიდები. სხვათა შორის‚ ამავე ქვაზე არის მინაწერები, რომლებიც მეორე საუკუნით თარიღდება. აქედან ასკვნიან, რომ ჰომერიდები მეორე საუკუნეშიც ყოფილან ქიოსზე. ამის მერე კი მთავრდება მათი ხსენება. მაგრამ, მეოცე საუკუნეში‚ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, იზმირთან ახლოს, კლაროსში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და იქ აღმოჩნდა აპოლონის ტაძარი. ეს არის უძველესი ტაძარი, რომელიც აგებული იყო არაუადრეს ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნისა. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნიდან მესამე საუკუნემდე, როდესაც იქ მიდიოდნენ მომლოცველები, ტაძრის სვეტებზე, კედლებზე ამოკვეთდნენ ხოლმე თავიანთ სახელებს და ასე ხდებოდა მათი სახელების უკვდავყოფა. ამ წესის წყალობით‚ ბევრი ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე. ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ ჩვენი  წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში კუნძულ ქიოსიდან ჩავიდა მომლოცველი – ჰომეროსის შთამომავალი, ქორაგოსი – გუნდის ხელმძღვანელი, მეგენორი. მან ჩაიყვანა გუნდი და უგალობეს აპოლონს. პირდაპირ წერია, რომ ის არის ქიოსიდან, ჰომეროსის შთამომავალი, ანუ‚ ჰომერიდი. ამან მიბიძგა იმისკენ, რომ ორი წლის წინ წავსულიყავი გათხრებზე კლაროსში და საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი.

ჰომერიდების მიგრაცია – როგორ აღმოჩდნენ ისინი საქართველოში   

როდესაც მეორედ ჩავედი კუნძულ ქიოსზე, ჩავიტანე ჩემი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ჰომერიდების მიგრაციას. დღეს ყველა მისტირის ჰომერიდებს, ჰომეროსის შთამომავლებს, მათ შესახებ არავინ არაფერი იცის, მაგრამ, არც არავის დაუსვამს კითხვა: სად წავიდნენ ისინი? მე კონგრესზე ჩემი ვერსია წამოვაყენე, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა. ჩემი ვერსია კი მდგომარებოდა იმაში, რომ იმ დროს ფაზისს, ისევე როგორც დღევანდელ ფიჭვნარს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ზოგადად საბერძნეთთან და კერძოდ – ქიოსთან, ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრები. ფაზისის რიტორიკული აკადემიის შესახებ ვიცით ბერძენი ორატორისა და ფილოსოფოსის წერილიდან, სადაც ის წერს, რომ თვითონაც აქ უსწავლია და მის მამას, ევგენიუსსაც. რიტორიკულ სკოლაში იმავე პროგრამით ასწავლიდნენ, რომლითაც საბერძნეთში. მაშინ აუცილებელი იყო ვირგილიუსის სწავლება, რომელიც ლათინურად ისწავლებოდა და ჰომეროსის, ცხადია – ბერძნულად. ამას სჭირდებოდა სპეციალისტი, ასეთები კი იყვნენ ჰომერიდები. ეს იმის ერთი უტყუარი მიზეზია, რის გამოც უნდა ჩამოსულიყო ფაზისში სპეციალისტი. ანუ, პერიოდიკაც ემთხვევა – აქ ფაზისის აკადემია გვაქვს და ქიოსზე ქრებიან ჰომერიდები. იმავდროულად‚ ჩემს კვლევაში წამოვწიე მეორე საკითხი: ფაზისში არსებობდა აპოლონის ტაძარი, ამის მტკიცებულება მოგვეპოვება ვერცხლის თასზე გაკეთებული წარწერის სახით: „მე ვარ აპოლონ წინამძღოლისა ფაზისელისა“, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით. არ გამოვრიცხავ, რომ  კლაროსზე მყოფი მეგენორი, რომელიც მომლოცველობას მისდევდა, აქაც ჩამოსულიყო და მოელოცა გუნდთან ერთად აპოლონის ტაძარი. თან‚ როგორც რიტორიკულ სკოლას სჭირდებოდა სპეციალისტები, ასევე, ბერძნულ ტაძარსაც დასჭირდებოდა თავისი სპეციალისტ-ქორაგოსი თუ სხვა ვინმე. ყოველ შემთხვევაში‚ ფაქტია, რომ ამის მერე ქიოსზე ჰომერიდების საგვარეულო ქრება, ხოლო ფაზისის რიტორიკული სკოლა უფრო და უფრო ძლიერდება. გასულ ზაფხულს ქიოსზე წავიკითხე სწორედ ეს მოხსენება – „ჰომერიდების მიგრაცია“. ჩემამდე მოხსენებით გამოდიოდა ჩინელი ჟურნალისტი, მთარგმნელი, რომელიც ათი წელია‚ ათენში ცხოვრობს. მან თავის მოხსენებაში ასეთი რამ თქვა: „ჰომეროსი ახლა ამ დარბაზშია, რადგან‚ როგორც ფოლკნერი ამბობს: „გუშინდელი დღე არ კვდება და არ იქცევა გარდასულად“. აქ ჩემი ჩამოსვლა ღირდა თუნდაც იმად, რომ კონგრესზე გავიცანი ჰომეროსის სისხლის მატარებელი ქალბატონი საქართველოდან. ჩემი ემოციის გადმოცემა‚ რა თქმა უნდა‚ ყოვლად შეუძლებელია...“ ამის შემდეგ უკვე მე გამოვედი მოხსენებით და ეს ჩემი მხრიდან ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან, კუნძულზე ჰომეროსის შემდეგ პირველები ჰომერიდები არიან. კუნძული სუნთქავს ჰომეროსითა და ჰომერიდებით და უცებ ვამბობ, რომ მე ვარ ჰომერიდი, ჰომეროსის შთამომავალი. ხომ შეიძლებოდა‚ ვინმეს წინააღმდეგობა გაეწია?! ჩემს გამოსვლას ესწრებოდა ძალიან ცნობილი ჰომეროლოგი, არაჩვეულებრივი მეცნიერი, ქალბატონი ათინა ლუტრარი. ჩემთვის ერთ მხარეს იდგა მთელი მსოფლიოს მეცნიერები და მეორე მხარეს – ეს ქალბატონი, რადგან, ძალიან კომპეტენტურია ამ საკითხში. ამიტომ‚ რას იტყოდა ის ჩემს მოხსენებაზე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ყველამ საოცრად მიიღო ჩემი ვერსია ჰომერიდების მიგრაციის შესახებ და „ჰომეროსის ოქროს მედლით“ დამაჯილდოეს. ქალბატონი ათინა ლუტრარი ჩემი მხურვალე მხარდამჭერი გახდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ასეთი წერილიც მომწერა: „თქვენი ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია ქიოსისა და, განსაკუთრებით‚ ჰომერიდების ისტორიისთვის. ამაღელვებელია ის ფაქტი‚ რომ ჰომერიდების კლანი‚ რომელსაც ესოდენ ღრმა ფესვები აქვს‚ გადარჩა საქართველოში და მისი შთამომავალი იკვლევს მას. თქვენი პოემა შესანიშნავია... უძველესი სკოლა ფაზისის ახლოს ძალიან საინტერესო საკითხია. მეც დავიწყებ მის კვლევას...“ კონგრესის შემდეგ ქიოსზე საღამოს ბანკეტები იმართებოდა. ბევრი მოდიოდა და მეუბნებოდა, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ ჩამობრძანდით და გაგიცანითო. თავიდან არ ვიცოდი‚ ეს ხუმრობით უნდა მიმეღო თუ სერიოზულად. მე მათთვის ერთადერთი ცოცხალი ჰომერიდი ვიყავი. ამის შემდეგ დაუჯერებელი რამ მოხდა: მთელი ცხოვრება არქივებთან, საბუთებთან მაქვს საქმე, ძალიან მიყვარს პოეზია, მაგრამ, არასდროს არაფერი დამიწერია. ქიოსიდან დაბრუნების შემდეგ კი, უცებ რაღაც მომეძალა და დავწერე ერთი ლექსი, მერე მეორე... და შედგა პატარა პოემა, რომელსაც დავარქვი „ჩემი მცირე ოდისეა“. თავადვე ვთარგმნე ინგლისურად და ყდაზე ათინა ლუტრარის სიტყვები წავუმძღვარე: „ის ფაქტი, რომ ქიოსელი ჰომერიდების შთამომავალები საქართველოში ცხოვრობენ, ძალზე მნიშვნელოვანია კუნძულ ქიოსისთვის“. მათ‚ ასევე‚ აინტერესებდათ ხომერიკების გენოტიპი, ამიტომ, ჩვენი საგვარეულოს რამდენიმე წარმომადგენლის ფოტო დავურთე ჩემს პოემას, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. უკვე მომივიდა მიპატიჟება მომავალ კონფერენციაზე, რომელიც ზაფხულში ჩატარდება და სადაც შემიძლია‚ ჩემი  ნაშრომის პრეზენტაცია მოვაწყო. გარდა ამისა‚ წარდგენილი ვარ ორი კუნძულის – ქიოსისა და იონუსის საპატიო მოქალაქეობაზე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.

  ქიოსი ულამაზესი კუნძულია, აქ ყველა ქვა, ადგილი ჰომეროსს უკავშირდება. თუმცა‚ ყველაზე მთავარი‚ რის სანახავადაც ტურისტები ჩადიან, ეს არის „დასკალო პეტრა“  – მასწავლებლის ქვა. ტრადიციის თანახმად, ჰომეროსი იქ იჯდა და კითხულობდა თავის პოემებს, იქ უსმენდა საზოგადოება, მოსწავლეები; მეორე ვერსიის თანახმად, ეს იყო ღია ცისქვეშ გაკეთებული ქალღმერთ კიბელას სამლოცველო. ყველგან‚ სადაც კიბელას ქანდაკება იდგა, მას აუცილებლად ახლდა ლომები და იქვე აუცილებლად იყო გამოქვაბულები, მღვიმეები. დღეს ქვის ზედა ნაწილი აღარ არსებობს, მაგრამ, ჯერ კიდევ იკვეთება ლომების გამოსახულება. ამიტომ, დიდი ალბათობაა, რომ აქ მართლაც ყოფილიყო კიბელას კულტი. კლაროსში აპოლონის ტაძარი ააშენა მანტომ, წინასწარმეტყველმა ქალმა. მანამდე იქ იყო კიბელას კულტი. ჩემმა  მეგზურმა გამოქვაბულებიც მაჩვენა. რაც მთავარია‚ კიბელას კულტი უცხო არ იყო საქართველოსთვის. მდინარე ფაზისის გემების შემოსასვლელთან იდგა ქალღმერთის ქანდაკება, რომელსაც „ფაზიანას“ ეძახდნენ. ის იჯდა სავარძელში და გვერდით ჰყავდა ლომები, ანუ, ეს იყო იგივე კიბელა, დიდი დედა, იგივე რეა. ისეთივე იყო, როგორც ათენში ფიდიასის ხელით შექმნილი რეა-კიბელას ქანდაკება. გურიაში, სოფელ ძიმითში, სპეციალურად მოვაწყვე  პატარა ექსპედიცია – იქ არის კიბელას ბორცვი, სადაც ბოლო დრომდე იმალებოდნენ რევოლუციონერები. თუკი რევოლუციონერები იმალებოდნენ, ესე იგი‚ იქ იყო მღვიმეც. სამწუხაროდ‚ ვერ მოვახერხე დათვალიერება, რადგან, ციცაბოა, ლიანებითა და გვიმრებით სავსე, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ იქ მომავალში მაინც განხორციელდება არქეოლოგიური გათხრები... 

скачать dle 11.3