კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩაითრია სალომე ჭაჭუამ ცეკვის სამყაროში და რას არ დანებდა ის წლების წინ

სალომე ჭაჭუას  წარმოდგენა ცეკვის გარეშე შეუძლებელია. ერთი სატელევიზიო პროექტი და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლა. თუმცა, თავად ფიქრობს, რომ პოპულარობას მის ფერადოვან   სამყაროში, სადაც ცეკვის დროს  იკარგება და სულ სხვა სალომე „ჩნდება”, ბევრი არაფერი შეუცვლია. ცხოვრებაში მშვიდია, წყნარი და მორიდებული, ვერც ბომონდურ  სტილს შეეჩვია – დროის მეტ ნაწილს ისევ პარკეტზე, ახალი ცეკვის დადგმაში ატარებს. თუმცა, როგორია სალომეს ცხოვრება კადრში  და კადრს  მიღმა, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.  

სალომე ჭაჭუა: ცეკვის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, არ არსებობს დღე, წუთი, მას შემდეგ, რაც ცხოვრება ცეკვას დავუკავშირე, რომ მის გარეშე გამეტარებინოს. ჩემი ცეკვის სამყარო  ფერადია, ღია და  თბილი ფერებით. როცა ვცეკვავ, ცხოვრება სხვანაირად მიხარია. 4 წლის ვიყავი, როცა მამამ ქართულ ცეკვებზე მიმიყვანა. მახსოვს, არ მომეწონა „იქ”  ჩემი თავი, თუმცა სამი წელი მაინც ვიარე. ერთხელ, მამას ჩემს წასაყვანად გაკვეთილზე  მოსვლა დააგვიანდა, ისე ვინერვიულე და განვიცადე: უპატრონოდ დავრჩი-მეთქი,  იქით აღარც გამიხედავს. ცეკვაში შეჯიბრებისა და სპორტული პაექრობის ელემენტები, წაგება-მოგება  მომწონს, რაც ქართულ ცეკვას ადრე  არ ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც ავიცრუე მაშინ გული. ცეკვა ჩემთვის სპორტული მარათონია, სპორტი კი  ყოველთვის მომწონდა. იყო დრო, ჩოგბურთით ვიყავი გატაცებული,   მაგრამ მშობლებმა არ მატარეს: ფეხები დაგეკუნთებაო.  იმ პერიოდში ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამეჯლისო ცეკვების ტურნირი ტარდებოდა. ძალიან მომეწონა. სამი წელი ვეხვეწებოდი მამას,  სამეჯლისო ცეკვებზე შემიყვანეთ-მეთქი. მამამ თქვა: შევიყვანოთ და მალე თვითონ მობეზრდებაო.  მამა მანებივრებდა, მაგრამ თან, მკაცრადაც მზრდიდა. მაგალითად,  არასდროს  მტოვებდა ღამით მეგობართან: მერე უშენოდ როგორ  დავიძინოო, მეტყოდა ხოლმე.  ამას ისე მივეჩვიე, დღემდე არსად ვრჩები ღამით.  აბიტურიენტობის დროს  სტუდია „თელას” ცოტა ხნით დავანებე თავი. მშობლები ფიქრობდნენ, ცეკვა სწავლაში ხელს შემიშლიდა, მაგრამ მალე  მიხვდნენ, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და უკანვე დავბრუნდი. მეცადინეობითა და ვარჯიშით თავს ვიკლავდი, რომ პაუზა არ დამტყობოდა.  ჩემებს მას შემდეგ აღარ  შეუშლიათ ხელი ცეკვაში.   
–  არ იყო მცდელობა, შენც გაგეგრძელებინა ოჯახში იურისტობის ტრადიცია?
–  ჩემს ოჯახში  იურისტობა ტრადიციად  იქცა,  მაგრამ ჩვენთვის,  შვილებისთვის მაინცდამაინც არავის დაუძალებია ეს პროფესია აგვერჩია. ოჯახში,  ერთადერთი ვარ,  ვინც ეს ტრადიცია დაარღვია – მე  საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თუმცა, ჩემგან დიპლომატი არ დადგა. დიპლომი ერთი დღეც კი  არ გამომიყენებია. ადამიანს უნდა უყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებს, ისე გამორიცხულია წარმატებას მიაღწიო შენს პროფესიაში. ჩემი ოცნებაა ამერიკის მაღალი კლასის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარება, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიშვებენ.  ეშინიათ, სამუდამოდ იქ არ დავრჩე.  გიგიმ მითხრა, თუ დიდი სურვილი გაქვს, რადგან ერთად არ გვიშვებენ, თუ გინდა, მარტო წადიო, მაგრამ არ მინდა. ისეთი ჯიუტი ვარ, სანამ ჩემსას არ მივაღწევ, თავს არ დავანებებ. ალბათ, ამერიკაში წასვლის სურვილსაც ავისრულებ. თან, გიგი იმდენ საოცარ ისტორიას მიყვება ამერიკული ქორეოგრაფიული სასწავლებლის შესახებ, ჩემს წარმოსახვაში ხშირად ვარ იქ  (იცინის). გიგი ერთხანს სწავლობდა ამერიკაში, ის, რა თქმა უნდა,  ჩემზე კარგი მოცეკვავეა და მეც  ბევრ რამეს მასწავლის. გიგი ჩემი მასწავლებელიც გამოდის.
– შენ და გიგი თითქმის  უკვე დაოჯახდით.
– თითქმის დავოჯახდით, მაგრამ  ჯერ ერთად  არ გადავსულვართ საცხოვრებლად. ჯერ არც ქორწილს ვგეგმავთ,  არ ვჩქარობთ. არც ერთს არ გვაქვს ისეთი ასაკი, რომ გვეჩქარებოდეს.
– იურისტების ოჯახიდან მოცეკვავეების ოჯახში შეხვალ. მომავალ დედამთილ-მამამთილთან მუშაობა იოლია?
– კი, სანამ გიგის გავიცნობდი, მანამდე ვიცნობდი თენგიზ და ლარისა მასწავლებლებს. მათ დღემდე „მასწ-ს” ვეძახი და ყოველთვის ჩემს მასწავლებლებად დარჩებიან, მაშინც კი, მათი ოჯახის წევრი რომ გავხდები.         
– შენს ცხოვრებაში პოპულარობა ძალიან უცბად, ერთი სატელევიზიო პროექტით მოვიდა, რა შეცვალა ამან შენ ირგვლივ?  
–  შინაგანად ისევ ისეთი დავრჩი, როგორიც ვიყავი. მართლა არ შევცვლილვარ და ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვინც კი მიცნობს. ჩემს ცხოვრებაში  შეიცვალა ის, რომ, რაც უფრო ცნობადი გავხდი, უფრო მეტი შემოთავაზება მაქვს. ვგრძნობ, რომ ხალხს  ვუყვარვარ.  პროექტის დაწყებამდე  პოპულარობაზე ნამდვილად  არ მიფიქრია. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთ წარმატებას თუ მომიტანდა. 
– როგორია სალომე ცეკვის დროს და სალომე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში?
– ყველა ამბობს, რომ ცეკვის დროს სულ სხვანაირი ვარ. ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩემში ორი სალომე ცხოვრობს: წყნარი, მშვიდი, მორცხვი, რომელიც ცეკვის დროს აბსოლუტურად სხვანაირი ხდება. არ ვიცი, ეს როგორ გამომდის. უფრო მეტიც, პარკეტზე ყველა კომპლექსს ვიხსნი, რაც ცხოვრებაში მაქვს. ცეკვის დროს სრულიად თავისუფალი ვარ, თამამი, არ ვიცი ზღვარი, სხვა განზომილებაში და სამყაროში  ვიკარგები (იცინის).  
– შენი ცხოვრების სტილი ბომონდური გახდა?
– არა, ვარსკვლავური ცხოვრება ვერ შევითავსე. ვფიქრობ, ასე ცხოვრებას ბევრი მინუსი აქვს, თან ეს ჩემს ხასიათში არ არის. ქუჩაში, უცნობი ადამიანი რომ მომიახლოვდება და თბილ სიტყვებს მეტყვის, მაშინ მახსენდება, რომ ცნობილი ვარ.  ცხოვრების წესი ჩვეულებრივი მაქვს – დღედაღამ სტუდიაში   ვვარჯიშობ. ცეკვა ისეთი რამაა, ყოველდღე თუ არ ივარჯიშე, მაღალ დონეს ვერ მიაღწევ.  როცა სადმე მიწვევენ, ღონისძიებაზე ან გადაღებაზე,  სულ განვიცდი, რადგან ამ დროს საკუთარ საქმეს ვართმევ. ამიტომაც, ხშირად გვიან ღამით ვბრუნდები სტუდიაში და ვარჯიშს ვიწყებ.
– მარტო?
– ღამის თორმეტი საათიც რომ იყოს,  ვარჯიშს ვერ ვუღალატებ. რეზოს ვურეკავ ხოლმე,  მოდი, კომპანიონობა გამიწიე-მეთქი, რაზეც სულ ბურდღუნებს, თავი დამანებე,  დამასვენეო. ხანდახან გიგიც უარს მეუბნება ღამით აქ მოსვლაზე, მეძინებაო, მაგრამ მე მაინც არ ვეშვები (იცინის). რა ვქნა, ცეკვას ვერაფერს მოვაკლებ. წარმოგიდგენიათ?! სიზმარშიც კი  ვცეკვავ. დედა ამბობს, რომ ხანდახან ვბოდავ ფრაზებს, რაც ცეკვასთან  ასოცირდება. დედა ბევრს ხუმრობს ამ თემაზე, მაგრამ ჩემი წინსვლა უხარია. სამწუხაროდ, მამა ვერ მოესწრო ამ ყველაფერს.  დარწმუნებული ვარ, ჩემით ძალიან იამაყებდა.   მას ყოველთვის ძალიან უხაროდა  ჩემი წარმატებული გამოსვლები  ტურნირებზე.  როცა ერთად ვხვდებოდით სადმე წვეულებაზე,  ტვისტს ვცეკვავდით ერთად. მამა კარგად არ ცეკვავდა, მაგრამ ჩემთან უყვარდა წაცეკვება. რაც გავიზარდე,  დაბადების დღეებსა და ქორწილებში აღარ ვცეკვავ.„ მიდი, რა, იცეკვე” რომ იციან,  ჩემთან არ ჭრის. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ სადმე  ვიცეკვო. ეს, როგორც ამბობენ, პროფესიონალების „სენია”. სხვაგან, ყველგან  სიამოვნებით ვცეკვავ, სახლში სულ პატარა ადგილიც მყოფნის, რომ ვიცეკვო და ახალი ილეთი დავამუშაო. დედა მეტყვის ხოლმე: მიკვირს, სახლში კიდევ  რომ გაქვს  ცეკვის თავიო.  ხვდება, რომ  ძალიან გადარეული ვარ  ამ მხრივ. მგონი,  არავინ ვარჯიშობს დღეში ორჯერ, ისე როგორც მე.  ჩემი შემყურე,  ნათლულიც კი  ჩავითრიე ცეკვაში. უკვე   სტუდიაში მოვიდა,  მაგრამ მასწავლებლის როლში ისე მკაცრად ვექცევი, აღარ მინდა ცეკვაო, – ამბობს.  
– ცეკვის გარდა, რა არის შენი საყვარელი საქმე?
– ცეკვის გარდა, მიყვარს კულინარია. ამბობენ, ისეთი  ხელი მაქვს, რომ გემრიელი საჭმელები გამომდის. გიგის ხათრით ნამცხვრების  გამოცხობაც ვისწავლე, „ბრაუნს” ვუკეთებ ხოლმე.  მე არასდროს ვიყენებ რეცეპტებს, უცებ რაღაცას მოვიგონებ და გემრიელობები გამომდის.   ძალიან მომწონს მაკიაჟის კეთება და ჩემი ყველაზე განთქმული ჰობი, კვლავ „როლიკებია“. იყო პერიოდი, ძალიან მაგრად ვსრიალებდი „როლიკებზე“. იმ პერიოდმა „შრამებიც“  დამიტოვა   მუხლებზე, დღესაც კი   მემჩნევა, მაგრამ სრიალი ისე მიყვარდა, მაინც  არ დავნებდი (იცინის).   

скачать dle 11.3