კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ბრაზილიელი ტალანტები მოხვდნენ პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების ტოპ-თხუთმეტეულში

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ ფეხბურთელებმა უკვე დაიმკვიდრეს ადგილი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის რუკაზე და დღეს ისინი ყველაზე პერსპექტიულ ვარსკვლავებად მოიაზრებიან, რომელთა ნიჭის სანაცვლოდ, სუპერგრანდები მილიონობით ევროს ხარჯავენ. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული, 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომელიც ავტორიტეტული გერმანული ვებ-გვერდის – „ტრანსფერმარკეტის” მიხედვით შედგა.

მარიო გიოტცე (გერმანია) – დორტმუნდის „ბორუსია” 42 მილიონი ევრო

გერმანიის ნაკრებისა და „ბორუსიის” 20 წლის ნახევარმცველი ტიპური 10 ნომერია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ გერმანიაში. გიოტცე ყველაზე ძვირად ღირებული 21 წლამდე ასაკის  ფეხბურთელია ევროპაში და მასზე უკვე დიდი ხანია ნადირობენ წამყვანი ევროპული სუპერკლუბები. გიოტცე, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სამაგალითო სპორტსმენად ითვლება სამშობლოში: ის არ ეკარება ალკოჰოლსა და თამბაქოს და მისთვის უცხოა ვარსკვლავური სენი, რამაც მის ბევრ კოლეგას კარიერა დაუნგრია.

ნეიმარი (ბრაზილია) – „სანტოსი”, 40 მილიონი ევრო

ბრაზილიელი ტალანტი ნეიმარი 21 წლის რამდენიმე  დღის წინ გახდა და უკვე ცნობილია, რომ მომავალ სეზონს ის ერთ-ერთ ევროპულ სუპერკლუბში დაიწყებს. ნეიმარზე დიდ იმედებს ამყარებს სრულიად ბრაზილია 2014 წლის მუნდიალზე და, ექსპერტების გათვლით, სწორედ ის უნდა გახდეს მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა.

ლუკას მოურა (ბრაზილია) – „პსჟ”, 35 მილიონი ევრო

2013 წლის იანვრიდან ლუკას მოურა პარიზული კლუბის ფეხბურთელია და მისი ტრანსფერი კლუბს 35-40 მილიონი ევრო დაუჯდა. მოურა ბრაზილიელი ფეხბურთელების ახალი თაობის წარმომადგენელია და, ნეიმარის მსგავსად, ის უნდა გახდეს 2014 წელს მუნდიალზე წამსვლელი ნაკრების ლიდერი. ცნობისთვის, მოურას თანაგუნდელი „პარი სენ-ჟერმენში,” 38 წლის დევიდ ბექჰემი, ზუსტად 17 წლით უფროსია მასზე და პროფესიული კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ლუკასი მსოფლიოს მოევლინა – 1992 წელს.

სტეფან ელ-შაარავი (იტალია) – „მილანი”, 23 მილიონი ევრო

„მილანელი ფარაონის” სატრანსფერო ფასი სეზონის ბოლოს საგრძნობლად მოიმატებს, რადგან,  ეგვიპტური ფესვების მქონე იტალიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში შედეგიანად ასპარეზობს და კლუბის ერთ-ერთი ლიდერის ფუნქციას ასრულებს. ელ-შაარავს, რომელსაც წინაპრებისა და ვარცხნილობის გამო „ფარაონს” უწოდებენ, „სკუადრა აძურას” მომავლად მოიხსენიებენ და იტალიელები მასზე და მარიო ბალოტელიზე ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ. 

ერიკ ლამელა (არგენტინა) – „რომა”, 22 მილიონი ევრო

„რივერ პლეიტის” სკოლაში აღზრდილი ერიკ  ლამელა ამჟამად რომაული კლუბის ღირსებას იცავს და 2011 წლიდან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელად ითვლება. საგულისხმოა, რომ 2004 წელს ლამელას შანსი ჰქონდა, რომ „ბარსელონას” ფეხბურთელი გამხდარიყო და თავისი მეგობრის, ლიონელ მესის თანაგუნდელი ყოფილიყო, თუმცა, მაშინ მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

დავიდ ალაბა (ავსტრია) – „ბაიერნი”, 22 მილიონი ევრო

დავიდ ოლატუკუმბო ალაბა ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა, მისი დედა ფილიპინელია, ხოლო მამა – ნიგერიელი. დავიდი 16 წლის ასაკიდან მიუნჰენის „ბაიერნის” ფეხბურთელია და, ყველა ასაკობრივი გუნდის გავლით, იგი ბუნდესლიგის საუკეთესო კლუბის სრულუფლებიან წევრად იქცა. მისი დებიუტი ავსტრიის ნაკრებში 2009 წელს შედგა, როდესაც ის სულ რაღაც 17 წლის იყო.

ისკო (ესპანეთი) – „მალაგა”, 20 მილიონი ევრო

20 წლის ისკოს დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2013 წლის თებერვალში შედგა. ვისენტე დელ ბოსკემ დაუფასა ახალგაზრდა ფეხბურთელს გარჯა – წლევანდელი სეზონი ხომ ისკოსთვის საუკეთესოა და უკვე ბევრს საუბრობენ, რომ ახლო მომავალში ის აუცილებლად დატოვებს მოკრძალებულ „მალაგას”  და „რეალის” ან „ბარსელონის” წევრი გახდება.

იკერ მუნიანი (ესპანეთი) –  ბილბაოს „ატლეტიკი”, 20 მილიონი ევრო

ბასკი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელი ორი სეზონია, ევროპული სუპერკლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა. მუნიანი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების ლიდერია და ახლოსაა ის დრო, როდესაც იგი „ფურია როხას” შემადგენლობაში ჩაანაცვლებს ჩავის. 

რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”, 19 მილიონი ევრო

კონგოლეზური წარმოშობის ბელგიელი ფეხბურთელი 17 წლის ასაკიდან ლონდონის „ჩელსის” საკუთრებაა, თუმცა, „არისტოკრატების” რიგებში მას სრულფასოვანი სეზონის გატარება ჯერ არ უწევს, რადგან, მუდმივად განათხოვრებულია. ლუკაკუ იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის „ჩელსის” მთავარი ფორვარდი გახდება, მანამდე კი მას მოკრძალებული „ვესტ ბრომვიჩით” დაკმაყოფილება უწევს.

კირიაკოს პაპადოპულოსი (საბერძნეთი) – „შალკე 04”,  18 მილიონი ევრო

კირიაკოსი ყველაზე ნიჭიერ ბერძენ ფეხბურთელად მიაჩნიათ, იგი ბერძნული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია. მას მყარად აქვს მოკიდებული ფეხი ბერძენთა ნაკრებში და, ასევე, გერმანული „შალკეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც ითვლება. მის მსურველ კლუბებს კი საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ გელზენკირჰენული კლუბისთვის.

მატია ნასტასიჩი (სერბეთი) – „მანჩესტერ სიტი,” 19 მილიონი ევრო

19 წლის სერბმა მატია ნასტასიჩმა „სიტის” ძირითადიდან კლუბის ერთ-ერთი სიმბოლოს – ჯოლეონ ლესკოტის ამოგდება მოახერხა. ნასტასიჩი ჯერ მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს „სიტის” შემადგენლობაში და უკვე მოახერხა იქაური ფანებისთვის თავის შეყვარება.

ფილ ჯონსი (ინგლისი) – „მანჩესტერ სიტი,”  17 მილიონი ევრო

ფილ ჯონსი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ალექს ფერგიუსონის ფავორიტად ითვლება და მომავალში სწორედ ის უნდა გახდეს „მანკუნიანელთა” დაცვის ლიდერი. ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის, როი ჰოჯსონის თვალთახედვის არეშიც მოხვდა და ნაკრების უახლოესი რეზერვის წევრია.

კრისტიან ერიკსენი (დანია) – „აიაქსი”, 16 მილიონი ევრო

„აიაქსის” დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე მასზე გაცილებით დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, ახალგაზრდა ასაკის გამო, მან სათანადოდ ვერ მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ჯერჯერობით სხვათა ჩრდილში იმყოფება, კრისტიანი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და  მას დიდი კარიერა ელის.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ინგლისი) – „არსენალი,” 15 მილიონი ევრო

არსენ ვენგერის გუნდის ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ჯეკ უილშერთან და თეო უოლკოტთან „არსენალის” მომავლად მიიჩნევა, გასულ სეზონზე გამოჩნდა და მალევე მიიპყრო ყურადღება როგორც გულშემატკივართა, ისე ეროვნული ნაკრების მხრიდანაც და როი ჰოჯსონმა ის ევროპის ჩემპიონატზე იახლა პოლონეთ-უკრაინაში.

ტიბო კურტუა (ბელგია) –  მადრიდის „ატლეტიკო,” 15 მილიონი ევრო

20 წლის ბელგიელი გოლკიპერი ტიბო კურტუა, რომლის სიმაღლე 199 სმ-ია ამჟამად „ატლეტიკო” მადრიდის ღირსებას იცავს, თუმცა 2011 წლიდან „ჩელსის” საკუთრებაშია და იმის გამო, რომ პეტრ ჩეხთან კონკურენციის გაწევა ჯერჯერობით არარეალურია იგი განათხოვრების წესით ასპარეზობს ესპანურ კლუბში. ტიბო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ ითვლება.

скачать dle 11.3