კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დადიოდნენ დეზერტირების ბაზარში ირაკლი აბაშიძე და კენედი და რა გადაიტანა მან სტუმრად ჩამოსული ჰარი ბელაფონტეს გამო

„ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე, ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე, გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს, მსურდა, წამეღო ყველა სიამე, ყველა სიმწიფის მენახა გემო... სიგრძე და განი... ზემო და ქვემო...” პოეტი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ნერუს სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული „ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მთავარი რედაქტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე... დიდია მისი ღვაწლი, ამიტომ, დღეს უბრალო ირაკლი აბაშიძეს გაგაცნობთ, ისეთს, როგორიც უყვარდათ ნაცობ-ახლობლებს, მეგობრებს, თბილისს. ამ არაჩვეულებრივი კაცის ცხოვრების სიანტერესო ეპიზოდებზე მისი შვილები – ბატონი ზურაბი და ქალბატონი ირინე გვიამბობენ.     

ირინე აბაშიძე: ბაბუა, მამაჩემის მამა, ბესარიონ აბაშიძე, ხონელი ხელმოკლე იმერელი აზნაური გახლდათ; ბებია, ელისაბედ მოდებაძე, კაცხიდან იყო. 14 შვილი ჰყავდათ და გაჭირვებით ზრდიდნენ. ბაბუაჩემი  დაბრმავებულა და, თურმე, ოჯახზე მზრუნველობა მთლიანად ბებიაჩემს აუღია თავის თავზე. უმძიმესი წლები გამოუვლიათ. ერთ დღეს ბაბუას ბებიასთვის უთქვამს, ამა და ამ რიცხვისთვის  მოემზადეო და სწორედ იმ რიცხვში გარდაცვლილა, რომელიც დაასახელა. მიმხვდარან, რომ ბაბუას ამის მიმანიშნებელი სიზმარი ჰქონდა ნანახი, რადგან, ხშირად უხდებოდა ესა თუ  ის სიზმარი. უსინათლო მამის თემა თითქოს სულ გასდევს ირაკლის პოეზიას. სხვათა შორის, მასაც მამამისივით სჯეროდა სიზმრების. თვითონ მამა თავის მოგონებებში წერს: „მე დავიბადე 1909 წელს, კეთილი კაცის ოჯახში. მშობლები განათლებული ადამიანები მყავდნენ, საშუალოდ მაინც. მამას, პროვინციის პირობაზე, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში თავად ვერაფერს კითხულობდა უსინათლობის გამო. ხუთი წლისას პირველმა მსოფლიო ომმა მომისწრო, რვა წლისას – რუსეთის იმპერიის დაცემამ და ოქტომბრის რევოლუციამ, თორმეტისას საქართველოს გასაბჭოებამ, შემდეგ – სამამულო ომმა, მერე კიდევ – არა ნაკლებად რთულმა ომმა მშვიდობისთვის. საშუალო განათლება პროვინციაში მივიღე, უმაღლესი – თბილისში. ცხოვრებაში ადრე შევდგი ფეხი და, მას შემდეგ, რაც ღონე გამაჩნია, ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოს როგორც პოეტი და მოქალაქე“… 

მამა გვიან, 37 წლის ასაკში დაოჯახდა. დროდადრო სიამოვნებით იხსენებდა თავისი სიყვარულის ისტორიას, გატაცებების შესახებ და ჩვენც ვხალისობდით. ერთხელ (მაშინ პირველ კურსზე იყო უნივერსიტეტში) ქუჩაში ულამაზესი გოგო შეუმჩნევია, უკან გაჰყოლია და ასე აღმოჩნდა ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციაზე. ბატონ ვახტანგს მამაც თავის სტუდენტად ჩაუთვლია და იმ გოგოსთან ერთად პრაქტიკული სამუშაო დავალება მიუცია. ამ სამუშაომ გოგონასთან ძალიან დაამეგობრა, თუმცა, სიყვარულის ახსნა ვერ გაუბედავს: თბილისში ლამაზი და ცნობილი გოგო იყო, მე კიდევ –  პირველკურსელი, მძიმე, ომისდროინდელ ცხოვრებაგამოვლილი ბიჭი ვიყავი, ლამაზი სიტყვების გარდა ვერაფერს შევთავაზებდი. ამიტომ, გაჩუმება ვამჯობინეო. რაც შეეხება დედას და მამას, როდესაც ერთმანეთი გაუცნიათ, მამა უკვე პოპულარული ყოფილა თავისი პოეზიით. დედა და მისი ტყუპისცალი და, ძალიან ლამაზი, ვერელი გოგონები იყვნენ. ერთხელ ქუჩაში მეგობარ გოგოსთან ერთად მიდიოდნენ, ირაკლი რომ შეხვედრიათ. რატომღაც, დედას მიახლოებია და უთქვამს: ამა და ამ რიცხვში პოეზიის საღამო მაქვს და თუ მობრძანდებით ძალიან გამიხარდებაო. დედა და დეიდა საღამოზე წასულან, მერე საერთო ახლობელიც აღმოაჩნდათ, ჰქონდათ გადაპატიჟება, გადმოპატიჟება, ერთად ბევრ დროს ატარებდნენ. მოკლედ, დაქორწინდნენ. ძალიან მოკრძალებული ქორწილი ჰქონიათ სახლში, ჭავჭავაძეზე. მოწვეულ სტუმრებს შორის ყოფილან დები იშხნელებიც.              

ზურაბ აბაშიძე: ომის შემდგომ პერიოდში საზოგადოებაში ძალიან მიღებული იყვნენ გენერლები. მამას რამდენიმე გენერალი მეგობარი ჰყოლია. ერთ დღესაც, მეგობარ გენერლებთან ერთად დედაჩემის მამას, დავით  ჟორდანიას მისდგომია ქალიშვილის ხელის სათხოვნელად. სუფრასთან კარგად რომ მოულხენიათ, მამას მერე უთხოვია შეპარვით ქალიშვილის ხელი. ბაბუას გასცინებია: ირაკლი, მეგონა, პორტ-არტურის ასაღებად მოხვედი, ეს გენერლები რომ დამაყენე თავზე. ნელი თუ გინდოდა, გეთქვა, შე კაცოო.

 ირინე აბაშიძე: ჩვენი უმცროსი ძმა, ვატო, ერთი წლისაც არ იყო, თბილისში ჰარი ბელაფონტე ოჯახით რომ ჩამოვიდა. იმ დროს ბელაფონტე ისეთივე პოპულარული იყო, როგორც დღეს მაიკლ ჯეკსონია. მამამ შინ მოიპატიჟა. ამ კაცს ცოლი მულატი ჰყავდა, შვილი – შავკანიანი. იმ დღეს კიდევ ბევრი ცნობილი სტუმარი გვყავდა სახლში: ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი... ვატო თეთრი და ფუმფულა, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. თავის საბავშვო საწოლში იწვა. უცბად, გვესმის ბავშვის საშინელი წივილი. ყველა მისცვივდა, მაგრამ, ვერავინ გაიგო მიზეზი, ვერაფრით დააწყნარეს ბავშვი. ბოლოს ბელაფონტეს ცოლმა თქვა, მაგას ჩემი ბიჭი უკბენდაო.    

ზურაბ აბაშიძე: მამას მოქეიფეთა შემადგენლობაში იყვნენ: ტუპია იაშვილი (პაოლო იაშვილის ძმა), კაი კოწია (გურამ ლორთქიფანიძის, ლორთქიას მამა), ვანიჩკა კახიძე (ჯანო კახიძის მამა). ამ ადამიანების ყურება მთელი სიამოვნება იყო. მათთან მოისმენდით არაჩვეულებრივ სიმღერებს, საინტერესო ისტორიებს, ლექსებს. მამას კიდევ ერთი შემადგენლობა მეგობრებისა – ალექსანდრე ქუთათელი და სერგო კლდიაშვილი   გამოუვლიდნენ და ეტყოდნენ: წავიდეთ, ერეკლე ვიგინოთო – და მიდიოდნენ სადღაც საქეიფოდ. მამას ხშირად ნახავდით, აგრეთვე, ნოდარ დუმბაძესთან და ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად. ძალიან მსიამოვნებდა მათთან ერთად ყოფნა. საერთოდ, იმჟამინდელი წვეულებები იმითაც იყო საინტერესო, რომ სუფრასთან არ ხდებოდა ღრეობები და უსასრულო სადღეგრძელოები. სათქმელს მოკლედ და ლამაზად იტყოდნენ და შემდეგ სიმღერას და საუბარს გააგრძელებდნენ. ერთხელ დედას  ლექსი დაუწერა – „შენ დაგიტოვებ”. ლექსში იყო ასეთი სიტყვები: „უძილო ღამეს”, „დაღლილ ღიმილს”, „უხმარ ცრემლებს”, „უთქმელ სიზმრებს”... დედამ უსმინა, უსმინა და მერე ღიმილით უთხრა: ცოტა ფულიც დამიტოვე, ირაკლიო.                    

 ირინე აბაშიძე: თბილისში ედვარდ კენედი იყო ჩამოსული. მამა მასპინძლობდა. კენედის უთხოვია, ბაზრის ნახვა მაინტერესებს და იქნებ წამიყვანოთო. პროტოკოლით ეს არ იყო გათვალიწინებული, მაგრამ, მამას უარი ვერ უთქვამს და სტუმარი დეზერტირების ბაზარში წაუყვანია. თურმე, კენედის ფასები აინტერესებდა. მისდგომიან ერთ ვაშლის გამყიდველს. კენედი ფასს ეკითხება. მამა ეუბნება გამყიდველს – ხომ იცნობთ ამ კაცსო და ჩუმად ანიშნა, დაუკელიო. გამყიდველს ჩუმად უპასუხია: ბატონო ირაკლი, თქვენ კი გიცნობთ, მაგრამ, ამ კაცს პირველად ვხედავო. ბოლოს დაუკლია და კენედიც ძალიან კმაყოფილი დაბრუნებულა ქართული ბაზრიდან. მამას ძალიან მოსწონდა, რომ ცნობდნენ.  ერთხელ, ისევ ბაზარში, მამას უკითხავს გამყიდვლისთვის – მიცანიო?  კი, გიცანით, ჭაბუა ამირეჯიბი ხართო, – უპასუხია გამყიდველს – აშკარად ხმამ შეიყვანა შეცდომაში.  

скачать dle 11.3