კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის განსაკუთრებულად საშიში და ყურადღებამისაქცევი ამ სეზონზე თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სისუსტე და ძილიანობა

ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  განსაკუთრებით იმატებს ამ დაავადების საშიშროება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მსოფლიოში, ყოველდღიურად ინფარქტისა და ინსულტისგან მილიონი ადამიანი იღუპება. არადა თითოეულს შეეძლო დაავადების თავიდან აცილება, რისკის ფაქტორებს თუ შეამცირებდა. თუ რა ფაქტორი ზრდის რისკს, ზოგადად, რა არის ინსულტი, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ, ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მეცნიერებათა დოქტორს, ნევროლოგს, ბატონ გიორგი ჩახავას.

გიროგი ჩახავა: ინსულტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მას, სიკვდილიანობის მაჩვენებლით, გულის იშემიური და სიმსივნური დაავადებების შემდეგ მესამე ადგილი უჭირავს. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ მხრივ საქართველოში არ ჩატარებულა, თუმცა მსოფლიო სტატისტიკა საკმაოდ მაღალია. ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა. განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებს. ინსულტების უმრავლესობა იშემიური ხასიათისაა. ამ დროს მკვებავი სისხლძარღვის ძლიერი შევიწროების ან დახშობის გამო წყდება ტვინის რომელიმე უბნის სისხლით მომარაგება. ყველაზე ხშირად სისხლძარღვის გაუვალობის მიზეზია ათეროსკლეროზული ფოლაქის ნაწილი, მოწყვეტილი თრომბი ან სისხლძარღვის ხანგრძლივი სპაზმი. ამის შედეგად ტვინის უჯრედებს აღარ მიეწოდება სისხლი, რომელიც მათ ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებდა და ტვინის ქსოვილი რბილდება. იშემიური ინსულტი შესაძლოა მოულოდნელიც იყოს, თუმცა უმეტესად თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ის ძილის დროს აღმოცენდება. მეტწილად ემართებათ 40-50 წელს გადაცილებულ ადამიანებს. ჰემორაგიული ინსულტის მაპროვოცირებელი ფაქტორებია წნევის მკვეთრი ცვლილება, გონებრივი და ფიზიკური გადატვირთვა, სტრესი. ადამიანს ჰემორაგიული ინსულტი ხშირად აქტიური ცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით, 40 წლამდე ასაკში ემართება და უმეტეს შემთხვევაში, სიკვდილით მთავრდება.

– განსაკუთრებით რა ზრდის მისი განვითარების რისკს?

–  ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სისხლის დაავადებები. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ინსულტის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ წინასწარგანწყობას. რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ასევე, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს რამდენიმე რისკ-ფაქტორის თანხვედრა. ამ შემთხვევაში ინსულტის განვითარების რისკი შესაბამისად იზრდება. ინსულტი სხვადასხვა სახისაა და შესაბამისად, მისი გამომწვევი მიზეზებიცა და მექანიზმიც განსხვავებულია.

– კონკრეტულად, რა სიმპტომები მიგვანიშნებს ინსულტის განვითარებაზე?

–  ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით, ან რამდენიმე თვით ადრე. ეს არის ერთგვარი მცირე ინსულტი, რომელიც დროებით აბრკოლებს ტვინში სისხლის ცირკულაციას. სისხლის უკმარისობის გამო ტვინი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ტრანზიტორული იშემიური შეტევის სიმპტომები ჰგავს ინსულტის სიმპტომებს: მოულოდნელად აღმოცენებული თავის ტკივილი, თავში ხმაურისა და სიმძიმის შეგრძნება, თავბრუხვევა, სისუსტე, ძილიანობა, ხელის ან ფეხის სისუსტე და მეტყველების ნაწილობრივი დარღვევა, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ გაივლის. ამ ეტაპზე ორგანიზმს ჯერ კიდევ ძალუძს, აღადგინოს სისხლის ნორმალური მიწოდება და თავიდან აიცილოს გამოუსწორებელი შედეგები. ინსულტის პირველი სიმპტომებია: სახის, ზედა ან ქვედა კიდურების კუნთების, განსაკუთრებით – ცალ მხარეს, მოულოდნელი დასუსტება ან დაბუჟება; მეტყველების მოულოდნელი დარღვევა; ცალ ან ორივე თვალში მხედველობის მკვეთრი დაქვეითება; მოძრაობის კოორდინაციის უეცარი დარღვევა, სიარულის დროს მოულოდნელი მერყეობა და თავბრუხვევა; მკვეთრი, ძლიერი და შეუქცევადი ხასიათის თავის ტკივილის მოულოდნელი აღმოცენება. ინსულტის წინასწარ განსაზღვრა რაიმე სპეციფიკური ნიშნით ძნელია, თუმცა ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ინსულტის აღმოცენების პირველ სიგნალს წარმოადგენს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ინსულტის დროულ დიაგნოსტიკას, პაციენტის შემდგომი გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ინსულტის სახეობის დადგენა მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ხოლო, ინსულტისას მკურნალობის დროული დაწყება, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

– რამდენად შესაძლებელია ინსულტის პროფილაქტიკა?

– ინსულტის პროფილაქტიკა მიმართულია რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებისკენ. აუცილებელია, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, გულის დაავადებების, ტრანზიტორული იშემიური შეტევების კონტროლი, ნარკოტიკების, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, შაქრიანი დიაბეტის კორექცია. ინსულტის დაავადების თავიდან აცილების მთავარი წინაპირობა ცხოვრების ჯანსაღი წესია, რაც მოიცავს კვების, დღის განრიგისა და ძილის მოწესრიგებას, ზომიერ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, ვარჯიშს, ინსულტის გამომწვევი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებას.

– ინსულტის შემთხვევები განსაკუთრებით გაზაფხულზე იზრდება და შესაბამისად, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც ამ პერიოდშია დაფიქსირებული. კვების მხრივ რომელ პროდუქტს უნდა მიანიჭოს ამ დროს ადამიანმა განსაკუთრებული უპირატესობა?

– ინსულტის რისკს განსაკუთრებით ზრდის ცხოველური ცხიმებით მდიდარი საკვები, მაგრამ ასევე, მავნეა ნებისმიერი პროდუქტი, თუ მეტისმეტად ბევრს შეჭამთ. ჭარბი წონა გულსა და სისხლძარღვებზე დატვირთვას ზრდის. ამ პერიოდში, კვება უნდა იყოს რაციონალური, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი. ასევე, იკრძალება, ზედმეტი მარილისა და ტკბილეულის გამოყენებაც. რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული და ხილი, კვირაში ორჯერ მაინც მენიუში შეიტანეთ მოხარშული თევზი, საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი. საჭმლის მომზადების დროს იხმარეთ ზეითუნის ზეთი. აგრეთვე, აუცილებელია, ზომიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რადგანაც უმოძრაო ცხოვრების წესი და ჭარბი წონა, ინსულტის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. ძილი უნდა იყოს,  არანაკლებ 8 საათისა დღე-ღამეში. ყოველდღიური მსუბუქი ვარჯიში და ფეხით სეირნობა ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. აუცილებლად აკონტროლეთ პულსი და არტერიული წნევა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე.  ბევრმა არ იცის, რომ როგორც მაღალი წნევა, ასევე დაბალი წნევაც, იწვევს ინსულტს. ამიტომ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ თუ წნევა განსაკუთრებით მაღლა ან დაბლა გიწევთ.  როგორც მაღალი, ასევე დაბალი არტერიული წნევა ინსულტის მთავარი მიზეზია; გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოციმციმე არითმია. მოციმციმე არითმია გულის არარეგულარული შეკუმშვაა, რაც გულის ფუნქციის მოშლას და მის რომელიმე ნაწილში სისხლის შეგუბებას იწვევს. შეგუბებულმა სისხლმა შესაძლოა თრომბები წარმოქმნას, რომელთა ნაწილი გულის შეკუმშვის დროს გადავა საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემაში და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევას გამოიწვევს. თუ მწეველი ხართ, დაანებეთ თავი მოწევას, რადგან მოწევა ინსულტის ალბათობას ზრდის. თუ სასმელი გიყვართ, სვით ზომიერად. თუ რაიმე სხვა მიზეზით ალკოჰოლური სასმლის მიღება არ გეკრძალებათ, ყოველდღიურად ერთი ან ორი ჭიქა ღვინის მიღება ინსულტის რისკს დააქვეითებს კიდეც, უფრო მეტი ალკოჰოლის მოხმარება კი გაზრდის; შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტერინის დონე, რადგან ჭარბი ქოლესტერინი ზრდის ინსულტის განვითარების რისკს; შაქრიანი დიაბეტი ინსულტის განვითარების ალბათობას ზრდის, მაგრამ ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლითა და ექიმის რჩევების ზედმიწევნით შესრულებით, რისკის შემცირება შესაძლებელია.

скачать dle 11.3