კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7(633)

 

ზურაბი გვიან საღამომდე დარჩა სამმართველოში. სურდა, კიდევ ერთხელ, შედარებით მშვიდ ვითარებაში გადაეთვალიერებინა ჩვენებები და ოპერატიული მონაცემები. ის იყო, საქმეს შეუდგა, რომ ტელეფონით ვახტანგ, იგივე ვატო ნიორაძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

– ახლა არ მცალია, ძალიან დაკავებული ვარ. სხვა დროისთვის მოგვიწევს გადადება, – უპასუხა ზურაბმა.

– სერიოზული საქმე მაქვს. ჩემს უბანს ეხება. სამმართველოსთან, შენს მანქანასთან გელოდები, – თქვა ვატომ და ტელეფონი გათიშა.

„ჩემს უბანს ეხებაო... სირაძე ხომ მისი უბნელი იყო!“ – გაიფიქრა ზურაბმა. შემდეგ საქაღალდე დახურა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.

ზურაბსა და ვატოს უჩვეულო ურთიერთობა აკავშირებდათ. ისინი დიდი ხანია, იცნობდნენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება მხარდამხარ ჰქონდათ გატარებული. ზურაბს ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა სისხლის სამართლის სამძებროში, ვატო კი „ახალფეხადგმული“ კრიმინალი იყო. იმხანად მოდური იყო „შავობა” და ვატოც ცხოვრების სწორედ ასეთ წესს „აწვებოდა”. პირველად ვატოს „შვებულებაში” გასვლა ზურაბის მეშვეობით მოუწია – ზურაბმა ის ბინის ქურდობის ბრალდებით დააპატიმრა, სასამართლომ კი სამი წლით მიავლინა საპატიმროში. მათი დაპირისპირება ვატოს გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირებაში ზოგჯერ ზურაბი იმარჯვებდა, ზოგჯერ – ვატო. მაგრამ ეს მაინც უთანასწორო დაპირისპირება იყო. დამარცხების შემთხვევაში, ზურაბი შინ დაბრუნდებოდა და მომდევნო დღეს განაახლებდა ბრძოლას; ვატო კი, დამარცხების შემთხვევაში, რამდენიმე წლით კარგავდა თავისუფლებას. საკანში გატარებულმა წლებმა და ნარკოტიკისადმი მიდრეკილებამ ვატო ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა: წელში მოხრილ, საფეთქლებშეჭაღარავებულ მამაკაცში, რომელიც გაჭირვებით იოკებდა ხველებას, შეუძლებელი იყო მოუსვენარი და თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდის ამოცნობა.

ვატო სამმართველოს ავტოსადგომთან ზურაბის მანქანის სიახლოვეს იდგა.

– გაუმარჯოს! – მიესალმა ზურაბი, – მანქანაში ჩავსხდეთ, იქ ვილაპარაკოთ... – უბრალო საქმეზე არ მოხვიდოდი აქ. რამ შეგაწუხა? – განაგრძო ზურაბმა, როგორც კი ვატომ მანქანის კარი მოხურა.

– მოკლედ, შენ კარგად იცი ჩემი ხასიათი და ისიც იცი, რომ ამ საქმეზე შენ გარდა არავის დაველაპარაკები, – აუჩქარებლად წამოიწყო მან.

– არ გინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რისი თქმა გინდა.

– იმ ბიჭზე მინდა დაგელაპარაკო, დილით ჩემს უბანში რომ მოკლეს.

– განაგრძე.

– შენთვის პროსტო საქმეა, ისეთი, რომლის მსგავსიც ბევრი გაგიხსნია, ჩემთვის კი... მოკლედ, იცი, რომ მთელი ცხოვრება ლაგერებში გავატარე, მაგრამ, კაცი არასდროს მომიკლავს. ახლა კი წიწილებივით ხოცავენ ერთმანეთს. არ მომწონს ეს ამბავი. იმ ბიჭზეც მაგრად დამწყდა გული. კაი ტიპი იყო. ქუჩას სიახლოვეს არ გაჰკარებია, მაგრამ, პატივისცემა იცოდა. არ მახსოვს, შემხვედროდეს და ათი ან ოცი ლარი არ მოეცეს...

– ვატო, ხომ გაგაფრთხილე, რომ დრო არ მაქვს. საქმეზე ილაპარაკე, – სთხოვა ზურაბმა.

– ჰო... მოკლედ, საქმე ასე იყო: შუადღეს ზაირას ბუტკასთან კუთხეში ვიდექი და პივას ვსვამდი. ამ დროს დავინახე ტიპი, რომელიც იმ ბიჭის სადარბაზოდან გამოვიდა. კი არ გამოვიდა, გამოვარდა და პირდაპირ ჩემკენ გამოიქცა. პრივიჩკაში მაქვს ასეთ რამეებზე დაკვირვება. ხალხი უმიზეზოდ არ იწყებს სირბილს. ის ტიპი კი ძალიან შეშინებული ჩანდა. ძალიან იშვიათად მინახავს ასეთი თვალები – ლამის ბუდეებიდან გადმოსცვენოდა. მგონი, ვერც ხედავდა, საით გარბოდა. ზაირას ბუტკასთან ზედ გადამაწყდა და პივის ბოთლი ხელიდან გამაგდებინა. შევაგინე: წინ იყურე, შენი დედაც-მეთქი!.. მეგონა, გაიქაჩებოდა და ხიპიში ატყდებოდა, მან კი ზედაც არ შემომხედა, ქუჩისკენ გაიქცა, მანქანაში ჩაჯდა და მოხია. მეგონა, ვინმეს გაურბოდა, მაგრამ, სადარბაზოდან არავინ გამოსულა. ასე, საათ-ნახევრის შემდეგ კი უბანში ხმა გავარდა, ანდრო დაბრიდესო. აი, ასე იყო ეს საქმე... სწორად გამიგე, ზურა, ჩამშვები არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, ასეთმა ახვრულმა მკვლელობამ ყველაფერი დამავიწყა. კაცს ასე არ უნდა კლავდნენ, ყველაფერში არსებობს ზღვარი!..

– როგორ გამოიყურებოდა ის ტიპი? – ჰკითხა ზურაბმა.

– ასე, ოცდაათი წლისა იქნებოდა. მამაკაცური სახე ჰქონდა, ენერგიული. მაღალი, თაფლისფერი თვალებით. სპორტული ტიპი იყო. ღია ფერის თმები ჰქონდა, მაგრამ, ქერაც არ ეთქმოდა. სპორტულ სტილში ეცვა. შავი ტყავის კურტკა, შავი ჯინსი, შავი ბოტასები....

– ამაში მაინც გამოგადგა ცხოვრებისეული გამოცდილება, – თქვა აღწერილობით კმაყოფილმა ზურაბმა.

– დამცინი? – იწყინა ვატომ.

– არა, სრულიად სერიოზულად გეუბნები. რა მანქანით წავიდა?

– შავი „ბეემვე” იყო.

– ნომერი?

– არ ვიცი... გვერდულად იდგა.

– მანქანაში ვინმე ხომ არ ელოდა? – განაგრძო ზურაბმა.

– არა... საჭესთან თვითონ დაჯდა.

– იარაღი ხომ არ შეგიმჩნევია? – ჰკითხა ზურაბმა.

– არა, იარაღი არ მინახავს. ხელში არაფერი ეჭირა. ქურთუკიც შეკრული ჰქონდა და, ქამარში რომ ჰქონოდა გარჭობილი, მაინც ვერ დავინახავდი.

– შავი „ბეემვე”, შავი ქურთუკი, შავი შარვალი, შავი ბოტასები... რას იტყვი, თვითონაც „შავი” ხომ არ არის?

– გამორიცხულია. ასეთ ნაბიჭვრებს მხოლოდ გული აქვთ შავი, – თავი გაიქნია ვატომ.

– რატომ დაუკავშირე ის ტიპი სირაძის მკვლელობას? – განაგრძო ზურაბმა, – ეზოში სირბილი ვინმეს მკვლელობას არ ნიშნავს.

– იცი, რას გეტყვი? მე და შენ მთელი ცხოვრება ვიღაცის გრეხებს ვამტკიცებდით: შენ შენი მეთოდებით, მე – ჩემით. გქონია ისეთი შემთხვევა, როცა ვერ ამტკიცებდი, მაგრამ ფაიზაღი გრძნობდი, რომ კაცს მიქარული ჰქონდა?

– რამდენიც გინდა, – უპასუხა ზურაბმა.

– მეც ბევრჯერ მქონია. ჰოდა, ახლაც იგივე ვარიანტია. წეღან მეწყინა, ახლა კი მე თვითონ გეტყვი: ამაში მაინც გამომადგა ჩემი გამოცდილება. დამიჯერე, არ შევმცდარვარ. იმ ტიპს სიკვდილის სუნი ასდიოდა! – რწმენით უპასუხა ვატომ.

– როცა იმ ტიპს ავიყვან, ამოცნობაში მიიღებ მონაწილეობას? – ჰკითხა ზურაბმა.

– არა! – შეუვალი სახით თქვა ვატომ.

– არც ოფიციალურ ჩვენებას მომცემ?

– არა...

– კარგი, ძალას არ დაგატან. ყოველივე ამას, უბრალოდ, ოპერატიულ ინფორმაციას დავარქმევ... მოსულა? – თქვა ზურაბმა.

– მოსულა, – დაეთანხმა ვატო.

– გმადლობთ. დანარჩენი ჩემზე იყოს... ახლა არ გეწყინოს, სახლში ვერ გაგიყვან, ბევრი სამუშაო მაქვს. შენ ტაქსით წადი, – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბმა ორმოცდაათლარიანი კუპიურა გაუწოდა.

– ეეე... დრო როგორ ცვლის ადამიანებს. ახალგაზრდა უფრო კაი ტიპი იყავი, – ირონიით ჩაილაპარაკა ვატომ, მერე მანქანიდან გადავიდა და მძიმე ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.

* * *

სათათბირო მაგიდის გარშემო კრიმინალური პოლიციის ათამდე თანამშრომელი იჯდა. მათ შორის იმყოფებოდნენ საქმის ძირითადი გამომძიებელი რეზო ფიფია და კრიმინალისტური ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ბრეგვაძე. თათბირს ზურაბი უძღვებოდა.

– საქმის ვითარება ყოველი თქვენგანისთვისაა ცნობილი, მაგრამ, ძირითად დეტალებს მაინც შევაჯერებთ... ზურაბმა საქაღალდეს ჩახედა და ლაპარაკი განაგრძო – ჩვენ უკვე გვაქვს ექსპერტიზის პირველადი მონაცემები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულიდან რუსული წარმოების პისტოლეტ „მაკაროვის” ცხრამილიმეტრიანი ტყვია ამოიღო. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ იარაღი მაყუჩითაა აღჭურვილი. გასროლის ხმა არც ერთ მეზობელს არ გაუგია. ძიების ამ ეტაპზე არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ გარდაცვლილი კარგად იცნობდა მკვლელს – სირაძემ თავად მოიწვია ის ბინაში. მკვლელმა იცოდა, რომ იმ დროს მისი მეუღლე შინ არ იქნებოდა. ის წინასწარ მოემზადა მკვლელობისთვის. მივიდა შეხვედრაზე, მოკლა სირაძე და იქაურობას გაეცალა. ამ მასალებით ვიწყებთ მუშაობას... ახლა გეტყვით, რა უნდა გაკეთდეს უპირველესად. დაკითხვები ისევ გაგრძელდება. დასაკითხთა სიას მიემატება ბარათაშვილის სამეგობროც. შეიძლება, მისი ნაცნობების დახმარებით გავარკვიოთ, ვის მისცა ბარათაშვილმა ტელეფონის სიმბარათი ავსტრიაში გამგზავრებამდე... – ამას პროკურატურა მიხედავს, – ფიფიას გახედა ზურაბმა, – არ შეგეშინდეს, ჩვენს ხალხს დაგახმარებ, მეც აქ ვარ...

ფიფიამ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი.

– დაკითხვისას აქცენტი უნდა გაკეთდეს შავსამოსიან, ოცდაათიოდე წლის მამაკაცზე, რომელიც შავი „ბეემვეთი” მოძრაობს. მისი აღწერილობა აქაა, – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბმა ფიფიას ფურცელი მიაწოდა, რომელზეც იყო აღწერილი ვატოს მიერ ნანახი მამაკაცი.

ფიფიამ სწრაფად გადახედა აღწერილობას და გაოცებულმა ჰკითხა ზურაბს:

– საიდან გაჩნდა ეს მონაცემები? მსგავს პიროვნებაზე არც ერთ მოწმეს არ უსაუბრია.

– ოპერატიული მონაცემებია, – უპასუხა ზურაბმა.

ზურაბის მოადგილემ ფიფიას აღწერილობა ჩამოართვა და ხმამაღლა შეუდგა კითხვას:

– შავი ტყავის ქურთუკი, შავი შარვალი, შავი ბოტასები, შავი „ბეემვე”... ეს ვინაა, ზორო?

სათათბირო ოთახში სიცილი გაისმა.

– არა... ზორო ყოველთვის შავში იყო გამოწყობილი, ეს პიროვნება კი დროდადრო იცვლის ტანსაცმელს, – მშვიდად თქვა ზურაბმა, – მაგრამ, როდესაც სირაძის სადარბაზოდან გამოდიოდა, ასე გამოიყურებოდა.

– სირაძის სადარბაზოდან?! – გაუკვირდათ პოლიციელებს, – ჩვენ თითქმის ყველა მეზობელი დავკითხეთ და მსგავსი პიროვნება არავის უხსენებია.

– ჩანს, ის არ დაკითხეთ, ვინც ნახა, – განაგრძო ზურაბმა, – სირაძე დაახლოებით ორი საათისთვის მოკლეს და ეს პიროვნებაც ზუსტად ამ დროს დაინახეს სადარბაზოდან გამოსული. თანაც, უბრალოდ გამოსული კი არა, ის შეშინებული გარბოდა. ასე რომ, ვეძებთ ამ ზოროს!.. გარდა ამისა, დღეს სირაძის ყველა ობიექტი უნდა მოვინახულოთ, – ზურაბმა თანამშრომლებს მოავლო მზერა და ორი მათგანი დაასახელა, – ზაზა და რამაზ, – ამ საქმეს თქვენ მიხედავთ. გამოკითხეთ თანამშრომლები, ვის და რა ვითარებაში ხვდებოდა სირაძე. მოკლედ, არ გესწავლებათ... გია, – ზურაბმა მესამე თანამშრომელზე შეაჩერა მზერა, – შენ ყველაზე მსუბუქი დავალება გერგო: გაარკვიე ყველა იმ ნომრის მფლობელების ზუსტი კოორდინატები, რომლებიც სირაძის მობილურ ტელეფონშია – ეს განსაკუთრებით მჭირდება...

– ვიცი, ვიცი... – არ დაამთავრებინა გიამ, – იმ ხალხის ვინაობა, რომლებსაც ბარათაშვილის ნომრიდან უკავშირდებოდნენ.

– ჯიგარი ხარ. გუშინ ბარათაშვილმა გადაგვაგდო. ვნახოთ, იქნებ დღეს გაგვიმართლოს იმედი. როდესაც მორჩები, შედეგები კაბინეტში შემომიტანე, შემდეგ კი პროკურატურის განკარგულებაში გადაინაცვლებ... ყველაფერი გასაგებია?

– გასაგებია, – უპასუხეს თანამშრომლებმა.

– მაშინ, საქმეს მიხედეთ, – თქვა ზურაბმა და წასასვლელად ადგა.

* * *

შუადღეზე გიამ კაბინეტში მობილური ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია შეუტანა. ერთ გვერდზე იყო იმ ნომრებთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებიც სირაძის მობილურიდან ამოიღეს, მეორეზე კი – ბარათაშვილის ნომერთან დაკავშირებული მონაცემები. საქმის მასალების კითხვით გართულმა ზურაბმა ზერელედ გადახედა ჩამოწერილ გრძელ სიებს, რომლებშიც მითითებული იყო ნომრები, მფლობელების ვინაობები და მისამართები და ფურცლები გვერდზე გადადო, მაგრამ უცებ დენდარტყმულივით შეხტა, სწრაფად გადასწვდა მონაცემებს, სიას თითი ჩამოაყოლა და ერთ-ერთ ნომერზე შეჩერდა. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ზურაბი არნახულმა მღელვარებამ შეიპყრო. ასეთი რამის ნახვას მართლაც არ მოელოდა.

– რა მოხდა? – ჰკითხა გიამ, – რომელსაც არ გამოჰპარვია მისი მღელვარება.

– განცხადება დაწერე და შენი სურვილით წადი სამსახურიდან! – ბრაზით თქვა ზურაბმა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ აქ არაფერი გესაქმება! ერთხელ არ უნდა გადაგეხედა სიისთვის?!

– ვჩქარობდი. შენ არ მითხარი, როგორც კი თავს მოუყრი მონაცემებს, კაბინეტში შემომიტანეო?! – თავი იმართლა გიამ.

– მეორედ ასეთ დაუდევრობას არ გაპატიებ. ფიფიას დაუძახე! – უბრძანა ზურაბმა.

– ხალხი ჰყავს დაკითხვაზე.

– არ მაინტერესებს. შენ შეცვალე. უთხარი, რომ სასწრაფოდ მჭირდება!

გიას აღარაფერი უთქვამს, შებრუნდა და ტყვიასავით გავარდა კაბინეტიდან.

ორიოდ წუთში ოთახში ფიფია შემოვიდა:

– რა მოხდა?

– ამას შეხედე, – სიაზე მიანიშნა ზურაბმა.

ფიფიამ სწრაფად მოძებნა მითითებული ნომერი, შემდეგ კი დაბნეული მზერა ზურაბზე გადაიტანა.

– მესმის, – უპასუხა მან, – მეც იმავე მდგომარეობაში ვარ.

– ცოტა რთული იქნება დღეს მისი დაკითხვა, – ჩაილაპარაკა ფიფიამ.

– საქმე ველოსიპედის მოპარვას რომ ეხებოდეს, მართლაც რთული იქნებოდა, ჩვენ კი სრულიად სხვა კატეგორიის დანაშაულს ვიძიებთ. ახლა, ამ წუთებში, ქუჩაში თავისუფლად დაიარება მკვლელი, რომლის შეჩერება მე და შენ დაგვავალეს! – ცივად თქვა ზურაბმა.

– აქ მაინც ვერ მოვიყვანთ.

– არც არის საჭირო. შინ ვესტუმრებით!

– არა... რაღაც არ გამოდის, – შეყოყმანდა ფიფია.

– მერამდენე მკვლელობას იძიებ?! – მოულოდნელად ჰკითხა ზურაბმა.

– პირველს...

– მე კი აღარც კი მახსოვს, მერამდენეს, სათვალავი ძალიან დიდი ხნის წინ ამერია. ასე რომ, დაკითხვა ჩემს ხალხს გადააბარე და გამომყევი! – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბმა საქმის მასალები სეიფში შეინახა და კარს მიაშურა.

სირაძე უკვე მოესვენებინათ სახლში და ახლა მისი ბინის წინ ათამდე მამაკაცი იდგა. კიბის უჯრედზე ამოსული ზურაბის დანახვაზე ისინი აქეთ-იქით გადგნენ და გზა დაუთმეს. ფიფიამ, რომელსაც მიაჩნდა, რომ აქ მოსვლა, სულ მცირე, წინდაუხედავი საქციელი იყო, გაჭირვებით მოთოკა თავი და უკან მიჰყვა ზურაბს.

სირაძის ბინის სასტუმრო ოთახი ძნელი საცნობი იყო: ოთახიდან საერთოდ გაეტანათ ავეჯი – იქ აღარ იდგა დივანი, სავარძლები, ჟურნალის მაგიდა და მათ ადგილს ტახტი იკავებდა, რომელზეც სირაძის ზეწარგადაფარებული ცხედარი ესვენა. კედლის გასწვრივ სკამები ჩაემწკრივებინათ, რომლებზეც ქალები ისხდნენ. მათ შორის იმყოფებოდა ნანა სირაძეც.

ზურაბი დაწინაურდა, სკამებზე მსხდომ ქალებს მოკლე სამძიმარი უთხრა. შემდეგ ნანასკენ დაიხარა და ხმადაბლა უთხრა:

– გახსოვართ?

– რა თქმა უნდა, – უპასუხა მან, – სამძიმრისთვის მადლობას გიცხადებთ.

– მე აქ მხოლოდ ამისთვის არ მოვსულვარ, – უპასუხა ზურაბმა.

– მაშ, რისთვის ხართ მოსული? – აშკარად დაიბნა ნანა.

– თქვენ უნდა გაგესაუბროთ...

სკამებზე მსხდომ ქალებს უკმაყოფილების, გაოცებისა და აღშფოთების ჩურჩულმა გადაურბინა. ფიფიამ არ იცოდა, სად გაჰქცეოდა მათ მზერას. ცოტაც და, შებრუნდებოდა და სირბილით გაეცლებოდა იქაურობას.

– ახლა?! – გაოგნებულმა ნანამ წყენით ახედა ზურაბს.

– ახლა, – შეუვალი სახით უპასუხა მან, – მგონი, მიხვდებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, ასე არ შეგაწუხებდით.

– კი მაგრამ, სად? – ნანამ ირგვლივ მიმოიხედა.

– ნებისმიერ ადგილას, სადაც მარტონი ვიქნებით.

ნანა წამით შეყოყმანდა, შემდეგ კი მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება.

– კარგით... წამობრძანდით, – უთხრა ზურაბს, ადგა და სასტუმრო ოთახის ერთ-ერთ კარს მიაშურა.

საშუალო ზომის დერეფნის გავლის შემდეგ ისინი მცირე ზომის ოთახში აღმოჩნდნენ, რომელშიც მხოლოდ ერთი საწოლი იდგა.

– სამწუხაროდ, სკამს ვერ შემოგთავაზებთ, – ზურას მიუბრუნდა ნანა.

– თქვენ დაბრძანდით... დაღლილი იქნებით, – უპასუხა მან.

ნანამ უხმოდ დაუქნია თავი, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ზურაბს მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.

– ქალბატონო ნანა, სიმართლე გითხრათ, ერთობ საჩოთირო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. იქნებ, თქვენ დაგვეხმაროთ ვითარების გარკვევაში? – თქვა მან.

– რას გულისხმობთ?

– დაღუპვის დღეს თქვენმა მეუღლემ ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობ პიროვნებას მესიჯი მისწერა და აქ მოსვლა სთხოვა. ჩვენი ვარაუდით, სწორედ ის უნდა იყოს მკვლელი.

– გასაგებია, მაგრამ, მე რატომ მეუბნებით ამის შესახებ?

– იმიტომ, რომ იმავე პიროვნებასთან თქვენც გქონდათ სატელეფონო საუბარი და მე არ ვიცი, რა როლს ასრულებთ ამ ისტორიაში, მსხვერპლი ხართ თუ მისი მოკავშირე? – თქვა ზურაბმა.

– რაა?! – თვალები გაუფართოვდა ნანას, – თქვენ გგონიათ, რომ მე...

– მე პოლიციელი ვარ, ქალბატონო ნანა!.. მიპასუხეთ, ვინ სარგებლობს ამ ნომრით? – და ზურაბმა ბარათაშვილის სახელზე ფიქსირებული ნომერი დაუსახელა.

ნანა უეცრად მოეშვა, თავი ჩაქინდრა და ყრუდ ჩაილაპარაკა:

– და, ამ პიროვნებას ანდრო დაღუპვის დღეს ესაუბრა?

– სავარაუდოდ... ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თქვენმა მეუღლემ ის აქ, თქვენს ბინაში მოიწვია, – უპასუხა ზურაბმა.

– არა... ეს შეუძლებელია... – გაჭირვებით წარმოთქვა ნანამ, – ანდრო ამას არასდროს გააკეთებდა და არც ის დაუშავებდა რამეს ანდროს!

– სამწუხაროდ, ფაქტი სახეზეა! – ზურაბმა სასტუმრო ოთახის მიმართულებით გაიშვირა ხელი.

ნანას კანკალი მოერია, სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.

– შეწყვიტე! – ფიფია მხარში სწვდა ზურაბს, – ხომ ხედავ, ცუდადაა!

ზურაბი გაშმაგებული მიუბრუნდა და ცივად გამოცრა:

– ამის ატანა თუ არ შეგიძლია, პროფესია გამოიცვალე. ეს ფილმი არაა, ეს რეალობაა!

მისი მზერით დაზაფრულმა ფიფიამ უნებლიეთ დაიხია უკან, ზურაბი კი ისევ ნანას მიუბრუნდა, მისკენ დაიხარა და თითქმის ჩურჩულით უთხრა.

– თქვენ გეშინოდათ, საფრთხეს გრძნობდით... რატომ არ გვითხარით დაკითხვისას, რომ ვიღაც მაინც იმყოფებოდა კონფლიქტში თქვენს მეუღლესთან?

ნანამ ხელები ჩამოუშვა სახიდან და თავის აუწევლად უპასუხა:

– დიახ... მე მეშინოდა, მაგრამ, სრულიად სხვა რამის – მე ყოველივე ამის გახმაურება მაშინებდა. მან და ანდრომ კი მართლაც იჩხუბეს ერთხელ, მაგრამ, ეს მამაკაცური დავა იყო, რომელიც არასდროს გადაიზრდებოდა სისხლისღვრაში. ამაზე არც ანდრო წავიდოდა და არც ის...

– ვინ? – ჩაეძია ზურაბი, – ვინ?..

– არ შემიძლია, – თავი გაიქნია ნანამ, – თქვენ ის მკვლელი გგონიათ... რომ იცნობდეთ, თქვენც არ დაიჯერებდით, რომ მას ამის ჩადენა შეუძლია!

– მაშინ, დამარწმუნეთ... მომეცით მისი გაცნობის საშუალება! – არ მოეშვა ზურაბი, – გინდათ, მე გითხრათ?.. მას შავი ფერი იზიდავს!.. ატარებს შავ სამოსს!.. დადის შავი „ბეემვეთი!..“

ნანამ შიშით ახედა.

– ისაა!.. – ცივი ღიმილი მოერია ზურაბს, – და ის აქ იყო, თქვენს ბინაში. მისი წასვლის შემდეგ კი თქვენი მეუღლე მოკლული აღმოაჩინეს!.. თქვენ ვერ ერკვევით დამნაშავეთა ფსიქოლოგიაში... იცით, რაზე მიანიშნებს შავი ფერის სიყვარული?

ნანამ უხმოდ გაიქნია თავი.

– მიდრეკილებას ფარული ძალადობისადმი. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ერთი შეხედვით მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, იოლად შემოდიან კონტაქტში. მათი სიახლოვე სასიამოვნოა, მაგრამ... – ზურაბი მხრებში სწვდა ნანას, თვალებში ჩახედა და განაგრძო – მაგრამ, გარკვეულ ვითარებაში ისინი განსაკუთრებით სასტიკები ხდებიან!

– ვაჟა... ვაჟა ვერულიძე... – ამოიკვნესა ნანამ.

– სად ცხოვრობს?

– ვაკეში... ტაბიძეზე... სხვას ვერაფერს გეტყვით. მე მის სახლში არასდროს ვყოფილვარ, – ჩაილაპარაკა ნანამ და თვალები დახუჭა.

– გმადლობთ... შეიძლება, ახლა თქვენ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინეთ, – თქვა ზურაბმა, მერე ფიფიას ანიშნა გამომყევიო და დერეფანში გავიდა.

* * *

ვაჟა ვერულიძე, 35 წლის, მხატვარი, ფლობს ინგლისურ და იაპონურ ენებს, დაუქორწინებელი, სამართალში მიცემული არ ყოფილა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი უცნობია – ასეთი იყო ის მწირი მონაცემები, რომლის მოპოვებაც ზურაბმა მოკლე ხანში შეძლო.

საღამოს რვა საათისთვის კრიმინალური პოლიციის ოპერატიული ჯგუფი ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ვერულიძის სახლთან განლაგდა.

სახლს წინა მხრიდან მცირე ბაღი ჰქონდა. ბაღს აღმოსავლური, უფრო სწორად, იაპონური იერი დაჰკრავდა. აგურის ღობის გასწვრივ მცირე აუზი იყო მოწყობილი. წყლის ზედაპირზე ლოტოსს გაეშალა მწვანე ფოთლები. მათ შორის რამდენიმე ნაზი ვარდისფერი ყვავილიც მოჩანდა. ბაღიდან სახლის კარისკენ წვრილი ხრეშით მოფენილი ბილიკი მიემართებოდა. მის გასწვრივ რამდენიმე უჩვეული სკულპტურა იდგა. ხის ხარიხაზე საშუალო ზომის ბამბუკის ნაჭრები ეკიდა, რომლებიც ნიავზე რხევისას ერთმანეთს ეხლებოდა და უჩვეულო ხმებს გამოსცემდა. თუმცა ზურაბს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მისთვის მთავარი შავი „ბეემვე” იყო, რომელიც ჭიშკარს მიღმა, ეზოში იდგა.

ზურაბმა აუჩქარებლად მოათვალიერა ქუჩა და უკანა სავარძელზე მჯდარ გიას კუთხეში მდგომ რამდენიმე ახალგაზრდაზე მიანიშნა – მიდი, გაესაუბრეო. 

ახალგაზრდებისგან მნიშვნელოვანი ვერაფერი შეიტყვეს. ისინი ვაკელები იყვნენ და იქვე ცხოვრობდნენ. იცნობდნენ ვერულიძესაც, მაგრამ, ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ. სად იყო ამჟამად, მათ არ იცოდნენ. დღის განმავლობაში ახალგაზრდებს მისთვის თვალი არ მოუკრავთ, მაგრამ, რადგან მანქანა ეზოში იდგა, მათი აზრით, ისიც შინ უნდა ყოფილიყო.

ზურაბმა ყურადღებით მოუსმინა გიას, შემდეგ სხვა მანქანებში მყოფ თანამშრომლებს რადიოსადგურით მისცა განკარგულება – ვიწყებთო და მანქანიდან გადავიდა...

სახლში არც ერთ ფანჯარაში არ ენთო შუქი, მაგრამ მანქანა ეზოში იდგა. ჭიშკარს დატანებული საშუალო ზომის კარი კი შიგნიდან რაზით იყო ჩაკეტილი, რაც მხოლოდ ერთზე მიანიშნებდა – ვერულიძე შინ იმყოფებოდა. ჩაბნელებული ფანჯრები კი იმაზე მეტყველებდა, რომ მას ეძინა.

ოპერატიული ჯგუფი უხმაუროდ განლაგდა ეზოში. ზურაბის ნიშანზე გიამ კიბე აიარა და სახლის კარის საკეტი მოსინჯა. კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.

– ფანჯრები შეამოწმეთ! – ხმადაბლა გასცა განკარგულება ზურაბმა.

ოპერატიული ჯგუფის წევრები სახლის მარჯვნივ და მარცხნივ გაიშალნენ და ფანჯრების თვალიერებას შეუდგნენ.

– მარცხენა მხარეს სამზარეულოს ფანჯარაა ღია. შესვლაში მხოლოდ მწერების საწინააღმდეგო ბადე შეგვიშლის ხელს, – ორიოდ წუთში მოახსენა გიამ.

– შედი!.. – ზურაბმა უმალ მიიღო გადაწყვეტილება, – ოღონდ, ბოდიალი არ დაიწყო. შესასვლელი კარი გააღე!

გია ერთ-ერთ თანამშრომელს მხრებზე შეადგა, დანით გაჭრა მწერებისგან დასაცავი ბადე და კატასავით უხმაუროდ გადაძვრა სამზარეულოში. ზურაბმა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფანჯარასთან დატოვა, დანარჩენებთან ერთად კი სახლის კარისკენ გადაინაცვლა. ორიოდ წუთში სახლიდან ფრთხილი ფაჩუნი გაისმა. შემდეგ საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო. ზურაბმა პისტოლეტი შემართა და პირველმა შეაბიჯა სახლში. იმავ წამს იგრძნო უსიამოვნო, მწკლარტე სუნი. მრავალწლიანმა გამოცდილებამ მაშინვე უკარნახა, რაც უნდა ყოფილიყო ეს – ასეთი სუნი მხოლოდ დამწვარი დენთისა და შედედებული სისხლის ნაზავს ჰქონდა.

ჯგუფის წევრები ფრთხილად ჩხრეკდნენ სახლს. სამზარეულიში, სააბაზანოში, საძინებლებში არავინ აღმოჩნდა, სასტუმრო ოთახში კი...

ზურაბი მოღუშული შედგა სასტუმრო ოთახის შესასვლელში. სურათი ძალიან ჰგავდა წინა დღეს ნანახს – პრაქტიკულად იგივე ვითარება:  სასტუმრო ოთახი, რბილი ავეჯი, დივანი, სავარძლები, ჟურნალის მაგიდა. მაგიდაზე საფერფლე და მობილური ტელეფონი, დივანზე კი – ახალგაზრდა კაცის ცხედარი...

იყო განსხვავებაც – გარდაცვლილს საფეთქელთან ჰქონდა ნატყვიარი, მის წინ კი, იატაკზე, მაყუჩიანი პისტოლეტი ეგდო.

– ოჯახის წევრებს დაუკავშირდით და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახეთ, – ერთ-ერთ თანამშრომელს გადაულაპარაკა ზურაბმა და ოთახიდან გავიდა.

* * *

რეზო ფიფია და ზურაბი ოთახის შესასვლელიდან ადევნებდნენ თვალს კრიმინალისტების მუშაობას. ჯგუფის ხელმძღვანელმა ფრთხილად აიღო იატაკიდან პისტოლეტი, მჭიდი მოხსნა, დაათვალიერა, შემდეგ ორივე ცელოფნის პარკში მოათავსა და კარს მიუბრუნდა.

– რას იტყვი? – ჰკითხა ზურაბმა.

– არ მომწონს ეს ყველაფერი, თითქოს ოთხმოცდაათიან წლებში დავბრუნდი. კარგა ხანია, ორი ახალგაზრდა კაცის ასეთი სიკვდილი არ მინახავს, – გურამმა ფიფიას გახედა, – ხედავ, რა ყოფილა საგამოძიებო მუშაობა?! პირველ მკვლელობაზე დაიწყე მუშაობა და ერთ დღეში მეორეც მიემატა. ღმერთმა ქნას, ეს რიცხვი არ გაიზარდოს!

– თავად საქმის ვითარებაზე რას იტყვი? – განაგრძო ზურაბმა.

– პირველადი ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე თვითმკვლელობას ჰგავს: სახლი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ყველა ფანჯარა ჩარაზულია. იმის კვალი, რომ სახლში სხვა პიროვნება ან პიროვნებები იმყოფებოდნენ, ვერ აღმოვაჩინეთ... გარდაცვლილის წინ, მაგიდაზე, ერთი ბოთლი ვისკი და ერთი ჭიქა დგას. მასთან ვინმე რომ ყოფილიყო, არა მგონია, სახლში მეორე ჭიქა ვერ მოეძებნათ... რაც შეეხება პისტოლეტს, ექსპერტიზა ყველაფერს დაასკვნის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იგივე იარაღია, რომლითაც სირაძე მოკლეს. იგივე მოდელი, „მაკაროვი” მაყუჩით. თანაც, მჭიდს ზუსტად ორი ტყვია აკლია.

– გარდაცვალების დროზე რას იტყვი?

– სისხლის შედედება და გვამის მდგომარეობა იმას მიუთითებს, რომ ოცდაოთხი საათის წინ დაიღუპა.

– ანუ, გუშინ საღამოს, – ჩაილაპარაკა ზურაბმა.

– პრინციპში, ყველაფერი გასაგებია, – ჩაურთო ფიფიამ.

– რაა გასაგები? – გახედა ზურაბმა.

– ვერულიძემ მოკლა სირაძე, შემდეგ დაბრუნდა სახლში და სულიერი აღელვების ჩახშობა ვისკით სცადა. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინა და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ტყვია იკრა შუბლში.

– ლოგიკურად ჟღერს, – ჩაილაპარაკა ზურაბმა.

– რა თქმა უნდა, – სწრაფად თქვა ფიფიამ, – ახლა მხოლოდ სირაძის მკვლელობის მიზეზი დარჩა გასარკვევი. ამ კითხვაზე კი ნანა სირაძე გაგვცემს პასუხს.

– ჩქარობ...

– ვჩქარობ?! – გაოცებით შეხედა ფიფიამ, – რაში ვჩქარობ?

– რჩევად მიიღე: მყარი სამხილების გარეშე ადამიანის სიკვდილი არასდროს მიიღო თვითმკვლელობად. მგონი, იურიდიულ ფაკულტეტზე გასწავლეს, რომ ძალიან ბევრი მკვლელი დანაშაულის თვითმკვლელობად ან უბედურ შემთხვევად შენიღბვას ცდილობს!

– მასწავლეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მყარ ფაქტებთან გვაქვს საქმე! – შენიშნა ფიფიამ.

– მე კი უამრავ გარემოებას დაგისახელებ მაგ შენი უტყუარი ფაქტების გასაბათილებლად, – თქვა ზურაბმა, – ჯერ ერთი, კარი გასაღებითაა დაკეტილი, საკეტები კი ერთი გასაღებით არ მზადდება. თუ ვერ შენიშნე, გეტყვი: დერეფანში, საკიდზე, გასაღებების ერთი კომპლექტი კიდია. კომპლექტშია გარაჟის, ჭიშკრის, ჭიშკარს დატანებული კარის გასაღებები. მეორე ასეთი კომპლექტი ვერულიძის წინ მაგიდაზე დევს, მაგრამ, მათ შორის ერთი განსხვავებაა: კომპლექტს, რომელიც საკიდზეა, ბინის გასაღები აკლია!.. რას იტყვი ამაზე?

ფიფიამ დუმილით უპასუხა.

– მკვლელს, ასევე, მშვიდად შეეძლო იმ ჭიქის თან წაღება, რომელზეც მისი ანაბეჭდები იქნებოდა აღბეჭდილი, – განაგრძო ზურაბმა.

– კარგი, გეთანხმები... მაგრამ რას იტყვი ტანსაცმელზე, მანქანაზე? – ჰკითხა ფიფიამ.

– არაფერს... – უპასუხა ზურაბმა, – უბრალოდ მოვიქცევი ისე, როგორც ასეთ ვითარებაში კარგი გამომძიებელი იქცევა: გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეს თვითმკვლელობის მუხლით აღვძრავ, მაგრამ, მკვლელობის ვერსიაზეც ვიმუშავებ!...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3