კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

წამალაძე-წამალაიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წამალა. ამავე ძირისაა გვარი წამალაიძე.

1250-1260 წლებში შიომღვიმის სიგელში მოიხსენიება ვინმე წამალაისძე. ასევე, მოხსენიებულნი არიან არაიძე და წამალაძე.

საქართველოში 480 წამალაძე ცხოვრობს: თბილისში – 162, დუშეთში – 108, ყაზბეგში – 53. არიან სხვაგანაც. 

ალბუთაშვილი

გვარის წინაპრები ძველისძველი ფხოვის ერთ-ერთ იმ შტოს ეკუთვნოდნენ, ბორბალოს მთის იქით, მდინარე არღუნის უკიდურესი სამხრეთით, უკანა ფშავიდან მათურის ხევისა და ხოსარის მთის გადავლით, ივრის ხეობიდან ტბათანას გასწვრივ რომ სახლობდა.

აქაურებს „გლეხებს“ ეძახდნენ, რაც ქართულად სამხრეთელს, მზისმხარელს ნიშნავს. სარწმუნოებრივად, გლეხები, ისევე, როგორც იქ მცხოვრები ტომები – თუშები, მთიულები, ფშაველები, ხევსურები – წარმართები იყვნენ.

მათი პირველი სალოცავი წმიდა გიორგი ყოფილა; ამავე დროს, ჰქონიათ საგვარეულო კულტებიც, რაც ადასტურებს მათ კერპთაყვანისმცემლობას. ლოცულობდნენ: კარატეს, დამასტეს, იახსარსა და ხახმატს, ლაშარის ჯვარს. შემდეგ, შამილის ცნობილი ლაშქრობის დროს, ეს ადგილები თანდათანობით დაიცალა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ეკლესია კედელზე ამოტვიფრული ქრისტიანული ჯვრით და სამარხები. შემდგომ, პოლიტიკურ ვითარებათა ცვალებადობას მოჰყვა ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა. აშენდა ციხე-კოშკები არღუნის დაყოლებაზე; თამარ მეფის დროს ჩნდება დედაციხე. მას ქართველი მეციხოვნეები იცავდნენ. ითუმყალიდან 5 კილომეტრში დღესაც დგას თამარის ციხე.

ალბუთაშვილების გვარის ხალხი ჩანს დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, თელავის რაიონებში.

დადგინდა, რომ ალბუთაშვილები სასულიერო პირებიც იყვნენ.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თელავში ცხოვრობდა ცნობილი პედაგოგი და მკვლევარი, შემდგომში კი სასულიერო პირი, მათე ალბუთაშვილი – პანკისის ხეობის მოსახლეობის ისტორიის, გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ მასალების უბადლო მცოდნე, რომელიც შემდგომ ხეობის, კერძოდ, სოფელ ჯოყოლოს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. მისი წყალობით აღდგა პანკისის ხეობაში ქრისტიანული წირვა-ლოცვა.

საქართველოში 280 ალბუთაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 63, თბილისში - 62, დუშეთში – 53. არიან სხვაგანაც.

შერგელაშვილი-შერგილაშვილი

გვარის ფუძე შერგილ, შერგირ ირანული წარმოშობის სახელებში გვხვდება. ის „ლომის დამჭერს” ნიშნავს. ამ სახელს ატარებდნენ როგორც ქართველები, ისე ირანელებიც.

გვარი გვხვდება ორი ფორმით: შერგელაშვილი და შერგილაშვილი.

1840-იან წლებში შერგელაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ზოვრეთში, შერგილაშვილები კი – ზეციხეში, თავასაში, მიროწმიდაში, საზანოში, სანახშირეში და ასე შემდეგ.

საქართველოში 640 შერგელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 164, თბილისში – 162, ხარაგაულში – 82. არიან სხვაგანაც.

175 შერგილაშვილი: თბილისში – 39, დუშეთში – 5, ქუთაისში – 2. არიან სხვაგანაც.

ქაფიანიძე-ქაფიაშვილი

გვარში ფუძეა ქაფი, რომლის შესახებაც სულხან-საბას „სიტყვის კონაში” უწერია: „ქაფი სხვათა ენაა, ქართულად პერი ჰქვიან”... „ქაფი იგივეა, რაც ჯავშანთ სამხარიღლიე.”

ქაფიაშვილი და ქაფიანიძე ერთ და იმავე გვარადაა დაფიქსირებული მკლევარ ილია მაისურაძის წიგნში „ქართული გვარ-სახელები.”

ქაფიანიძე რაჭული გვარია. ცხოვრობენ სოფელ სხიერსა და ძეგლევში, ასევე, ნაკიეთში.

შესაბამისი სამმართველოს ჩინოვნიკებს, როგორც ჩანს, ასო ქ-ს ნაცვლად, უფრო რუსულის გავლენით, ასო კ ჩაუწერიათ და კაპიანიძე გაუხდიათ. მსგავსი შეცდომები ხშირად გვხვდება ისტორიულ საბუთებში.

საქართველოში 575 ქაფიანიძე ცხოვრობს: თბილისში – 283, ადიგენში – 55, ყვარელში – 47. არიან სხვაგანაც.

172 ქაფიაშვილი: თბილისში – 62, დუშეთში – 58, მცხეთაში – 44. არიან სხვაგანაც.

კერესელიძე

ილია მაისურაძემ, წიგნში „ქართული გვარ-სახელები,” მოგვცა ასეთი ინფორმაცია: „კერესელიძე ალისუბანში (თერჯოლის რაიონი), ბოყვაში (ონის რაიონი), ლანჩხუთის რაიონში და სხვაგანაცაა გავრცელებული.”

გვარის წარმოშობის ფუძედ მიჩნეულია კერა, რომელიც საკუთარ სახელადაცაა ქცეული.

1840 წლის აღწერით, კერესელიძეები რაჭაში მოიხსენიებიან შემდეგ სოფლებში: ბარი, ბოყვა, გორი, კრიხი, პიპილეთი, სადბელი, ფარავნე, ქვედა შავრა, ღადიში, ბარდომეთი, წესი. ბარსა და პიპილეთში იყვნენ სახელმწიფო გლეხები; ბოყვაში, გორში, კრიხში, ღადიშსა და ბარდომეთში კი – საბატონო გლეხები. ასევე, ფარავნეში და სადბელში – საეკლესიო გლეხები.

საქართველოში 3 053 კერესელიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 501, ამბროლაურში – 237, გორში – 166. არიან სხვაგანაც.

ხოჯაბეგიშვილი-ხოჯაბეგოვი

გვარი შედგენილ-ნაწარმოებია ორმაგი ძირით, სიტყვებით: ხოჯა და ბეგი. უცხოურობის (არაქართველობის) ელფერს სძენს ისიც, რომ სუფიქსად გამოყენებულია არა შვილი და ძე, არამედ, რუსული ფორმანტი – ოვი.

ქართული გვარების ოვი-თა და იევ-ით გაწყობის პრაქტიკა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. მეფე ერეკლე მეორის დროს, აქედან წაღებული ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია რუსულად ასეთნაირად გადაასხვაფერეს და შეცვალეს: აბაშიძე – აბაშიცე, აბაშიზე; ბაგრატიონ-დავითაშვილი – ბაგრატიონ-დავიდოვი; თუშიშვილი გახადეს დუშიევი; ხიდირბეგიშვილი (იგივე ამილახვარი) გახდა ხიდირბეგოვი ან ხიდირბეკოვი; შალბელიქიშვილი გახდა შალბელიკოვი; ასევე დაემართა ქართულ გვარს – ხოჯაბეგიშვილს.

ფუძით ხოჯა გვაქვს გვარები: ხოჯავა, (მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი); ხოჯი გვხვდება საკუთარ სახელადაც), ხოჯაშვილი, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი, ხოჯივანიშვილი (გადმოცემით, ამ უკანასკნელის გვარეულობის წინაპარი ყოფილა მასწავლებელი, სახელად ივანე. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს მას „ხოჯა ივანას“ ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად).

ხოჯაბეგოვი მცირერიცხოვანი გვარია. ისინი წმინდა წყლის ქართველები არიან და არაფერი აქვთ საერთო სხვა ეროვნების ხალხთან.

საქართველოში სულ 20 ხოჯაბეგაშვილი, იგივე ხოჯაბეგოვი ცხოვრობს.

ოხანაშვილი

გვარი ოხანაშვილი გვარების მკვლევრებს, ილია მაისურაძესა და ალექსანდრე ღლონტს, შეტანილი აქვთ ქართულ გვარ-სახელთა ჩამონათვალში.

კერძოდ, ილია მაისურაძე წერს: „ოხანაშვილი, სავარაუდოა, მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ოხანა, შედარებისთვის ოხოა; ოხონაშვილი (ქართველური საკუთარი სახელები) – ოხანა გვარში: ოხანაშვილი“.

გვარის ადრინდელ ფორმად ჩანს ოჰანაშვილი. ამ შემთხვევაში გვარის ფუძეა იოვანე, იოანე. აქედან – ოჰანეს-ოჰანეზა-ოჰანესა-ოანეზა.

გვხვდება გვარი ოჰანეზასშვილი.

„გიორგი ოჰანეზასშვილი, დამამტკიცებელი გიორგი მეფის მიერ უზბაშ ალხაზ მაჩაბლისთვის მიცემული ყმების გათარხნების წიგნისა“ (1680 წელი).

„ოჰანესაშვილი მურადა, ბოსის სოფელს მცხოვრები, შანშიშელ პაპიას და მისი ძმის, დოლმაზას გაყრისას ერგო დოლმაზას“ (1667 წელი).

საქართველოში 473 ოხანაშვილი ცხოვრობს: თელავში – 186, თბილისში – 102, კასპში – 88. არიან სხვაგანაც.

წიტაიშვილი

ამ გურული წარმოშობის გვარზე ისტორიულ წყაროებში მწირი ინფორმაცია არსებობს.

ზოგი მკვლევარი ციტაიშვილს წიტაიშვილებთან აიგივებდა.

გვარის ფუძეა სიტყვა წიტა, რაც ახლად ამოვლებულ ჩურჩხელას ნიშნავს; ციტა კი საკუთარ სახელადაა დაფიქსირებული მეთორმეტე საუკუნიდან.

საქართველოში 494 წიტაიშვილი ცხოვრობს: ოზურგეთში – 249, თბილისში – 118, ბათუმში – 41. არიან სხვაგანაც.

скачать dle 11.3