კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-7(633) 

ეს საუბარი რომ შედგა, საბჭოთა კავშირის დაშლაზე აშკარა ანტისაბჭოელებიც კი არ ფიქრობდნენ. შჩუკინმა ჩემი სიტყვები ბოლომდე მოისმინა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა:

– წოდების მომატებას გილოცავ, მაიორო! თავისუფალი ხარ. წადი, დაისვენე და ქვეყნის სამსახურისთვის მოემზადე.

ქვეყნის სამსახურისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ყოფილა შემთხვევები, რომ ფორმაში არ ვყოფილვარ, მაგრამ დავალების შესრულებაზე არასდროს მითქვამს უარი. 

ერთ საშინელ ზამთარს მოსკოვში გამომიძახეს. მეკავშირემ მითხრა:

– დრო არ ითმენს. თქვენთვის რეაქტიული თვითმფრინავია გამზადებული ვაზიანში და მოსკოვში ჩაფრენას ერთი საათიც არ მოუნდებით.

– კეთილი. როდის უნდა გავფრინდე?

– ახლავე, – მითხრა მეკავშირემ და ორმოცდაათიოდე მეტრში მდგარი „ვოლგა“ დამანახვა  – თქვენ გელოდებათ, რომ ვაზიანში მიგიყვანოთ.

მეკავშირეს პლეხანოვზე შევხვდი, ჩემი სახლიდან სულ რაღაც ორასიოდე მეტრში მდებარე სახინკლეში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და იქ ამჟამად რაღაც კომერციული დაწესებულებაა. სახლიდან მოულოდნელი გაუჩინარება არ მინდოდა და მეკავშირეს ვუთხარი:

– მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში მზად ვიქნები.

– კეთილი, გელოდებით, – მეკავშირემ საათს დახედა და დაამატა – დრო არ ითმენს.

სახლში მივირბინე და, რადგან მერიკო სამსახურში იყო, ბავშვები კი – სკოლაში, წერილი დავტოვე: „სასწრაფოდ მოსკოვში მივფრინავ,. დელეგაციას უნდა დავხვდე. სამ-ოთხ დღეში ჩამოვალ. გკოცნით. წამლები მიმაქვს...“

გრიპი შემეყარა და წამლები იმიტომ ვახსენე წერილში. 39 გრადუსი სიცხე მქონდა, როდესაც მეკავშირემ შეხვედრაზე მიხმო... უკან რომ დავბრუნდი, მეკავშირე უკვე „ვოლგაში“ იჯდა. გვერდით რომ მივუჯექი, მითხრა:

– სამი წუთით ადრე მოხვედით.

ვაზიანში ძალიან სწრაფად მივედით და სამხედრო-რეაქტიულ თვითმფრინავში ჩავჯექი. ორმოცდახუთიოდე წუთში უკვე მოსკოვის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე დავეშვით. იქ სხვა „ვოლგა“ მელოდა, ოცი წუთის შემდეგ კი უკვე ლუბიანკაზე ვიყავი და შჩუკინის კაბინეტში შევდიოდი.

– როგორ ხარ, კოკი, ხომ არ შეგცივდა?

თბილისში მინუს 15 გრადუსი იყო. მოსკოვში კი – მინუს 30 და შჩუკინს მივუგე:

– თბილისთან შედარებით ცოტა გრილა.

– ფორმაში ხომ ხარ?

რომელ ფორმაზე იყო ლაპარაკი, როცა ფეხზე დგომა მიჭირდა, თვალებში მიბნელდებოდა და ძვლებში მამტვრევდა. აშკარა იყო, სიცხემ კიდევ უფრო ამიწია, თუმცა, მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ არაფერი შემტყობოდა და მივუგე:

– დიახ. კარგ ფორმაში ვარ. რა დავალება მაქვს შესასრულებელი?

– „კაჭკაჭი“ კავშირზე გამოვიდა და შეხვედრას ითხოვს – რიოში, „ფლამენკოსთან“, დღის 2 საათზე, – მითხრა შჩუკინმა და საათს დახედა, – სულ რაღაც რვა საათი დარჩა. აი, ამიტომ ჩამოგიყვანეთ ასე სასწრაფოდ. ის მხოლოდ შენ გიცნობს და რიოში უნდა გაფრინდე.

– მოვასწრებ? – ვკითხე შჩუკინს.

– ჩვენი ულტრათანამედროვე ზებგერითი „ილი“ სამ საათში ჩაგიყვანს იქ. თუმცა, ჩამოხტომა მოგიწევს და თუ იჩქარებ, „ფლამენკოსთან“ დანიშნულ დროს მიხვალ.

„კაჭკაჭი“ ჩემ მიერ გადაბირებული „ცეერუს“ ოფიცერი იყო, რომელსაც რამდენჯერმე შევხვდი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მან ჩვენ საკმაოდ ფასეული ინფორმაციები მოგვაწოდა. შემდეგ ის მოულოდნელად გაქრა და ვფიქრობდით, რომ „ცეერუმ“ გაშიფრა და დააპატიმრა. თუმცა, ისევე მოულოდნელად გამოჩნდა, როგორც გაქრა. გამგზავრების წინ შჩუკინმა მითხრა:

– ფრთხილად, ჩემო კოკი, გამორიცხული არ არის, რომ ეს შეხვედრა „ცეერუს“ ხაფანგი იყოს. დამზღვევები, რა თქმა უნდა, გეყოლება, მაგრამ, ყველაფერი მაინც შენზეა დამოკიდებული და, აბა, შენ იცი...

რიოს თავზე თვრამეტი კილომეტრის სიმაღლეზე მივფრინავდით, როცა პილოტმა გადახტომის ნიშანი მომცა და ოკეანის თავზე სპეციალური პარაშუტით დავეშვი, რომელშიც სათადარიგო ყუთი, ყუთში კი გასაბერი საცურაო აღჭურვილობა და პატარა ნავი იყო მოთავსებული. პარაშუტი ათასი მეტრის სიმაღლეზე გავხსენი და, წყალზე რომ დავეშვი, ჯერ პარაშუტი ჩავძირე, შემდეგ სპეცმოწყობილობა მოვირგე, ნავი სპეციალური კაფსულით გავბერე და ნაპირისკენ ავიღე გეზი, რომელიც სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ნაპირამდე ათასი მეტრის დაშორებით ნავიც ჩავძირე და გზა ყვინთვით განვაგრძე. ნაპირამდე ასიოდე მეტრის დაშორებით კი საყვინთავი მოწყობილობაც ჩავძირე, ჩვეულებრივ ცურვაზე გადავედი და დღის თორმეტი საათი სრულდებოდა, კოპაკაბანას პლაჟზე რომ ამოვედი და ჩრდილისკენ გავემართე, სადაც მეკავშირე მელოდა. ის მომიახლოვდა და, პაროლები რომ გავცვალეთ და მითხრა:

– აი, იმ მწვანე შეზლონგზე რომ ტანსაცმელია, ის ჩაიცვით. საფულეში 2 000 დოლარი და პაოლო სანტოსის სახელზე დამზადებული პასპორტია, რომელშიც თქვენი სურათია ჩაკრული. შეხვედრამდე ორი საათი დარჩა. ორი ჯგუფი დაგაზღვევთ, რომლებიც „ფლამენკოს“ შორიახლოს იქნებიან განლაგებულნი. ყოველი შემთხვევისთვის, „ფლამენკოდან“ ორასი მეტრის მოშორებით, სამორინე „შუაღამესთან“ თეთრი „მერსედესი“ დგას. გასაღები საბარგულშია და შეგიძლიათ, ისარგებლოთ.

მეკავშირეს დავშორდი და პლაჟის სამოსში გამოვეწყვე. შემდეგ კაფეში დავჯექი, მსუბუქი კოქტეილი შევუკვეთე და ოკეანეს გავხედე, რომელიც ხან შავი იყო, ხან თეთრი და ჩემ წინ ისე ტრიალებდა, როგორც ტურბოპროპელერი... ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, აშკარად ვგრძნობდი, რომ სიცხემ 40 გრადუსს ზემოთ ამიწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტაც და ჯერ გული წამივიდოდა, შემდეგ კი სულსაც გავაცხებდი.

სულ რაღაც თორმეტი საათი იყო გასული მას მერე, რაც დათოვლილი თბილისიდან, სადაც მინუს 15 გრადუსი იყო, ჯერ მინუს ოცდაათგრადუსიან მოსკოვში ჩავფრინდი, იქიდან კი – პლუს ორმოცგრადუსიან რიო-დე-ჟანეიროში. ასეთ მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს ასეთ მოკლე დროში აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა, მე კი, მაღალსიცხიანმა, გრიპიანმა, ათი ათასი კილომეტრი ვიფრინე და წამიც არ მიძინია, თან, ერთი აბი წამალიც კი არ მიმიღია.

– სენიორ, ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს? – მკითხა კაფეს მიმტანმა მულატმა გოგონამ, რომელიც დაჟინებით მიყურებდა.

– გადავიღალე და თავი მტკივა. მგონი, სიცხეც მაქვს. რამე სიცხის დამწევი საშუალება ხომ არ გექნებათ? – ვკითხე მიმტანს, რომელმაც ორი ცალი ვარდისფერი აბი მომიტანა და მითხრა:

– აი, სენიორ, ჩაყლაპეთ და სულ რაღაც ათ წუთში კარგად იქნებით.

აბები ჩავყლაპე, წყალი დავაყოლე და გოგონას ოცდოლარიანი ჩავუდე ჯიბეში, თან დავაყოლე:

– გმადლობთ, ლამაზო.

– თქვენც გმადლობთ, სენიორ. მე ანა-მარია მქვია. თუ კიდევ რამე დაგჭირდათ, ნებისმიერ მიმტანს უთხარით და დამიძახებს.

– კარგი, ანამარია, ნახვამდის.

– ნახვამდის, სენიორ.

დღემდე არ ვიცი, რა დამალევინა ანა-მარიამ, მაგრამ, ათი წუთიც არ იყო გასული, რომ შვება ვიგრძენი: ჯერ სიცხემ დამიწია, შემდეგ კი ჰალუცინაციებიც გაქრა. საათს რომ დავხედე, პირველი საათი სრულდებოდა და „კაჭკაჭთან“ შეხვედრამდე ერთი საათი რჩებოდა.

„კაჭკაჭს“ დანიშნულ დროზე შევხვდი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს „ცეერუს“ მახე არ ყოფილა. ამდენ ხანს იმიტომ არ გამოდიოდა კავშირზე, რომ მალარია შეეყარა და დიდხანს მოუწია მკურნალობა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან ფასეული აღმოჩნდა და ეს მოსკოვში სათანადოდ დააფასეს.

დედაქალაქში რომ დავბრუნდი და შჩუკინს ვეახელი, მან თავი გადააქნია და მითხრა:

– არადა, სულ არ გეტყობოდა, რომ ავად იყავი.

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვითომ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა გენერალი.

– რას და, შენს მაღალ სიცხეს, რომელმაც ლამის ხელიდან გამოგვაცალა შენი თავი.

– თქვენ რა იცით?

– ანამარია გახსოვს?

– ის ლამაზი მულატკა?

– სწორედაც, – დამიდასტურა შჩუკინმა, – კიდევ კარგი, დროზე მოგისწრო და აბები დაგალევინა.

– ჰო, მართალს ბრძანებთ. კიდევ კარგი, – დავუდასტურე შჩუკინს, გუნებაში კი გავიფიქრე: „კაგებე“ „კაგებეა“ და მისი ყოვლისმომცველი თვალი ყოველთვის ყველაფერს ხედავს“.

„კაგებე“ რომ უმძლავრესი ორგანიზაცია იყო, ყველამ იცის. თუმცა, ზოგიერთი შეფასება მასზე გადამეტებული იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „კაგებემ“ საბჭოთა კავშირის დაშლის აღკვეთა ვერ მოახერხა და თავისსავე წიაღში ვერ მოსპო მოღალატეთა ერთი მუჭა ჯგუფი, რომელმაც ჯერ საბჭოეთის დაშლას შეუწყო ხელი, შემდეგ კი – ამ უზარმაზარი ქვეყნის გაძარცვას. არადა, ვერც „ცეერუ,“ ვერც „მი-6“ და ვერც ზედ დამატებული სხვა ძლიერი, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სპეცსამსახურები, ვერ ფლობდნენ იმხელა რესურსებსა და შესაძლებლობებს, რაც ჩვენს უწყებას გააჩნდა. მსგავსი რამ ერთხელ შჩუკინს ვუთხარი, მან კი სინანულით მომიგო:

– ჩვენ ბოლო მოგვიღო ერთმა კარგად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომელსაც „საბჭოთა კავშირის დაშლა“ ეწოდებოდა, რომელიც ორმოც წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა და რომელიც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

– ჩვენდა სამწუხაროდ, ასეა, – დავეთანხმე შჩუკინს, მან კი მომიგო:

– ჩვენდა სასიხარულოდ კი, ასეთი არნახული მზაკვრობა უკან მიუბრუნდებათ და საბოლოოდ მაინც სამართალი იზეიმებს, სამართალი კი ჩვენს მხარეზეა და ეს ჩვენმა მტრებმაც კარგად იციან.

– იციან და, როგორ ფიქრობთ, არ ელოდებიან და საწინააღმდეგო ზომებს არ იღებენ?

– რა თქმა უნდა, იღებდნენ, მაგრამ, უკვე გვიანაა. ისინი მთელ მსოფლიოს კალიებივით მოედნენ, ყველგან ცხვირი ჩაყვეს და ყველას თავი შეაძულეს. მათ, უბრალოდ, ძალები არ ეყოფათ ყველასთან გასამკლავებლად და, რაც არ უნდა ახალი ცრუ ორგანიზაციები და ახალი გლობალური მტრის ხატები შექმნან, მათ უკვე აღარავინ არც დაუჯერებს, არც შეიცოდებს და არც რესურსი ეყოფათ ყველას მოსასყიდად და დასამარცხებლად.

ჩვენი საუბარი რომ შედგა, ბინ ლადენი ახალი ლიკვიდირებული იყო. მივხვდი, რომ გლობალურ მტრის ხატში შჩუკინი სწორედ მას გულისხმობდა, მაგრამ, მაინც ჩავკითხე:

– ბინ ლადენს გულისხმობთ?

– აბა, მეტი ვის? შენ მაინც ხომ კარგად იცი, რომ ეს ვითომდა მონსტრი თავად ამერიკამ შექმნა და შემდეგ თავადვე გაანადგურა სწორედ მაშინ, როცა თავად დასჭირდა?! ახლა უკვე მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, რომ ბინ ლადენი ან რამდენიმე წლის წინ მოკვდა ავადმყოფობით, ან, სულაც, ცოცხალია და უდარდელად ცხოვრობს ამერიკელების პატრონაჟის ქვეშ. პაკისტანის ვილაზე კი ვიღაც მსგავსი პიროვნება მოკლეს, რომლის იდენტიფიკაციაც არ ადასტურებს, რომ ის ნამდვილად ბინ ლადენი იყო. აი, ასეა, ჩემო კარგო. ამერიკელებს იაღლიში მოუვიდათ, როდესაც ლიკვიდირებულის სურათები გამოაქვეყნეს.

შჩუკინი მართალი იყო. ბინ ლადენის სიკვდილთან დაკავშირებულ ბლეფზე მრავალი კომპეტენტური ადამიანი ლაპარაკობს თვით შეერთებულ შტატებშიც კი და ამით ამ ქვეყნის მორალური ავტორიტეტი კატასტროფულად ეცემა. 

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ევროპის ერთ-ერთ კურორტზე ძალიან ცნობილ საბჭოთა ემიგრანტს შევხვდი, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკაში, ბოლოს კი დიდი სკანდალით დატოვა ეს ქვეყანა და ევროპაში გადმობარგდა. მას მე ერთი მისი ძველი მეგობრის რეკომენდაციით ვეწვიე, რომელმაც დაურეკა და უთხრა:

– შენი გაცნობა და შენთვის ხელის ჩამორთმევა სურს და თუ გეცლება, მცირე ხნით მაინც მიიღე.

– ღვთის გულისათვის, მობრძანდეს, მოხარული ვიქნები, – უპასუხა თავის ძველ მეგობარს ამერიკიდან გადმობარგებულმა საბჭოთა ემიგრანტმა და შეხვედრის დროც დაასახელა.

შეხვედრაზე დათქმულ დროს მივედი, მასპინძელს მაგრად ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი:

– ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა და თქვენთვის ხელის ჩამორთმევა. სწორედ თქვენნაირებმა შეცვალეს სამყარო და უკეთესი გახადეს ცხოვრება.

მასპინძელმა ნაღვლიანად გამიღიმა, სახლში შემიპატიჟა და, სავარძელში რომ მოვკალათდი, მითხრა:

– ამ სამიოდე ათწლეულის წინ მეც თქვენსავით ვფიქრობდი და სამშობლოდან ამიტომ გავემგზავრე. სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ მე და ჩემნაირებმა მართლაც რომ შევცვალეთ სამყარო, თუმცა, არა უკეთესობისკენ, არამედ – უარესობისკენ. ამერიკა და ამერიკული ოცნება წმინდა წყლის ბლეფი აღმოჩნდა. რაც შემეხება მე, ერთი მხრივ, სამშობლოს ვუღალატე და ჩირქი მოვცხე მას, მეორე მხრივ კი სატანურ გეგმას დავუჭირე მხარი და ისეთი საშინელი პროცესების თანაავტორი გავხდი, რასაც უმოწყალო, ყოვლად გაუმართლებელი ნგრევა და მილიონობით ყოვლად უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი მოჰყვა.

– ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ?

– ეეჰ, ჩემო მეგობარო, თქვენ რომ იცოდეთ, რა არის ამერიკა, ყოველ ჩემს  სიტყვას ირწმუნებდით. მე ძალიან დიდხანს ვიცხოვრე ამ ბაბილონის გოდოლში, კარგად შევისწავლე მათი ხრიკები და საკმაოდ ღრმად ჩავწვდი მათი სიცრუის მანქანის მექანიზმს.

– აბა, რა უნდა გექნათ, თქვენ ხომ გდევნიდნენ საბჭოეთში?

მასპინძელს ჩაეცინა და მომიგო:

– ვისოცკის არ დევნიდნენ? დევნიდნენ და თანაც როგორ! ერთი სული ჰქონდათ, რომ ის უცხოეთში დარჩენილიყო, რათა თავიანთი პოლიტიკა გაემართლებინათ და ამ გენიოსისთვის თავზე სულ მეტი და მეტი ლაფი დაესხათ. ვალოდია მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და სადაც კი მოისურვებდა, ყველგან გაშლილი ხელებით მიიღებდნენ მას, მაგრამ, სამშობლოს მიტოვება ერთხელაც არ გაუვლია გულში. მას მე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ვიცნობდი. ამერიკაში ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ ვისოცკი და მარინა ვლადი ამერიკაში იმყოფებოდნენ. ორივე ჩემს ვილაში დავპატიჟე და მათ პატივსაცემად წვეულება გავმართე. ისინი ორი დღე დარჩნენ ჩემთან. გამგზავრების წინ ვალოდიამ მადლობა გადამიხადა და მითხრა:

– ჩვენი სამშობლო ერთადერთია დედამიწაზე და, რაც არ უნდა გვაწყენინოს მან, უფლება არ გვაქვს, ის ტალახში ამოვსვაროთ. გირჩევ, უკან დაბრუნდე და ახლა თუ არ გააკეთებ ამას, იცოდე, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაგიჭირდება ამის გაკეთება. ბოლოს კი, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ არც აქ დაგედგომებოდეს და არც იქ შეძლო დაბრუნება.

ვალოდიას სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – ახლა მე არც  აქ ვარ და აღარც რუსეთში. ასე რომ, ჩემო მეგობარო, ის ვერ იქნება დიდი ადამიანი, ვინც თავის სამშობლოს ტალახში ამოსვრის. არ გააკრიტიკებს, არამედ, ვიმეორებ, ტალახში ამოსვრის. მე და ჩემნაირებმა კი სწორედ ასეთი სამსახური გავუწიეთ მას და მეეჭვება, რომ მე რუსეთში მიმიღონ.

– თუ გსურთ მაინც სამშობლოში დაბრუნება?

– ძალიან. თითქმის ყოველღამე მესიზმრება ჩემი პატარა ქოხი, სადაც ბავშვობა გავატარე და ბავშვობაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი მიპყრობს.

– გიპყრობთ და მიიღებთ კიდეც, – მივუგე მასპინძელს, – ილოცეთ, მარადისობაში უნდა გაემგზავროთ.

– ასეც ვიცოდი, – მწარედ ჩაეცინა ჩემს მასპინძელს, – ახია ჩემზე, ახია... ყველა მოღალატეს ასეთი ბედი ეწევა და ღალატს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

ჩემს მასპინძელს სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ შუა „ზასტოის“ პერიოდში გამოუტანეს დაუსწრებლად, რადგან, მისმა პროპაგანდისტულმა გამოსვლებმა და პუბლიკაციებმა დიდად შეუწყო ხელი საბჭოეთის დაქცევას. მაშინ მას ამერიკა მალავდა და ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი მსოფლიოში, რომ მისი ლიკვიდაცია იმ მომენტში უფრო მეტ ზიანს მოუტანდა საბჭოთა კავშირს. შემდეგ საბჭოეთი დაინგრა და მისთვის აღარავის ეცალა. ხოლო, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და რუსეთმაც ძალების მოკრება დაიწყო, შჩუკინმა შეხვედრა მთხოვა. რომ მივედი, მითხრა:

– ძველი საქმეებია დასამთავრებელი და, რას იტყვი, დაგვეხმარები?

– რა თქმა უნდა, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – კუდები არასდროს მიყვარდა და, ნებისმიერი საქმე, ადრე თუ გვიან, უნდა დაასრულო.

შჩუკინმა საქმის არსი გამაცნო და, მას შემდეგ, რაც მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ, მე საქმეზე გავემგზავრე...

ობიექტი რომ დარწმუნდა, ვინ ვიყავი, არც თავის მართლება უცდია და არც წინააღმდეგობის გაწევა. მან თავი გააქნია და ნაღვლიანად მითხრა:

– როგორც ჩანს, ჩემი ოცნება ოცნებადვე დარჩება და რუსეთის მიწაში დასაფლავება არ მეღირსება; შეასრულეთ თქვენი მისია, მე მზად ვარ!

ასეთი ღირსეული ობიექტი არასდროს მყოლია და მის მიმართ სიბრალულმაც კი შემიპყრო. მაგრამ, საქმე საქმე იყო – ჩემი პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მას გული განუგმირა და საბჭოეთის დაშლის ერთ-ერთი შემოქმედი ღრმა სავარძელში უსულოდ ჩაეშვა.

ობიექტის მკვლელობამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. განსაკუთრებით ევროპული მედია ბობოქრობდა. ყველას თითქმის ერთსულოვნად მიაჩნდა, რომ ის ამერიკელებმა მოკლეს და თითქმის არავის მიუტანია ეჭვი რუსეთზე. ამერიკელები, რა თქმა უნდა, მწვავედ აპროტესტებდნენ ამას, მაგრამ, ამით კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებდნენ.

შჩუკინს ამ საქმის შემდეგ რომ შევხვდი, მითხრა:

– აი, ხომ ხედავ, ამ აქციით ორი კურდღელი დავიჭირეთ: ერთი მხრივ, მოღალატე მოვსპეთ, მეორე მხრივ კი ამერიკელების კომპრომეტაცია მოვახდინეთ და მთელი მსოფლიო მათ ბრალეულობაზე ლაპარაკობს.

რომ იტყვიან, მსგავსი „გაჩალიჩებები“ ჩვეულებრივი პრაქტიკაა სპეცსამსახურების ურთიერთობებში და „ცეერუსა“ და „კაგებეს“ ურთიერთბრძოლის ისტორიაც ისეთი ოპერაციებითაა სავსე, რომლებშიც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა.

ერთხელ, ლუბიანკაზე მიხმეს და შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, მითხრა:

– ერთი ძალიან საპასუხისმგებლო მისია უნდა დაგაკისროთ და შენი იმედი გვაქვს.

– მზად ვარ. გისმენთ.

შჩუკინმა ერთი არაბის სურათი მაჩვენა: 

– აი, ეს კაცი ამერიკული შაშხანით უნდა მოკლა აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ის ზეგ ჩადის. უნდა მოასწრო. ეს აუცილებელია, რადგან ზეგ ამერიკულ-არაბული მოლაპარაკებები იწყება ნავთობის წარმოების გაზრდის საკითხზე, რაც საბჭოთა კავშირს არ აწყობს და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ის ჩაიშალოს.

– გასაგებია. გამოდის, რომ ეს მკვლელობა ამერიკელებს უნდა მოვასწროთ.

– სწორედ ასეა, – დამიდასტურა შჩუკინმა,  – ობიექტი ამ არაბული ქვეყნის მმართველის უახლოესი ნათესავია. ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა და ამ სამიოდე თვის წინ მას 19 წლის გოგონა შემოაკვდა სადისტური სექსის დროს. ის გოგონა კი გავლენიანი სენატორის ქალიშვილი იყო. არაბი ამერიკიდან გაიქცა და დაჟინებული მოთხოვნების მიუხედავად, ის თავისმა ქვეყანამ ამერიკას არ გადასცა.  ერთი სიტყვით, მას რომ მოკლავ, მისი ქვეყანა ამერიკის დელეგაციას აღარ მიიღებს, რადგან, მკვლელობაში ამერიკას დაადანაშაულებს და ამით მხოლოდ ჩვენ მოვიგებთ. თანაც, სადისტ მანიაკსაც დავსჯით. 

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გავთვალეთ: ამერიკული შაშხანიდან გასროლილმა ტყვიამ ობიექტს ნახევარი თავი წააცალა. მისმა სამშობლომ კი ამაში ამერიკული მხარე დაადანაშაულა, ამერიკული დელეგაცია აღარ მიიღო და მსხვილი ნავთობპროექტი გარკვეული დროით ჩაიშალა. ის დრო კი საბჭოეთმა გამოიყენა და თავისი სავალუტო მარაგი მნიშვნელოვნად შეავსო.

ეგრეთ წოდებული „სანავთობო ომი“ ცივი ომის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. როგორც ცნობილი იყო, საბჭოთა ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხებით ივსებოდა, საიდანაც ლომის წილი კი სამხედრო დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ ამერიკელებმა და გადაწყვიტეს, ბოლო მოეღოთ ამისთვის, რაც ავტომატურად გამოიწვევდა საბჭოეთის ეკონომიკურ და სამხედრო ვარდნას, ეს კი საბოლოოდ დაქცევას გამოიწვევდა. ამის განსახორციელებლად, ამერიკელები საიდუმლოდ მოელაპარაკნენ ნავთობმწარმოებელ არაბულ ქვეყნებს და ნავთობის წარმოება მნიშვნელოვანწილად გააზრდევინეს, ამან კი ნავთობის გაიაფება გამოიწვია და საბჭოთა კავშირს ეგრეთ წოდებული „ნავთობდოლარები“ შემოაკლდა. ხოლო, რაც ამას მოჰყვა, მთელმა მსოფლიომ კარგად დაინახა და უზარმაზარი ქვეყანა თავზე ჩამოგვემხო.

ერთი მოსკოვური შეხვედრის დროს შჩუკინმა მითხრა:

– ამერიკამ რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ ნავთობპროექტის განხორციელება დაიწყო და არაბულმა ქვეყნებმა ნავთობწარმოების გაზრდას მიჰყვეს ხელი, ანდროპოვს ზუსტი ანალიზი დავუდეთ მაგიდაზე, საიდანაც თვალნათლივ ჩანდა, რომ გადამჭრელი ზომების მიღება იყო საჭირო. იური ვლადიმიროვიჩთან მე და მუხინი ვიყავით შესულები და ჩვენს დასკვნას რომ გაეცნო, თქვა:

– ესე იგი, თუ ამ ქვეყნების ნავთობწარმოების პარალიზება არ მოვახდინეთ, გამოდის, რომ ჩვენი საბიუჯეტო შემოსავალი მკვეთრად დაეცემა?

 ისეთ საკითხთან გვქონდა საქმე, დიპლომატიურობა არ ივარგებდა და ანდროპოვს პირდაპირ ვუთხარი:

– იური ვლადიმიროვიჩ, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის დაქცევისკენაა მიმართული და გადამჭრელი ზომები უნდა მივიღოთ.

– რას გულისხმობთ, აქ ხომ მხოლოდ გულისხმიერი მოქმედებებია საჭირო?!

– დიახ, მაგრამ, არა ფართომასშტაბიანი ომი, არამედ, კარგად ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი დივერსია, რომელიც კარგა ხნით გამოიყვანს წყობიდან მათ ჭაბურღილებს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3