კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა 60 წლის ქალმა საკუთარი და და რა ვერ გაიყვეს მათ

57  წლის ბელა კ-შვილის დასახიჩრებული გვამი სამართალდამცველებმა მის საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ქალს გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული; მას, ასევე, დაზიანებული  ჰქონდა სახის არე, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებდა. 

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ, გამოძიებას  ხელჩასაჭიდი, გარდა მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი  დანისა, ბევრი არაფერი გააჩნდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი დანით ქალს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ადამიანი, ვინც გარდაცვლილის გვამი აღმოაჩინა, იმ ბინის მეზობლად ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. მოგვიანებით მან სამართალდამცველებთან განაცხადა: „ბელა კ-შვილს კარგად არ ვიცნობდი. მისი და, ლაურა კ-შვილი, ჩემ გვერდით მდებარე ბინაში საცხოვრებლად სამი წლის წინ გადმოვიდა.  ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. ლაურა მარტოხელა ქალი იყო, შვილი ევროპაში ჰყავდა. ის ხშირად ახსენებდა თავის ერთადერთ დას, ბელას, რომელიც იმ პერიოდში  დაკავებული იყო და სასჯელს იხდიდა. თავიდან ლაურა ამბობდა, ჩემი და თაღლითების მსხვერპლი გახდაო, თუმცა, მოგვიანებით,  ჩვენი საერთო ნაცნობებისგან შევიტყვე, რომ ბელა უდანაშაულოდ არ იყო დაჭერილი და ბევრი ადამიანის ცოდვა ედო.  ბელა ციხიდან სამი თვის წინ გათავისუფლდა და  დის ბინაში მოვიდა. ის  თითქმის სულ სახლში იყო ხოლმე, გარეთ იშვიათად გადიოდა.  რამდენჯერმე  მე თვითონ გავხდი მომსწრე, როგორ მოადგნენ სახლში მისგან მოტყუებული ადამიანები, რომლებიც დაკარგული ფულისა და ბინების დაბრუნებას ითხოვდნენ.  ერთხელ ისეთი ჩხუბი ატყდა,  პოლიციაც კი გამოიძახა  ლაურამ.  მკვლელობამდე ორი დღით ადრე ლაურა ფოთში წავიდა,  ვიცოდი, რომ ბელა სახლში მარტო დარჩა, გვიანი ღამე იყო, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა სახლში. კარი რომ გავუღე, ჩემი მეზობლების ბინის კარიც იმ დროს  გაიღო, ბინიდან  ჩემთვის უცნობი, ასაკოვანი  მამაკაცი გამოვიდა და კიბეს ჩაუყვა. გამიკვირდა, ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო ჩემს მეზობლებთან. ის მამაკაცი, სანამ კიბეს ჩაუყვებოდა, მომესალმა კიდეც, თუმცა, მე ვერ ვიცანი და სახლში შევბრუნდი.  ამის შემდეგ საეჭვო არაფერი გამიგია. დილით  ლაურასთან მოვიდა  ფოსტის წარმომადგენელი, რომელმაც ჩემთან დარეკა და მთხოვა, თქვენი მეზობლების კარზე ზარს ვრეკავ, არავინ მპასუხობს. ამიტომ, იქნებ თქვენ დაიტოვოთ ამანათი, რომელიც დებს იტალიიდან გამოუგზავნესო. დავინახე, რომ ჩემი მეზობლების ბინის კარი ოდნავ შეხსნილი იყო, შევედი ბინაში და საწოლ ოთახში ბელას ცხედარი აღმოვაჩინე. მაშინვე პოლიციაში დავრეკე, მათ  სასწრაფო დახმარების სამსახური  გამოიძახეს,  მაგრამ, როგორც გაირკვა, ბელა კ-შვილი    უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო”. 

ოპერატიულმა სამსახურმა ბელა კ_შვილის წარსულისა და სანაცნობო წრის გადამოწმება დაიწყო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  ბელა კ-შვილი წლების წინ  რაიონში ცხოვრობდა და საბავშვო ბაღის ექთნად მუშაობდა.  მას ჰყავდა მეუღლე, რომელთანაც შვილი არ ეყოლა და წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ ბელას მეუღლე სხვა ქალზე დაქორწინდა, ბელა კი  მარტოხელა  დასთან გადავიდა საცხოვრებლად.  დაპატიმრებამდე რამდენიმე წლით ადრე, მან იპოთეკური სესხების ოფისი გახსნა, სადაც უფროსი და – ლაურაც მასთან ერთად მუშაობდა.  გარკვეული პერიოდის შემდეგ დებს შორის უსიამოვნება მოხდა და ისინი ერთმანეთს დიდი სკანდალით დაშორდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ბელა კ-შვილი თაღლითობის მუხლით მოხვდა ციხეში, უფროსი  და  უმცროსს იქაც პატრონობდა. რა გახდა დებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ეს გამოძიებისთვის უცნობი იყო, ამ ისტორიაში სიმართლის დადგენას გამოძიება მაშინაც ცდილობდა, როცა ლაურა ციხეს გადაურჩა, ბელა კი ციხეში აღმოჩნდა.  ნათესავები ამბობდნენ, რომ ბელამ დის  მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებიც თავის თავზე აიღო, რის სანაცვლოდაც და მას ციხეში პატრონობას შეჰპირდა.    

ლაურა კ-შვილი  გამოძიების ინტერესის  არეალში იმ დღესვე მოხვდა, როცა მისი დის გვამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ქალს ტელეფონით შეატყობინეს მეზობლებმა. ლაურა კ-შვილი  შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათში მივიდა: რაიონში ვიყავი ჩასული და უფრო ადრე ჩამოსვლა ვერ მოვახერხეო, – განაცხადა ოჯახის ახლობლებთან, რომლებიც მას სახლში დახვდნენ.  გამოძიებამ ლაურა კ-შვილი იმავე დღეს დაკითხა,  თუმცა, მისმა მონათხრობმა  გამოძიებას ბევრი არაფერი შეჰმატა. ამონაწერი ლაურა კ-შვილის ჩვენებიდან: „ფოთში ბინის გასაყიდად წავედი – მეზობელმა დამირეკა, კარგი კლიენტი გამოჩნდა და ჩამოდიო. ბელაც ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო, მაგრამ, იმ დღეებში მაღალი  წნევა ჰქონდა და ვუთხარი, შენ რაღა გინდა, მაგ საქმეს უშენოდაც მივხედავ-მეთქი.  როდესაც ფოთში ჩავედი, დავურეკე და მოვიკითხე, მეორე დილითაც დავურეკე. თბილისში იმავე საღამოს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ, საქმეებს ვერ მოვრჩი და მეორე დღესაც დავრჩი. მერე მეზობლებმა დამირეკეს და გამაგებინეს, რაც მოხდა.“ გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე ლაურა კ-შვილს პასუხები არ ჰქონდა. როგორც მან განაცხადა, მათთან ხშირად მოდიოდნენ ის ადამიანები, ვისთანაც ბელა კ-შვილი წარსულში საქმიანი  ურთიერთობით იყო დაკავშირებული. ლაურა კ-შვილმა რამდენჯერმე ახსენა დის ყოფილი მეუღლეც, რომელსაც ქალი ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა. „გაჭირვებული კაცია და ბელას ყოველთვის ეცოდებოდა, ამიტომაც ფულს ხშირად სჩუქნიდაო“, განაცხადა მან გარდაცვლილი დის ყოფილი მეუღლის შესახებ სამართალდამცველებთან. გამოძიებამ დაკითხა მოკლული ქალბატონის მეუღლე, რომელმაც თავად განაცხადა, რომ ქალს მისივე სატელეფონო ზარის შემდეგ, ღამის თორმეტ საათზე ესტუმრა. „გვიან იყო, რომ დამირეკა და მთხოვა, მაღალი წნევა მაქვს, გარეთ ვერ გავდივარ და იქნებ წამლები მომიტანოო. სახლში მომერიდა თქმა, რომ ასე გვიან უნდა გავსულიყავი სახლიდან, ამიტომ, მოვიმიზეზე, სატაქსაოდ მივდივარ-მეთქი. ღამე ბევრჯერ წავსულვარ სამუშაოდ და ჩემს ცოლ-შვილს ეს არ გაჰკვირვებია. ბელასთან რომ მივედი, საწოლში დამხვდა. წამლები დავუტოვე და მალე წამოვედი, სახლიდან რომ გამოვედი, კარის მეზობელს შევეფეთე. არ მინდოდა, რამე ცუდი ეფიქრა, მივესალმე იმ ქალს და ჩემს გზას გავუყევი.  56 წლის არჩილ მ-ია გულწრფელად წუხდა მომხდარის გამო, იმასაც კი ამბობდა, რომ მცოდნოდა, მტრები ჰყავდა და მოკვლას უპირებდნენ, სულ არ დავტოვებდი იმ ღამეს მარტოსო. გამოძიებისთვის  მის ჩვენებაში საეჭვო  არაფერი იყო, უფრო მეტიც, დადგინდა, რომ არჩილ მ-ია მშრომელი, პატიოსანი ადამიანი იყო და ყოფილ ცოლთან, რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდა, გასაყოფი არაფერი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ, ადამიანი, ვინც უკანასკნელად ნახა ცოცხალი ბელა კ-შვილი, მისი ყოფილი მეუღლე იყო, გამოძიებას მის მიმართ ეჭვები არ ჰქონდა. ოპერატიულ-სამძებრო სამსახურს, ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევდა მოკლული ქალის წარსულის კვლევა, რომ არა ერთი გარემოება: უცნობმა მამაკაცმა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, სამეზობლოში მოყვა, როგორ წაიყვანა ფოთიდან გვიან ღამით უცნობი ქალი თბილისში, რომელიც  მეორე დღეს ისევ დაინახა თავის სამარშრუტო ტაქსიში, ოღონდ, ამჯერად უკვე ფოთში მიმავალი. ეს ამბავი, როგორც ხდება ხოლმე, ჯერ სამეზობლოში გახმაურდა, მერე პატარა ქალაქში, ბოლოს კი გამოძიებამდეც მივიდა. ამას ისიც დაერთო, რომ გამოძიებას ამ საქმეში ყველაზე საეჭვოდ თავად უფროსი და მიაჩნდა. გაჩნდა უამრავი კითხვა: რატომ არ წაიყვანა მან და საერთო კუთვნილებაში არსებული ბინის გასაყიდად? რა კონფლიქტი მოხდა დებს შორის წარსულში, რომელსაც ბელა კ-შვილის დაპატიმრება მოჰყვა?  რატომ ცდილობდა ქალი კვალის არევას გამოძიებისთვის,  როდესაც საკუთარ ადგილსამყოფელს მალავდა? რატომ დაბრუნდა ის მალულად თბილისში, რის შესახებაც  მტკიცებულებად სამარშუტო ტაქსის მძღოლის მონათხრობი იქცა? მოკლედ, კითხვები იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას თავად ლაურა კ-შვილი დაუშვებდა მანამ, სანამ ის ერთადერთი დის თავიდან მოშორებას დაგეგმავდა.  ლაურა კ-შვილი  თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ,  ბოლოს მაინც აღიარა დის მკვლელობა. როგორც აღმოჩნდა, დების დაპირისპირების საბაბი წარსულში არსებული უთანხმოება იყო: „ბელას საქმეების გამო ჩემი სახლი გავყიდე,  შვილი ლამის  უსახლკაროდ დავტოვე და მაინც მე მაბრალებდა, ციხეში რომ მოხვდა. მეორე სახლიც უნდა გაგეყიდა და საპროცესო გარიგებით უნდა გამოგეყვანეო – სულ ამას მსაყვედურობდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრება გამიმწარა.  ბოლოს ვუთხარი: ცალკე უნდა გადახვიდე, რადგან, ჩემს შვილს უნდა ჩამოსვლა და ჩემთან ცხოვრება-მეთქი. ამის გამო ჩვენ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა. ბელა სანაცვლოდ 20 ათას დოლარს მთხოვდა. საიდან უნდა მიმეცა ამდენი ფული? არასდროს მყვარებია ჩემი და, მთელი ცხოვრება სულ მის ხუშტურებზე დავდიოდი, ამიტომაც გადავწყვიტე მისი თავიდან მოშორება. ვუთხარი, რომ ფოთში მივდიოდი სახლის გასაყიდად, ჩავედი კიდეც ფოთში, მაგრამ, იქიდან გვიან ღამით დავბრუნდი თბილისში. მანამდე, როცა ტელეფონით მითხრა, თავს ცუდად ვგრძნობო,  მე თვითონ ვურჩიე, რომ არჩილი მიეყვანა სახლში – ამით მეც ალიბი შევიქმენი, არჩილი კი საეჭვო გარემოებებში მოვაქციე“. – განაცხადა გამოძიებასთან  60 წლის  ლაურა კ-შვილმა.  მაგრამ, ყველაზე შემზარავი მის მიერ ჩადენილი  მკვლელობის დეტალები იყო, რომელიც   ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში  კიდევ ერთხელ აღიარა: „როცა სახლში დავბრუნდი, კარი ჩემი გასაღებით გავხსენი. ბელა, რა თქმა უნდა, არ მელოდა და ჩემი სახლში მისვლა ძალიან გაუკვირდა. დაველოდე, სანამ ჩაეძინებოდა, სამზარეულოდან მოზრდილი დანა ავიღე და მძინარეს რამდენჯერმე დავარტყი მკერდში.  ისე გარდაიცვალა, თვალის გახელაც კი ვერ მოასწრო.  ვიფიქრე, სახეზეც მიმეყენებინა ჭრილობები, რომ უფრო სასტიკი მკვლელობის შთაბეჭდილება შემექმნა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი არჩილს დაბრალდებოდა, იმიტომაც „შემოვატყუებინე” იმ ღამეს სახლში. როცა დავრწმუნდი, რომ ბელა უკვე გარდაცვლილი იყო,  გარიჟრაჟს  დაველოდე  და სახლი ისე დავტოვე.  ისევ დავბრუნდი ფოთში და გავითამაშე, თითქოს  იმ ღამეს იქურობა საერთოდ არ დამეტოვებინა. მეგონა, ყველაფერი გავთვალე, მაგრამ, დეტალები მაინც გამომრჩა”. 

სასამართლომ არ გაითვალისწინა  ბრალდებულის ასაკი და მას სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.                

скачать dle 11.3