კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურთულდება ანა სანაიას ცხოვრებაში ყველაფერი და რატომ უნდა მას რევოლუციური ტალღის სათავეებთან დგომა

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ვმეგობრობთ, ანა სანაია მაინც ახერხებს ხასიათის, ნიჭიერების ახალი საზღვრები გახსნას და ამით ყველა გააოცოს. ის თამაშობს, წერს, იღებს ფილმებს და ტანსაცმლის დიზაინსაც ქმნის და ეს ახალი სფერო შესაძლოა, საოცრად დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდეს ანასთვის, რადგან, ბელგიაში გამართულ კონკურსზე გაგზავნილმა მის მიერ შექმნილმა ორიგინალურმა „ლუქმა” დიდი მოწონება დაიმსახურა. 

 ანა სანაია: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ვთამაშობ, ჯერჯერობით სამ სპექტაკლში ვარ დაკავებული, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია.

– ხშირად ხუმრობ ხოლმე მესამეხარისხოვან როლებზე...

– ეს მხოლოდ ხუმრობით, თორემ, ისე, ჩემთვის ყველა როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი მისული მსახიობისთვის სამი სპექტაკლი პატარა შედეგი არ არის. ესენია: „ქაქუცა ჩოლოყაშვილი”, „პეიზაჟს აკლია სითბო” და „კოტე მარჯანიშვილი”. ძალიან ბედნიერი ვარ, უზომოდ მიხარია ყველა გასვლა სცენაზე. როგორც სტანისლავსკი იტყოდა: არ არსებობს ცუდი და კარგი, მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები, არსებობენ ცუდი და კარგი მსახიობები. მსახიობისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც თამაშობს კინოში, თეატრში... ცხოვრებაში არა. უდიდესი პასუხისმგებლობით ვექცევი ამ საქმეს. მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სამსაათიან სპექტაკლში სამი საათი დგახარ სცენაზე თუ ერთი წუთით გადიხარ. არ ვიცი, რატომ, რა ჯადოსნობას აქვს ადგილი, მაგრამ, მაყურებელი ამ ერთ წუთშიც გადასარევად ხვდება შენს დამოკიდებულებას შენი პროფესიისადმი. 

– თეატრში თამაში ყოველთვის გინდოდა...

 – ყოველთვის მინდოდა, მინდა და მომინდება. დიდხნიანი პაუზა გამომივიდა და ახლა მთელ ამ მონატრებას ვივსებ. ძალიან მინდა, ყველაზე მეტად მინდა, რომ კიდევ დამაკავონ ახალ როლებზე და ბევრი სათამაშო მქონდეს.

– როგორ ფიქრობ, სერიალების წლებმა დაგაკარგვინა ეს დრო თეატრში? იყო ეს მიზეზი იმისა, რის გამოც თეატრში დაკავებული არ ყოფილხარ?

– ალბათ კი. მაყურებლისთვის აქვს მნიშვნელობა, ვის ხედავს სცენაზე. როგორც ჩანს, რეაბილიტაცია გავიარე, მარტო მაყურებლისთვის კი არა, თავად მეც მოვახერხე ერთი ამპლუიდან გამოსვლა და სხვაში შესვლა. ორივე პერიოდი ძალიან საინტერესო იყო ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ ის მინდა, ვისურვო, რომ თეატრალური ცხოვრება ქვეყანაში იყოს უფრო სავსე, დინამიკური, აქტიური; ის, რაც გვაქვს კულტურაში – გაცოცხლდეს; თეატრში სათქმელი ისევ ითქმებოდეს, თან, ყველაზე მძაფრად; იყოს ანარქისტული, რევოლუციური... ახალგაზრდული ტალღა თუ რაიმე ახლის თქმას შეეცდება, ვეცდები, ვიყო არა უბრალოდ თანამონაწილე ამ ყველაფრის, არამედ, ერთ-ერთი „აქტივისტკა”.

– რაც, სიმართლე რომ ვთქვათ, ჯერჯერობით არ შეინიშნება. 

– იცი რა, თეატრში თუ ერთხელ მოვიდა მაყურებელი, ის მეორედაც აუცილებლად მოვა. არის თეატრები, რომლებიც ამბობენ სათქმელს, ზოგიერთები – შედარებით ნაკლებად. ასე ერთმნიშვნელოვნად თქმა რთულია. თეატრი მაინც აქტუალურია და, მინდა, მეტი მოახერხოს.

– ქუთაისში გქონდათ გასტროლები ცოტა ხნის წინ...

– არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ: იყო წითელი ხალიჩა, სტენდები, მიღება, სიმებიანი კვარტეტი, გემრიელი ქუთაისური შეხვედრა, მამა-პაპური საღამო – დაახლოებით ისეთი, როგორიც სპექტაკლშიც გვაქვს.

– ბოლივუდის ფილმი გამოვიდა?

– კი, გამოვიდა ინდოეთში და საკმაოდ დიდი წარმატება აქვს კინოგაქირავებაში. პრემიერაზე მიმიწვიეს, მაგრამ, თეატრში რეპეტიციები მქონდა და ვერ წავედი. პრემიერა შედგა ინგლისშიც და იქაც დიდი წარმატება ჰქონდა. ახალი შემოთავაზება ჯერჯერობით არ მქონია, თუმცა იმედები არის. მათ ისევ უნდათ ჩამოსვლა, გაეცნენ ჩემს სცენარებს, გვაქვს მუდმივი მიწერ-მოწერა, თუმცა, სამთავრობო ცვლილებების გამო, ჯერჯერობით დაკვირვების ეტაპზე არიან, ელოდებიან, რა როგორ იქნება. ისე, ნახევარმა ინდოეთმა დამიმატა „ფეისბუქზე”, სისტემატურად მეკონტაქტებიან. მიხარია, რომ მათი მოწონება დავიმსახურე. ცეკვითა და სიმღერით იქ ბევრს ვერავის გააკვირვებ და, ამიტომაც, მათი მხრიდან ჩემ მიმართ სიმპათიები ორმაგად დასაფასებელია. ადგილობრივი წარმოების ფილმებიდანაც არაფერია საინტერესო – იყო რაღაც შემოთავაზებები, რაზეც უარი ვთქვი. 

– რა ხდება ხოლმე უარის მიზეზი?

– ძირითადად, არასაინტერესო სცენარი, რეჟისორსაც აქვს მნიშვნელობა – უნდა ენდობოდე. ჩემმა ფილმმაც ვერ ნახა დღის სინათლე გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ იმედი მაქვს, ეს პრობლემაც მალე დაიძლევა. რატომღაც, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჯანჯლდება და რთულდება ხოლმე, მაგრამ, ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება – ისე, როგორც ზღაპარში (იცინის). ნეტავ, ეს ზღაპრების რწმენა როდის გამივლის?! (იცინის) რატომღაც, ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიმბოლოა, რაღაცეები მეორდება, ისეთი რაღაცეები ხდება ან თავად ვახდენ, რაც სხვებს მხოლოდ წიგნებში წაუკითხავთ და ფილმებში უნახავთ. ჩემი ცხოვრება ერთ დიდ სათავგადასავლო რომანს ჰგავს, „ინდიანა ჯონსის”, „ჯეინ ეარისა” და კიდევ ბევრი ნაწარმოების ნარევია. მსუყე ტრილოგიაა. არ წყდება მოქმედებები. ვიღაცეები ამისგან, შესაძლოა, უცებ დაღლილიყვნენ, მაგრამ მე უკვე ისე გადამივიდა ყოველდღიურობაში, ამ „ექშენის“ გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმომიდგენია. ამ ბოლო დროს ცოტა მეზარება პროვოცირების მოხდენა და „ექშენის” გამოწვევა, მაგრამ, მოვლენები მაინც ინერციით მიდის. 

– არ აპირებ შენი მოთხრობების დაბეჭდვას?

– სხვათა შორის, ვფიქრობ, ხალხი ითხოვს უკვე (იცინის). მიკვირს, მაგრამ, ჩემს მეგობრებს, მათ მშობლებს, დღემდე ახსოვთ, როგორ ვწერდი ბავშვობაში; ახსოვთ რაღაც ორგვერდიანი მოთხრობის შინაარსი. მოკლედ, ერი მითხოვს (იცინის). ბევრი იდეა მაქვს, უბრალოდ, მჭირდება ადამიანი, ვინც ამ ჩემს იდეებს შეაგროვებს და სწორი მიმართულებით მიმართავს; ან, თავად უნდა გამიჩნდეს ისეთი დიდი სურვილი, რომ რაღაც სისტემაში მოვაქციო ყველაფერი, რაც დამიწერია და საბოლოო ფორმა მივცე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ვისთვის იქნება საინტერესო-მეთქი, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემთვის იქნება. ერთად თავმოყრილი მაინც მექნება ის, რაც ამდენწლიანი ნაფიქრი და დაწერილია. 

– ვიცი, რომ ბრიუსელში გაიგზავნა შენი დიზაინით შექმნილი მოდელი.

– ამ სფეროშიც მოვსინჯე ძალები. შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, ეს გოგო რამ გაათავხედაო, მაგრამ, იმდენი იდეა და აზრი მომდის თავში, სადმე თუ არ გადმოვიტანე, ალბათ, გავგიჟდები. ბრიუსელში ტარდება კონკურსი, სადაც დიზაინერები გზავნიან მომავალი კოლექციის ერთ „ლუქს“. ჩემი კრეატივით შექმნილმა მოდელმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. თითქოს დიზაინი ჩემთან არაფერ შუაშია, მაგრამ, ეს ჩემშია და რა ვქნა?! ბევრი ორიგინალური იდეა მომდის თავში და გული მწყდება, რომ ყველაფრის განხორციელებას ვერ ვახერხებ. 

– გადაცემაზეც ფიქრობ, როგორც ვიცი.

– დიახ და, დარწმუნებული ვარ, ამ მწირი არჩევნის ფონზე ჩემი იდეები სატელევიზიო სივრცეს გამოაცოცხლებდა, თუმცა, არც არავის ვაწუხებ და არც არავისთან მისაუბრია ამასთან დაკავშირებით. არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, თავის მობეზრება. მეტ-ნაკლებად ჩვენს სფეროში ყველამ იცის ჩემი შესაძლებლობები და, თუ რამე დააინტერესებთ, თავად დამიკავშირდებიან.

– დაბადების დღე რომ გქონდა როგორ ჩაიარა?

– არაფერი განსაკუთრებული. რამდენიმე მეგობარმა მომილოცა – ვინც იძალავა და არ დამემორჩილა, როდესაც ვეუბნებოდი, არაფერს ვაპირებ-მეთქი. ბათუმში მინდოდა წასვლა, მაგრამ, არ გამომივიდა. ჩემმა მეგობარმა წინა ღამით სიურპრიზი გამიკეთა, რასაც საერთოდ არ ველოდი: ყვავილებით, ტორტებით, შამპანურებითა და ფოიერვერკებით გამილამაზა დაბადების ღამე. მომაკითხა და მიმიყვანა იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი იყო მომზადებული. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე, რადგან, ადამიანებს თითქოს მიავიწყდათ ასეთი სენტიმენტალურ-რომანტიკული მიმართულების გამოხდომები, რაზეც მე ვგიჟდები. მოკლედ, მე ჩემი დამემართა. იყო ცრემლებიც... (იცინის) ცრემლების გარეშე ამ ღამეს არ ჩაუვლია. მეორე დღემ კი სრულ სიმშვიდეში ჩაიარა. 28 წლის გავხდი და, დროა, ცოტა რაციონალური ქმედებები შევიტანო ჩემს ცხოვრებაში და ფული სხვა რამეში გამოვიყენო – სულ ასე ინფანტილური ხომ არ ვიქნები (იცინის). 

скачать dle 11.3