კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემმა საქმრომ ჩემი ფულებით ცხოვრება აიწყო

გწერთ საბერძნეთიდან, საიდანაც დაახლოებით სამი წლის წინ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, სამუშაოდ. ალბათ, მოგეხსენებათ, რა სახის სამუშაოებს ასრულებენ აქ ქართველი ქალები და გამონაკლისი არც მე ვარ – ვუვლი ლოგინად ჩავარდნილ, ჭირვეულ, საშინელი ხასიათის მქონე მოხუცს. ისე გამაწამა და გამაგიჟა, ჩემი ყოველი დღე ტირილით იწყება და ტირილით მთავრდება, მაგრამ, მაინც ყველაფერს ვითმენ, რადგან, მიმაჩნია, გამიმართლა იმ გაგებით, რომ მოხუცის პატრონები კარგად მიხდიან და ჩემი აქ ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი და მიზანი ის არის, განვაგრძო ცხოვრება: მქონდეს ბინა და არ შემეშინდეს არც ავად გახდომის, არც სტუმრის მოსვლის და არც იმის, რომ შვილები მშივრები მეყოლება (თუმცა ჯერ გათხოვილი არ ვარ).

სანამ აქ წამოვიდოდი, დაახლოებით ნახევარი წლით ადრე, გავიცანი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი და დაქორწინება გადავწყვიტეთ, მაგრამ, არც ერთს არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ბინა გვექირავა, ქირაც გადაგვეხადა და შვილებიც გაგვეჩინა და გაგვეზარდა. მე კი მქონდა შედარებით ნორმალური სამსახური, მაგრამ, მერაბი არ მუშაობდა და მარტო ჩემი ხელფასი რას გვეყოფოდა, მით უმეტეს, რომ ჩემი პენსიონერი მშობლები ვერ დაგვეხმარებოდნენ, მერაბის დედას კი რძლად არ ვუნდოდი და თავიდანვე გამოგვიცხადა, ჩემი იმედი არ გქონდეთო. დახმარება კი არა, იმაზეც უარი განაცხადა, რომ დაქორწინების შემდეგ მასთან გვეცხოვრა (თუნდაც თავიდან), მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს (მერაბს მამა არ ჰყავს, და კი ძალიან მდიდარ კაცზეა გათხოვილი და ნახევარჯერ საქართველოში არ იმყოფება, სულ აქეთ-იქით დასეირნობენ). მამაჩემმა ორჯერ უშოვა მერაბს სამსახური, მაგრამ ორივეზე უარი თქვა, უფრო სწორად, არც ერთი არ იკადრა, რადგან რიგით თანამშრომლად მუშაობა ითაკილა (კაბინეტი და უფროსობა ნებავდა), თან, ხელფასიც ეცოტავა. რა თქმა უნდა, თვეში 500 ლარი ძალიან ცოტაა, მით უფრო ისეთი კაცისთვის, რომელიც სიგარეტის საყიდელ ფულს დედას ართმევს პენსიიდან და მთელი დღე ერთი ადგილის ფხანის მეტს არაფერს აკეთებს. მე ახლა ვარ გაბრაზებული და აღშფოთებული, თორემ მაშინ ისე ბრმად მიყვარდა, ყველაფერში ვამართლებდი.

ჩვენი მატერიალური მდგომარეობის გამო ისე აეწყო, რომ ვერ ვქორწინდებოდით და შეხვედრების დროს თინეიჯერებივით დავბოდიალობდით ქუჩებში. კაფეში თუ შევიდოდით, მე ვიხდიდი (მერაბს არასდროს არ ჰქონდა ფული), რასაც თაკილობდა და უარს ამბობდა ხოლმე, თუნდაც ერთი ფინჯანი ყავა დაგველია სადმე.

სწორედ იმ პერიოდში ჩემი ნათესავი ქალი წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ, ძალიან გაუმართლა – კარგი სამსახური იშოვა და ერთ-ერთი დარეკვისას მითხრა, თუ ჩამოხვალ, შენც გიშოვი რამესო. მე ეს შეუძლებლად ჩავთვალე, მაგრამ, საუბრის დროს მერაბს ვუამბე ყველაფერი. მეგონა, გადაირეოდა, ეგ როგორ იფიქრეო, მაგრამ, მითხრა, ეგ შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, თუ გინდა, რომ ერთად ვიყოთო. მერე იქვე დაიანგარიშა, თვეში რამდენი უნდა გამომეგზავნა, რომ ერთ-ორ წელიწადში ბინაც გვეყიდა, ქორწილის ფულიც გადაგვედო და ყოველდღიური ხარჯებისთვისაც შეგვენახა რაღაც თანხა. ისეთი აჟიტირებული ლაპარაკობდა, მისი განწყობა მეც გადამედო. იმავე საღამოს დავგეგმეთ ყველაფერი, მშობლებსაც ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ (სხვათა შორის, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე) და ორი დღის შემდეგ იმ ჩემს ნათესავს დავურეკე. გადავწყვიტე, მოვდივარ-მეთქი. წასვლასაც საკმაოდ დიდი თანხა სჭირდებოდა, რაც მერაბმა პროცენტით ისესხა თავისი მეზობლისგან (მერე გავიგე, რომ ის ფული დედამისის ყოფილა) და, როგორც იქნა, წამოვედი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ დავიწყე ფულის გაგზავნა. ცხადია, ჯერ პროცენტიანი ვალი გავისტუმრე, მერე კი უკვე ბინის საყიდელ ფულს ვუგზავნიდი მამაჩემს (ვიცოდი, ყველაზე კარგად ის შემინახავდა). რა თქმა უნდა, მშობლებს სახარჯო თანხასაც ვუგზავნიდი ყოველთვიურად. სიმართლე გითხრათ, პირადად მერაბს მხოლოდ ერთხელ გავუგზავნე ათასი დოლარი საჩუქრის სახით – არ ვიცოდი, შენთვის რა მეყიდა და ჩემი სახელით რაც გინდა, იყიდე-მეთქი. ჩემი სისულელით, ყოველთვის ვეუბნებოდი, რამდენი გავუგზავნე მამაჩემს. რა ვიცოდი, რომ თურმე, პერიოდულად მიდიოდა მასთან და ფულს სთხოვდა – ხან ორას დოლარს, ხან სამასს, ხან უფრო მეტსაც. ვითომ სესხად ართმევდა, მაგრამ, ერთხელაც არ უფიქრია დაბრუნება. რამდენჯერმე მეც დამირეკა და მთხოვა, ფული გამეგზავნა, თან, საკმაოდ „მრგვალი“ თანხები სჭირდებოდა ხოლმე. მაშინ ჯერ კიდევ ვიყავი სიყვარულით დაბრმავებული და, ოღონდ მას გახარებოდა, სიხარულით ვუგზავნიდი. ერთ დღეს კი მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, ფული აღარ გამომიგზავნო, რასაც იშოვი, როგორმე მანდ დააგროვე ან აქ გახსენი რომელიმე ბანკში ანგარიში და ისე გადმორიცხეო. რომ გადავეკიდე, რატომ-მეთქი, გამომიტყდა – შენი საქმროსგან მოსვენება აღარ მაქვს, ყოველდღე ფულს მთხოვს, მაგაზე უარი აღარ ჭრის, ლამისაა, მუქარაზე გადადის, როცა არ ვაძლევო. მერე ისიც გავიგე, რომ თავისთვის კარგი მანქანაც უყიდია და ბინაც გაურემონტებია ჩემი ფულებით, ის ბინა, რომელში შეშვებაზეც დედამისმა წინასწარ გამოგვიცხადა უარი და ამხელა კაცმა ხმაც ვერ ამოიღო.

მოკლედ, საკმაოდ გვიან მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე. თუმცა, ცოტა უფრო ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი, ამას მაშინ უნდა მივხვედრილიყავი, სიხარულით რომ გამიშვა საბერძნეთში ვიღაც ბებრების „გარშოკების“ სათრევად. მაგრამ, ეს ყველაფერი არ ყოფილა. ერთმა დაქალმა დამირეკა (რომელიც მერაბსაც კარგად იცნობს) და მითხრა: მინდა, თვალები აგიხილო და იმიტომ გეუბნები ამას, არ მინდა, მთელი ცხოვრება დებილის როლში იყო. იმ შენს საქმროს დავემუქრე კიდეც, რომ დაგირეკავდი და ყველაფერს მოგიყვებოდი, მაგრამ, ალბათ, ეგონა, მხოლოდ ვაშინებდი და ამას არ გავაკეთებდი. ცოტა კაცურად რომ მოქცეულიყო, შეიძლება, მართლაც არ დამერეკა შენთვის, მაგრამ ამის მოსმენა აღარ შემიძლია. შენი ფულებით ნაყიდი მანქანით ვიღაც ნაშებს დააგრიალებს, ძვირფასი რესტორნებიდან აღარ გამოდის და ჭკუაზე არ არისო. ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთი შოკი იყო, კინაღამ მაშინვე ჩავალაგე ბარგი და გამოვიქეცი. არადა, ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდა, რომ საყიდელი ბინა უკვე შეთვალიერებული ჰქონდა; რომ მისთვის გაგზავნილ ფულსაც კი არ ხარჯავდა – ქორწილისთვის აგროვებდა... ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ნაგავი და ნაძირალა აღმოჩნდა. ცოტა გონს რომ მოვედი, დავურეკე და ვუთხარი, შენთვის გამოგზავნილი ყველა თანხის ქვითარი შენახული მაქვს. ყველაფერი ვიცი, რასაც აკეთებ. ორ თვეს გაძლევ: გინდა ნივთები გაყიდე სახლიდან, გინდა ჩემი ფულით ნაყიდი მანქანა და გინდა შენი ბინა და ზუსტად ორი თვის შემდეგ ეს თანხა უკლებლივ დასვი ჩემს ანგარიშზე, თორემ, საჩივარს შევიტან სასამართლოში და შენს თავს დავაჭერინებ-მეთქი. ვითომ აღშფოთდა (სინამდვილეში შეეშინდა) და დამიწყო მტკიცება, რომ მოვენატრე, რომ კიდევ უფრო მეტად ვუყვარვარ, რომ ჩემს დაქალს (ვინც დამირეკა) ჩემი შურს და იმიტომ მიმღვრევს ტვინს და ასე შემდეგ. მაგრამ, უკვე აღარ ვარ დებილი. ამ სამ წელიწადში ისეთი ცხოვრება გამოვიარე საბერძნეთში, ასე ადვილად ვეღარავინ გამაბითურებს.

სამ კვირაში გადის დათქმული ორი თვე. თუ თანხას არ დამიბრუნებს, მართლა ვუჩივლებ. მე კი ჯერ არ დავბრუნდები, რადგან ჩამოვედი და ამდენი ვიწვალე, საქმეს ბოლომდე მივიყვან – საჭირო თანხას მოვუყრი თავს და საკუთარ თავს და მშობლებს მივხედავ. ალბათ, ღმერთიც არ გამწირავს და ვინმე ღირსეულს შემახვედრებს.

მარი, 32 წლის.

скачать dle 11.3