კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ატკინა გული ქეთა თოფურიას და რატომ არასდროს არ იქნება ის საქართველოს მოღალატე

მომღერალი ქეთა თოფურია ქართველმა მსმენელმა 9 წლის ასაკში გაიცნო. მისი კარიერის წინსვლაში და, საერთოდ, ქეთას წარმატებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნატას, რომელსაც შრომა ორმაგად დაუფასდა და დღეს ის ვარსკვლავის დედაა. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ნატა თოფურიაა, რომელიც შვილზე დღემდე ზრუნავს, თუმცა, მისი ნახვა, „ა სტუდიოს” გადატვირთული გრაფიკის გამო, იშვიათად უწევს. 

– უკვე მეცხრე წელი დაიწყო, რაც მოსკოვში ცხოვრობთ ქეთასთან ერთად. ყოველთვის აქტიური დედა იყავით, რაშიც ყველა დამეთანხმება, ვინც გიცნობთ. ქეთას ყველა კონცერტს ესწრებოდით და მუდამ მის გვერდით იყავით, მაგრამ, ეს ყველაფერი საქართველოში ხდებოდა. რა ხდება რუსეთში?

– საქართველოში მარტო გვერდით კი არ ვედექი ქეთას, არამედ, უხეშად რომ ვთქვა, ვაფინანსებდი კიდეც. მე დავყვებოდი ყველგან, მე ვიხდიდი გადაღების ფულს, ისევე, როგორც სიდის ჩაწერის ფულს. ვსაზღვრავდი, რა ემღერა, რაშიც ძალიან მეხმარებოდა ოთარ ტატიშვილი. კონცერტებზე ყოველთვის დავყვებოდი, ჩემთან ერთად იყო მამუკა კაკოიშვილიც, რომელიც ქეთას მენეჯერი იყო და მოგვიანებით მას გადავაბარე ხმის ჩამწერ სტუდიებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. აი, რაც შეეხება რუსეთში ქეთას შემოქმედებას, მხარში მხოლოდ მორალურად ვუდგავარ. „ა სტუდიოს” თავისი შემოქმედებითი ჯგუფი ჰყავს, იქნება ეს მენეჯერი, მუსიკალური პროდიუსერი, ფიარ-აგენტი, დირექტორი თუ სხვა. აქედან გამომდინარე, მე ქეთას შემოქმედებაში ნამდვილად არ ვერევი. ქეთას მართლა იშვიათად ვხედავ და, როცა ვხედავ, მხოლოდ რამდენიმე საათით, რადგან, თუ გასტროლი არ აქვთ და მოსკოვში არიან, მაშინ, ძირითადად, გადაღებებზე და ინტერვიუებზეა წასული. 

– საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას თუ გეგმავთ? 

– თბილისში ბინას ვარემონტებთ, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება, თითქოს სასახლე იყოს, არადა, სამოთახიანი ბინაა. რაც შეეხება საფუძვლიანად საქართველოში გადმოსვლას, გადაჭრით ვერ გეტყვით. ქეთა დედისერთაა, მის გარდა არავინ მყავს და, აქედან გამომდინარე, სადაც ჩემი შვილი იქნება, მეც იქ უნდა ვიყო – ქეთას ხომ ვერ დავტოვებ. თბილისში ხშირად ჩამოვდივარ და თუ მექნება იმის ბედნიერება, რომ ჩემი შვილი გამახარებს და შვილიშვილი მეყოლება, უფრო ხშირად ჩამოვალ მასთან ერთად. 

– ქეთამ როგორც მითხრა, ძალიან უნდა დედობა და უკვე მზად არის ამისთვის.

– მეც ასე მეუბნება, მაგრამ, ჯერ შედეგები არ გვაქვს. ახლა გამომიცხადა, ერთი წელი მაცალეო. თავისი გადასაწყვეტია. პატარა გოგო აღარ ვარ და, მთავარია, მე მქონდეს იმის ძალა და ენერგია, რომ ბავშვის გაზრდაში დავეხმარო. მიმაჩნია, რომ ბებიის გაზრდილი ბავშვი გაცილებით კარგი გამოდის, ვიდრე ძიძის. 

– დედისერთების დედებს ძალიან უჭირთ შვილის გათხოვება. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

– ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა, რადგან, ლოვას უკვე მესამე წელია, ვიცნობ. ოჯახის წევრი იყო ის უკვე ჩვენთვის, მით უმეტეს, იცი, რომ ანდრო (ქალბატონი ნატას მეუღლე, – ავტორი) გარდაიცვალა ორი წლის წინ. მატერიალური უზრუნველყოფა ნამდვილად არ გვჭირდებოდა, რადგან, ქეთა რაც შეუძლია, თვითონ ეხმარება თავის ახლობლებს. მართალია, ანდროს თავისი ადგილი ჰქონდა ჩვენს ოჯახში და მას ვერავინ შეგვიცვლის, მაგრამ, ვიგრძენი, რომ ლოვას სახით მამაკაცი გვედგა გვერდით. ანდროს ხსოვნასაც დიდ პატივს სცემს და ის არის პიროვნება, რომელსაც შემიძლია, დავეყრდნო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან კარგი ბიჭია. საკმაოდ გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და არ არსებობს ის მომენტი, რომ რაღაც ვერ ვუთხრა ან ვერ მითხრას. პატარა ბიჭი არ არის, 37 წლის კაცია. მოსკოვში დაბადებული და გაზრდილია, ყველანაირი პერიოდი გამოვლილი აქვს, ძალიან შეგნებული, უშუალო და უბრალო ბიჭია, რომელიც შვილივით და მეგობარივით მივიღე. დღეში ათჯერ მაინც მირეკავს, ყველაფერი იცის, სად წავედი და წამოვედი – ამ მხრივ კონტროლის ქვეშ ვარ. თუ გვიანობამდე მეგობრებთან ერთად ვარ სადმე, მომაკითხავს და წამომიყვანს, ძალიან ყურადღებიანია. მართალია, ცხოვრება ისეთია, ხვალ რა იქნება, კაცმა არ იცის, მაგრამ, დღეის ჩათვლით, ამ ბიჭით კმაყოფილი ვარ და არ გამჭირვებია ქეთას გათხოვება. 

– მართალია, ქეთა შორიდან ყველას ძალიან ენერგიული, მხიარული და უდარდელი ადამიანი ჰგონია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამ გულთან ახლოს მიაქვს. ხშირად ატეხილა მის გარშემო სკანდალი, მაგალითად, რატომ იმღერა ამა თუ იმ კონცერტზე და ასე შემდეგ. თუმცა, ქეთა „ა სტუდიოს” წევრია და ის დამოუკიდებლად არასდროს გეგმავს კონცერტში მონაწილეობას.

– ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი მოღვაწეობს რუსეთში. არ მეგულება არც ერთი მომღერალი, რომელმაც აქ რომელიმე კონცერტზე გამოსვლაზე უარი თქვას. აქ არ არის ეს სფერო პოლიტიზებული. სად იმღერებს და სად არა, ასეთ საკითხებს ქეთა კი არა ჯგუფი წყვეტს. თან, ქეთა რუსეთის მოქალაქეა, მოღვაწეობს რუსეთში, ცხოვრობს რუსეთში და უმღერის რუს მსმენელს. რაც შეეხება მის  გულისტკივილს: ქეთას უზომოდ უყვარს საქართველო და თბილისი. დღემდე, როგორც კი ერთი-ორი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, მაშინვე თბილისში მორბის. უკმაყოფილოა „ა სტუდიო,” მაგრამ, მაინც გამორბის. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა, რომელსაც იქ უამრავი მეგობარი და ნათესავი ჰყავს, საქართველოს მტერი იყოს? სასაცილოა ეს ყველაფერი. რაც მანდ ხდებოდა ქეთას მიმართ, შეიძლება, ჩემი შვილი არ იმჩნევდა, მაგრამ, მკვდარი იყო. პირველად ტკივილი ქეთას მაგათ მიაყენეს და მეორედ – ანდროს სიკვდილმა, მეტი ტკივილი მას არ განუცდია და ღმერთმა არ განაცდევინოს. არ შეიძლება, ასეთი აბსურდი ილაპარაკო და გაუთავებლად იძახო – მოღალატე, მოღალატეო. რა, ქეთას გარდა სხვას არ უმღერია იქ, სადაც პრეზიდენტი მიდის? მიმაჩნია, რომ ეს შურის ფაქტორია და კონკრეტული ხალხის მიერ შეგნებულად გაკეთებული. ამ ყველაფერს პოლიტიკურად არ მივიჩნევ, რადგან, სასაცილოა ქეთას სიმღერიდან გააკეთო პოლიტიკური აქტი. ასე მხოლოდ იმის გამო მოიქცნენ, რომ გული ეტკინათ მისთვის, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, გული მართლა ძალიან ატკინეს. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ, ყველა ტელევიზიაში, რომელიც ამას აშუქებდა და საშინელებებს ამბობდნენ, ქეთას ინტერვიუ ყოველთვის დაჭრილი იყო. „იმედზე“ და „რუსთავი 2-ზე“, ყველა საინფორმაციო ქეთას სიუჟეტით იწყებოდა, თითქოს დიდი პოლიტიკური მოღვაწე ჰყავთ ქეთა თოფურია. ამ დროს, პოლიტიკის ბაიბურში არ არის, გვარებიც კი არ იცის პოლიტიკოსების. თან, ისე ჭრიდნენ ინტერვიუს, ხალხი რომ ისმენდა მის კომენტარებს, ფიქრობდნენ, რომ ეს გოგო დებილიაო. ამ დროს, დებილი ნამდვილად არ არის, ლაპარაკიც იცის და ყველაფერიც. დებილები იმას ვერ აღწევენ, რასაც ქეთამ მიაღწია. ის რატომ არავის აინტერესებს, რამდენი სოლო კონცერტი ჩაატარა, რამდენი დისკი გამოუშვა, რამდენი ჯილდო მიიღო? ერთადერთი შალვა რამიშვილი იყო, რომელმაც ქეთას ინტერვიუ თავიდან ბოლომდე გაუშვა ეთერში და ხალხს მისცა საშუალება, მისი დალაგებული აზრი მოესმინა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი შალვას. 

– ქეთა 9 წლის ასაკიდან მღერის. თუ წარმოგედგინათ, რომ ასეთი წარმატებული მომღერალი გახდებოდა?

– სიმართლე გითხრა, ამ საკითხზე არ მიფიქრია. „ა სტუდიოში” ქეთას მოღვაწეობის ინიციატორი ნატო დუმბაძე იყო, რომელიც, ჩემი მეგობარი კია, მაგრამ, ამ ამბავს პროფესიონალური თვალით შეხედა. მე არ ვარ ის დედა, ჩემი შვილი რომ ვაქო და ვადიდო. მიმაჩნია, რომ კრიტიკოსი უფრო ვარ მისთვის. ამიტომ, არასდროს დავმჯდარვარ და არ მიფიქრია, გახდებოდა თუ არა ის პოპულარული მომღერალი საზღვრებს გარეთ. დღეს ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მიაღწია და ხალხმა ძალიან კარგად და თბილად მიიღო. თუ მსმენელმა არ მიგიღო, იყავი და იმღერე შენთვის. ქეთა ისეთ კოლექტივში მოხვდა, რომელსაც თავისი ნიშა აქვს შოუ-ბიზნესში. ჯგუფის წევრები ჩამოყალიბებული, ზრდასრული პიროვნებები არიან და მათ ქეთა როგორც შვილი, ისე მიიღეს. ძალიან ბევრი ასწავლეს და, ქეთამ „ა სტუდიოს” სახით ძალიან დიდი სკოლა გაიარა, როგორც ხელოვნების, ასევე, ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. „ა სტუდიო” რუსეთში ერთ-ერთ ლეგენდალურ ჯგუფად ითვლება. 

– მოკლედ, საქართველოში რამდენი ღამისთევა და შრომაც ჩადეთ ქეთაში, ყველაფერი ორმაგად დაგიფასდათ.

– კი, კი, ნამდვილად დამიფასდა, თუმცა, ღამისთევა აქაც ხშირად მიწევს – ეს რეჟიმი უკვე გამომუშავდა წლების განმავლობაში, ადრე ვეღარ ვიძინებ. 

– ადრე თუ ქეთა თოფურიას დედა იყავით, დღეს უკვე ვარსკვლავი ქეთა თოფურიას დედა ხართ. როგორი შეგრძნებაა?

– რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და სასიამოვნო, ეს ყველა დედას გაუხარდებოდა. უფრო ზუსტად, ვიტყოდი, რომ დღესდღეობით მე წარმატებული მომღერლის დედა ვარ. 

скачать dle 11.3