კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის შეყვარებული ქალი მარტოსული და რატომ არ უნდა აჰყვეს ის ილუზიებს

როდის არის შეცდომის აღიარება დაგვიანებული და რატომ ვეღარ ახერხებენ ადამიანები მათ გამოსწორებას, ანუ, რა ხდება, როცა შეგნებულად მიდიხარ კონკრეტულ ნაბიჯზე, მაშინაც კი, როცა იცი, სად მიგიყვანს ის? არსებობს ცნება – „მოპარული” ბედნიერება. პრინციპში, მას განმარტებაც არ სჭირდება, ისედაც ყველაფერია ნათქვამი: რადგან იპარავ, ესე იგი, ის შენ არ გეკუთვნის, ანუ თავიდანვე უნდა იყო შეგუებული იმ აზრს, რომ, ადრე თუ გვიან, მას სამუდამოდ დაკარგავ, თუმცა, მაინც ებღაუჭები, მაინც ცდილობ, ნარჩენებისგან შეკრა მთლიანობა, რომელიც არც არასოდეს არსებობდა. რა შეიძლება ხიბლავდეს ამ სახიფათო თამაშში ქალს, რატომ უნდა ცდიდეს ბედს და იტყუებდეს თავს?! ნუთუ ამ ყველაფერში დამნაშავე სიყვარულია?! ამბობენ, რომ პარტნიორის პოვნა ადვილია, გაცილებით რთულია მისი შენარჩუნება – ერთ დღესაც, საყვარელი ადამიანი უცხო ხდება შენთვის, ზოგჯერ კი მტრადაც გადაიქცევა. გიკვირს და ვეღარ აიგივებ მას იმასთან, ვინც შენი ცხოვრების აზრი და ყველაზე მთავარი ადამიანი გეგონა. 

მარიამი (29 წლის): ზოგჯერ ვფიქრობ, ისეთი არაფერი დამიშავებია, ასე ვიტანჯებოდე. შემიყვარდა და ამ გრძნობამ გამაკეთებინა ის, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ალბათ, მეტყვით, რომ გრძნობა მაშინ არის გამართლებული, როცა მას გონება აკონტროლებს, მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ. სიყვარული სწორედაც არ ცნობს არავითარ ლოგიკასა და გონივრულობას. აწონილ-დაწონილი და გაზომილი სიყვარული აღარ არის სიყვარული. 

– ჰო, მაგრამ, როცა ეს სიყვარული გაუმართლებელია და პრობლემებს გვიქმნის, როცა ის თავიდანვე არის შეცდომა და ეს იცი?!

– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ. დიახ, მე ვიცოდი, რომ ცოლიანი მამაკაცის სიყვარული კარგს არაფერს მომიტანდა, მაგრამ, ადამიანი ისეა მოწყობილი, იმას იჯერებს, რისი დაჯერებაც თავად უნდა. იმედიც ბოლოს კვდება – ხომ გაგიგიათ? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნურად ვაცოცხლებდი ამ იმედს. 

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ბრმა ნამდვილად არ ვარ. თავი კი მოვიტყუე, მაგრამ, ისე დამაჯერებლად მიმტკიცებდა, ჩემი ცხოვრება უნდა შევცვალოო, დავიჯერე. ძალიან რთულია ეს ყველაფერი. თავიდან თითქოს მარტივად ჩანს: ცოლი ჰყავს? უნდა შეეშვა. რაც სხვისია, ის შენი ვერასოდეს გახდება. თუ ამას გონებაში ჩაიბეჭდავ, შეიძლება დიდი უბედურება აიცილო თავიდან. 

– ამას ხუმრობით ამბობთ?

– არა, აბსოლუტურად სერიოზულად. მე მშურს იმის, ვისაც  საკუთარ გულზე ძალადობა შეუძლია. რა ვქნა, ვერ მოვერიე სიყვარულს, ძალიან რთული აღმოჩნდა. ის ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრა და სხვა ყველა გრძნობა დააჩლუნგა. მაშინ მოვიდა, როცა ყველაზე  მარტოსულად ვგრძნობდი თავს და შინაგანად მციოდა. ვისაც ეს არ განუცდია, ის ვერ გამიგებს. რაღაც მომენტში ბოროტიც გავხდი. ახალ წელს ჩავიფიქრე, ჩემი საყვარელი მამაკაცი ცოლს გაშორებოდა. იცით, როგორი მწველი სურვილი მქონდა, ოჯახი დაენგრას, რაღაც უბედურება დაემართოს-მეთქი?! ახლა სინდისი მქენჯნის ამის გამო. ახლა ვხვდები, რომ იმისი ცოლი საერთოდ არაფერ შუაში იყო და მე მას ცუდს ვუსურვებდი. ადამიანი, რომელსაც ჩემ წინაშე არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა, მძულდა, ვერ ვიტანდი. გონება მქონდა არეული და საერთოდ არ ვეკუთვნოდი საკუთარ თავს. ანუ, მე მე არ ვიყავი. რომ ამბობენ, სიყვარული უკეთესობისკენ ცვლის ადამიანებსო, ტყუილია. მე ჩემს მაგალითზე გამოვცადე, რომ პირიქით – უარესობისკენ ცვლის.

– რამ მოგხიბლათ ცოლიან მამაკაცში?

– მამაკაცი მამაკაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ, შეიძლება, ცოლიანის სტატუსი მამაკაცს რამე განსაკუთრებულ ხიბლს მატებდეს? არ ვარ ადრენალინზე გადარეული და მისი დოზის შევსების სურვილი ნამდვილად არ მამოძრავებდა. უბრალოდ, შემიყვარდა – ეს იყო და ეს. თქვენ რომ თქვით, ხიბლიო, მაგ ხიბლმა მე კარგი არაფერი მომიტანა. ის კი არა, ფაქტობრივად, დამღუპა. ვიცოდი, რომ არასოდეს მიატოვებდა  ცოლს და მისი ყველა სიტყვა ბლეფი იყო.

– უცნაურ რაღაცას ამბობთ! თუ იცოდით, მაშინ ხავსს რატომღა ებღაუჭებოდით?

– საქმეც ეგაა. ექვსი თვე მატყუებდა და იმედს მაძლევდა. ცოლი არ მიყვარსო, ისტერიჩკაა და აუტანელი ხასიათი აქვს, ყველა სიტყვაზე ვჩხუბობთ და, ლამის არის დავხოცოთ ერთმანეთიო, მე მასში ქალს ვეღარ ვხედავ და ამ ურთიერთობას აუცილებლად დავამთავრებ, იმიტომ, რომ მომავალი აღარ გვაქვსო.

– თითქმის ყველა  ცოლიან მამაკაცს, რომელიც სხვა ქალს „ეჩალიჩება“ შესაბმელად, ასეთი ტექსტი აქვს, არ იცოდით?

– გაგონილი მქონდა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია.  ვეთანხმები სტერეოტიპებს, მაგრამ, ეტყობა, ეს მაინც აქტუალურია და მუშაობს. სამწუხაროდ, ახლა უკვე ვიტყვი, რომ ყველა კაცი ერთნაირია და მათი ნდობა არ შეიძლება. ნეტავი, რა სინდისით ცხოვრობს საკუთარ ცოლთან იმ სიტყვების მერე, რაც მასზე აქვს ნათქვამი?! თუმცა, რომელ სინდისზეა ლაპარაკი. მე რა, სინდისიერად მომექცა?!

–  გპირდებოდათ, რომ ცოლს დაშორდებოდა?

– აბა, რაზე ვლაპარაკობ? როცა ერთმანეთი გავიცანით, უკვე ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. ამას უკვე ვერ მომატყუებდა, თორემ, ალბათ, არც ამაზე დაიხევდა უკან. მე მისთვის არ დამისვამს საკითხი – ცოლს დაშორდი-მეთქი. მან თვითონ მითხრა, რომ ამას გააკეთებდა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, არ ჰქონდა აუცილებლობა, ასე საზიზღრად ეთამაშა დაჩაგრული ქმრის როლი, რომელსაც ყელში ჰყავს ამოსული მობეზრებული ცოლი. 

– პირადად მე ვერ შემექმნება დადებითი წარმოდგენა მამაკაცზე, რომელიც ხელაღებით ლანძღავს იმ ქალს, რომელსაც ცოლს ეძახის და მისი შვილების დედაა.

– ალბათ, მართალი ხართ, მაგრამ, სიყვარული ამდენს აღარ გაფიქრებინებს. მე მარტო ერთი რამ მინდოდა – სულ მის გვერდით ყოფნა. ვუსმენდი, როგორ ყვებოდა საშინელ ქალებზე, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – გათხოვდნენ და იშოვონ ქმარი. მეუბნებოდა, სამწუხაროდ, ჩემი ცოლიც ამ კატეგორიის ქალების რიცხვშია. იცი, რა აღიზიანებს კაცს ქალში ყველაზე მეტად? ისტერიკულობა და შეუგნებლობა. ვერ გავაგებინე ჩემს ცოლს, რომ ძალით თავს ვერ შემაყვარებს და ვერც თავისი ისტერიკით შემაკავებს, აუცილებლად მივატოვებო. 

– და, ასეთი კაცი გიყვარდათ?

– ჰო, ასეთი კაცი მიყვარდა.  შევცდი. მართლა ვფიქრობდი, რომ ცოლი არ გამოადგა. რა ვიცოდი, რომ, პირიქით, ცოლი იტანდა და უძლებდა მის საშინელ ხასიათსა და ახირებებს. მოდიოდა ჩემთან თითქმის ყოველდღე, მაგრამ, ღამით არ რჩებოდა და ამ საქციელს ასე მიხსნიდა. არ მაქვს ჩემი ცოლის სკანდალების თავი; მირჩევნია, მშვიდად დავშორდე და ამიტომ ვატარებ ოჯახში დღესასწაულის დღეებსაც. საშინელების ჩადენა შეუძლია და ისევ შენ გიფრთხილდებიო. რაღაც ეტაპამდე მჯეროდა მისი ტყუილების. ვფიქრობდი, ვუყვარვარ და სწორად აკეთებს, რომ ცოლს არ აღიზიანებს; რად მინდა მისი მოვარდნა და საქვეყნოდ ჩხუბი-მეთქი. მაგრამ, მერე ისეთი რაღაც მოხდა... შემთხვევით, აბსოლუტურად მოულოდნელად, მისი ცოლი გავიცანი. 

– გაიცანით იმიტომ, რომ მისი ცოლი იყო?

– არა, არა, რომ მცოდნოდა, ვისი ცოლი იყო ყველანაირად მოვერიდებოდი. მით უმეტეს, მასზე პოზიტიური შთაბეჭდილება არ შემექმნებოდა. ხომ იცით, როცა თავიდანვე ხარ განწყობლი უარყოფითად და აგრესიულად ვიღაცის მიმართ, შეუძლებელია, მერე რამე პოზიტიური  განწყობა გაგიჩნდეს – თითქოს რაღაც ბარიერს იქმნი და ეკალსაც გამოისხამ. მოკლედ, შემთხვევით მოხდა ჩვენი გაცნობა და გადავირიე, ისე ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, როგორი არაჩვეულებრივი ქალია, ალბათ, მისი ქმარი როგორი ამაყია, ასეთი ცოლი რომ ჰყავს-მეთქი. კიო, მითხრეს, – გიჟდება ამისთვის. ხელისგულზე ატარებს,  ყველანაირ პირობას უქმნის და ყველა სურვილს უსრულებს. ვერ ხედავ, როგორი მოვლილია?  წელიწადში ორჯერ უცხოეთშია. წარმატებულია და ქმრის კარიერაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვისო. ეს ყველაფერი მოვისმინე ქალზე, რომელსაც ჩემს პირად, ყველაზე დაუძინებელ მტრად მივიჩნევდი. რეალობა კი სულ სხვანაირი ყოფილა და ამ რეალობას ძალიან მწარედ შევეჯახე. ამ ქალის ვინაობა რომ გავიგე, სერიოზული შოკი მივიღე და ძალიან დიდხანს მეგონა თავი ცუდ სიზმარში. ის ნაძირალა ყველა სიტყვას მატყუებდა და არც კი უფიქრია, ცოლს დაშორებოდა. კიდევ უფრო უარესი – მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული.  თუმცა, ის ქალი ჩემზე უარესად იყო მოტყუებული. 

– იქნებ, არც იყო მოტყუებული? არსებობენ ქალები, რომლებიც ქმრის თავგადასავლებს საკმაოდ გულგრილად უყურებენ.  

– არ ვიცი, მე ამის გამოძიება არ დამიწყია – ამის არც დრო არ მქონდა და, თანაც, ჩემი ფიქრები უკვე სხვა რამისკენ იყო მიმართული – საყვარელი მამაკაცისგან მტრის ხატი შევქმენი და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რომ შემეძულებინა. მაგრამ, მაინც მოახერხა ხელმეორედ ჩემი გაცურება, თანაც, დიდი ოსტატობით – სახლში ჩემოდნით მომადგა. ლამის შოკი მივიღე. ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. ვერ მივხვდი, რა მოხდა. მანამდე ტელეფონში ვეჩხუბე და ვუთხარი, ჩემი სახელი აღარ ახსენო-მეთქი. არც იმას დაუკლია ლანძღვა-გინება. შენთან იმიტომ მინდოდა ყოფნა, რომ ჩემს ცოლს არ ჰგავდი. მეგონა, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მომცემდი, მაგრამ, არაფრით ყოფილხარ უკეთესიო და, უცებ, სახლში არ მომადგა?! – ცოლისგან წამოვედი, შენც ხომ ეს გინდოდაო. ქალი მაინც სულელია და ადვილად იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც უნდა. მეც მაშინვე დამავიწყდა ყველაფერი. ორი კვირა სახლიდან არ გასულა და არც მე გამიშვა – დავტკბეთ ერთმანეთითო. დავიჯერე, რომ ჩემზე გიჟდებოდა, რომ ყველაფერი აწონ-დაწონა და მიხვდა, ჩემთან უნდოდა ყოფნა. მაგრამ, სწორედ მაშინ გაქრა, როცა ჩემი ბედნიერების დავიჯერე.  როგორც მოვიდა ერთი ჩანთით, ისე წავიდა. მითხრა: რა ვქნა, ვცადე, შენთან ყველაფერი თავიდან დამეწყო, ახალი რეალობა შემექმნა ჩვენ ორისთვის, მაგრამ, არ გამომივიდა. ვხვდები, ჩემი ცოლისა და შვილის აჩრდილი არასოდეს მომშორდება, გული ისევ მათკენ მიმიწევს და ძალიან ცუდად ვარ. ვერ ვიცხოვრებ მშვიდად შენ გვერდითო. უნდოდა, კარგი ტიპის იმიჯით წასულიყო  ჩემგან, მაგრამ, უკანასკნელი ნაძირალასავით მოიქცა.

– რატომ? იქნებ, არც უცდია  თქვენი მოტყუება და მართლა ჰქონდა მცდელობა, მოეგვარებინა ურთიერთობები? 

– თავიდან მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ, ძალიან პატარა სივრცეში ვცხოვრობთ და სიმართლე არ იმალება. სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ნეტავი ცოლმა უკან როგორ მიიღო, ნუთუ თავმოყვარეობა საერთოდ არა აქვს-მეთქი და, უცებ, ვიგებ გამაოგნებელ ამბავს: ვაჟბატონმა არაჩვეულებრივი ტრიუკი ჩაატარა – თურმე მის ცოლს არც კი გაუგია თავისი ქმრის „ახალ რეალობასთან“ შეგუების ორკვირიანი „ვოიაჟი”.

– რანაირად?

– რანაირად და, ის ქალი საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში. უცხოეთში ბრძანდებოდა საქმიანი ვიზიტით. ამ ნაძირალამ დრო იხელთა, ყველაფერი შესანიშნავად გამოთვალა და, პრინციპში გამოუვიდა კიდეც. მე გავიგე სიმართლე, თორემ მაინც შემეცოდებოდა და ვიფიქრებდი, რომ  კაცმა თავისი სცადა, იწვალა, მაგრამ, შვილის სიყვარულმა გადაძლია. არამზადაა  და არავინ არ უყვარს. მე რომ შურისმაძიებელი ქალი ვიყო, მივიდოდი და მის ცოლს ყველაფერს მოვუყვებოდი. 

– ის ქალი რაშია დამნაშავე. თქვენ ხომ თქვით, არაფერი იცოდაო?

– ეტყობა, არ უნდა და ამიტომ არ იცის. ალბათ, ფეხებზე ჰკიდია ქმარი, თორემ, თუკი ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, ისიც ხომ აქ ცხოვრობს?! რატომღაც, არ მჯერა, რომ „რაინდი” მარტო ჩემთან მოიქცა ასე. ისე ოსტატურად მოქმედებდა, აშკარად ადრეც ექნებოდა მსგავსი საქციელი ჩადენილი. თუმცა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს – არ შემრჩა „მოპარული“ ბედნიერება. 

– ეს რას ნიშნავს?

– ანუ, მოპარული ბედნიერება რას ნიშნავს? – რაც არ გერგება, არ შეგერგება, – აი, ამას ნიშნავს. რატომ წარმოვიდგინე, რომ სხვისი ქმარი მე გამომადგებოდა?! კაცი, რომელიც შეჩვეულია ტყუილს და ამაზე აგებს თავის ცხოვრებას, ის ვერასდროს შეძლებს გულწრფელ ურთიერთობას. ყველაფერი ჩვენზე, ქალებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვაძლევთ მამაკაცებს უფლებას, სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვიქციონ.

 

скачать dle 11.3