კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დახმარებას მიიღებენ გლეხები მცირე ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამით და როგორ უნდა გაანაღდონ სასოფლო-სამეურნეო ბარათები

ულმობელი სტატისტიკაა, რომ სოფლად საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული და მათ მიერ შექმნილი პროდუქცია მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტამდე ძლივს აღწევს. მეტიც, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს. ამ ვითარების გამოსასწორებლად წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მილიარდიანი ფონდი შეიქმნებოდა. როგორც ამბობენ, ის უკვე შეიქმნა და პირველ შედეგებს გლეხები გაზაფხულიდანვე იგრძნობენ. კონკრეტულად როგორ აისახება ქვეყანასა და მოსახლეობაზე ფონდის მუშაობა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ქცევა, –  თემას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შალვა ფიფია განგვიმარტავს.

– თანხის ოდენობა შთამბეჭდავია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, კონკრეტულად, რას მოხმარდება ეს თანხა?

– წელს სოფლის მეურნეობაში, საერთო ჯამში, როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო თანხებიდან 700 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და ამ თანხებს მხოლოდ 2013 წელს ავითვისებთ.

– თანხების ხარჯვის სტრუქტურა როგორია?

– ამ 700 მილიონი ლარიდან განხორციელდება არასაბიუჯუტო და საბიუჯეტო პროექტები. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება: მათ შორის, ირიგაციისა და დრენაჟის, რადგან კატასტროფული სიტუაცია დაგვხვდა დარგში, როდესაც მოვედით. პოტენციალური 280 ათასი ჰექტრიდან, რომელიც შეიძლება თვითდინებით მოირწყას, მხოლოდ 24 ათასი ჰექტარი ირწყვებოდა.  პრობლემა იყო ის, რომ გარკვეული თანხა იხარჯებოდა არაფუნქციონირებადი არხების რეაბილიტაციაში, მაშინ, როდესაც მოქმედი არხების ექსპლუატაცია-რეაბილიტაციისთვის თანხა თითქმის არ იხარჯებოდა. მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიგაციასა და მელიორაციაზე 64 მილიონი ლარი მიიმართება, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება არხების რეაბილიტაციას. ამას გარდა, ველით 50 მილიონი დოლარის კრედიტს მსოფლიო ბანკიდან და ეს თანხებიც ირიგაციასა და დრენაჟისკენ მიიმართება.

– მიუხედავად 700 მილიონი ლარისა, მაინც გახდა მსოფლიო ბანკისგან სესხის აღება აუცილებელი?

– ეს არის მიზნობრივი და შეღავათიანი სესხი: 40-წლიანი, 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით და ნამდვილად ღირდა მისი აღება. ამას გარდა, ვმუშაობთ ჰოლანდიის მთავრობასთან და არის იმედი, რომ ისინი, დაახლოებით, 50 მილიონის საგრანტო თანხებს გამოყოფენ, რაც, ასევე, ირიგაციასა და დრენაჟს მოხმარდება. ამას გარდა: დამატებით შევიძენთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.

– ის ტრაქტორები სად არის, რომელთა ფონზეც გამოდიოდა ხოლმე პრეზიდენტი? არსებობს რეალურად?

– ეს ტრაქტორები არსებობს, დაგვხვდა მემკვიდრეობად. მიუხედავად იმისა, არ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო აგროსერვისის მიმწოდებელი, ასეთია რეალობა, რაც დაგვხვდა.  თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი სურვილია, ეს ტექნიკა გადავიდეს კერძო საწარმოების ხელში, იმიტომ რომ კერძო სექტორის საქმეა აგროტექნიკით სასოფლო-სამეურნეო დარგის მომსახურება.

– კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობას როგორ აპირებთ: თქვენ შეიძენთ, მათ დაურიგებთ თუ?

– გვაქვს მიზანი, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კერძო სექტორში გადავიდეს, თუმცა არ მგონია, რომ დავარიგოთ. ვმუშაობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შექმნის მიმართულებით და ამ ტექნიკის გადაცემის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მათი შეღავათიანი ლიზინგით გადაცემა. დღეს, სახელმწიფო შპს „მექანიზატორის“ გარდა, დაახლოებით, 30-მდე კერძო კომერციული ცენტრი არსებობს, რომლებიც დაფინანსებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ეს ცენტრები აგრძელებენ მუშაობას და ჩვენი სურვილია, ასეთი ცენტრების რაოდენობა გაიზარდოს. დაახლოებით, 150-მდე ასეთი ცენტრი სჭირდება ქვეყანას და მათ შეიძლება, ასევე, ლიზინგის წესით გადაეცეს ეს ტექნიკა, რომ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.

–  ცნობილია, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ არ ჩატარებულა ნიადაგების აღწერა, თუმცა ვიცით, რომ დედამიწაზე არსებული  52 ნიადაგის ტიპიდან, 49 გვაქვს, მაგრამ ვიცით, რა მდგომარეობაშია ჩვენი ნიადაგები?

– ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს პრობლემა მიწის საკუთრებაზე. როგორც კი მოვედით, ვცადეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია მიწის მესაკუთრეებზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი გლეხების, მაქსიმუმ, 30-პროცენტს თუ აქვს რეგისტრაციაში გატარებული თავისი მიწა, დანარჩენებს საბუთი, რომელიც მიწაზე მათ საკუთრებას განსაზღვრავს, უბრალოდ, არ გააჩნიათ.

– აბა, მიწის გადასახადს როგორ იხდიდნენ?

– ვისაც 2004 წლამდე 5 ჰექტარზე ნაკლები მიწა ჰქონდა, მიწის გადასახადს არ იხდიდა. შესაბამისად, მოგვიწია კარდაკარის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწათმფლობელებზე ინფორმაციის მოგროვება, რომ არ დავხმარებოდით მხოლოდ მათ, ვისაც აქვს მიწაზე საკუთრების უფლება, რადგან ასეთი უფლება გლეხების მხოლოდ მეოთხედს თუ ექნება. კარდაკარის პრინციპით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოვაგროვეთ და შევქმენით საინფორმაციო ბაზა, რის მიხედვითაც დავეხმარებით მათ.

– ნიადაგების მდგომარეობაზე გკითხეთ: ვიცით, რა გვაქვს და რაც გვაქვს, იმაზე რა მოსავალს უნდა ველოდოთ?

– სამწუხაროდ, ძალიან მცირე რაოდენობის მიწა მუშავდებოდა. შარშან მხოლოდ 250 000-260 000 ჰექტარი მიწა დამუშავდა, რაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, დაახლოებით, მეოთხედია. იგეგმება მიწის ანალიზების ჩატარება, პროექტი შემუშავების პროცესშია. 

– რამდენი დაიხვნება წელს?

– ჩვენი ხელშეწყობის ძირითადი ჯგუფი არის ფერმერები, რომლებსაც აქვთ 0,25-ჰექტრიდან 1,25-ჰექტრამდე მიწა, თუმცა დახმარებას მიიღებენ როგორც 0,25 ჰექტარზე ცოტა, ისე მეტი მიწის მფლობელებიც. ისინი კი რომელთა მფლობელობაში 5 ჰექტარზე მეტი მიწაა, კომერციული ფერმერები არიან და მათ არ შეეხება საგაზაფხულო მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა.

– გვითხარით, კონკრეტულად რა დახმარებას მიიღებენ 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელები მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამით?

– გაიცემა ორი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათი. ერთი –  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ხვნისა და გაფხვიერებისთვის. ეს არის ორი უნივერსალური სამუშაო, რომელიც ნებისმიერი კულტურის მომყვან ფერმერს სჭირდება. 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე მიწის მლობელები მიიღებენ ბარათს, რომელიც შეეძლებათ, გაანაღდონ როგორც შპს „მექანიზატორში“, ისე კერძო ცენტრებში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ სახელმწიფო მივიდეს გლეხთან, ჩაუტაროს მომსახურება ან მისცეს რამე ნედლეული, ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს მივცეთ ინსტრუმენტი, რომ მათ საკუთარი არჩევნით იყიდონ ნედლეული და მომსახურება ბაზარზე. ორშაბათიდან დაიწყება ამ ბარათების დარიგება, ხოლო მარტიდან დავარიგებთ ნედლეულის ბარათებს: პროპორციით, 1 ჰექტარზე 300 ლარის ოდენობით. ლაპარაკია სასუქის, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და თესლის შეძენაზე.

0,25 ჰექტარზე ნაკლები მიწის მფლობელები მიიღებენ უნიფიცირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს. 0,25-ზე მცირე მიწის ფართობზე არ არის მიზანშეწონილი ტექნიკის შესვლა, ამიტომ ისინი მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ბარათს. 1,25-დან 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელებიც მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლის ღირებულებაც 640 ლარი იქნება. ამ პროგრამების ფარგლებში ველით, რომ დამუშავდება 250 000 ჰექტარი მიწა.

– ერთია, რომ დაეხმარებით გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, მაგრამ, თუ არსებობს კვლევა, სად რომელი კულტურა უნდა მოვიყვანოთ და შემდეგ, რასაც მოვიყვანთ, როგორ გავასაღოთ: მხოლოდ შიდა ბაზარი აითვისებს თუ რა გარე ბაზრების ათვისების პერსპექტივა გვაქვს?

– სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში საქართველოს ყველა რაიონში ვქმნით საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს. ამდენად, თითოეულ რაიონში იქნება 4-6 კვალიფიციური აგრონომი, მათ „იუსადის“ დახმარებით ჩავუტარეთ სპეციალური ტრენინგი და ამ ადამიანების პირდაპირი მოვალეობა იქნება, ერთი –  ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება, თუ რა და რამდენი დაითესა.

– ანუ ჩვენ წინასწარ არ ვიცით, რა დაითესება?

– გადაწყვეტილებას იღებს გლეხი. მას აქვს ინსტრუმენტი სასოფლო-სამეურნეო ცენტრის სახით, რომელიც გაუწევს კონსულტაციას.

– ამას გეკითხებით, რა მონაცემებზე დაყრდნობით გაუწევს კონსულტაციას?

– საქართველოში არსებობს აგრარული გამოცდილება და ფერმერებმაც ძალიან კარგად იციან, სად რა უნდა მოიყვანონ.

– როდესაც ამბობთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დაიხვნება 250 000 ჰექტარი, სად ვარაუდობთ მოყვანილი პროდუქციის გასაღებას?

– დღეს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო იმპორტი ექსპორტს 3-ჯერ აჭარბებს და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დახმარების საფუძველზე ფერმერმა, რომელსაც უმცირდება საკუთარი წარმოების ხარჯი, ჩაანაცვლოს იმპორტული პროდუქცია თავის მიერ წარმოებული საკმაოდ ხარისხიანი პროდუქტით. მეორე მხრივ, ამ პროექტის პარალელურად, ვმუშაობთ საკრედიტო პროგრამაზე, რომელშიც მოიაზრება იმ სამუშაოების დაფინანსება, რაც მოსდევს მოსავლის აღებას: დაფასოება, დახარისხება, შენახვა, მაცივრები, მცირე და საშუალო გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა.

– ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, მართლაც, ტრაგიკულია, მაგრამ იმპორტული იაფია, ჩვენი მოსახლეობა კი, თუმცა პირის გემო არ დაუკარგავს, ღარიბია და ამიტომაც ყიდულობს იმპორტულ პროდუქციას.

– როდესაც სახელმწიფო ფერმერს ფონდის მეშვეობით დაეხმარება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს.

– ანუ თქვენ ელით, რომ, რადგან რესურსს დებს სახელმწიფო, გლეხი პროდუქციის თვითღირებულების დათვლისას ამ კომპონენტს გამოაკლებს და ეს გააიაფებს ადგილობრივ პროდუქციას?

– რა თქმა უნდა და შემდეგ ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ფასებს. ამას გარდა, ვმუშაობთ ხარისხის კონტროლის მიმართულებით, რომ უხარისხო პროდუქცია არ შემოვიდეს და ესეც შეუწყობს ხელს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.

ამას ემატება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რითაც დავეხმარებით მცირე ფერმერებს, თუ მათ დამატებითი ნედლეული დასჭირდებათ.

– კონკრეტულად?

– გლეხს, თუ დამატებითი ნედლეული დასჭირდა, შეუძლია, მიიღოს კრედიტი, რომლის ეფექტური პროცენტი იქნება ნული. მაგალითად, თუ დამატებითი ნედლეულის საცალო ღირებულებაა 100 ლარი, ვთქვათ, პესტიციდების, იქნება ორი ოფცია: ერთი, რომ გლეხმა გადაიხადოს ეს 100 ლარი და იყიდოს და, მეორე, თუ ახლა არ აქვს ეს 100 ლარი, საკრედიტო ოფიცერთან დადოს ხელშეკრულება, აიღოს 100-ლარიანი პაკეტის პესტიციდი და შემოდგომაზე გადაიხადოს ისევ 100 ლარი. ანუ მისთვის პროცენტი არის ნული.

– მოსავლის აღების შემდგომი პროცესის დასახმარებლად რას გეგმავთ?

– შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მარტიდან დაიწყება: საწარმოები მიიღებენ საშუალო და გრძელვადიან კრედიტებს საბრუნავი კაპიტალისთვის. საცავების, მაცივრებისა თუ დამფასოებელი საწარმოების მფლობელებს ექნებათ საშუალება, აიღონ შეღავათიანი და მოქნილი კრედიტი, საშუალოდ 3-პროცენტიანი, ხოლო ფერმერებისთვის საბრუნავი კაპიტალის გაზრდისთვის გამოყოფილი მცირეხნიანი კრედიტების მაქსიმალური პროცენტი იქნება 7. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა სეგმენტი.

– ეს კრედიტებიც იმ 700 მილიონიდან გაიცემა?

– არა, სახელმწიფოს საქმე არ არის კრედიტების ადმინისტრირება, თუმცა ჩვენ გვაქვს ამის ცუდი გამოცდილება. კრედიტების გაცემის გადაწყვეტილებას მიიღებენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ. უბრალოდ, ფონდი ბანკებთან ერთად გადაინაწილებს რისკებს.

– ანუ ფონდი უზრუნველყოფს კრედიტებს?

– უზრუნველყოფს იმას, რომ კრედიტი იყოს შეღავათიანი. კომპლექსური სქემაა. მთავარია, ისე დავარეგულირებთ ამ ურთიერთობას ბანკებთან, რომ მათ შეეძლებათ ამ ფასში კრედიტების გაცემა.

– კრედიტის უზრუნველყოფა რით მოხდება, მიწით?

– უზრუნველყოფის საკითხი ბანკს ეხება, თუმცა ბანკს თავისთავად ექნება მოთხოვნა, რომ ფერმერის მხრიდანაც იყოს უზრუნველყოფილი კრედიტი. ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან ბანკები მიწას არ იგირავებენ, როგორც აქტივს და, სამწუხაროდ, პრობლემაა, რომ ამ ქვეყანაში მიწა ვერ ფორმირდა, როგორც აქტივი.

– ტარანა თვლითაა, შესაბამისად, გექნებათ, ალბათ, დათვლილი, რას მოუტანს პერსპექტივაში ქვეყანას ამ 700 მილიონის დახარჯვა, იმას გარდა, რომ მე ხარისხიან პომიდორს და ატამს მივირთმევ?

– 600 000-მდე ადამიანი მიიღებს საშუალებას, რომ ღირსეულად იცხოვროს და თავი იგრძნოს საზოგადოების ღირსეულ წევრად, მიიღოს შემოსავალი და ყოველდღიურ საფიქრელად არ ჰქონდეს, როგორ გამოკვებოს ოჯახი. მეორე, ეს არის კომპლექსური დახმარება, რომელსაც ვუწევთ ყველა სეგმენტს, სხვადასხვა პროდუქტით. ასევე, ვმუშაობთ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის თემაზე, რაც ხელს შეუწყობს მიწების გამსხვილებას. ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და არც ჩვენ ვიგონებთ ველოსიპედს.

– მთლიან შიდა პროდუქტში 10 პროცენტსაც ვერ აწარმოებს საქართველოს სოფლად დასაქმებული მოსახლეობა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. ეს 700 მილიონი რამდენით შეცვლის ამ მაჩვენებელს?  

– ამაზე უფრო სავალალო ის მაჩვენებელია, რომ ამ მონაცემში სამჯერ ნაკლები უჭირავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებას. ესეც უნდა შეიცვალოს. შარშან, როგორც გითხარით, დამუშავდა 260 000 ჰექტარი, წელს კი, მხოლოდ  ამ პროგრამით, 250 ათასი ჰექტრის დამუშავების იმედი გვაქვს. ასე რომ, ზრდა იქნება.

скачать dle 11.3