კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მკვლელი“ ფანჯარა

ძალიან წვიმდა, თორემ, უცხო ეზოში ფეხს არ შედგამდა. ეზო რომ იყო და შიგნით ბაღი, ამასაც მესერით მიხვდა, ისე იყო გავერანებული იქაურობა, არადა, ერთ დროს ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო. გაველურებული იასამნისა და ვარდის ბუჩქებიდან, ქარის ოდნავ ამოქროლებაზე ნაკადულივით იღვრებოდა წყალი. ეს ქარი ძვალსა და რბილში ატანდა. სახლიც უკაცრიელი ჩანდა და, ერთი შეხედვით, პირქუშიც. თითქოს მობინადრეებმა მიატოვესო, ფანჯრებზე ფარდები არ ეფარა. ძველებური, გოთური ტიპის სარკმელები ჰქონდა – ვიწრო, მაღალი და ტიხრებით რამდენიმე ნაწილად გაყოფილი მინებით. ისევ წვიმამ აიძულა, ვარდებით დაფარულ ბილიკზე რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა. სახურავი რომ ჰქონოდა სახლს, ცოტას მაინც ამოისუნთქებდა ამ საშინელი ნიაღვრისგან... უცებ, მისთვის სრულიად მოულოდნელად, ბუჩქებს შორის მამაკაცის ფიგურა აღიმართა. ეს ისეთი უცნაური იყო, რომ ცოტათი შეკრთა კიდეც. არ ელოდა, რომ აქ ადამიანის მსგავსი არსება დახვდებოდა. შიში არ უგრძნია. მამაკაცი მშვიდობისმოყვარე ჩანდა. ოდნავ პუტკუნა ლოყებით, მელოტი და ღვთისმსახურის მოძველებულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ისე მიდიოდა თავსხმა წვიმაში, თითქოს საერთოდაც ვერ გრძნობდა. თავშიშველს წყალი ნაკადულებივით ჩამოსდიოდა სახეზე, მაგრამ, მაინც იღიმებოდა... უცებ შეჩერდა და უცნობს განცვიფრებით მიაჩერდა.

– შეიძლება, თქვენთან შევეფარო?

– ჩემთან შეეფაროთ?! – ისე გაიმეორა კაცმა, თითქოს სიტყვების არსს ვერ ჩასწვდაო.

– დიახ. ძალიან წვიმს...

– აჰ, წვიმა... მართალია, წვიმს... და, თქვენ გინდათ, რომ სახლში შემოხვიდეთ?

– თუ თქვენ რამე პრობლემას არ შეგიქმნით, ცოტა  ხნით შემიკედლეთ, სანამ წვიმა გადაიღებს... იქნებ, გავშრე კიდეც.

– აა, დიახ, მართალი ბრძანდებით... მაგრამ, მინდა, თავიდანვე გაგაფრთხილოთ, რომ ცოტათი უცნაური სახლია... არც მოწყობილი გვაქვს და ვერც ვერაფრით გაგიმასპინძლდებით. ჩემი წინამორბედი ღვთისმსახური იყო და კომფორტზე არ იზრუნა.

– არა უშავს, არაფერი მინდა. ეს წვიმა  ისეთი შემაწუხებელია...

– მაშინ, წავიდეთ. პრინციპში, მე უკვე გითხარით, რისი თქმაც მინდოდა... – მხრები აიჩეჩა უცნაურმა მასპინძელმა და ბილიკს ფეხათრევით გაუყვა...

წვიმა რომ არა, ალბათ, ასეთ უხასიათო მასპინძელთან და ასეთ პირქუშ გარემოში ერთ წუთსაც არ გაჩერდებოდა... გული უსიამოვნოდ შეუფრთხიალდა, მაგრამ, საშიშროება ისევ ვერ იგრძნო. ახლა მხოლოდ ერთი მწველი სურვილი ამოძრავებდა – მალე შეჰფარებოდა ჭერს და ამ საზიზღარი სისველის  განცდას გაჰქცეოდა...

სახლი შიგნიდან უფრო უბადრუკად გამოიყურებოდა, თითქმის ცარიელი ოთახებით, გაქუცული ხის კიბითა და ნახევრად ბნელი დერეფნით.

– სკამები მხოლოდ ერთ ოთახში გვაქვს, აი, აქ... ტანსაცმელიც სველი გაცვიათ... ანაფორას შემოგთავაზებთ – ჩემმა წინამორბედმა დატოვა. 

– არა, ნუ შეწუხდებით, ძალიანაც არ მაწუხებს ეს სისველე. მთავარია, თავზე აღარ მაწვიმს.

– სამზარეულო გვაქვს, მაგრამ, მე ამაში არაფერი გამეგება. სოფლიდან ქალი ამოდის ხოლმე დილით და საღამოს და საჭმელი ამოაქვს. შეგიძლიათ, ჩაი მოიდუღოთ. მე ამასაც ვერ მოვახერხებ.

– არ მინდა. ისედაც, მგონი, შეგაწუხეთ.

– თქვენ თუ აქ თავს კარგად იგრძნობთ, მაშინ მე პრობლემა არ მაქვს. ისედაც მინდოდა, ხმის გამცემი. მჭირდებოდა... ზოგჯერ ისეთი დათრგუნული ვარ...

ოთახი, რომელშიც აღმოჩნდნენ, ისეთივე უღიმღამო იყო, როგორც მთლიანად შენობა. ოთახის შუაგულში უბრალო ხის მაგიდა იდგა, გარშემო შემოწყობილი ექვსი სკამით. კუთხეში კიდევ ერთი, შედარებით პატარა მაგიდა ედგათ. ზედ მბჟუტავი ლამპა ხრჩოლავდა. სახლის პატრონმა ერთ-ერთ სკამზე მიუთითა.

– მანდ დაბრძანდით.

– გმადლობთ. დიდხანს არ შეგაწუხებთ... – თითქოს ამ სიტყვების საპირისპიროდ, წვიმამ უმატა და ქარიც გაძლიერდა. ფიგურებიან ფანჯრებში გამოსახულება აირეკლა. სტუმარმა საკუთარი თავი ხუთად დაინახა და უსიამოვნო განცდა დაეუფლა... უხერხულობა რომ გაეფანტა, საუბარი წამოიწყო:

– ესე იგი, თქვენ ღვთის მსახური ხართ. ახლა მესმის თქვენი მოკრძალებული საცხოვრისის.

– არა, – გააქნია მასპინძელმა თავი, – საცხოვრებელი, როგორც უკვე გითხარით, ჩემი წინამორბედისგან დამრჩა. ღვთისმსახური ის იყო. ეს ტანსაცმელიც, რაც მაცვია, აქ დამხვდა. ისე კი, მე მკვლელი ვარ... აი, თქვენ იცინით – ესე იგი, არ გჯერათ, მაგრამ, სიმართლეს მოგახსენებთ. რამდენი ხანია, მინდა, ვინმეს გული გადავუშალო და ჩემი დანაშაულის შესახებ მოვუყვე... ხომ არ შეგაშინეთ? არა? ძალიან კარგი. თუმცა, ეს კარგი რატომ უნდა იყოს... იმასაც არ შეშინებია. აი, იმას, ჩემს წინამორბედს.  მე კი ისე მინდოდა, ჩემი აღსარება მიეღო და, ალბათ, ცოტათი  გულზეც მომეშვებოდა...

– ხუმრობთ, ალბათ... – სტუმარმა ნაძალადევად გაუღიმა, – მკვლელს სულაც არ ჰგავხართ. საერთოდ არ ჰგავხართ.

– ასეა. მე იმას ვგავარ, ჩემს წინამორბედს – მისი ზუსტი ასლი ვარ...

– მართლა? რა უცნაურია...

– დიახ, ცოტათი უცნაური ნამდვილად არის. იმ საღამოს ისიც ზუსტად მაგ ადგილას იჯდა მოწყენილი და საკუთარ გამოსახულებას აკვირდებოდა. შეამჩნიეთ, ხომ? – ფანჯარაში ზუსტად თქვენი ხუთი „მე“ ჩანს. დააკვირდით კარგად... ხუთი ერთი და იგივე პიროვნება. ხუთი „მე“ და ხუთივე ერთნაირი უნდა იყოს... ხომ ასეა?

– ასეა... – სტუმარს ხმა გაუწყდა, რადგან იგრძნო, რომ მასპინძელმა ნელ-ნელა გადაინაცვლა  მის ზურგს უკან, თან საუბარს განაგრძობდა, ოღონდ, უკვე ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით.

– ხუთი „მე“ და ამ ხუთიდან ერთი მოულოდნელად ქრება... ეს სახლი იდუმალებით არის სავსე: შენ ხარ და, უცებ – არც ხარ.

– სისულელეა ეს ყველაფერი, არსად არ გავმქრალვარ. აი, ხუთად ვარ ამ მინაში...

– უყურეთ, კარგად უყურეთ, დიდხანს უყურეთ... ისიც ასე ამბობდა, ის, ჩემი წინამორბედი, მერე კი გაქრა...

სტუმარი დაიძაბა. წამოდგომას შეეცადა... უცებ აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი გამოსახულება ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა და ერთბაშად პანიკური შიში იგრძნო...

– უნდა წავიდე... გმადლობ მასპინძლობისთვის, – მისი სიტყვები ჰაერში გამოკიდებულივით დარჩა, ვეღარც წამოდგომა შეძლო – მასპინძლის ძლიერი ხელები მას მხრებზე ეწყო და განძრევის საშუალებას არ აძლევდა...

– მე თქვენ გაგაფრთხილეთ ამ სახლის შესახებ... ხომ გაგაფრთხილეთ? თქვენი ერთი „მე“ კი გაქრა – უკვე აღარ ჩანს... – ხმა სულ უფრო ავბედითად გაისმოდა. მერე ყელზე ცივი თითების შეხება იგრძნო. შეაჟრჟოლა და უკანასკნელად გაიბრძოლა. ყვირილსაც ვეღარ ახერხებდა და, რომც ეყვირა, მაინც ყველაფერი ამაო იქნებოდა... მხოლოდ ექო თუ გამოეპასუხებოდა ყრუ გამოძახილით... თითები კი თავის საქმეს აკეთებდნენ – სულ უფრო მაგრად უჭერდნენ, უჭერდნენ და, ბოლოს, საკუთარ ხროტინთან ერთად, გამაყრუებელი ხარხარი გაიგონა და... ამით დასრულდა...

скачать dle 11.3