კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაწირა მამაკაცმა საყვარელი ქალი სასიკვდილოდ და როგორ მოაწყო მან თვითმკვლელობის ინსცენირება

ინფორმაცია 34 წლის მარიკა  კ-ძის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მას შემდეგ შევიდა, რაც   დაკარგულ ახალგაზრდა ქალს  ოჯახი  ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა.  ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ერთ-ერთი რაიონული საავადმყოფოს ექთანი იყო, მას ხშირად უწევდა მუშაობა ღამის ცვლაში. შესაბამისად, როდესაც ის მორიგეობის მეორე დღესაც არ დაბრუნდა სახლში, მშობლებმა და მეუღლემ უპირველესად სამსახურში მოიკითხეს და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი იმ ღამეს სამსახურში საერთოდ არ მისულა და ამის შესახებ თანამშრომლები წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული. უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ქალის ძებნა ოჯახმა თავად დაიწყო – მოიკითხეს ნათესავებსა და  მეგობრებში,  მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა მარიკა კ-ძის ოჯახმა პოლიციაში, სადაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 სამართალდამცველებმა დაკარგული მარიკა კ-ძის  კვალს სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს ბინაში, რომელიც, როგორც გაირკვა, ორი თვის წინ დაექირავებინა უცნობ მამაკაცს. ბინის მეპატრონემ, რომელიც იმავე რაიონში არ ცხოვრობდა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მეზობლის მეშვეობით მას დაუკავშირდა  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც  განუცხადა, რომ ბინა მოხუცი მშობლების საცხოვრებლად ესაჭიროებოდა და მათთვის ქირაობდა სამი თვის ვადით.  მამაკაცს ბინის საფასური მისთვის წინასწარ ჰქონდა გადახდილი.  მარიკა კ-ძე სამართალდამცველებმა ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. იქვე იყო წერილი, რომელიც ქალს  თვითმკვლელობამდე დაეწერა, სადაც ის პატიებას სთხოვდა შვილებსა და ოჯახს. ამონაწერი მოწმის, ლუდა კორკოტაშვილის ჩვენებიდან: „ქალის გვამი პირველად მე აღმოვაჩინე. იმავე კორპუსში ვცხოვრობ, სადაც პირველ სართულზე ბინა იყო გაქირავებული.  ჩვენს ბინებს საერთო კედელი აქვს – იმ ბინის აბაზანა ჩემს საძინებელს ემიჯნება. ერთ ღამეს წყლის ხმაურმა შემაწუხა. მივხვდი, რომ ღია იყო დატოვებული, რაც ჩემს კედელსაც შეუქმნიდა საფრთხეს.  მეზობელ ბიჭს ვთხოვე, აივნიდან გადამძვრალიყო სახლში და წყალი დაეკეტა, ბავშვი აივნიდან გადავიდა და ყვირილი ატეხა – ლოჯიაში მან ნახა ქალი, რომელიც ძირს ეგდო, ყელზე კი თოკი ჰქონდა მობმული. ბავშვი ისე შეშინდა, ხის კარი გამოამტვრია და ისე გამოვიდა გარეთ. ბინაში პოლიციის მოსვლამდე პირველი მე შევედი.  შიშველი ქალი იატაკზე ეგდო. როგორც ჩანს, თოკით თავი ლოჯიის სვეტზე ჩამოეხრჩო,  თოკმა ვერ გაუძლო და  ძირს დავარდა. ამ საზარელი სურათის მოწმე ძალიან ბევრი თვითმხილველი გახდა, მაგრამ, ვერც ერთი ვერ მივხვდით, ვინ იყო ის ქალი და იმ ბინაში საიდან გაჩნდა.” გარდაცვლილი ქალის  ამოცნობა პოლიციელებმა და მისი ოჯახის წევრებმა შეძლეს – ის რამდენიმე დღის წინ დაკარგული მარიკა კ-ძე აღმოჩნდა. 

 იმის მიუხედავად, რომ თვითმკვლელობის ფაქტი სახეზე იყო, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ძალიან უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მარიკა კ-ძემ თავი მოიკლა.  მას ახლობლები და ნაცნობები ხალისიან, სიცოცხლის მოყვარულ ადამიანად ახასიათებდნენ, კარგი რეპუტაცია ჰქონდა  და ყველას უკვირდა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი, რას შეიძლებოდა, მიეყვანა ის ასეთ მძიმე გადაწყვეტილებამდე. ახალგაზრდა ქალს კარგი ოჯახი ჰქონდა; მამაკაცზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა, სიყვარულით  დაქორწინდა. ისინი ფინანსურადაც ნორმალურად ცხოვრობდნენ და ვერავის წარმოედგინა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო  ასეთი ტრაგიკული დასასრულის რეალური მიზეზი.  იმის მიუხედავად, რომ ყველა გარემოება თვითმკვლელობის ფაქტს მიუთითებდა, გამოძიებასაც ბევრი საეჭვო კითხვა გაუჩნდა: როგორ  მოხვდა ახალგაზრდა ქალი ბინაში, რომელიც უცნობი მამაკაცის მიერ იყო დაქირავებული? რატომ იყო ის შიშველი?  ყველაზე მთავარი და საეჭვო მტკიცებულება აღმოჩნდა  ნარკოტიკული ნივთიერების კვალი, რომელიც ბინაში იყო დატოვებული.   

  გამოძიების ოპერატიულმა სამსახურმა  უცნობი მამაკაცის ძებნა დაიწყო, რომლის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი, რადგან  მას ყველა კვალის წაშლა მოეხერხებინა – ტელეფონის ნომერი, რომელიც მან ბინის მეპატრონეს დაუტოვა, მასზე არ იყო გაფორმებული, თუმცა, იმ ნომრიდან, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბევრჯერ იყო დარეკილი გარდაცვლილი ქალის მობილურ ტელეფონზე. საბოლოოდ, გამოძიებამ მაინც სატელეფონო კავშირების მეშვეობით შეძლო მამაკაცის კვალზე გასვლა – ის წარსულში ყაჩაღობისთვის ორჯერ ნასამართლევი, 37 წლის ვალერი მ-შვილი აღმოჩნდა. მამაკაცი მეზობელ რაიონში ცხოვრობდა და მცირე კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. ვალერი მ-შვილმა სამართალდამცველებთან თავიდან საერთოდ  უარყო  გარდაცვლილ ქალთან ნაცნობობა, თუმცა, გამოძიებას მის წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება ჰქონდა, რის გამოც მას ქალთან ახლო ურთიერთობის აღიარება მოუხდა. ამონაწერი ვალერი მ-შვილის  ჩვენებიდან: „მარიკა კ-ძე ინტერნეტით გავიცანი. ერთი თვე ვწერდით ერთმანეთს, მერე შევხვდით კიდეც და დავმეგობრდით. მარიკა მიყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. გამანდო, რომ იძულებით, ბავშვების ხათრით ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც არ უყვარდა. მე ბინა დავიქირავე, რომ ინტიმური შეხვედრებისთვის ადგილი გვქონოდა. სამ თვეში, ალბათ, სულ ხუთჯერ შევხვდით ერთმანეთს იმ ბინაში. გასაღები მარიკასაც ჰქონდა და თვითონაც მიდიოდა ხოლმე იქ, უჩემოდ. ალბათ, თვითმკვლელობის დღესაც ასე მოიქცა, რადგან ბოლოს ის თვითმკვლელობამდე ორი კვირით ადრე ვნახე.” გამოძიებისთვის  ეს ვერსია, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა სარწმუნო. იმაზე, რომ თვითმკვლელობის დროს მარიკა კ-ძე ბინაში  მარტო არ იყო, ბევრი გარემოება მიუთითებდა, პირველ ყოვლისა კი ნარკოტიკული ნივთიერების კვალი.  გამოძიებას ძალიან დაეხმარა გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიერ აღმოჩენილი მარიკა კ-ძის დღიური, რომელმაც ბევრ დაფარულ დეტალს მოჰფინა ნათელი, კერძოდ, ახალგაზრდა ქალი თავის ჩანაწერებში გულახდილად წერდა ვალერი მ-შვილთან ურთიერთობის შესახებ.  მოგვიანებით, უკვე დაკავებულმა  ვალერი მ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა, მანამდე მან გაქცევა და მიმალვა სცადა.  ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ნარკოტიკით მას მარიკა კ-ძე ამარაგებდა, რომელიც მის მოპარვას სამსახურიდან ახერხებდა. ამონაწერი  ვალერი მ-შვილის ჩვენებიდან: „ურთიერთობის დაწყებიდან ორ კვირაში მარიკას საუბრიდან მივხვდი, რომ მას სამსახურში ნარკოტიკთან ჰქონდა შეხება. შევაპარე, ერთი ამპულა მოიპარე-მეთქი. ძალიან იუარა, იტირა, ნარკომანი ყოფილხარ და არ ვიცოდიო, თუმცა, შემდეგ შეხვედრაზე, არ ვიცი, რა გზით მოიპოვა, მაგრამ, მორფინი მომიტანა. შემდგომში ეს კიდევ რამდენჯერმე გააკეთა ჩემთვის,  ვგრძნობდი, რომ ძალიან შევუყვარდი. ორი თვის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მინდოდა, მაგრამ, მითხრა, რომ მიმატოვო, თავს მოვიკლავო. ეს კარგად ჩამრჩა გონებაში, ბევრჯერ ვცადე თავის არიდება, მაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს მუქარა დამიწყო – შენს ცოლთან მოვალ, ყველაფერს მოვუყვები და პოლიციაშიც განვაცხადებ, რომ ნარკომანი ხარო.  მივხვდი, რომ, თუ მივატოვებდი, ამას აუცილებლად გააკეთებდა. გზიდან უნდა ჩამომეშორებინა, თორემ, საფრთხეს მიქმნიდა. ბოლოს უკვე აშკარა მუქარაზე გადავიდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იმ დღეს მორიგე იყო და შეხვედრა მთხოვა. ღამით სახლიდან ვერ გამოვიდოდი, ეს რომ ვუთხარი, მაშინ, მე მოვალ შენთანო – მითხრა, იძულებული გავხდი წავსულიყავი იმ ბინაში, თან, დამპირდა, დღეს ნარკოტიკს აუცილებლად მოგიტანო.  ბინაში ჯერ მარიკა მივიდა, მე უფრო მოგვიანებით მივედი.  უკვე გადაწყვეტილი მქონდა მისი თავიდან მოშორება. მარიკა უკვე საწოლში იწვა,  როცა სახლში შევედი. ჩხუბი დამიწყო – აღარ გიყვარვარ, შენ მარტო ნარკოტიკისთვის გჭირდებოდიო. მე ჯერ ნარკოტიკი გავიკეთე, შემდეგ გვერდით მივუწექი და საწოლშივე მოვახრჩვე. ამის შემდეგ მანქანიდან ამოვიტანე თოკი, რომელიც  სპეციალურად წავიღე, მარიკას გვამს თოკი ყელზე შემოვახვიე და ლოჯიის ბოძზე ჩამოვკიდე.  გვამის სიმაღლეზე ჩამოკიდება ძალიან გამიჭირდა. ცოტა ხანს გავჩერდი. მერე წინასწარ მომზადებულ ფურცელზე  გაკრული ხელით დავწერე გამოსამშვიდობებელი წერილი, რომ  უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო თვითმკვლელობა. ბევრი არ დამიწერია, მხოლოდ სამი სიტყვა დავტოვე ფურცელზე „შვილებო, მშობლებო, მაპატიეთ”. ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ თვითმკვლელობის  ინსცენირება მომეწყო.  შემთხვევის ადგილი ძალიან  მალევე დავტოვე. ბინიდან  რომ გამოვედი და ავტომანქანაში ჩავჯექი, მივხვდი, რომ ბინაში ნარკოტიკის კვალი დავტოვე. მაგრამ,  კარი გამოხურვისთანავე, თავისით იკეტებოდა, ამიტომ,  უკან  აღარ  მივბრუნდი – კარს მაინც ვეღარ გავხსნიდი, რადგან, გასაღები შიგნით დამრჩა, ხოლო, რომ შემემტვრია, მეზობლები ხმაურს აუცილებლად გაიგებდნენ. რამდენიმე დღე შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს.  ძალიან ვიყავი აფორიაქებული, მაგრამ, როცა გავიგე, რომ ყველას ეგონა, თითქოს მარიკამ თავი ჩამოიხრჩო, ცოტა დავმშვიდდი. პოლიციამ ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამაჩერა.  ვერ მივხვდი, რომ მეძებდნენ და ეს მხოლოდ საბაბი იყო. მერე, როცა მივხვდი, რომ გამოძიება ჩემს გამოჭერას ცდილობდა, სახლიდან გავიქეცი – აზერბაიჯანში მინდოდა გადასვლა, თუმცა, ვერ მოვახერხე, რადგან ჩემზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული.”

ვალერი მ-შვილმა სასამართლო პროცესზეც აღიარა ჩადენილი დანაშაული, სასამართლომ ის   დამნაშავედ  ცნო სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯა.                    

скачать dle 11.3