კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ლეგენდა უკავშირდება ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის „შემოსავლიანი სახლის” მშენებლობას და რომელი ცნობილი რევოლუციონერის სიცოცხლე დასრულდა ვერის დაღმართზე

 

მეტროსადგურ  „რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე თბილისის უმნიშვნელოვანეს ადგილად ითვლებოდა, რადგან აქ იყო რამდენიმე ქუჩის გზაჯვარედინი. ამ ტერიტორიაზე იყო გახსნილი ცნობილი ზემელის აფთიაქი, მელიქ-აზარიანცის „შემოსავლიანი სახლი” და იწყებოდა ვერის დაღმართი, რომელსაც რამდენიმე ისტორია უკავშირდება. ძველი ფოტოების დახმარებით შევეცდებით, გავაცოცხლოთ იმდროინდელი თბილისის ისტორია.

მელიქ-აზარიანცის „შემოსავლიანი სახლი”

სომეხი მეცენატი ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი იმ დროის ჭეშმარიტი კაპიტალისტი იყო: პირველი  გილდიის ვაჭარს წილები ჰქონდა სპილენძისა და ნავთობის საბადოებში. მას ეკუთვნოდა თბილისის პირველი სატელეფონო ქსელი და მისი იყო ყველაზე ცნობილი „შემოსავლიანი სახლი” ოლგას ქუჩაზე – ამჟამინდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე თბილისის გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა. სახლის აგებას საკმაოდ ტრაგიკული ისტორია უკავშირდება: 1904 წელს, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ერთადერთი ქალიშვილი და სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა პირველი გილდიის ვაჭარმა „შემოსავლიანი სახლის” აშენება. სახლი 1912-1915 წლებში აშენდა პეტერბურგელი არქიტექტორის – ნიკოლოზ ობოლონსკის პროექტით. მშენებლობის დროს გამოიყენებოდა სპეციალური დამწვარი აგური, რადგან მშენებლობის ადგილი რთულ რელიეფს მიეკუთვნებოდა და ხევთან ახლოს იყო. მშენებლობის დროს გრუნტის წყლების პრობლემა არსებობდა და მაშინ პირველად კავკასიაში გამოიყენეს უნიკალური მეთოდი – ფუნდამენტი კალის კარკასში მოაქციეს. 4-5-სართულიან შენობას, გავრცელებული ცნობის თანახმად, დამატებით ოთხსართულიანი სარდაფი ჰქონდა.  გიგანტური შენობა, რომელსაც მთელი კვარტალი ეკავა, ულტრათანამედროვედ დაპროექტებულ ათეულობით ბინაზე იყო გათვლილი. სახლს გააჩნდა საკუთარი წყალმომარაგება (იმ დროის თბილისში წყალსადენი მოქმედებდა, თუმცა, სამზარეულომდე და სააბაზანომდე მიყვანილი წყალი თბილისელებისთვის ეგზოტიკას წარმოადგენდა), ცენტრალური გათბობა, საკუთარი სატელეფონო სადგური, კინოთეატრი, ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, სამხატვრო გალერეა, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნით გაშენებული ეზო. ცალკე აღნიშვნის ღირსია სახლის გარე ფასადი, რომელიც ნათლად გამოხატავს, რომ მელიქ-აზარიანცმა სახლი შვილის ხსოვნას მიუძღვნა. სახლის ფასადზე სამგლოვიარო გვირგვინები და ლენტებია გამოსახული, ხოლო კუთხის ფანჯრებს ცრემლის ფორმა აქვს. შენობის ერკერები განსხვავებული ფორმისაა, ასევე განსხვავებულია ბარელიეფები. საინტერესო ლეგენდა უკავშირდება სახლის მშენებლობას: აგების პროცესში მელიქ-აზარიანცს წყალი შეუწყვიტა ქალაქის მთავრობამ და მხოლოდ გაძვირებული ტარიფით შეჰპირდა მიწოდების აღდგენას, მაგრამ, მელიქ-აზარიანცმა ჭკუა იხმარა და წყლის ნაცვლად მშენებლობაში ღვინის გამოყენება დაიწყო, რომელიც იმ დროისთვის წყალზე იაფი ღირდა. ამგვარად, ლეგენდის თანახმად, მელიქ-აზარიანცის „შემოსავლიანი სახლი” ნახევრად წყალზე და ნახევრად ღვინითაა აშენებული. თავად მელიქ-აზარიანცი ტრაგიკული ბედის აღმოჩნდა:  საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, მას ჩამოართვეს მთელი ქონება, მათ შორის „შემოსავლიანი სახლიც”, რომლის სარდაფში ერთი ოთახი გამოუყვეს საცხოვრებლად. მეცენატი იქვე გარდაიცვალა სიღარიბეში  და მისი დაკრძალვისთვის საჭირო თანხები მეზობლებმა შეკრიბეს. 1960-1970-იან წლებში საბჭოთა მთავრობას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის გაფართოების მიზნით, დაენგრია მელიქ-აზარიანცის სახლი, თუმცა, სახლის ფუნდამენტის, რთული კონსტრუქციისა და მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს  იდეა აღარ განახორციელეს. ამჟამად შენობაში რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს, ნაწილი კი სხვადასხვა ორგანიზაციას უკავია.

ზემელის აფთიაქი

რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის კუთხეს დღემდე „ზემელად” მოიხსენიებენ და, ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, თუ ვინ იყო ზემელი. ევგენი ზემელი აფთიაქარი და ჰომეოპათიური აფთიაქის მფლობელი გახლდათ. აფთიაქი ოლგას ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში მდებარეობდა. არსებობს მცდარი ვერსია, რომ თითქოს ეს აფთიაქი მელიქ-აზარიანცის „შემოსავლიანი სახლის” პირველ სართულზე იყო განთავსებული. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში სააფთიაქო ბიზნესით ძირითადად გერმანელები იყვნენ დაკავებული: ევგენი ზემელი, ფერდინანდ ოტენი, ფლორა შენბერგი, ფრიც გლეზერი, ენგელბრეჰტ შენგარდი და სხვები. ზემელსა და ოტენს სამი აფთიაქი ეკუთვნოდათ, სულ კი 1912 წლისთვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას მათ ხმამაღლა დაეძახათ: „ზემელის აფთიაქი!“ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, თუმცა სახელი „ზემელი” ამ ადგილს დღემდე შემორჩა.

ვერის დაღმართი

დაღმართს ამჟამად ოფიციალურად მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა ეწოდება, საბჭოთა დროს ის არკადი ელბაქიძის სახელს ატარებდა, ხოლო უფრო ადრე – ვერის დაღმართი ერქვა. ვერის დაღმართს ელბაქიძის სახელი 1923 წელს ეწოდა. არკადი ელბაქიძე რევოლუციონერი, ბოლშევიკი და კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მის სახელს არაერთი ტერორისტული აქტი და აჯანყება უკავშირდება, თუმცა, მან სახელი გენერალ ბარათოვის – საქართველოში დენიკინის წარმომადგენლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტით გაითქვა: 1919 წლის 13 სექტემბერს, თანამოაზრეებთან ერთად, არკადი ელბაქიძემ ყუმბარა ესროლა გენერლის ავტომობილს. ყუმბარის აფეთქების შედეგად ავტომობილში მსხდომთაგან ადგილზევე გარდაიცვალა პოლკოვნიკი ალხავი, მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი და გენერლის თანაშემწე შალვა სამათაძე, ხოლო გენერალი ბარათოვი და გენერალი ოდიშელიძე მძიმედ დაიჭრნენ – ოდიშელიძეს სახე დაუზიანდა. მოგვიანებით გენერალ ბარათოვს ფეხი მოჰკვეთეს. ტერორისტ ელბაქიძეს აფეთქებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია დაედევნა და შეტაკებისას არკადი ელბაქიძე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ელბაქიძე არ არის ერთადერთი ცნობილი ტერორისტი, რომელმაც სიცოცხლე ვერის დაღმართზე დაასრულა: მოგვიანებით, 1922 წლის 14 ივლისის ღამით, სახლში ველოსიპედით მიმავალი სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კამო ქვაფენილზე გადაისროლა და მან თავის არეში ტრავმა მიიღო, რის გამოც  ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. მილიციამ გარდაცვლილი კამო იმავე ავტომობილით მიხეილის საავადმყოფოში გადაასვენა, ავტომობილის მძღოლი კოლა დვალი კი დააპატიმრა. კამოს გარდაცვალება უბედურ შემთხვევად გამოცხადდა, თუმცა, ამ ვერსიის დღემდე არავის სჯერა – ბევრის აზრით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შემთხვევა. ვერის დაღმართს კიდევ რამდენიმე ისტორია უკავშირდება: მეცხრამეტე საუკუნეში აქ მდებარეობდა ბაზარი, რომელიც ერევნელის მოედნიდან იყო გადმოტანილი; ვერის დაღმართზევე ცხოვრობდა რამდენიმე ცნობილი თბილისელი ექიმი; ვერის დაღმართზე, მიხეილის პროსპექტის მიმართულებით მიმავალ ტრამვაის პერიოდულად ძარცვავდნენ – დაღმართზე ვაგონი სვლას ანელებდა და რევოლვერებით შეიარაღებული მძარცველები კონდუქტორებს ჩანთებს ართმევდნენ.  თბილისელების უმეტესობა ვერის დაღმართს დღემდე ელბაქიძის დაღმართად მოიხსენიებს.

 

скачать dle 11.3