კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსაცდელების ფასად დაუჯდა ეკა ბესელიას პოლიტიკური კარიერა და როდის ხდება ის „ფაიფურის ქალი”

ეკა ბესელია ქართულ პოლიტიკაში შვიდი წლის  წინ ჩაერთო, მანამდე კი ის ხმაურიანი და ეპატაჟური  ადვოკატი იყო, რომელიც რეზონანსული საქმეებით გახდა  ცნობილი  და შევარდნაძის რეჟიმის სამართალდამცველებს შიშის ზარს სცემდა.  მისი გზა პოლიტიკურ „ხვეულებში” იოლი არ იყო. დღეს ამბობს, რომ წარმატება ბევრი განსაცდელის ფასად დაუჯდა, რომელთა შორის ყველაზე მძიმედ შვილისა და ძმის დევნა ახსოვს. დღეს ხელისუფლების მაღალ ეშელონებშია – პარლამენტში  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს,  იმ საქმეებს უძღვება,  რომლებისთვისაც წლების წინ სხვა პოზიციიდან უწევდა ბრძოლა და, რასაც, როგორც თავად აღიარებს, მისი ცხოვრების ბევრი წელი შეელია. 

 

– ბოლო რამდენიმე წელია, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურობთ, მაგრამ, პირველად ხართ ხელისუფლებაში, თანაც, ასეთ მაღალ პოსტზე.  როგორია განცდა, რაც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ყოფნას ახლავს?

– პოლიტიკაში შვიდი წლის წინ ჩავერთე, გულწრფელად გეტყვით, რას ვგრძნობ – არ მიყვარს ყალბი და ხელოვნური ლაპარაკი – ეს სხვისიც მაღიზიანებს. ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, რომ ხელისუფლების  მაღალ ეშელონებში ვარ. ჯერ ერთი, ადამიანი არ იცვლება – როგორიც არის მისი შინაგანი კონსტრუქცია, ისეთი რჩება ბოლომდე, უბრალოდ, გარემოებები და ახალი სივრცე წარმოაჩენს იმ დაფარული და უხილავი კუთხით, რასაც მანამდე სხვა ვერ ხედავდა. მე ვერ ვგრძნობ განსხვავებას და გეტყვით – რატომ:  როგორც კი არჩევნები დასრულდა, მალევე დაიწყო საპარლამენტო ცხოვრება და გადავერთე უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რამაც უფრო მეტი დრო და ენერგია მოითხოვა, ვიდრე არჩევნებისთვის მქონდა განკუთვნილი. არჩევნებამდე კი საოცრად  მაღალი ტემპით მიწევდა მუშაობა, რადგან, ისეთ დიდ და მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც სამეგრელოა, თვე-ნახევარში საარჩევნო კამპანიის გაძღოლა იოლი არ იყო. მართალი გითხრათ, არ მქონდა დრო, გამეკეთებინა პაუზა და მეფიქრა იმაზე, რომ ცხოვრების სხვა ეტაპი მაქვს. ახლაც იმავე პროცესში ვარ, რომელშიც წლების განმავლობაში ვიყავი ჩართული – პატიმართა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს ვგულისხმობ.  განსხვავებულ დამოკიდებულებას სხვებისგან უფრო მეტად ვგრძნობ. ამას წინათ იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგზე ვიყავი, გვერდით ჟურნალისტი მომყვებოდა, რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია, როგორ ადგა ფეხზე დაცვის თანამშრომელი და  როგორ მომესალმა ოფიციალური  ფორმით. ის ჟურნალისტი წლებია მიცნობს და გაკვირვებულმა მკითხა: ქალბატონო ეკა, ასე გესალმებათ დაცვაო? (იცინის).

– ჟურნალისტებს ყველაზე მეტად გვახსოვს ის დრო, როდესაც თქვენ, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი  ადვოკატი, ათასგვარი ხერხითა და გზით ცდილობდით ყველა დაკეტილი კარის გახსნას.

– ალბათ, ეს იყო  დასაწყისი იმ გზის, რომელმაც აქამდე მომიყვანა, თუმცა, ეს არაა დასასრული. დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ იოლად არაფრისთვის მიმიღწევია და რთულად გავიარე ეს გზა, რადგან, მოკლე გზით და კომპრომისებით სიარული არასდროს მიცდია. მართალია, ასე უფრო იოლად წყვეტ საკითხს, მე ყოველთვის ვუშვებდი  რთულ გზას და რთულ  გადაწყვეტილებას, რის გამოც უფრო მეტი ბარიერის გადალახვა მიწევდა, უფრო მეტად იკეტებოდა ჩემ წინ კარები. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ჩემ მიმართ შიშისა და რიდის მომენტი ყოველთვის ჰქონდათ, მაინც ბევრ რამეს ბედავდნენ, ოღონდ ეს  ხდებოდა არა ხილულად. სიმართლე ისეთი დიდი ძალაა, მარტოობაშიც კი გიქმნის განცდას, რომ შენთან ერთად მთელი ჯარია და ყველაფრის გადალახვა შეგიძლია. ახლა, როცა თავად ვარ ხელისუფლებაში, შემიძლია, ვთქვა ის, რაც გავაცნობიერე: ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ  ხელისუფლებაში ყოფნა არაა კარგი იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან, მას  მუდმივად აკრძალვებით უწევს ცხოვრება.  მე დავკარგე ყველაზე მთავარი – თავისუფლება, რომელსაც ყოველთვის ვინარჩუნებდი მაშინაც კი, როცა უკვე ცნობილი სახე ვიყავი.

– ხიბლი არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნას?

– ხიბლებიც აქვს, როგორ არა, მაგრამ, ეს  უპირველესად, არის გამოცდა – გაუძლებ თუ არა ცდუნებას, რომ, როგორც იტყვიან, „თავში არ აგივარდეს”  საკუთარი მდგომარეობა. ვერ ვცვლი მობილური ტელეფონის ნომერს, არადა, იმდენი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე, უკვე  შეუძლებელია, ყველას ვუპასუხო. ვერ ვცვლი იმასაც, რომ, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანთან, როცა ის  დახმარებისთვის მომმართავს, კვლავინდებურად   ვჩერდები და  ვესაუბრები, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს ხშირად საჭიროა.  კარგი, რაც ხელისუფლებაში ყოფნას ახლავს, ისაა, რომ გაქვს ბერკეტი, დაეხმარო ადამიანებს, გადაუწყვიტო პრობლემები და ბევრი კარგი საქმე გააკეთო.  ოღონდ, მთავარი ისაა,  როგორ  გამოიყენებ ამ ბერკეტს.

– რის ფასად დაუჯდა ეკა ბესელიას ეს წარმატება?

– ეს ისე რთულად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში... პირადი ცხოვრების დათმობის, დიდი ტკივილისა და განსაცდელების გავლის ფასად. ყველას არ გაუვლია ის გზა, რაც მე გავიარე, ადამიანებს, შესაძლოა, უარესები გაუკეთეს, მაგრამ, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის ოჯახის წევრები ისე არ აუწიოკებია მიხეილ სააკაშვილს, როგორც ეს ჩემი ოჯახის შემთხვევაში მოხდა.  ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ორი წელი,  როცა საქმე ეხებოდა ძმასა და შვილს. ეს იოლი გადასატანი ხომ არ არის?! ჩემი ძმა დაიჭირეს, ჩემს შვილზე, რომელიც სკოლის მოსწავლე იყო, დაპატიმრების სანქცია იყო გამოცხადებული და  იძულებული გავხდი, ის აქაურობისთვის გამერიდებინა.  ჩემმა პოლიტიკურმა აქტივობამ ჩემს შვილს ბავშვობა  ძალიან დაუმძიმა, რის გამოც სინდისის ქენჯნას ვგრძნობ. ცხოვრება დაუმძიმდა მთელ ჩემს ოჯახს, თუმცა, ჩვენ შევძელით ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნება და ერთმანეთისთვის არ გვიმტკიცებია, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ოჯახი ამყვა და სულ ფეხდაფეხ მომყვებოდა, განსაკუთრებით – დედა, რომელიც სულ ჩემ გვერდით დგას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქუთაისში ჩემი გადასვლის გამო დავცალცალკევდით. ერთხელ ჩემმა მეგობარმა   ფსიქოლოგმა,  ნანა ჩაჩუამ, რომელთანაც მივდივარ მაშინ, როცა ყველაზე რთული მომენტი მაქვს და რომელიც  ყოველთვის გვერდით მედგა როგორც ჩემს შვილთან, ასევე, ჩემს პირად პრობლემებთან დაკავშირებით,  მითხრა:  შენ იმდენად ბევრი განსაცდელი გაიარე, რომ ამან სხვანაირი გაგხადა და გაგაძლიერაო.  ეს ტკივილები ხომ მართლაც სხვანაირად „გზრდის” – როცა თავად ბევრი რამ განგიცდია, უფრო მეტად გესმის, რას ნიშნავს სხვისი ტკივილი. 

– თუმცა, მაინც გაქვთ მკაცრი, „რკინის ქალის“  იმიჯი, რომელიც ყველაფერზე წავა მიზნის მისაღწევად.  

– შეიძლება, ვტოვებ მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ, ალბათ, ეს უფრო სამართლიანობიდან მოდის, ვიდრე ხასიათიდან.  ძლიერი ხასიათი ნამდვილად მაქვს, გარეგნულად „რკინის ქალის“ შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ შიგნიდან უფრო ფაიფურის ვარ და დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ეს „დავმალო” (იცინის). შინაგანად მაინც  ემოციებზე ვარ აწყობილი, იოლად ვრეაგირებ ყველაფერზე, თორემ,  ჩემი გარეგნული იმიჯი  მხოლოდ ჩემი პროფესიისა  და განვლილი წლების „დამსახურებაა”. ბევრი მეუბნება ხოლმე: სულ სხვანაირი მეგონეთ, ცხოვრებაში კი როგორი თბილი და უშუალო ყოფილხართო. მთავარი  ჩემთვის ისაა, რომ მიუღებელია ცნება: მიზანი ამართლებს საშუალებებს.

– ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ძალიან „ჩახლართული” კულისები აქვს, ეს ხომ ყველაზე „მუშა” ცნებაა.

– ჩემთვის არა. მე მიმაჩნია, რომ მიზნამდე  ყოველთვის უნდა მივიდე ღირსეულად და სწორედ ამ პრინციპის გამო  მივიღე ამდენი დარტყმა.  ეს ჩემი არჩევანი იყო და არასდროს მიწუწუნია ამაზე.  ჩემს შვილსაც კი,  რომელიც ჯერ მხოლოდ 8 წლისაა, უკვე ვასწავლი იმას, რომ იოლი გზა არასდროს აირჩიოს. ურთულეს მომენტებში, როდესაც გადიხარ ზღვარზე, რომლის იქით შეიძლება დეპრესიაც კი დაგემართოს, უნდა შეძლო საკუთარი თავის ფეხზე დაყენება.  დეპრესიამდე თავი არასდროს მიმიყვანია. თუ საკუთარ თავს ტირილის, სახის ჩამოხოკვის, ხელების ჩამოშვების უფლებას მისცემ, სადავეები აუცილებლად გაგექცევა. მე ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ – უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად ვცხოვრობ და, სულ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა ძალიან დიდი ძალაა, სხვა ტიპის ჩვევებს გიყალიბებს. ამის შემდეგ ქალი უფრო რთულდება, მაგრამ,  ახერხებს, რთულ სიტუაციებში  თავისი გასავლელი გაიაროს  და განსაცდელებიც გადაიტანოს.  სულ მახსოვს სოლომონ ბრძენის სიტყვები: „ესეც გაივლის“ და იმავეს ვეუბნები ყოველთვის ჩემს უფროს შვილს  რატის – ყველა განსაცდელი თავად უნდა გადაიტანოს. მას არ ვანებივრებ, ვცდილობ, რომ თავად გაიკვლიოს გზა, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვი ლიზიზე – ის ჩემი ოცნების გოგოა და  ძალიან განებივრებული მყავს.

– ლიზის გაჩენით, ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგით – ცნობილი ადვოკატისთვის  ქორწინების გარეშე  შვილის გაჩენა იოლი არ იქნებოდა.        

– იოლი არ იყო, მაგრამ, ისე ვოცნებობდი გოგოზე, რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. ლიზის დაბადებამდე  მე და ლიზის მამა   თითქმის ოთხი წელი ვცხოვრობდით ერთად.  უკვე ათი წელი გავიდა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისიდან, ათი წელი ერთად ყოფნა კი მთელი ცხოვრებაა. როცა ადამიანი გიყვარს, შენ გვერდით არის, და ორივეს გაქვთ სურვილი, გყავდეთ შვილი – ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.  მადლობა უფალს, რომ მე მყავს ლიზი, რომელმაც მთლიანად შემცვალა. მე და ზურას  დღეს ძალიან მეგობრული, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს – თუ ადამიანი გიყვარს, ის შენი მეგობარიც უნდა იყოს. ზურა იმდენად კარგი, განათლებული,  კულტურული ადამიანია, თუკი ვინმეს აზრი მაინტერესებს საჯარო გამოსვლების შემდეგ, უპირველესად ეს  ზურაა.  მას ვურეკავ, ან ესემესს ვუგზავნი ხოლმე ტექსტით:  „როგორი იყო“? ზურა ჩემი  ყველაზე ობიექტური და უტყუარი შემფასებელია. ის  ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა,  საღამოობით ის და ლიზი  თითქმის სულ ერთად არიან – ამით ზურა ძალიან ავსებს ლიზის ცხოვრებას, რადგან   მე  ჩემს გოგონას  მხოლოდ შაბათ-კვირას ვნახულობ. ლიზი  სულ მირეკავს და მეუბნება, რომ ძალიან ვენატრები. ლიზი ჩემი აუხდენელი ოცნებებია – ყველაფერი გადავიტანე მასში, როგორიც მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი. ის ჩემზე ბევრად ძლიერი ქალი იქნება, რადგან, ზურასგანაც  გენეტიკურად ბევრი კარგი და საინტერესო თვისება აქვს „აღებული.” ვერ წარმოიდგენთ, ისეთი საინტერესო გოგოა, ბევრი ნიჭი აქვს, საოცარ ლექსებს წერს, არტისტულია, სპორტული, უყვარს ცეკვა, ისეთი თბილი და კომუნიკაბელურია, მეც კი მიკვირს. მე ვერ ვიყავი ისეთი ლაღი, როგორიც ლიზია.  მე ბევრად უფრო რთული ბავშვობა მქონდა. მატერიალურად არასდროს გვიჭირდა, საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ, მამა მყავდა ისეთი მკაცრი, ყველაფერს მიშლიდა. მე არ მქონია თავისუფლება ასეთ ხარისხში. როცა სადმე მივდიოდით – ექსკურსიაზე, კინოში ან,  თუნდაც, სპორტულ შეჯიბრებაზე, მამა არ მიშვებდა და  დედა გამაპარებდა ხოლმე – ის ჩემი თანამზრახველი იყო მაშინაც და ბოლომდე ასეთად რჩება.     

– რამდენჯერმე ახსენეთ აკრძალვები. რა აკრძალვები დაუწესეთ საკუთარ თავს?

–  დავიტოვე მხოლოდ საქმე, სხვა ყველაფერი აკრძალული მაქვს. ასე ცხოვრება რთულია, მაგრამ, ალბათ, მივეჩვიე. დილის 10 საათიდან ღამის 3 საათამდე ვარ პარლამენტში, შუაღამისას მივდივარ სახლში.  მოვწყდი სამყაროს – ვერ ვნახულობ ვერც ერთ ახლობელ ადამიანს, ვერც ერთ მეგობარს. იმის მიუხედავად, რომ გასართობი ადგილები არასდროს მიყვარდა,  მაინც უფრო მეტად  ვურთიერთობდი ახლობელ ადამიანებთან. მენატრება ისეთი სიტუაციები, სადაც მეტი სულიერებაა და ნაკლები პრაგმატიზმი.  ჩემი პროფესიისა და ცხოვრების წესის ფონზე, უჩვეულოდ რომანტიკული ვარ, მაგრამ, ახლა სად მაქვს ამისი ასპარეზი?! ახლა   ბევრი რამ მენატრება ძველი ცხოვრებიდან: კითხვა, წერა. იყო პერიოდი, როცა დრო გამოვძებნე და  სამომავლო მემუარებისთვის მონახაზები გავაკეთე. ახლა  უკვე მივხვდი, რომ ასეთ რეჟიმში აუცილებლად მჭირდება  რელაქსაცია, უნდა მოვიფიქრო რაიმე ისეთი, რასაც ბევრი დრო არ სჭირდება.   

– ოჯახური  საქმეებიც მთავარ „თანამზრახველს” გადააბარეთ?

– კი,  დედას აქვს ჩაბარებული ჩემი ოჯახი, სახლში მყავს უმცროსი და, რომელიც ასევე ძალიან მეხმარება. უფრო მეტიც, ჩემთვის ტანსაცმელსაც კი ჩემი და ყიდულობს – მან ჩემი ზომაც იცის და გემოვნებაც. სახლში ცოტა დროს ვატარებ, მაგრამ, უყურადღებო არ ვარ. პირიქით, ოჯახის ყველა პრობლემას მე ვაგვარებ. ცნობილია, რომ მე ძალიან ოჯახური ტიპის ადამიანი ვარ. ოდესღაც ხელმარჯვეც ვიყავი, მაგრამ, ახლა სამზარეულო მთლიანად დედას აქვს „ოკუპირებული“. სახლში ერთი დღე ვარ, მაგრამ სახლის დალაგება ისე მიყვარს, ამაზე უარს ვერ ვამბობ. ყოველთვის მიყვარდა სიარული კარგ  მაღაზიებში და მომწონდა  საოჯახო ნივთების შეძენა, ვგიჟდები ჭურჭელსა და საოჯახო აქსესუარებზე, მაგრამ, ახლა ამასაც ვეღარ  ვახერხებ და ყველაფერს, რისი ყიდვაც გვჭირდება, ჩემს დას ვაბარებ. ვხვდები, უფალმა ასე ინება, რომ ჩემი შესაძლებლობების დიდი დრო და  დიდი ნაწილი საჯარო საქმეს სჭირდება,  ეს კი ნიშნავს, რომ პირადი უნდა დათმო, რადგან, ყველაფერი ერთად არ გამოდის.    

 

скачать dle 11.3