კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიტაცა ეგვიპტელმა ბედუინმა ნიკა წულუკიძე და დათო ტურაშვილი და რა ტრადიციული თავისებურება შეიტყო ნიკა წულუკიძემ ეგვიპტელი შეიხისგან

ნიკა წულუკიძე საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს და, შესაბამისად, აქტიურადაც ინტერესდებიან მისი ცხოვრებით. თუ რა სიახლეებია ნიკას კარიერაში, ვისთან ერთად და რა მიზნით იმოგზაურა მან ეგვიპტეში და როგორ ანებივრებს და ამდიდრებს ნიკა წულუკიძეს საკუთარი პროფესია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ნიკა წულუკიძე: რამდენიმე თვის წინ ამირჩიეს საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტად და, შესაბამისად, კიდევ უფრო გართულდა ჩემი გრაფიკი. ცოტა მეხამუშება ამხელა სათაური, მაგრამ, ძალიან ისეთია – საპასუხისმგებლო და ტევადი. მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს მაისში – კრიტიკის პრიზის გადაცემა გვინდა. მანამდეც არსებობდა ეს პრიზი, მაგრამ, მიზეზთა გამო შეჩერდა. 

რაც შეეხება ჩემს ერთ ჩვეულებრივ დღეს, – დილით „რადიო იმედში” მაქვს გადაცემები, რომლებიც მე და ნანუკა ხაზარაძეს მიგვყავს. შემდეგ ლექციები ან თეატრალურში, ან ილიას უნივერსიტეტში; ასევე ახლახან დავიწყე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მუშაობა. სექტემბერში ვიცავ სადოქტორო დისერტაციას, პარალელურად ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ, ძალიან მეამაყება, რომ თეატრზე მაქვს გადაცემა სამშაბათობით „რადიო იმედში” – ეს ჩემი სულიერებისთვის ძალიან საჭირო გადაცემაა. კიდევ გეტყვით იმას, რომ ილიას უნივერსიტეტში იდგმება სპექტაკლი, სადაც თამაშობენ პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები, თეატრთმცოდნეები.... და, ერთ-ერთ მთავარ როლს ამ სპექტაკლში ვთამაშობ მე.

– რა სპექტაკლია?

– ეს არის შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი”. სიამოვნებით ვირგებ მსახიობის ამპლუას. 

– ეს პირველად არ ხდება. მაყურებელს ახსოვს „შუა ქალაქში” თქვენი გარდასახვა, მშვენივრად მოირგეთ როლი...

– „შუა ქალაქმა” დიდი სიხარული  და საზოგადოების მხრიდან  სიყვარული მომიტანა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა, ალბათ, გამიკეთებია ამ ცხოვრებაში, წიგნი დამიწერია თუ სხვა რამ, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ამ სერიალიდან მიცნობს. 

– ბარემ, ისიც მიამბეთ, თუ როგორ მოხვდით თქვენ და დათო ტურაშვილი ერთ გადასაღებ მოედანზე.

– ეს იყო სარეკლამო ფილმი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ტურისტული კომპანიისა, რომელმაც 10 დღით წაგვიყვანა ეგვიპტეში. ფილმის რეჟისორი იყო გიგა აგლაძე. ვცხოვრობდით საოცარ გემზე, ულამაზეს კაიუტაში. წარმოიდგინეთ, წევხარ, ღია გაქვს ფანჯარა... მოჩანს მინდვრები, პალმები, ფინიკები... ნიანგები ჭამენ წეროებს, წეროები – თევზებს, შენ კი ამ პეიზაჟს უყურებ და მიჰყვები ნილოსის დინებას. თუკი რამე შეიძლებოდა გვენახა, ბოლომდე, ასოანის კაშხალამდე მივედით.  

– ფილმის სცენარზეც მიამბეთ.

– დავდიოდით ეგვიპტეში, ვათვალიერებდით. დათო ყვებოდა და ჩვენს რეაქციებს იღებდნენ – ასე შეიძლება ამ სცენარის გადმოცემა ორი სიტყვით. 

– ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ გქონდათ საუბრები?

– როგორ არა. მიგვიპატიჟეს ბედუინების სოფელში და საოცარი სუფრა გაგვიშალეს. დაგვსვეს უდაბნოში, შუა ცეცხლი ააგიზგიზეს, ბალიშებში ჩაგვფლეს და ულამაზესი ჩადრიანი ქალები ჩვენს პატივსაცემად ასრულებდნენ მუცლის ცეკვებს... ვეკითხები ჩვენს მასპინძელ შეიხს: ვთქვათ, გინდათ ცოლი შეირთოთ, როგორ ხვდებით ლამაზია, შეუხედავია-მეთქი? 

– მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, ალბათ, მეც იგივე კითხვა დამებადებოდა... რაო, რა გიპასუხათ?

– უცნაური ტრადიცია ჰქონიათ: თურმე, რომ შეათვალიერებს მამაკაცი ქალს და კეთილგანწყობა გაუჩნდება, მიდის მის მამასთან და ეუბნება: მინდა, შვილის ხელი გთხოვოთ და დამანახვეთო. ამის შემდეგ, ტრადიციულად, მამა თავის ქალიშვილს ჩადრს ხდის 10 წუთით. თუ გოგონასაც მოეწონა მის სანახავად მისული მამაკაცი, ჩაი უნდა მიართვას. თუ ჩაი ცხელია, ესე იგი, გოგოს ის მოსწონს, თუ ცივია – არა. თუ ჩაი ცხელია, ნიშნავს, რომ ქალს უნდა, მის სანახავად მისულ მამაკაცს გაჰყვეს ცოლად. კაცმა თუ მოსვა ეს ჩაი, ესე იგი, მას მოჰყავს ის ქალი ცოლად, თუ არ მოსვა – ესე იგი, არ მოეწონა და არ მოჰყავს. 

– რამხელა ფილოსოფიაა... კიდევ რას გაიხსენებთ თქვენი ეგიპტური დღეებიდან?

– ფაეტონმა გაგვიტაცა... ვინც დაგვხვდნენ ეგვიპტელი მასპინძლებიდან, ძირითადად, კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი ვიზიტი წინასწარ იყო დაფინანსებული, ამიტომ, ფულს თუ მოგთხოვენ, აღარ გადაიხადოთო. ეთფუში, გემთან დაგვხვდა ცხენი და ფაეტონი და გაგვასეირნა. ვათვალიერებთ მე და დათო ტურაშვილი ამ გრანდიოზულ ნაგებობას და, არ გადაუხვია მარჯვნივ ჩვენმა ბედუინმა?!  მარცხნივ უნდა წავეყვანეთ, არადა, მოხვევას არ ფიქრობს, მხოლოდ გაიძახის: „ფარა, ფარა!” – ფული მომეცითო. – ტურიკა, – ვეუბნები დათოს, – ამ ოხერმა არ წაგვიყვანოს ახლა უდაბნოში, წაგვისვას თაფლი და არ დაგვყაროს გველების საჭმელად-მეთქი. ჰოდა, მივეცი ფული და მიგვაბრუნა, თორემ, კაცმა არ იცის, რას გვიზამდა...

– ცხოვრებამ და პროფესიამ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებით გაგანებივრათ – სწორედ ასეთი ურთიერთობები ამდიდრებს ადამიანების სულიერ სამყაროს... მდიდარი კაცი ხართ...

– დღეს სულიერება აღარ უნდათ... პოეზია, ხელოვნება, თეატრი – ეს რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია მათივე სულიერებისთვის, დაავიწყდათ ადამიანებს. მარტო გასტრონომიულ სიამოვნებაზეა გადასული საზოგადოება და ეს ტრაგედიაა. სულიერება ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე არაფერი არ გამოვა.

უდიდესი დანაკლისია ქართული საზოგადოებისათვის გურამ საღარაძის გარდაცვალება. მისი გარდაცვალების დღეს ერთად ვიყავით  დიდუბის ეკლესიაში. ძია გურამ, როგორა ხარ-მეთქი, – ვკითხე. არ ვიცი, ცოტა გული მიჩმახებსო – მიპასუხა. მოვედი სახლში და მირეკავენ, გურამ საღარაძე გარდაიცვალაო. ის იყო რაინდი ქართული საზოგადოების, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა, როგორი უნდა იყოს ქალის მიმართ, როგორ უყვარდეს, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს მეგობრის მიმართ, როგორ უყვარდეს სამშობლო.... ზოგჯერ ხალხში სხვანაირები ვართ და გარეთ – სხვანაირები... გურამ დოჩანაშვილს აქვს გენიალურად დაწერილი: დაწოლიდან დაძინებამდე არის პერიოდი, როცა ზუსტად ისეთები ვხდებით, როგორებიც სინამდვილეში ვართო. ყველა კონტექსტში მისაბაძი იყო გურამ საღარაძე... 

– თქვენ იგი „მოხუც ჯამბაზებზე” მუშაობისას გაიცანით?

– უფრო სწორად რომ ვთქვა, „მოხუც ჯამბაზებზე” მუშაობისას დავუახლოვდი. ცხრა თვე ერთ ოთახში ვიყავით და თვალს ვადევნებდი, როგორ მუშაობდნენ ეს გენიალური მსახიობები თავიანთ როლებზე. რა უბედურებაა, რომ ასე გახშირდა ქართული ხელოვნების ფოთოლცვენა და ასე ობლდება ის ხე, რომელსაც ქართული ხელოვნება და კულტურა ჰქვია, მაგრამ, გურამ საღარაძის სახელი მარადიული საქართველოს თანამგზავრია. მას არაფერი არ ემუქრება, ის ყოველთვის იქნება, სანამ საქართველოში ლექსი, თეატრი და ხელოვნება ეყვარებათ და ქართველს ქართველი ეყვარება. ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში გეძლევა შესაძლებლობა, ასეთ ადამიანებთან იახლობლო. მან თვითონვე თქვა „მოხუცი ჯამბაზების” პრეზენტაციაზე, რომ ნიკა წულუკიძე ჩემი უმცროსი მეგობარიაო და ამაზე სასიამოვნო მე არაფერი მომისმენია. მიდიან, კაცო, მიდიან და ვინც რჩებიან, იმათი ფასიც ბოლომდე არ ვიცით. საუბედუროდ, ადამიანები უყვართ, უვლიან და აქებენ ორ შემთხვევაში: თუ ის უკვე გარდაცვლილია, ან, თუ სიკვდილის პირასაა. კიბო თუ აქვს, მოვუვლით, გადავყვებით, ვუმკურნალებთ... გვიყვარდეს ერთმანეთი, თორემ, სიყვარულის გარეშე, სიძულვილი შთანთქავს ყველაფერს, ანადგურებს...

არ უნდა შეგშურდეს არასდროს. არავისზე მეტობა არ გინდოდეს, უბრალოდ, ნაკლები არ უნდა იყო. ერთხელ რეზო თაბუკაშვილმა თქვა ასეთი რამ და სულ ვიმეორებ: პატრიოტობა პროფესია არ არის, მაგრამ, პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიაო. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს ყოველგვარი შუღლის, მტრობისა და ქიშპის გარეშე და ყველაფერი გამოვა.

ქეთინო კიკნაძემ მითხრა ასეთი რაღაც: ნიკა, ცხოვრებაში ყველას ყველაფერი რომ გაუხსენო, მარტო დარჩებიო – გენიალური ნათქვამია. 

– თქვენ პატიობთ?

– ვპატიობ.... თუმცა, ვიცი, რომ, ადამიანი, რომელიც ერთხელ გიღალატებს, ის მეორედაც აუცილებლად გიღალატებს. მანამდე არ გიღალატა იმიტომ, რომ არ მიეცა ამის შესაძლებლობა, როგორც კი მიეცა შანსი – ჩაიდინა ღალატი. ანუ, მის მორალურ კოდექსში ზის ეს პუნქტი. ასეთი ადამიანი უნდა მოიკვეთო, მაგრამ, არ უნდა იზრუნო მისთვის სამაგიეროს გადახდაზე.  ამის გამო შევიქმენი მეხამრიდივით წინაღობა, რომ ჯანსაღი ურთიერთობით ვიცხოვრო ადამიანებთან, ისეთებთან, რომლებიც ვიცი, როგორები არიან თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით.

 

скачать dle 11.3