კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ოცნების“ პოლიტიკური ჭიდილი და ორ ძალას შორის რა ტიპის გარიგებაზე მიუთითებს ის

ერთი შეხედვით,  ქართული პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულებრივ რუტინას ემსგავსება: მთავარ სცენაზე დარჩენილი ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ექიშპება და არც უმრავლესობის რიგები ტოვებს მთლად ფოლადივით მონოლითურის შთაბეჭდილებას. რამდენად გულწრფელი და შედეგიანია (ქვეყნისთვის შედეგიანი) შექმნილი პოლიტიკური რეალობა, ამ კითხვაზე ამჯერად ირინა სარიშვილის მოსაზრებებს გავეცნობით.

 

– როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჭიდილი, რა ფარულ პროცესებზე მიუთითებს არსებული ვითარება?

– ამ ეტაპზე და ამ ბოლო დროს „ოცნების“ შიგნით უფრო ვხედავ ჭიდილს, ვიდრე „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, ანუ ბევრად უფრო მძაფრად აღიქმება და ასეც უნდა იყოს, მოსახლეობაში ის უთანხმოებები, რაც კოალიციის შიგნით გაჩნდა.

– რას გულისხმობთ? ალასანაის გარშემო ამტყდარ ვნებათაღელვას?

– უთანხმოებას ალასანიასთან, გუბაზ სანიკიძესთან. ის, რაც რეალურად მოსალოდნელი იყო ცოტა საქმეში ჩახედული ადამიანისთვის, უკვე ზედაპირზე გამოდის.

– გუბაზ სანიკიძესთან უთანხმოებაში რას გულისხმობთ?

– მე არ ვიცი, ეს „ოცნების“ წევრებს უნდა ჰკითხოთ. რამდენადაც მე ვიცი, გუბაზ სანიკიძესაც დაახლოებით იგივე პრობლემები აქვს, რაც ირაკლი ალასანიას და არ არის გამორიცხული, ამ დაჯგუფებამ ცალკე მოინდომოს ყოფნა. თუ კარგად მივადევნებთ მოვლენებს თვალყურს, ერთ რამეს დავინახავთ: საკონსტიტუციო უმრავლესობის ძიებაში, შესაძლოა, კოალიცია „ოცნებამ“ ჩვეულებრივი უმრავლესობა დაკარგოს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება „ნაციონალების“ სასარგებლოდ, გამორიცხულია, მაგრამ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ შესაძლოა, თავისი ხმებით ვერ მოაგროვოს უმრავლესობა და ყველაფერი დამოკიდებული იყოს შეთანხმებებზე. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა კოალიციური კონფლიქტების ინიცირება მოხდა ბატონი ბიძინასგან, ანუ კოალიციის ლიდერისგან.

– კერძოდ, რით?

– მისი რეაქციით ირაკლი ალასანიას ნათქვამზე. სრულიად გაუგებარია მისი ეს რეაქცია, რადგან მთელმა მოსახლეობამ არჩევნებამდე იცოდა, ირაკლი ალასანია რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და არც ერთხელ ბიძინა ივანიშვილს არც ჭორის დონეზე და არც ოფიციალური განცხადებით, ეს ამბავი არ გაუპროტესტებია. თუმცა პირადად ჩემთვის და რამდენიმე ადამიანისთვის ცხადი იყო, რომ პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი, ადრე თუ გვიან, ისევ „რესპუბლიკელ“ კანდიდატს მოიაზრებდა და შემთხვევითი არ ყოფილა ხმალაძის დასახელება. აქ კონკრეტულად ხმალაძეს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მის პარტიულ კუთვნილებას.

– თუმცა ვახტანგ ხმალაძე მაინც არასდროს ასოცირდებოდა და ასოცირდება თავგადაკლულ „რესპუბლიკელად“?

– ხმალაძე, რაც დაიბადა, იმ დღიდან „რესპუბლიკურ პარტიაშია“. მე ძალიან მიყვარს ვახტანგ ხმალაძე, პიროვნულად არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ, პარტიული ნიშნით, ის „რესპუბლიკელია“ და მხოლოდ და მხოლოდ „რესპუბლიკელი“. ასე რომ, მე ვერ ვიტყვი, არ ასოცირდება-მეთქი. პირდაპირ გეტყვით, როგორც პოლიტიკოსზე, ჯერ ვერ შევიქმენი ჩამოყალიბებული წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ თვლა მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს და იცის კიდეც, რას მოიტანს ასეთი დაპირისპირებები ამ ეტაპზე. თუ ის მიდის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ, გასაგებია, მაგრამ მაშინ საკითხავია, რამდენად იქნებიან საპარლამენტო კრიზისის მომხრე ან „ნაციონალები“, ან კოალიცია „ოცნების“ წევრები. იმიტომ რომ, ძალთა თანაფარდობა რომც არ შეიცვალოს, სიები შეიძლება, შეიცვალოს და, ამდენად, არ მგონია, ეს სურვილი ჰქონდეს რომელიმე მხარეს.

– როდესაც ამბობთ, ბიძინა ივანიშვილი ცდლობს, წამყვან ძალად აქციოს „რესპუბლიკელებიო“, გამოდის, რომ ეჭვქვეშ არ დგება პროდასავლური კურსი, რადგან „რესპუბლიკელები“ ნამდვილად ასოცირდება მკვეთრად ისეთივე პროდასავლურ კურსთან, როგორადაც გარეგნულად ასოცირდებიან „ნაციონალები“. მაშინ ბრალდება, რომ კოალიციას აქვს პრორუსული ვექტორი, ნეიტრალდება.

– ეს არის სრული აბსურდი: არანაირი არც პრორუსული და არც პრონეიტრალური კურსი ამ ხელისუფლებას არ აქვს და, როდესაც „ნაციონალები“ ასეთ ბრალდებას უყენებენ კოალიცია „ოცნებას“, ეს ბრალდება მათთვისაც ხელსაყრელია და რაც უნდა პარადოქსულიც იყოს, „ოცნებისთვისაც“. მათი მხარდამჭერების ძალიან დიდმა ნაწილმა, არა პრორუსულობის სურვილით, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სურვილითაც მისცა ამ კოალიციას ხმა.

– მაგრამ პრორუსულობა სხვაა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება –  სულ სხვა?

–  გასაგებია, მაგრამ რაში გამოიხატება ეს პრორუსულობა?!  პრორუსული ხელისუფლება იყო „ნაციონალების“ მმართველობა, შედეგიდან გამომდინარე, იმიტომ რომ „ნაციონალებმა“ რუსეთს ყველა მოქმედება „გაუპრავეს“, აგვისტოს ომით დაწყებული. ამიტომ ამაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. იდიოტიზმია, „ოერტეს“ ჩართვის ან, თუნდაც, „ბორჯომისთვის“ არხის გაჭრის გამო, გეგონოს, რომ  ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მოგვარდა.

– თუმცა სერგეი მარკოვმა სწორედ „ოერტეს“ და სხვა რუსული არხების ჩართვა დაასახელა საქართველოს მიერ რუსეთისკენ გადადგმულ ერთადერთ ნაბიჯად. სიმართლე გითხრათ, მე გამეცინა მის ამ არგუმენტზე.

– როგორ გგონიათ, როდესაც მარკოვმა ეს დაასახელა, გულში მას არ გაეცინა?! აქ ჩემი და მარკოვის და, როგორც აღმოჩნდა, თქვენი აზრიც ერთმანეთს ემთხვევა.

– დაგვცინის, ესე იგი?

– აბა, რა ეთქვა?! ეს იყო ირონია, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენთან სწორად ვერ იგებენ. აბა, მეტი რა უნდა დაესახელებინა, რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა რაიმეთი შეიცვალა?! „ოერტე“ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეერთებულ შტატებშიც ფუნქციონირებდა და არც ევროპაში ყოფილა აკრძალული. როდესაც ჩვენ თვითონ ვიტყვით „ოერტეზე“ ამას,  არავის არ დავცინით, იმიტომ რომ მაშინ საკუთარი თავის დაცინვა გამოგვდის, მაგრამ, როდესაც რუსი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი გვეუბნება ამას, ეს უკვე დაცინვის საფუძველია.

– „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი ამბობს, რომ ვერ დაელოდებიან 4 წელს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ გამორიცხავენ. ვის ამხნევებენ?

– ეს ჩვეულებრივი პარტიული რიტორიკაა, მით უმეტეს, რომ მათ აქვთ საფუძველი, ერთადერთ ოპოზიციურ ძალად იწოდებოდნენ, მაშინ, როდესაც დღეს საქართველოში, ყოველ შემთხვევაში,  საპარლამენტო ოპოზიციური ძალა რეალურად არ არსებობს, რადგან „ნაციონალებს“ უბრალოდ ვერ განვიხილავთ ოპოზიციად. ეს არის ჩვეულებრივი რიტორიკა და სრულიადაც არ მიკვირს არც ეს და არც დავა კოალიცია „ოცნებასთან“: ყველა საკითხი არ არის დადგმული. დასვით შეკითხვა: ვინ მიჰყავთ ახლები ნებისმიერ სამსახურში? ან ისევ „ნაციონალი“, ან ვინმეს ახლობელი –  აქედან ან იქიდან. რეალურად, მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება და აშკარად მიგვათრევენ ორპარტიული სისტემისკენ. ყველაფერი გააკეთა ცალკე ბიძინა ივანიშვილმა და ცალკე –  მიხეილ სააკაშვილმა, რომ მესამე პოლიტიკური ძალა არ ყოფილიყო არც პარლამენტში და არც გარეთ მიეცეს მას შექმნის საშუალება, რადგან მესამე პოლიტიკური ძალა საფრთხეს უქმნის ერთსაც და მეორესაც. მანამდე ისინი, ორივენი, უზრუნველად იგრძნობენ თავს –  ხან ერთი იქნება პირველ ადგილზე, ხან –  მეორე, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომ ამოვარდა შეთანხმებიდან სააკაშვილის კუდი პარტიების, იმავე „ქრისტიან-დემოკრატების“, გაყვანა მესამე ძალად პარლამენტში.

– ამბობთ, ორპარტიული სისტემისკენ მივყავართო, მაგრამ კოალიცია თავისთავად ჭრელია შემადგენლობით და მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, სიმართლე გითხრათ, ამომივიდა ყელში მონოლითური უმრავლესობები, გინდა, „მოქკავშირის“, გინდა, „ნაციონალების“, ამიტომ ძალიანაც არ დამწყდება გული, თუკი კოალიცია დაიშლება. კინკლაობა უფრო ადამიანური მგონია…

– კინკლაობაც ადამიანურია და ხვევნა-კოცნაც და მაშინ ისიც მოგვეწონოს, „ნაციონალები“ და კოალიცია „ოცნების“ წევრები კოაბიტაციის წესით ერთმანეთს რომ ეხვევიან.

– სხვა რამეს ვამბობ: თუ კოალიცია მონოლითური არ იქნა, ორპარტიული სისტემაც ხომ არ გამოვა?

– ამ შემთხვევაში მონოლითურობას თქვენ ამბობთ უარყოფითი დატვირთვით. მე გეუბნებით: ითხოვდა ამ მონოლითურობას მოსახლეობა, რომ „ნაციონალები“ დამარცხებულიყვნენ ერთიანი ძალით?! მაშინ ეთქვათ კოალიციის წარმომადგენლებს, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ ერთმანეთთან საერთო არაფერი გვექნება, შევალთ პარლამენტში და დავიწყებთ კინკლაობასო და დაეთვალათ, რამდენ ხმას მიიღებდნენ. თუ გასართობად გვინდა პარლამენტის სხდომების ყურება, მაშინ გადასარევი იქნება, იმიტომ რომ, კოალიციის შიგნითაც და „ნაციონალებთანაც“ ცოტა ხანში შეიძლება, ცემა-ტყეპამდე მივიდეთ. არა მგონია, ვინმეზე ნაკლები იუმორის გრძნობა მქონდეს და ვინმეზე ნაკლებად მინდოდეს გართობა საპარლამენტო სეირებით, მაგრამ დღეს რომ ამის დრო არ არის და არც ეს საცოდავი ხალხი გამოსულა ამიტომ ქუჩაში.

– ესე იგი, ვარაუდობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ გაიზიარებს „მოქკავშირის“ ბედს, რომელიც შარშანდელი თოვლივით გაქრა, როგორც კი ხელისუფლებაში აღარ იყო?

– გავიხსენოთ, რამ დაშალა „მოქალაქეთა კავშირი“?!

– „ნაცმოძრაობამ“.

– „მოქკავშირი“ დაშალა სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანიას სამეულის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კატეგორიულმა დამოკიდებულებამ. როდესაც ადამიანები, ძალიანაც რომ სდომოდათ, შიშით ვერ იტყოდნენ, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ მომხრეები იყვნენ. მე არ გეუბნებით, რომ ეს შიში უნდა დაითესოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ  ადამიანს, რომელიც უყურებს ტელევიზორს, დადის ქუჩაში, ხომ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც შეიცვალა?! მე არ ვამბობ, არ ვამღეროთ ის მომღერალი, რომელიც მაშინ მღეროდა; არ გამოვიყვანოთ ის დიქტორი, რომელიც მაშინ გამოდიოდა.

– თუმცა მე  მგონია, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა არსებობდეს და დეზინფორმატორს ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

– მაგრამ მე ჩემ გარშემო არ მეგულება ადამიანი, ჰქონდეს იმის განცდა, რომ რამე შეიცვალა, უბრალოდ ძალიან ბევრია ადამიანია დღემდე დარჩენილი, რომელსაც ამის იმედი აქვს.

– ის ხომ ნამდვილად შეიცვალა, რომ აღარ ეშინიათ, მათ შორის, არც იმის, რომ ვინმე სახლში შეუცვივდებათ?

– მე მახსენდება ზადორნოვის ერთი მოთხრობა: ლენინი იპარსავს წვერს, ამ დროს მასთან შედიან ბავშვები და სთხოვენ შაქარს. ლენინი ეუბნება, რომ აღარ აქვს შაქარი და სხვა დროს შემოიარეთო, თან უღიმის ამ ბავშვებს. დასასრულში აქვს მინაწერი, ანუ მოთხრობის მორალი ასეთია: აი, რა კეთილი იყო ძია ლენინი, მას ხომ შეეძლო, ბავშვებისთვის პასუხიც არ გაეცა და იმ სამართებლით, რომლითაც წვერს იპარსავდა, ყელი გამოეჭრა მათთვის. მიგვაჩნია, რომ ის, თუ აღარ შემოგვიცვივდებიან სახლში, არ დაგვიჭერენ დილის ხუთ საათზე, შეგვიძლია იმის თქმა, რასაც ვფიქრობთ, არის ის მიღწევა, რაც სალაპარაკოდ ღირს?!

– ღირს თუ არ ღირს, არ ვიცით, მაგრამ ისეთი რეალობა იყო, რომ იმ ფონზე ჩანს მიღწევად.

– მაშინ კიდევ არის ფასეულობები: ბიძინა ივანიშვილი მანერებით ბევრად დახვეწილია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, ხელებს არ იქნევს უაზროდ და ცივილიზებული დამოკიდებულება აქვს ცხვირთან. ნინია კაკაბაძეც ბევრად უფრო სუფთად გამოიყურება და ბევრად კულტურულად მეტყველებს, ვიდრე თეა თუთბერიძე, მაგრამ ახლა შინაარსებსაც ჩავუკვირდეთ და ვნახავთ, თუ ღირს ამ გარეგნულ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება.

– მე მგონია, რომ ამაზეც ღირს. თქვენი აზრით, მაშინ რა ფაქტორებზე ღირს ყურადღების გამახვილება?

– შინაარსზე.

– როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარების დინამიკა?

– თუ ვერ მოხერხდა ქართველების ჭკუაზე მოსვლა, რაც უტოპიური რამაა, თუ ვერ მოხერხდა იმ აზრამდე მისვლა, რომ სწრაფ ტემპშია საჭირო სერიოზული ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება, გინდა, მესამე დავარქვათ და გინდა, მეთხუთმეტე, რომელსაც ექნება რეალურად ალტერნატიული საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი, მაშინ ყველაფერი იმ გეგმით წავა, რაზეც ვისაუბრე.

– თქვენი აზრით, როგორია ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი?

– საგარეო პოლიტიკურ კურსში არანაირი რადიკალური ცვლილება არ არის, თუ მარკოვის თქმის არ იყოს, არ ვიგულისხმებთ რუსული არხების ჩართვას. ყველამ იცის, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებულ პუნქტებზე მოხდა შეთანხმება ივანიშვილთან, როდესაც მას გადაეცა ხელისუფლება. თუ დღევანდელ ხელისუფლებას ეწოდება პრორუსული კურსის ხელისუფლება, ეს კურსი იგივეა, რაც წინას ჰქონდა, ანუ ვერბალურად დასავლური სტრატეგიული ინტერესების მომსახურე, მაგრამ რუსეთისთვის იმ ნაგლეჯების დათმობით, რაც მას სჭირდება. ჩვენ ცოტა ხანში ვნახავთ, როგორ დაიწყება საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ ცნოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა რაღაც ფარგლებში. სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო პერიოდშიც გამოჩნდა ამის ნიშნები.

– კონფედერაციას გულისხმობთ?

– ამას არ აქვს მნიშვნელობა: აღიარება ამ თუ იმ ფორმით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე. ეს არის ხარკი, რომელიც უნდა გადაიხადოს არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ვითომ მისმა ოპოზიციამაც, რომ იქ ვიღაც მესამე ძალა არ შეუშვან, რომელიც ამ ყველაფერს წინააღმდეგობას გაუწევს. ძალიან არასახარბიელო პროგნოზი მაქვს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ერთხელ მაინც, ჩემი ცუდი პროგნოზი არ გამართლდება.

 

скачать dle 11.3