კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გამოიწვია მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერია თბილისში, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასულ საუკუნეში მოხდა. ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

გამქრალი მილიონი

თამაზ კიკაბიძე, მეტსახელად „თურქი“, ცნობილი კანონიერი ქურდი იყო და მას არა მარტო საქართველოში იცნობდნენ, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. აგვისტოს ერთ ცხელ დღეს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სახლში მას ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი ესტუმრა და უთხრა:

– მე ვახტანგ ჯოხაძე ვარ და თქვენთან საქმე მაქვს.

– მობრძანდით, დაბრძანდით და მითხარით, რა გაგჭირვებიათ, – თურქმა სტუმარი სახლში შეიპატიჟა და უთხრა – გისმენთ.

– ბატონო თამაზ, მე „ცეკაში“ ვმუშაობ და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურატორი ვარ. ჩემი ბინიდან გუშინ, დღისით, მილიონ ასი ათასი მანეთი გაქრა და მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. ასი ათასი თქვენი იყოს. დანარჩენი კი უნდა დაბრუნდეს.

თურქმა გაოცებისგან დაუსტვინა და ვახტანგ ჯოხაძეს უთხრა:

– ფანტასტიკური თანხაა და არც კი მჯერა, ამდენი ფული თუ შეიძლება, ერთ ადამიანს ჰქონდეს.

–  ეს ასეა და თქვენი დახმარება მჭირდება.

– კარგი. ვეცდები, მაგრამ ყველა კითხვაზე ზუსტი პასუხი უნდა გამცეთ.

– კარგი, მკითხეთ.

– რა ფულია ეს მილიონ ასი ათასი მანეთი და მარტო თქვენ გეკუთვნით?

– ესაა უმაღლეს სასწავლებლებში პროტექციით მოწყობილი სტუდენტებისგან ქრთამის სახით შემოსული ფული. ეს თანხა სხვადასხვა თანამდებობის პირს უნდა გაუნაწილდეს. ჩემი წილი 100 ათასია და მას თქვენ გაძლევთ, თუკი მილიონს დამიბრუნებთ.

– საიდან გაქრა ფული?

– ჩემი სახლიდან. მე ბარნოვზე ვცხოვრობ, კერძო სახლში. ფული სეიფში მქონდა შენახული. სეიფი კი შემოსასვლელში, საკიდის უკან გაკეთებულ ნიშაშია ჩამონტაჟებული.

– ფული იქ როდის შეინახეთ?

– სამი დღის წინ.

– რამდენი ადამიანი ხართ ოჯახში?

– მე, ცოლი და ჩვენი ქალ-ვაჟი. თუმცა, ჩემი გოგონა მოსკოვში სწავლობს და ერთი თვეა, აქ არ ყოფილა.

– სეიფის არსებობა ვისთვისაა ცნობილი?

– ცოლისთვის. მაგრამ მისგან ინფორმაციის გაჟონვაც კი გამორიცხულია.

– თქვენი ბიჭი? რამდენი წლისაა და სეიფზე თუ იცის რამე?

– კოტე ცხრამეტისაა. სეიფზე არაფერი იცის. ახლა ის სოჭშია. სწორედ იმ ღამეს გაფრინდა, მე რომ ფული სეიფში შევინახე. თვითონ წავიყვანე ის და მისი ორი მეგობარი აეროპორტში.

– კარგი. სასწრაფოდ კოტე უნდა ჩამოიყვანოთ და დამალაპარაკოთ. მაგრამ, ეს ისე უნდა გააკეთოთ, მისმა თანმხლებმა პირებმა ვერ გაიგონ, რომ ის თბილისში უნდა დაბრუნდეს. შეიძლება?

– შევძლებ. სოჭში ახლავე გადავფრინდები და ამ საღამოსვე მოგგვრით კოტეს, – მიუგო თურქს ვახტანგ ჯოხაძემ და სახლი დატოვა.

ქურდული დაკითხვა

ჯოხაძემ იმავე საღამოს ჩამოაფრინა სოჭიდან თავისი ვაჟი და თურქს მიუყვანა. თამაზ კიკაბიძესთან კი ახალგაზრდა კაცი იმყოფებოდა, რომელიც თურქმა ვახტანგ ჯოხაძეს გააცნო:

– იცნობდეთ – გურამ კახიძე.

გურამ კახიძე, მეტსახელად „კახი“, თურქის ახალგაზრდა კოლეგა, კანონიერი ქურდი იყო.

– კოტე, ძამიკო, – უთხრა თურქმა ცხრამეტი წლის კოტე ჯოხაძეს, – არაფერი არ უნდა დაგვიმალო და ყველაფერზე ზუსტი პასუხი გაგვცე. იცოდე, შენს პასუხებზე მამაშენის სიცოცხლეა დამოკიდებული და მხოლოდ სიმართლე უნდა გვითხრა.

გაფითრებულმა ყმაწვილმა ქურდს მიუგო:

– დიახ. მკითხეთ.

– კოტე, ძმაო, იცი თუ არა, რომ თქვენს ბინაში საიდუმლო სეიფია?

– დიახ, ვიცი, – მიუგო კოტემ.

– სად მდებარეობს?

– საკიდს უკან, კედელში.

– გაგიხსნია ოდესმე?

– დიახ.

– ბოლოს როდის გახსენი?

– სამი დღის წინ.

– და, რა ნახე იქ?

– ბევრი ფული.

– ხომ არ აგიღია ის ფული?

– არა.

– ხომ არავისთან გითქვამს, რომ იქ ფულია?

– დიახ, თეასთან და სოსოსთან ვთქვი. სანამ სოჭში გავფრინდებოდით, ბარში დავლიეთ და მათ ვუთხარი, რომ ჩემი სახლის სეიფში იმდენი ფულია, ორი კაცი ვერ ასწევს-მეთქი.

– მათ არ დაიჯერეს და დამცინეს.

– მე კი ვუთხარი, სადაც იყო სეიფი და შევპირდი, თბილისში დაბრუნებისთანავე ვუჩვენებდი.

– თეა და სოსო ვინ არიან?

– ჩემი უახლოესი მეგობრები. შეყვარებულები არიან და შემოდგომაზე უნდა იქორწინონ. მე კი მეჯვარე ვიქნები.

თურქმა კახის შეხედა და თქვა:

– ყველაფერი იასნია. იმ შეყვარებულებმა ვიღაცას ბაითის ნაკოლი მისცეს და მაყუთი აწიეს. თვითონ კი ალიბი აქვთ. მოკლედ, თეა და სოსო უნდა ვნახოთ, – თურქი ვახტანგ ჯოხაძეს მიუბრუნდა და უთხრა:

– დღესვე სოჭში უნდა გადავფრინდეთ და შეყვარებულებს დაველაპარაკოთ. მათგან თუ გავალთ ფულზე.

ვახტანგმა ქურდები სოჭში ჩაიყვანა. თურქი და კახი შეყვარებულებს ნომერ „ლუქსში“ თავზე დაადგნენ და კიკაბიძემ მათ უთხრა:

– მე თურქი ვარ. გაგონილი გექნებათ. თქვენგან არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ჩვენი კუთვნილი პისტოლეტები დაგვიბრუნოთ. მით უმეტეს, რომ ამ იარაღით ოთხი კაცია მოკლული და მილიციამ თუ იპოვა, მის მფლობელს აუცილებლად დახვრეტენ.

– რა პისტოლეტები, ბიძია, ვერაფერს ვხვდებით, – ერთხმად იუარეს თეამ და სოსომ. თურქმა კი მათ მშვიდად უთხრა:

– ბავშვებო, მეც ქურდი ვარ და ქურდობის წინააღმდეგი არ ვარ. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ვიღაცას ნაკოლი მიეცით და ჯოხაძეების ბინის სეიფი გააქურდვინეთ. იქ მილიონ ასი ათასი მანეთი და ორი ცალი „ტეტეს“ პისტოლეტი იდო. მე ფეხებზე მკიდია ის ფული. ჩემი პისტოლეტები კი უნდა დამიბრუნოთ. აი, ტელეფონი. დაურეკეთ იმ ფულის მომპარავს და უთხარით, რომ მასთან კაცი მივა საქმეზე და რაღაცას ეტყვის. ფული და პისტოლეტები არ ახსენოთ – ტელეფონები ისმინება და დავიწვებით.

– იქ მართლა ამდენი ფული იყო? – წამოსცდა სოსო ბადრიძეს. თურქმა კი არაფერი შეიმჩნია და უთხრა:

– კი... ქურდის სახელი და მისამართი მითხარი, თან დაურეკე.

– ჩემი ბიძაშვილია, შალვა ბადრიძე. იქვე, ბარნოვზე ცხოვრობს, – მიუგო სოსომ თურქს. შემდეგ შალვას დაურეკა და უთხრა, რომ მასთან ერთი კაცი მივიდოდა რაღაც საქმეზე და არ შეშინებოდა.

თურქმა და კახიმ სასიამოვნო დასვენება უსურვეს შეყვარებულებს და ნომერი დატოვეს. შემდეგ ვახტანგ ჯოხაძეს შეუერთდნენ, რომელიც მათ ქვევით ელოდა და უთხრეს:

– ყველაფერი რიგზეა. ვიცით, სადაა ფული. დრო რომ არ დავკარგოთ, ჩვენს კაცს დავურეკავთ თბილისში და ვეტყვით, რომ ფული აიღოს. ჩვენ კი თბილისში დავბრუნდეთ. ჩვენ-ჩვენ წილს ავიღებთ, თქვენ კი თქვენი მილიონი ჩაიბარეთ.

სამივე ჯერ სოჭის მთავარ ფოსტამტში მივიდა. თურქმა ვინმე გივი სულუხიას დაურეკა, რომელიც ქურდის ტიტულის მძებნელი იყო და უთხრა, ფული აეღო, თან დაამატა:

– იცოდე, არ შემოგაკვდეს. მაყუთს რომ აიღებ, ყოველი შემთხვევისთვის, იმ ბაითში დამელოდე, სადაც ორი კვირის წინ ვიყავით. გაიგე?

– გავიგე. ყველაფერი ხუთიანზე შესრულდება, – მიუგო გივი სულუხიამ თურქს და ტელეფონი გათიშა.

დაწყევლილი ფული

ვახტანგ ჯოხაძე, თურქი და კახი ხუთი საათის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და კონსპირაციულ ბინაში მივიდნენ, სადაც თურქის დავალებით, გივი სულუხიას შალვა ბადრიძისთვის წართმეული მილიონ 100 ათასი მანეთი უნდა დაეხვედრებინა. თუმცა, ბინა ცარიელი დახვდათ. მეორე დღეს კი შეიტყვეს, რომ 17 წლის შალვა ბადრიძე დანით იყო მოკლული.

ამ ამბით აღშფოთებული თურქი ვახტანგ ჯოხაძეს სახლში ეწვია და უთხრა:

– როგორც ეტყობა, ნაბიჭვარმა სულუხიამ მოკლა ის ბავშვი და ფული გაიტაცა. ცოტა დრო მინდა, რომ ვიპოვო და ფულს დაგიბრუნებთ, მთლიანად... თქვენი 100 ათასიც კი არ მინდა.

ვახტანგ ჯოხაძე უკიდურესად გაღიზიანებული იყო იმით, რომ ასეთ საშინელ დღეში ჩავარდა და თურქს მიახალა:

– ეს ყველაფერი შენი მოწყობილია და გინდა თავი წმინდანად მომაჩვენო, ხომ? იცოდე, ფულს თუ ამ დღის ბოლომდე არ მომიტან, თავს წააგებ!

თამაზ კიკაბიძე ქურდი იყო. ჯოხაძისგან მსგავსი შეურაცხყოფა იუკადრისა და ცხვირში მუშტი უთავაზა, თავისსავე სახლში იატაკზე დააგორა, ზედ დააფურთხა და სანამ ბინას დატოვებდა, უთხრა:

– ნაბოზარო. ვის უბედავ?! მე ქურდი ვარ და არა შენნაირი ნაბიჭვარი...

იმავე ღამეს თურქი და კახი თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერებმა აიყვანეს. ისინი ვახტანგ ჯოხაძემ დააბეზღა. სამმართველოს უფროსს ყველაფერი უამბო და ბოლოს უთხრა:

– ნახევარ მილიონს გაძლევ, ექვსასი ათასი კი დააბრუნე.

– ადრე ვერ მოხვედი ჩემთან, ქურდებთან რომ გაიქეცი?! კარგი, ეგ საქმე მე მომანდე, – მიუგო ჯოხაძეს მილიციის სამმართველოს უფროსმა და თავის ხელქვეითებს ქურდების მოყვანა უბრძანა.

მილიციის სამმართველოში თურქი და კახი უსასტიკესად აწამეს. თუმცა, რაც არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ამიტომ, გატაცებული ფულის ადგილსამყოფელი მაინც ვერ დაადგინეს. ამ წამებისას კი მილიციელებს კახი შემოაკვდათ, თურქი კი ისე სასტიკად იყო ნაწამები, დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო. თურქი საავადმყოფოში ინკოგნიტოდ მიიყვანეს, კახის გვამი კი მტკვრის პირას დააგდეს.

მილიციის სამმართველოს უფროსმა ვახტანგ ჯოხაძეს რომ უთხრა, ფულის კვალს ვერ მივაკვლიეო, ჯოხაძემ სამმართველოს უფროსის წინ ჯიბიდან პისტოლეტი ამოაცურა და ტყვია საფეთქელში დაიხალა. იცოდა, რომ მაინც მოკლავდნენ და საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი.

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე არ დამალულა და მთელი თბილისი ლაპარაკობდა მილიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტში მომხდარ თვითმკვლელობაზე, ოფიციალურად ეს არ გახმაურებულა. ვახტანგ ჯოხაძე, როგორც ჩვეულებრივი გარდაცვლილი, ისე დაასაფლავეს ვაკის სასაფლაოზე.

მამის დაკრძალვიდან სამი დღის შემდეგ, 19 წლის კოტე ჯოხაძემ თავისი მეგობრები – სოსო ბადრიძე და თეა კაკაურიძე დაჭრა, შემდეგ კი პისტოლეტი გულზე მიიდო და კიდევ ერთხელ გაისროლა... მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, სოსო ბადრიძე, თეა კაკაურიძე და კოტე ჯოხაძე სიკვდილს გადაურჩნენ...

მილიცია კი გივი სულუხიას ეძებდა, რომელსაც შალვა ბადრიძის მკვლელობასა და მილიონ 100 ათასი მანეთი გატაცებაში ედებოდა ბრალი.

სამი თვის შემდეგ, 30 წლის გივი სულუხიას ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს. ის თავის საყვარელთან, ქურდის ქვრივთან, 36 წლის ვინმე ანჟელასთან იმალებოდა. მილიციის ოპერჯგუფმა სახლში მალულად შეღწევა ვერ მოახერხა და ურთიერთსროლის დროს ოთხი ადამიანი დაიჭრა, სამი კი – დაიღუპა. მათ შორის იყვნენ სულუხია და მისი საყვარელი ანჟელა. ხის ქოხს ცეცხლი გაუჩნდა და წყეული ფული, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაიწვა...

скачать dle 11.3