კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურმე, ასეც ხდება!

 

„გააკეთეთ ყველაფერი, რათა არ დაემსგავსოთ მათ!“ – ამბობს ძალიან ცნობილი ინგლისელი ფსიქოლოგი და მოკლედ ყვება წყვილების იმ ტიპაჟებზე, რომელთა ყოფა არათუ უინტერესოა, საფრთხის ელემენტებსაც შეიცავს. ანუ, გვასწავლის როგორ არ უნდა იქცეოდეს წყვილი, რომ არ გააღიზიანოს საზოგადოება და არ გაუჩინოს ეჭვი მათი ურთიერთობის სრულფასოვნების შესახებ.

* მაგალითად, უხერხულია და სასაცილო, როცა ცოლ-ქმარი სერიალის გმირებივით საჯაროდ ეხვევა და ეალერსება ერთმანეთს, აქაოდა, შემოგვხედეთ, როგორი შეყვარებულები ვართო. ბოლოს მაინც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ხმამაღლა იტყვის, რითი და ვისთან იყავით დაკავებული გასულ კვირას.

* როგორც საჯაროდ ალერსი და ჩახუტებაა უხერხული და გამაღიზიანებელი, ასევე, ძალიან ცუდი ტონია საჯარო სკანდალები. იმის თქმა, რომ უკვე აღარაფერი გაქვთ დასამალი, არგუმენტი არ არის. ნათქვამია, სიყვარულსა მალვა უნდაო... სიძულვილსაც უნდა დამალვა, მით უმეტეს, თუ რეალურად არც გძულთ და მხოლოდ „ტანჯვის ეკლიანი გვირგვინი“ გინდათ, დაიდგათ. მართალია, ესეც არის საშუალება, კიდევ ერთხელ აღმოჩნდეთ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ არ ღირს. მეტისმეტად იაფფასიანი „ტრიუკია“.

* ცოლი – სიმპათიური „ბაღის აღმზრდელი“ – მკაცრი, მზრუნველი, დამრიგებლური ტონითა და აღმზრდელის მოწყალე მზერით.

ქმარი – ცელქი ბიჭი, რომელიც მთლად ურჩობასაც ვერ „ქაჩავს“. გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს – არ მოგეწონებათ!

* უსიამოვნო სამზერია ქალი მამაკაცური შემართებითა და პათოსით. მის გვერდით კი მორცხვი, კეკლუცი ქმარი, რომელიც ისე შესციცინებს ცოლს, როგორც ჭეშმარიტების საწყისს, როგორც მესიას.

* ნუ დაემსგავსებით „ზეინტელექტუალურ“ წყვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ყურადღების მისაპყრობად, ორიგინალობს ყველაფრის ფასად და ხალისით პოზირებს საჯაროდ. ეს უკვე სასაცილოა!

 

ორმაგი ბედნიერება

 

კარგი იქნებოდა, მამაკაცების განათლებაზე გვეზრუნა. არა, ისინი საკმაოდ განათლებულები ბრძანდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოდგენა არ აქვთ, რატომ უნდა იზრუნონ იმ ქალის ბედნიერებაზე, რომელიც გვერდით ჰყავთ. აქსიომაა: „როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ ქალთან, რომელიც ბედნიერია, შენ გვერდით არის სიამოვნების მიღების მუდმივი წყარო“. პრინციპში, როგორ უნდა შეგეპაროს ეჭვი ამ სიტყვებში, თუკი წარმოიდგენ, რამხელა პოზიტიურ ენერგიას გამოასხივებს ბედნიერი ქალი, რომელიც სულ კარგ გუნებაზეა, იღიმება და უნდა, რომ მის გარშემო ყველა კარგად იყოს. უფრო მეტიც – ყველა ბედნიერი იყოს! მამაკაცებს არ უნდათ, გაიგონ, რომ ქალები ტყუილუბრალოდ არ შფოთავენ; ტყუილუბრალოდ არ ფორიაქობენ და ტყუილუბრალოდ არ ნერვიულობენ. ისინი წინასწარ ჭვრეტენ მოსალოდნელს, გარკვევით ხედავენ გვერდით მყოფი მამაკაცის შესაძლებლობებს და სამართლიანად ბრაზობენ, როცა ის ამ შესაძლებლობებს არ იყენებს.

ქალები უკეთესად გრძნობენ საკუთარ მეორე ნახევრებს, ვიდრე მამაკაცები. ამიტომ, თუ ერთხელ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ცოლი ჭკუიდან შეიშალა, იცოდეთ – ეს იმიტომ ხდება, რომ ვერაფრით წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. სხვა ქალი არაფრით არის უკეთესი იმაზე, ვინც გვერდით გყავთ. უბრალოდ, მასზე დაქორწინებული არ ხართ და „სხვანაირიც“ იმიტომ გგონიათ. დაიჯერეთ: გაცილებით მარტივია, გააბედნიეროთ ქალი, რომელიც თქვენ გვერდით ერთგულად ეწევა ჭაპანს და ბედნიერებაც ორმაგად დაგიბრუნდებათ უკან.

 

გეყო მწუხარება!..

 

ზოგჯერ პრობლემები ერთმანეთს მიეწყობა ხოლმე და უსიამოვნებათა გრძელი ჯაჭვი იკვრება. მყარი ნერვები უნდა გქონდეს, რომ გაუძლო და დეპრესიაში არ ჩავარდე. დაიწყეთ იმით, რომ გაიღიმეთ. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და იფიქრეთ იმაზე, რომ სასწრაფოდ მიიღოთ ზომები. პირველ ყოვლისა, გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ეს ადვილი არ არის, თუმცა, შესაძლებელია. მაგალითად, დასაწყისისთვის შეეცადეთ, გაღიზიანებულმა არ წამოიყვიროთ ოჯახის წევრების შეურაცხმყოფელი სიტყვები. წარმოიდგინეთ, რომ პირი წყლით გაქვთ სავსე და ვერ გააღებთ მას. სხვათა შორის, ეკატერინე დიდსა და მარია მედიჩის ყოველთვის მზად ჰქონდათ ჭიქა წყალი სწორედ ამ მიზნისთვის – რამე შეუფერებელი რომ არ ეთქვათ, პირში წყალს იგუბებდნენ ხოლმე.

დაუკვირდით: წარუმატებელი დღეები მაშინ უფრო დამთრგუნველია, როცა მათ ამის საშუალებას აძლევთ. თუ სიცარიელის განცდა დაგეუფლებათ, მერე გაცილებით სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. იფანტაზიორეთ: იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან. არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მით უფრო – ჯანმრთელი, ენერგიული ადამიანისთვის.

ნუ მოძებნით საკუთარ თავში წერტილს, რომელზეც „დუღილს“ დაიწყებთ. რისთვის გჭირდებათ? სწრაფად მოიხსენით დაძაბულობა და შეუდექით ბარემ საქმეს...

წუწუნი – არა! საკუთარი თავიც არ შეიცოდოთ. წუხილი – არა! მიიღეთ ბევრი პოზიტივი, თუნდაც სხვებისთვის კომპლიმენტების თქმით.

შეცვალეთ თქვენს ბინაში დეკორაცია. ადგილები შეუნაცვლეთ ნივთებს – თან გახალისდებით, თან დაკავდებით და წუხილისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

 

ჯობია, ჩუმად იყო!

 

იმედგაცრუება ურთიერთობისგან – ეს თითქმის ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი თემაა. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, როგორ მოიქცეს, როცა ახალი ურთიერთობის დასაწყებად ემზადება. არსებობს რაღაც პრინციპები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. მთავარია, არ ილაპარაკოთ ახალ პარტნიორთან იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. რატომ უნდა მიაწოდოთ არასასურველი ინფორმაცია ძველი ურთიერთობების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სავსე იქნება შეცდომებით ადამიანს, რომელსაც გინდათ, რომ თავი საუკეთესო თვისებებით გააცნოთ?! მხოლოდ რომანტიკულ სერიალებში ხდება ისე, რომ საყვარელ ქალს მთელ განვლილ „წინა ცხოვრებას“ პატიობენ, თავისი „ჩრდილოვანი“ მხარეებითურთ.

კიდევ, მთავარია, არასდროს შეადაროთ ერთმანეთს ძველი და ახალი პარტნიორები – ფიქრშიც კი არ დაუშვათ ეს. იყავით მშვიდად და ჩუმად. ყველა კაცი, ისევე, როგორც ქალი, ნამდვილად არ არის ერთნაირი. ნურც ნურავის ჯიბრზე დაიწყებთ ახალ ურთიერთობას – ამაში ნეგატივი გაცილებით მეტია, ვიდრე პოზიტივი.

დაიწყეთ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. ნუ ჩავარდებით უკიდურესობებში. განეწყვეთ სასიამოვნო სიახლეებისთვის და იფიქრეთ მხოლოდ მომავალ ბედნიერებაზე. თუმცა, სანამ „რევოლუციურ“ ცვლილებებზე წახვიდოდეთ, თანაც ამ ცვლილებებში სხვასაც ჩაითრევთ, დარწმუნდით, რომ სწორედ ეს გინდათ და მზადაც ხართ ამისთვის.

 

скачать dle 11.3