კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წამების რა ხერხებს იყენებდნენ რეპრესირებული ქალბატონების წინააღმდეგ

1937-1938 წლებში პოლიტიკურმა რეპრესიებმა საქართველოში პიკს მიაღწია. საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, გამოძიებისთვის ფორმალურად მიეცა კანონიერი სახე, სინამდვილეში კი, ეგრეთ წოდებული „გამოძიების“ დროს, საპყრობილის თანამშრომლები პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ (უფრო სწორად, იგონებდნენ). აღსანიშნავია, რომ პატიმრებზე ფიზიკური ზეწოლის ნებართვა საბჭოთა კავშირის ბელადის, იოსებ სტალინის მიერ იყო გაცემული.  საბჭოთა რესპუბლიკებში ბელადის მითითებას ზედმიწევნით ასრულებდნენ და, ამ თვალსაზრისით, საქართველო „მოწინავეთა“ რიგებში იყო. აღსანიშნავია, რომ რეპრესირებულთა რიგებში არცთუ იშვიათად ხვდებოდნენ ქალები. საქართველო რეპრესირებული ქალების რაოდენობითაც გამოირჩეოდა. ამ საკითხზე გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. 

– შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომის) თანამშრომლები პატიმრებისგან „აღიარებითი“ ჩვენების მისაღებად იყენებდნენ მათრახებს ბუნიკიანი დაბოლოებით, რეზინის ხელკეტებს, შომპოლს (თოფის საწმენდს), სველ ზეწრებს, თოკებს. პატიმრებს ათავსებდნენ ნესტიან, ვირთხებითა და ტარაკნებით სავსე საკნებში; სხეულზე აწვავდნენ ანთებულ სიგარეტს, ფანქრით უგრეხდნენ ხელის თითებს, სცემდნენ ყოველგვარ მდგომარეობაში: ფეხზე მდგომთ, წაქცეულებს, სკამის ზურგზე გადაწოლილებს გრაფინის ხუფს ურტყამდნენ მუცლის პრესზე, სცემდნენ გონების დაკარგვამდე. ზოგიერთი გამომძიებელი პატიმარს აიძულებდა, რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში კუთხეში მდგარიყო. ზოგს მძიმე ტვირთს ჰკიდებდნენ და ასე ჰყავდათ მანამ, სანამ ქანცგამოცლილი არ დაეცემოდა. ზოგს ზურგზე თოკით ჰკიდებდნენ მაგიდას, რომელზეც სიმძიმეებს აწყობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც პატიმარს გაღებულ პირში აფურთხებდნენ, კარის ღრიჭოში თითებს აყოფინებდნენ, ნელ-ნელა ხურავდნენ და ისმოდა, თუ როგორ ემტვრეოდა ძვლები. წამების რა მეთოდი იქნებოდა პატიმრის მიმართ გამოყენებული, ეს გამომძიებლის ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული. არსებობდა ცივი და ცხელი საკნები: ცივი საკნები მოქმედებაში ზამთარში მოჰყავდათ, ცხელი კი – ზაფხულში.

– იყო თუ არა განსხვავება ქალებისა და კაცების წამების მეთოდებში?

– მინდა გითხრათ, რომ წამების მეთოდებში არსებითი ხასიათის განსხვავება არ იყო – ქალებსაც ისევე სცემდნენ და აწამებდნენ, როგორც კაცებს. მოგვიანებით, გამომძიებელი ალექსანდრე ხაზანი აცხადებდა: „მე თვითონ ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც გაასამართლეს, სცემა პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ განათლების ყოფილი კომისრის, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის, მამია ორახელაშვილის მეუღლე)  – სილა გააწნა. ვნახე როგორ ამათრახებდა კრიმიანი ვიღაც ახალგაზრდა სომეხ ქალს...“ 

– რა ბრალდებით დააპატიმრეს მარიამ ორახელაშვილი?

– საქმე ისაა, რომ მამია და მარიამ ორახელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი – ქეთევანი (ქეთუსია). ქეთევან ორახელაშვილის სილამაზე არ გამოჰპარვია ლავრენტი ბერიას. ერთხელ ბერიას ქუჩაში დაუნახავს ქეთევანი და მანქანა გაუჩერებია (მასთან საუბარი სურდა), მაგრამ, უეცრად გამოჩენილ მარიამს შეუშლია ხელი – პირდაპირ მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო. ქეთევანი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირიჟორს, ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. საყოველთაო რეპრესიების ხანაში, ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ჯერ ქეთევანის მშობლები – მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს მოსკოვში, თბილისში გადმოგზავნეს და საშინელი წამებით ამოხადეს სული. თურმე, მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. მერე, 1937 წლის 5 ნოემბერს, ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე – ქეთევანი აიყვანეს პატიმრობაში. ხმა გავრცელდა, რომ ევგენი მიქელაძეს წამების დროს თვალები დასთხარეს და, როცა უბადლო სმენის პატრონმა მაინც იცნო ბერიას ხმა, ყურებში თოფის საწმენდი რკინა – ზუმბა გაუყარესო.

– ევგენი მიქელაძის დაპატიმრების შემდეგ აისრულა თუ არა ბერიამ საწადელი?

– მიქელაძის დახვრეტის მიუხედავად, ბერიამ ძირითად მიზანს ვერ მიაღწია – ქეთევანი ბერიას სათოფეზე არ იკარებდა. ამიტომაც, შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ქეთევანს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში. მისი ცხოვრება გადასახლებაში, ცხადია, ისეთივე მძიმე და აუტანელი იყო, როგორიც სხვა გადასახლებული ქალების – ისინი საშინელ ყინვაში იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოს, რა დროსაც ფიზიკურადაც მახინჯდებოდნენ. სასჯელის მოხდის შემდეგ ქეთევან ორახელაშვილმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა.

– მხოლოდ ბერიას უარმყოფელი ქალები ხდებოდნენ რეპრესიის მსხვერპლნი?

– ზოგი თავისმა სილამაზემ დაღუპა, ზოგი კი სულ სხვა მიზეზმა; მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონის, ნინა ჩიჩუა-ბედიას დაპატიმრების მიზეზი ასეთი იყო: ნინას მეუღლე, ერიკ (ერმილე) ბედია გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი და „იმელის“ დირექტორი იყო, რომელმაც დაწერა წიგნი „ამიერკავკასიის ბოლშევიკების ისტორია“. ნაშრომი ბერიას მოეწონა და მიისაკუთრა კიდეც. ამის გამო ერთ-ერთ წვეულებაზე ნინამ ხმამაღლა ამხილა ბერია. ეს უკანასკნელი დაემუქრა: ბევრს ყბედობ, მაცალე, მე შენ ენას ამოგაძრობო. ბერიამ მუქარა შეასრულა – ჯერ ერიკ ბედია დააპატიმრეს და დახვრიტეს, შემდეგ – მისი მეუღლე. საინტერესოა, რომ დაკითხვაზე ბერიას მიუმართავს ნინასთვის: „ვინ დაწერა „ამიერკავკასიის ბოლშევიკების ისტორია“? ნინას უპასუხია: „ერიკმა, ერიკმა“! – და თან ბერიასთვის საფერფლე უსროლია. საპასუხოდ ბერიამ ის რევოლვერიდან გასროლით მოკლა. ოფიციალურ ვერსიაში კი ვკითხულობთ: „ძიებით დადგინდა, რომ, ბრალდებული ბედია, საქართველოში მოქმედი მემარჯვენე ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, ერმილე ბედიას მეუღლე, იყო ამ ორგანიზაციის დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის კურსში და იცოდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივნის, ამხ. ბერიას წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ. ბრალდებული ნინა ბედია ყველანაირად აღვივებდა თავისი მეუღლის ტერორისტულ განწყობილებას და უბიძგებდა ამ მიმართულებით აქტიური ქმედებისკენ“. საქართველოს შინსახკომის „სამეულის“ სხდომის 1937 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით, ნინა ბედიას მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. 

– არსებობს თუ არა სტატისტიკა, რამდენი ქალი შეეწირა მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს საქართველოში?

– 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებული (დახვრეტილი და გადასახლებული) ქალების რაოდენობა 563-ს შეადგენდა. გადასახლებულთაგან მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ქალმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, უმრავლესობამ კი სული უცხოეთის ცის ქვეშ, საშინელ ტანჯვაში დალია.

скачать dle 11.3