კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო შეიძლება დათო ევგენიძემ გააღვიძოს ცოლი ღამის 3 საათზე

თბილისში, ერთ არცთუ ისე ძველ უბანში, ცხოვრობს ერთი ძალიან თბილი ოჯახი, რომლის უფროსი ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული, „ცივი ლა და თბილი სის“ ავტორი, ყველასთვის ცნობილი კომპოზიტორი დათო ევგენიძეა. „თბილისელებს“ მან და მისმა მომხიბვლელმა მეუღლემ – ნინო ჟვანიამ უმასპინძლეს და გაიხსენეს თუ როგორ დაიწყო მათი თანაცხოვრების ისტორია. 

ნინო: ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვიცნობდით მე და დათო ერთმანეთს, თუმცა, შეხვედრები ორ-სამ წელიწადში ერთხელ თუ გვქონდა ხოლმე, მართალია, შემთხვევით, მაგრამ საკმაოდ თბილი, მეგობრული და ჩემთვის დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ, ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი დათოს, როგორც ხელოვანს. ერთხელაც, დაახლოებით ხუთი წლის უნახავ დათოს „აჭარა მიუზიკ ჰოლში” შევხვდი. მას ხელი ჰქონდა მოტეხილი. შორიდან რომ დავინახე, ჩამოკიდებული, თაბაშირში ჩასმული ხელი, ისე შევწუხდი, ერთი სული მქონდა, მალე მივსულიყავი და შემეტყო, რა სჭირდა... მოკლედ, ძალიან ემოციური შეხვედრა გამოგვივიდა. ამ შეხვედრაზე მან შემომთავაზა: წამოდი, ერთად წავიდეთ მოსკოვშიო. მე, რა თქმა უნდა, თავიდან ვიუარე. შემდეგ ზარებით, შეხვედრებით, ძალიან მალე შედგა ჩვენი ურთიერთობა.

დათო: ხუთი წლის უნახავს ის კი არ ვკითხე, როგორ ხარ, რას შვრები... პირდაპირ ვუთხარი – წავიდეთ-მეთქი.

– ესე იგი, მანამდე რაღაც შინაგანი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სიმპათია თუ სხვა რამ მაინც უნდა ყოფილიყო თქვენ შორის, რომ ხუთი წლის უნახავისთვის მოსკოვში წაყოლა შეგეთავაზებინათ.

– ხომ არსებობს რაღაც... ვირტუალური – ხედავ ადამიანს და სულ მოგწონს და გაინტერესებს, რატომღაც, შენთვის სულერთი რომ არ არის მისი ბედი. სულ ვკითხულობდი: ნინო რას შვრება, სად არის, რას აკეთებს-მეთქი – სულ ჩემი ინტერესის სფეროში იყო.

– ოღონდ, ცენტრში არ მოხვედრილა იმ კონკრეტულ დღემდე?

– მანამდე ცენტრში ვერ მოხვდებოდა, რადგან, ცოლი მყავდა, ნინოც გათხოვილი იყო. სულ მაინტერესებდა, რომ გათხოვდა, ვის გაჰყვა. გაჰყვა ჩემს საკმაოდ ახლობელ ადამიანს – კობა მუქერიას, რომელთანაც დღესაც გვაქვს ურთიერთობა. ამიტომ არ იყო ჩემთვის სულერთი, თუ რა ხდებოდა ნინოს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისეთი ახლო მეგობრები ვყოფილვართ და არც ხშირი შეხვედრები გვქონია. ნინო, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გრძნობდა – არ არსებობს, ქალმა ეს რომ არ იგრძნოს.

უცნაურია, უფრო სწორად, ბედისწერულია... მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. წესით, ერთ კვირაში უნდა ამეღო ვიზა და უკან დავბრუნებულიყავი. მანამდე მოსკოვში ვცხოვრობდი ქალთან ერთად, „დეკაბრისტკას“ ვეძახდი – მან ოლიგარქი ქმარი დატოვა და საფრანგეთიდან მოსკოვში გამომეკიდა. იმ დროისათვის მე უკვე ცოლს გაშორებული ვიყავი. წამოვედი საქართველოში, რომ ვიზა გამეგრძელებინა. იმ პერიოდში კიდევ ერთხელ დაიძაბა ქართულ-რუსული ურთიერთობები და საკონსულოები დაიკეტა...

– ეს რომელი წელია?

– 2004 წლის ნოემბერი. ამ დროს ვმუშაობდი „მეცხრე როტაზე”. ერთი კვირის მაგივრად საქართველოში 7 თვე მომიწია ყოფნა. ბონდარჩუკის ფილმისთვის მთავარი თემები წინასწარ მქონდა დაწერილი. გადაღებები დამთავრდა და ის დრო დადგა, უკვე მუსიკა რომ უნდა ჩამეწერა. ფედია ბონდარჩუკი გაგიჟებული იყო, ცდილობდა, რამენაირად ჩავეყვანე. ვიყავი ძალიან ცუდ ხასიათზე, რადგან, საქმე მიფუჭდებოდა. ვიყავი „აჭარაში” და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ახლობელი იჯდა ჩემ გარშემო, მაინც მარტო ვგრძნობდი თავს და, ნინო რომ დავინახე გაანათა.

ნინო: ჩემთვისაც ფერადი იყავი, მართლა.

დათო: ორივეს შეგვეტყო, რომ ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. მაშინვე შევთავაზე ჩემთან ერთად წასვლა. შემდეგ ტელეფონი გამოვართვი. რამდენჯერმე დავურეკე და გამორთული იყო. თურმე, ტელეფონი გაფუჭებია და მერე თვითონ დამირეკა. შემდეგ რესტორანში დავპატიჟე მეგობრებთან ერთად... ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე სადღაც მივდიოდით... იმ დღეს იყო ნინოსა და კობას შვილის დაბადების დღე. ამ პერიოდისთვის ჩვენი ურთიერთობა იმ სტადიაში გადაიზარდა, რომ ორივესთვის გასაგები იყო, თუ რა როგორ. მითხრა: დამტოვე, მივდივარ ჩემი შვილის დაბადების დღეზეო. იქ კობაც იყო და კობას მთელი სამეგობროც, მშობლებიც ნინოსი და კობასი... მთელი თბილისი... მე ვუთხარი, შემოვდივარ-მეთქი, ხელი გადავხვიე და ასე ხელგადახვეულები შევედით. 

– რა მოჰყვა ამას?

ნინო: დაბნევა, რა თქმა უნდა. დათო მოვიდა... მერე, ჩვენ ერთად მოვედით... იმდენად მოკლე ხანში მოხდა ყველაფერი, რომ ჯერ არც კი იყო ჩვენ შესახებ ქალაქში გავარდნილი ჭორები. დაბადების დღიდან რომ წამოვედით, დედაჩემი მიგვყავდა სახლში და დათომ პირდაპირ უთხრა...

დათო: თქვენი შვილი მომყავს ცოლად-მეთქი, ვუთხარი.

ნინო: ის იმდენად დაიბნა, ნინოს გადასაწყვეტიაო, – ძლივს უთხრა.

დათო: ნინოს დედა რომ დავტოვეთ სახლში, იქიდან პირდაპირ ჩემთან ამოვედით. ჩემს მშობლებს სტუმრები ჰყავდათ და ყველას წარვუდგინე: გაიცანით ნინო, ჩემი ცოლი-მეთქი. ასე აღმოჩნდა ნინო ჩემთან სახლში.

– გამოდის, რომ საქორწინო მოგზაურობა უკვე მოსკოვში გქონდათ?

ნინო: ჰო, ოღონდ, „მოგზაურობა” ძალიან გაგვეწელა.

დათო: როდესაც ყველანი დავრწმუნდით, რომ ჩემი ვიზის აღება ვერ მოხდებოდა, ბანდარჩუკის, ოსეთის მაშინდელი პრეზიდენტის – ძასოხოვის, მისი, ჩვენი და რამდენმე ჩვენი ახლობლის ძალისხმევით, გადაწყვიტეთ მოსკოვში წასვლა. ჩვენი მოგზაურობა მოსკოვამდე მთელი კინო იყო, „ჯარისკაცის მამაში” რომაა, ხომ იცით: „პეშკომ ეხალ”.... მანქანით მივედით საქართველოს საზღვართან, შემდეგ წავედით ნეიტრალურ ზონაში, მივედით რუსეთის საზღვართან, იქ უკვე დაგვხვდა რუსული მხრიდან მანქანა; უცნაური ტაქსი იყო – მგონი, პარკეტი ჰქონდა დაგებული და ჭაღი ეკიდა. ვიღაც სამხედრო იჯდა მასში, რომელმაც წაგვიყვანა, გაგვატარა როკის გვირაბი და მივედით ისევ საზღვართან...

ნინო: ამ დროისათვის მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი... ბუნებას ვათვალიერებდი, ახალ-ახალ სახეებს ვხედავდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და, ახლა რომ ვუკვირდები, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. 

დათო: სადაც მივიდოდით, არალეგალურად შევდიოდით, ოღონდ, ოფიციალურ დონეზე იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებულები და თვალს ხუჭავდნენ. ოსეთის საზღვარზე ვიღაც ყმაწვილი დაგვხვდა სპორტულებში, იმან ჩაგვიყვანა ვლადიკავკაზში, სადაც ქალი დაგვხვდა... ამ დროს, არავის არ ვიცნობთ. შემდეგ მატარებელზე დაგვსვეს და, ბოლოს, როგორც იქნა, ჩავედით მოსკოვში. იქ აღმოვჩნდით „შერატონში” – თეთრ ხალათებში, ფრანგული შამპანურებით.

ნინო: მოსკოვში გაგვიჩნდა ნიკოლოზი.

– ბატონო დათო, ყოველდღიურობაში როგორი ხართ?

დათო: ყოველდღიურობაში ძალიან მარტივი ვარ, ერთადერთი სულიერი მოთხოვნები მაქვს – შემიძლია, ნინო ღამის 3 საათზე გავაღვიძო და რაღაცა მოვასმენინო.

ნინო: გუშინაც ასე მოხდა – დილის 7 საათამდე ვისხედით და ვისმენდით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვყავს დიასახლისი ქალი – ქალბატონი ნაზი, რომელიც გვეხმარება. ასევე, ძალიან მეხმარება დათოს დედა, ქალბატონი დინარა. ჩვენ, ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ, მაგრამ, ქალბატონი დინარას წყალობით, ნიკოლოზმა მთელი სკოლის პროგრამა იცის წინსწრებით. მადლობელი ვარ ამისთვის.

– ნიკოლოზი როგორი ბიჭია, რა ინტერესები აქვს?

– ჩემი აზრით, ნიკოლოზი ძალიან ნიჭიერია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. ჩემი უფროსი ბიჭიც და დათოს შვილებიც – ყველანი ნიჭიერები არიან, მაგრამ, ნიკოლოზი  მაინც უფრო დათოს მხარესაა, ალბათ. დადის ხატვაზე, ძერწვაზე, ცურვაზე და მუსიკაზე; ცდილობს, შექმნას თავისი იპროვიზაციები. 

– თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენი წელია?

– 16 წელი, ოღონდ, არანაირად არ იგრძნობა. სულ ვამბობ ხოლმე, ცოტა ხანში მე გაგასწრებ-მეთქი. ერთ-ერთ ინტერვიუში დათომ თქვა კიდეც ხუმრობით – ჩემი ცოლი ჩემზე ათი წლით უფროსიაო.

– ბატონო დათო, ნინოსთვის თუ მიგიძღვნია რაიმე კომპოზიცია?

დათო: ძალიან ბევრი, ნაწარმოებებიც და ლექსებიც. მალე ჩემი ახალი კრებული გამოდის, ჰქვია „ქართული ფოსტა”, ამ კრებულში ბევრი ლექსია ნინოსადმი მიძღვნილი.

„თბილისელების” – თქვენი ჟურნალის სახელწოდებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: ყველაზე მაგარი თბილისელი არის თვითონ თბილისი. საერთოდ, თბილისელობა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იყო დაბადებული თბილისში... თბილისს აქვს თავის კოდექსი, დაუწერელი... მთავარი მინდა ვთქვა: 

„მე ეზო ვარ ამ ქალაქის, მეეზოვე მგვის,

მე ვაზა ვარ, საყვავილე, ის ყვავილიც მგავს,

სამი დღით რომ ატარებენ ამ ჩემს სულში ვარდს.

წუთები ხომ ნოტებია, ლა უკლია სის,

უისრებო საათი ვარ ჩემი თბილისის.“

როცა გადავხედავ ამ ბოლო ოცწლეულს და იმ ადამიანების ცვლილებას, რომლებიც პოლიტიკის ცვლილებას მიჰყვებიან, ვწუხვარ. იმიტომ, რომ ქართველი – ეს კიდევ ცალკე კოდექსია, თბილისელი – ცალკე. არ უნდა ეხებოდეს შენს ღირსებას არანაირი პოლიტიკური ამინდის ცვალებადობა. შენ უნდა ყოველთვის იყო იმ მრწამსის გვერდით, რასაც შენი ქვეყანა ჰქვია და რასაც შენი ქალაქი ჰქვია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფალი, უნდა იყო შენი მთავარი სულიერი პრინციპის ერთგული.

скачать dle 11.3