კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ათწლიანი ოცნება უსრულდება აჩი ფურცელაძეს და რატომ არის მისთვის ძალიან ძნელი უცხოეთში ქართველობა

ყველასთვის კარგად ნაცნობი აჩი ფურცელაძე ბოლო წლების განმავლობაში კარიერას მოსკოვში განაგრძობს. პროექტი „რუსეთის ხმა” მისთვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, „რუსეთის ხმა” ქართველი ვერ გახდა, მაგრამ მისმა ცნობადობამ საგრძნობლად იმატა და ბევრი თაყვანისმცემელიც გაიჩინა რუსულ შოუ-ბიზნესში. ჩვენი რესპონდენტი ამჯერად თბილისშია და ცდილობს, ის პერიოდი, რომელსაც აქ ატარებს, მაქსიმალურად გამოიყენოს – და ყველა ის ადამიანი ნახოს, ვინც მისთვის ძვირფასი და ახლობელია.

– რამდენხნიანი განშორების შემდეგ ესტუმრე თბილისს?

– შარშან თითქმის სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი თბილისში: ხან ქორწილი იყო ვიღაცის, ხან – ნათლობა, ხან მეჯვარე ვიყავი და ასე შემდეგ. რომ ვამბობდი, თბილისში მივდივარ-მეთქი, უკვე ხუმრობდნენ – უეჭველი ვიღაცის ქორწილი ან ნათლობააო. ამჯერად ჩემი დედიკოს დაბადების დღისთვის ჩამოვედი. ამ დღეს ყოველთვის მასთან ერთად ვარ. ჩამოვედი და კონცერტიც გამიკეთა ლევან ქოქიაშვილმა. ძალიან კარგი, ყოჩაღი და აზრზე მოსული ტიპია. ვატყობ, ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ. 

– „რუსული ხმის” კონკურსში მონაწილეობის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? ისიც მახსოვს, როცა ინტერვიუ ჩავწერეთ პროექტის მიმდინარეობის დროს, საკუთარი პროგნოზი გააკეთე: მთავარია 3 ეთერი მქონდეს და მერე უკვე იმედიც აღარ მაქვს, რადგან, მოსკოვში „ესემესების” საკმარის რაოდენობას მაინც ვერ დავაგროვებო. შენი პროგნოზი გამართლდა. 

– „ვოისის” შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მიხარია, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა და სტრატეგიულმა გეგმამ გაამართლა. 

– გაცილებით ცნობილი სახე გახდი მთელ რუსეთში.

– თბილისური მომენტი გამიმეორდა, ქუჩაში ავტოგრაფების აღება და ფოტოების გადაღება. ეს ყველაფერი „ვოისამდე” არ მქონია. „კომედი კლუბის” რადიოშიც დავიწყე მუშაობა. კორპორაციული კონცერტებიც მაქვს უკვე საკმაოდ ბევრი, „ვოისის” რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად. მოსკოვში, როგორც ასეთი, კონცერტები ძალიან იშვიათად ტარდება, ძირითადად, ყველა კლუბებში დადის, დაბადების დღეებზე, ქორწილებში და ასე შემდეგ. აი, იქ კეთდება ფულიც და სახელიც. მაგას რა ჯობია, ყოველდღე თუ დაბადების დღეზე და ქორწილში ხარ და თან ფულს აკეთებ! ღმერთმა მიმრავლოს ასეთი დაბადების დღეები. აშკარად მეყო მადლობაზე სიმღერა. ასე რომ, ამ ეტაპზე კორპორაციულების რაოდენობამ მძლავრად იმატა. იმ დონეზე მივედი, დირექტორი მყავს, რომელიც ყველაფერს განაგებს; თან, ჩემი დირექტორი არის ჩემი გოგო, რომელიც ძალიან მიყვარს. რაღა სხვაგან წავიდეს ფული, ბარემ ოჯახში დარჩეს ყველაფერი! თანაც, ამ სფეროში აზრზე მოსული გოგოა. 

– გამოდის, რომ აჩი ფურცელაძემ სასურველი ქალი იპოვა.

– გაია მართლა ჩემი სასურველი ქალია ყველანაირი გაგებით, უბრალოდ არ მღერის. დამთავრებული აქვს მოსკოვში, ძალიან სერიოზული უნივერსიტეტი – „მგიმო,” ფიარის განხრით. უდიდეს ჰოლდინგში მუშაობდა, ტელევიზიებში გაიას გარეშე არ აცმევდნენ წამყვანებსა და მსახიობებს. ჟურნალებში წერდა რეცენზიებს და ასე შემდეგ. იმ პერიოდშიც კი ახერხებდა ჩემს მოვლას, ახლა კი, რომ აღარ მუშაობს, მთლიანად ჩემზეა გადმოსული. 

– სადაურია?

– ქართველია. თბილისშია დაბადებული, სკოლა და უნივერსიტეტი კი მოსკოვში აქვს დამთავრებული. 

– რა გვარია?

– ხაჩიძე. ოთხ ენაზე ლაპარაკობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ესპანურად. პოლიგლოტი გოგო მყავს. გაიას კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ თარჯიმნის როლში არ მიწევს ყოფნა, როცა ქართველები ვართ ერთად – ეს პრობლემაც მოხსნილი მაქვს. გაია ძალიან კომუნიკაბელურია, უცებ „აყომარებს“ სიტუაციას და უცებ ისეთი ჯიგარი და ძმა ხდება, აჩი აღარავის ახსოვს. ყველაფერი ერთად აქვს: არის მხიარული, ენერგიული, იუმორი ჭარბად...

– არაეჭვიანი...

– გმადლობთ, ეჭვიანია! რაღაცაში მაინც ხომ არ უნდა გამმართლებოდა. 

– ურთიერთობა რა ფაზაშია?

– წელიწადზე მეტია, ერთად ვართ და, რეალურად, ეს ყველაფერი უკვე ლოგიკური დასასრულისკენ მიდის. ყოველთვის მინდოდა, ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი, მაგრამ, ვერ „გავქაჩე“, რადგან, უკვე 33 წლის ვარ. ვფიქრობ, 34-35 წლამდე აუცილებლად უნდა მქონდეს მამის სტატუსი. იმედია, ეს ასეც მოხდება. რა ვიცი, მიდის ცხოვრება და, მთავარია, მივყვე დინებას და არ დავიწყო გინება.

– გამოდის, რომ შენს დაოჯახებას მალე გავიგებთ. 

– კი, გენაცვალე. სულ ვფიქრობდი, ჩემი ქორწილი როგორი იქნებოდა. წარმომედგინა დიდი კონცერტი, გართობა და კარგი დროსტარება. ახლა კი ძალიან დავიღალე ამაზე ფიქრით; მე მირჩევნია რა თანხაც ქორწილის გადახდას დასჭირდება, იმ თანხით სადმე კარგ ადგილას წავიდეთ სამოგზაუროდ, გაიას კი ძალიან უნდა ქორწილის გადახდა. მოკლედ არ ვიცი, რას ვიზამთ, შევთანხმდებით. 

– არის კიდევ სასიამოვნო კარიერული სიახლე შენს ცხოვრებაში. 

– 2012 წლის ივლისში „ნე პარას” ბიჭი წავიდა ჯგუფიდან და დარჩა გოგო. ამიტომ, ჯგუფი ფაქტობრივად, გაჩერებულია. ამ პერიოდის განმავლობაში „ჩუმი” ქასთინგი ჰქონდათ რამდენჯერმე. „ვოისის” შემდეგ კი ჩემზე შეაჩერეს ყურადღება. სადაც ვმუშაობ, „კოქტეილ ბარში,” თავზე დამადგნენ ჯგუფის პროდიუსერი, ფინანსური დირექტორი და კიდევ ვიღაცეები. ვისაუბრეთ და შევთანხმდით ყველაფერზე. ახლა იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ ჯგუფის ძველი სიმღერები ვისწავლო და ახლებზეც ვიმუშაოთ. ჯერ „ვოისთან” მაქვს კიდევ მოქმედი კონტრაქტი, რომლის თანახმად, სამი თვის განმავლობაში არავისთან ხელის მოწერის უფლება არ მაქვს.  მარტის დასაწყისში კონტრაქტს ვადა გასდის და მერე უკვე ოფიციალურად მოვაწერ ხელს „ნე პარას” კონტრაქტს. 

– გავიგე, აჩი და ლეონიდ აგუტინი ძალიან დამეგობრდნენო.

– ლონია ცხოვრებაშიც ძალიან მაგარი კაცია და ჩემთან ურთიერთობაშიც. არ მეგონა, ასეთი კარგი ტიპი თუ იქნებოდა. ყოველი ტურის შემდეგ ლონია თავის ბავშვებთან ერთად, ვინც პროექტში რჩებოდა და ვინც ვარდებოდა, ყველასთან ერთად მიდიოდა და „ტუსაობდა“. მოკლედ ყოველი ტურის შემდეგ ყველას ეფერებოდა. მე რომ გამოვეთიშე პროექტს, მაშინაც წაიყვანა თავისი გუნდი და მეც „ტიომნად” გამომძახა – ჩემთან ერთად მოდიხარო. თან, ქართულ რესტორანში წავედით. გაგიჟდნენ, რომ დამინახეს და, ვითომ ხუმრობით თქვეს, სხვა გუნდშია, ჩვენთან რა უნდაო. ლონიამ უთხრა: თქვენ ხომ ჩემები ხართ, მაგრამ, აჩიც ჩემიაო. ძალიან მაგარი ტიპია ურთიერთობაში. ზუსტად ვიცოდი, რომ, სხვას რაც არ უნდა ექნა კონკურსზე, მაინც აჩის დაასახელებდა. 

– ბევრმა ისიც თქვა, აჩის აგუტინი რომ აერჩია პელაგიას ნაცვლად, უფრო დიდხანს იქნებოდა პროექტშიო.

– ჰო, მაგრამ, დიდი-დიდი, ერთი ტურით მეტი თუ ვიქნებოდი, ანუ – „ესემესებამდე,” მერე ვეღარ მიშველიდა ლონია. სიმართლე გითხრა, არც ერთს გული არ დაგვწყვეტია ამაზე, რადგან იქ არ დამთავრებულა ჩვენი ურთიერთობა. რომ ჩავალ, აუცილებლად შევხვდებით. ამასობაში სოსო პავლიაშვილიც გამოჩნდა ასპარეზზე და დუეტის ჩაწერა შემომთავაზა, რაც ჩემი ათი წლის ოცნება იყო. ქორწილში ვიყავით ერთად, იქ მოვილაპარაკეთ და ახლა უნდა ჩავწეროთ დუეტი, რა მაგრები ვართ – ეს, ქართველების ამბავში. 

– მოსკოვში, როგორც ვიცი, 8 თებერვალს ბრუნდები.

– ვერ გავარკვიე ბოლომდე. ქართველები ხომ მაგარი უცნაური ერი ვართ. პიტერში რაღაც კონცერტი უნდა ჩატარდეს, ორგანიზატორებს შორის შუამავალი ქართველია. მთლად ამ ბიჭის ბრალი არ არის, მაგრამ ვერა და ვერ გადაწყვიტეს, მე ვუნდივარ თუ არა. ანუ, „ვოისიდან” სამი კაცი უნდა ვიყოთ, მაგრამ, ვერ დაადგინეს, აწყობთ თუ არა ფასები. 10 თებერვალს გასამგზავრებელი ბილეთი მაქვს, მაგრამ თუ გადაწყდა ამ კონცერტში ჩვენი მონაწილეობა, მაშინ, 7-ში წავალ. 

– მოკლედ, ბევრი კარგი გეგმა გაქვს.

– გეგმები გვაქვს, კორპორაციულები გვაქვს, კონცერტები გვაქვს, ახლა უკვე – „ნე პარაც.” თან, „ნე პარას” ბიჭი აფხაზი იყო და უკვე თემაა: აფხაზი წავიდა, ქართველი მოვიდა და, აქედან პოლიტიკური, მუსიკალური და ყველა გაგების ბომბი გასკდება. „ა სტუდიოს” და ქეთას არ ვედრები, მაგრამ, „ნე პარას” მერე უკვე ცნობილი ჯგუფის ცნობილი ტიპი ვხდები. 

– საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გგულშემატკივრობდა „ვოისის” მიმდინარეობის დროს და ეს „ფეისბუქზეც” იგრძნობოდა. 

– ძალიან დიდი მადლობა ყველას. სულ ვამბობ, უცხოეთში ქართველობა ძალიან რთულია, მით უმეტეს იქ, სადაც ძალიან ბევრნი ვართ. რატომ?! ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ქართველს ქართველზე მეტი მტერი არასდროს ჰყოლია. რატომღაც, შურის მომენტი მაინც არის და, ერთი სული აქვთ, ერთმანეთს ფეხს როდის დაუდებენ. ქვეყნის გარეთ, ქართველებში მხოლოდ სვანები არიან ერთმანეთის გამტანები. ჩემთვის ის არის მთავარი, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო და იმითაც გავიხარო, რომ თქვენ გაიხარებთ. 

скачать dle 11.3