კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განაჩენი შეიძლება გამოუტანოს ქალმა საკუთარ თავს და რისთვის სჭირდება მას ქმარი და საყვარელი ერთად

ეჭვი, კონფლიქტი, მოწყენილობა, გაუგებრობა... – ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია და ოჯახი თავისთავად გულისხმობს, რომ ცოლქმრული ურთიერთობა მუდმივად ვერ იქნება ხალისიანი და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე. მაგრამ, ეს ასე არ არის. ურთიერთობის ხელოვნება – აი, ეს არის ოჯახში მთავარი, რაც ყველას არ გამოსდის. თანაც ოჯახური ურთიერთობები განსაკუთრებულია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ მიდგომასაც მოითხოვს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ რუტინა სულაც არ არის საშინელება ან დიდი ბოროტება, უფრო – პირიქით: მშვიდი, ოჯახური დღეები ძალიან სასარგებლოა. რა ჯობია სიმშვიდეს და სტაბილურობას?! ქარიშხლისებრი ვნებები ძალიან დამღლელია და სტრესსაც გვგვრის. თუმცა, მათ გარეშე ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა. რა უნდა ვქნათ, რომ ერთდროულად მშვიდადაც ვიყოთ და ვნებებიც არ მოგვენატროს, ან საერთოდ, შესაძლებელია ოჯახური ბედნიერება?!

ნაირა (33 წლის): მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ოჯახი ადამიანებს სიმშვიდისთვის სჭირდებათ. ის ჩვენი თავშესაფარია, სადაც დაცულობის განცდა გვეუფლება. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ, წლებთან ერთად ყველაფერი იცვლება. რატომ უნდა იყოს ოჯახური, ჰარმონიული ცხოვრება რუტინის სინონიმი, – მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ სწორედ ასე ხდება?! რატომ უნდა გბეზრდებოდეს და გაღიზიანებდეს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, მათი მოვლა და სითბოს გაცემით რატომ უნდა იფიტებოდე?!  რას არ ვაკეთებთ სწორად ქალები, ან, თუნდაც, მამაკაცები? როგორ ხდება ისე, რომ საკუთარი ხელით, დაუნანებლად და დაუფიქრებლად ვანგრევთ წვალებით აშენებულს?!

– ქალები ვართ დამნაშავე, როცა ქმრებთან ურთიერთობა გვერღვევა?

– მამაკაცების შეცდომებზე საუბარი არ მინდა. ისედაც ცხადია, რომ არც ისინი არიან ხოლმე მართლები ამ ურთიერთობაში, მაგრამ, ქალებს მეტი პასუხისმგებლობაც მოგვეთხოვება და მეტი მოთმინებაც.

– რა მოსაზრებით, რომ ისინი მაინც მამაკაცები არიან?

– არა, ეს საერთოდ არ მიგულისხმია. მე როგორ დავარღვევ გენდერულ ბალანსს, როცა საკმაოდ დიდი შრომა მაქვს გაწეული მისი პრინციპების დასაცავად?! დღეს საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ – კარიერაში ბევრს მივაღწიე. ოჯახიც ძალიან კარგი მაქვს და ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, მხოლოდ გარეშე თვალისთვის. რეალურად კი არც ისე დალაგებული მაქვს სიტუაცია.

– ქმართან გაქვთ დაძაბული ურთიერთობა?

– შეიძლება ასეც ითქვას. ჩვეულებრივი, რუტინული ურთიერთობა გვაქვს, რაც უკვე, მსუბუქად რომ ვთქვა, აღარ მაკმაყოფილებს. მაინც ვთქვი ეს საშინელი სიტყვა – „რუტინა“, რომელიც, რატომღაც, ცუდად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და დამკვიდრდა. ეს მერე გაუაზრებელი ნაბიჯებისკენ  გვიბიძგებს ხოლმე და ყველაზე გონიერ ადამიანებსაც გვაკეთებინებს სისულელეებს. მე მიყვარს ქმარი, შვილზე ხომ, საერთოდ, ვგიჟდები. რა უნდა უნდოდეს ქალს მეტი? მაგრამ, ბოლო ორი წელი საშინელი უკმარისობის განცდა მქონდა.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– გეტყვით. გულახდილი ვიქნები. შვიდი წლის წინ სიყვარულით გავთხოვდი და ახლაც ვიტყვი, რომ გამიმართლა – ძალიან კარგი ქმარი მყავს. ენა ვერ მომიბრუნდება იმის სათქმელად, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში მისი ჩემდამი დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა. ამიტომ, ის, რაც მოხდა, შეიძლება, ჩემი პრობლემა იყო და არა მისი. ცოლქმრული ცხოვრების პირველი ორი წლის განმავლობაში ქმართან ურთიერთობას ჩემთვის სიხარული მოჰქონდა. მიხაროდა მის გვერდით ყოფნა და დილით სამსახურში წასულს საღამომდე მენატრებოდა. სულ შეყვარებული ვიყავი. მერე კი ეს ყველაფერი გაქრა.

– იქნებ, სამსახურში იღლებოდით ან კარიერაზე ფიქრმა და ზრუნვამ გამოიწვია ფარული სტრესი, რომელმაც შეუცნობლად გადაფარა ის პოზიტიური განცდა, რომელიც მანამდე გქონდათ ქმართან ურთიერთობით?

– ვფიქრობ მაგაზეც, მაგრამ, ის ორი წელიც ძალიან დატვირთული ვიყავი, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე დღეს ვარ. ახლა ჩემს პროფესიულ კარიერაში თითქმის პროგრამა მაქსიმუმი შევასრულე. შვილი გათხოვებიდან მესამე წელს გავაჩინე, მაგრამ, ცვლილებებს ვერც ამ მოვლენას დავაბრალებ – ბავშვმა ჩვენ უფრო შეგვკრა და გაგვაერთიანა. მე სხვა რამეზე გელაპარაკებით – ჩემს შინაგან მდგომარეობაზე, ჩემს ემოციებზე. ჩემი ცხოვრება ერთ კონკრეტულ, მკაცრად განსაზღვრულ კალაპოტში ჩადგა და მას მიჰყვებოდა, ყოველგვარი ემოციური აფეთქებების გარეშე.

– მერე, ეს ხომ კარგია? რა შეიძლება სჯობდეს ქმართან ურთიერთობაში სიმშვიდეს?!

– ერთი შეხედვით, არაფერი, მაგრამ, მთლად ასეც არ არის საქმე. რეალობა ცოტა სხვანაირია და მასზე თვალის დახუჭვა სერიოზულ პრობლემებს იწვევს. დუნე, უმოძრაო წყალს რაც მოსდის, გეცოდინებათ – ფუჭდება და ყროლდება. ასეა ურთიერთობაც. სამწუხაროდ, ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას, ყველაფრის სწავლას ვცდილობთ, გარდა ურთიერთობისა. არ არის ეს სახუმარო თემა. დაკვირვებიხართ, როგორი თავგამოდებით ვცდილობთ უცხო ადამიანებისთვის თავის მოწონებას, როცა ეს ჩვენს საქმეს სჭირდება?! კანიდან ვძვრებით, რომ კარგი იმიჯი შევიქმნათ. 

– ანუ, ვთამაშობთ?

– არა, არა, ეს არ არის თამაში, ეს უფრო სურვილია, ვიყოთ ისეთები, როგორებიც რეალურად არ ვართ. მაგრამ, სახლში, ოჯახის წევრებთან და უახლოეს ადამიანებთან ეს ყველაფერი გვავიწყდება.

– იქნებ, უბრალოდ, ძალა აღარ გვყოფნის და შინაურ გარემოში ვდუნდებით?

– შეიძლება, ასეც არის. მე არც ფსიქოლოგი ვარ და, მით უმეტეს, არც ურთიერთობების სპეციალისტი, მაგრამ, იმას კი ვხვდები, რომ სწორად არ ვიქცეოდი. ფაქტია, ისეთი ტიპაჟი აღმოვჩნდი, რომლისთვისაც მონოტონურობა და მეტისმეტი სტაბილურობა დამანგრეველია. რაღაც მომენტში მე ისე ძლიერად გამიჩნდა ახალი ურთიერთობის მოთხოვნილება, ფლირტი რომ არ გამება ვინმესთან, გავგიჟდებოდი.

– ფლირტის არსი, ალბათ, იცით...

– დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ფლირტი რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება, ამის გარანტი ვერავინ იქნება – ვერ იქნები დარწმუნებული, რომ „რამე“ არ მოხდება. ანუ, სერიოზულ რისკზე მიდიხარ. რაღაც მომენტში აუცილებლად გიმტყუნებს „მუხრუჭები“. მე ადრე ასე არ ვფიქრობდი. სანამ საკუთარ თავთან არ გამოვცადე ფლირტის „მშვენიერებანი“, მანამდე მეგონა, რომ ძლიერი ქალისთვის ფლირტი საერთოდ არ წარმოადგენდა საშიშროებას. ვიფიქრე: რატომაც არა, – მობეზრებული ყოველდღიურობა, შეჩვეული ერთფეროვნება და არაფერი ახალი. ფლირტით კი ცოტას მაინც გავიფერადებ ცხოვრებას-მეთქი. მაგრამ, შევცდი. წარმატება პროფესიულ სფეროში არ ნიშნავს ხასიათის სიმტკიცეს. თუ საქმეში ყველაფერი გამოგდის, საკუთარი თავი იმაში არ უნდა დაარწმუნო, რომ მაგარი ხარ. ახლა უკვე ვნანობ, რატომ ავიტეხე შარი, მაგრამ, მაშინ ეს „შარი“ ჩემთვის სიამოვნების მიღების საშუალება იყო.

– გადაწყვიტეთ, რომ ფლირტით მიიღებდით სიამოვნებას და ეს არ იქნებოდა ღალატი?

– ღალატი საერთოდ არაფერ შუაშია. ღალატი აბსოლუტურად სხვა რამედ მიმაჩნდა, თუმცა,  ესეც შეცდომაა, რა თქმა უნდა. ჩვენ ჩვენივე მცდარი შეხედულებები გვღუპავს, ჩვენი უცოდინრობა და სტერეოტიპული აზროვნება.

– და, სავარაუდოდ, კომუნიკაცია – ვგულისხმობ მეუღლეს. თუ ქმარი ქალისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია, პირველს სწორედ მას უნდა დაელაპარაკოს საკუთარ პრობლემებზე.

– ერთი ქალი მაინც თუ არსებობს ისეთი, რომელიც ამას ახერხებს? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული ქალი ვარ და არასდროს არავისთან არ მქონია კომუნიკაციის პრობლემა, ქმართან ურთიერთობაში ძალიან ბევრი შემეშალა. თუმცა, ასევე ძალიან ძნელია, უარი თქვა ლამის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე. ჩემი გალანტური კავალერი საკმაოდ ადვილად ვიპოვე. როცა ქალი ამისთვის მზად არის, კაციც მალე გამოჩნდება ხოლმე... ამით განაჩენი გამოვუტანე საკუთარ თავს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე გამოსავალს იქ არ დავუწყე ძებნა, სადაც საჭირო იყო.

– ფლირტი სადამდე წავიდა?

– ძალიან შორს არა, მაგრამ, სერიოზულად „გავნაგლდი“. მასთან ერთად კაფეებში სიარული არ ვიკმარე და თეატრებში დავიწყეთ რომანტიკული პაემნები.

– ვინმეს რომ დაენახეთ? წარმატებულ ქალბატონებს ნაცნობების საკმაოდ ფართო წრეც აქვთ.

– გეთანხმებით. მაგრამ, ასევე, გვაქვს თავდაცვისა და ალიბის შექმნის „ფართო“ საშუალებები. მაგალითად, ასეთი: საქმიანი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტი კულტურულ ღონისძიებებზე პარტნიორთან ერთად; საქმიანი ვახშამი პარტნიორთან; საქმიანი საუბრები არაფორმალურ გარემოში... მოკლედ, ჩემი ქმარი მენდობოდა.

– თქვენ კი ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეთ...

– ასე გამოვიდა. თუმცა, მე ეს არ მინდოდა. სახლში როცა ვბრუნდებოდი და ტელევიზორის წინ მშვიდად მჯდარ ჩემს ქმარს ვხედავდი, სინდისი ძალიან მქენჯნიდა, მაგრამ, დილით ისევ ვერ ვუძლებდი ცდუნებას.

– რის ცდუნებას?

– ემოციების მიღებას. ეს დოპინგივით იყო, თან, ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე. ასეთი კარიერა გავიკეთე და, როგორ ვერ ვახერხებ, პირადი ცხოვრება დავალაგო-მეთქი. მერე გამაფრთხილებელი სიგნალიც გაისმა – „კეთილისმსურველებს“ რა დალევს და ჩემს ქმარსაც ვიღაცამ რაღაცა ჩააწვეთა. არც გამომიძიებია, ვინ გააკეთა – რა აზრი ჰქონდა, მთავარი ხომ ეს არ იყო?! ამით სიმშვიდის პერიოდი დამთავრდა – ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო. იყო სკანდალიც. ბუნებრივია თავიდან თავს ვიმართლებდი, მაგრამ, მერე უცებ, თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა და ვიფეთქე: შენი ბრალია ყველაფერი. იმდენი ხანია, თავს ქალად ვეღარ ვგრძნობდი, რომ მამაკაცის ალერსის მოთხოვნილება ბუნებრივად გამიჩნდა, თავი ვეღარ გავაკონტროლე და ლამის ღალატამდე მივედი-მეთქი.

– როცა მამაკაცს ამას ეუბნები, იმის მოლოდინიც ხომ უნდა გქონდეს, რომ გაიჯახუნებს კარს და საერთოდ წავა შენგან? 

– ალბათ, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ამაზე არ ვფიქრობდი, თანაც, მე ვიცნობდი საკუთარ ქმარს – არ წავიდოდა ის სახლიდან.

– რატომ?

– როგორ გითხრათ... მას უნდა იცნობდეთ... მითხრა: რატომ იყავი ჩუმად და რატომ არ ცდილობდი იმ პრობლემის გამოსწორებას, რაც გაწუხებდაო. შენ შეგეძლო ჩვენი ურთიერთობის შეცვლა. პრინციპში, შეცვალე კიდეც. მაგრამ, ცუდი ფორმითო. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ვგრძნობდი თავს დამნაშავედ, მაგრამ, არაფრით მიღიარებია.

– როცა ოჯახში სიტუაცია აირია, თქვენთვის ეს ცვლილება მთლიანად ნეგატიური იყო?

– ასეც ვერ ვიტყვი. ადრენალინი ნეგატივსაც აქვს – რაღაც ხომ მოხდა, დაიძრა, ამოძრავდა და ეს კარგიც იყო. ახლა ვცდილობ, თავიდან ავაშენო ურთიერთობა. ვიცი, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ, ინტერესი და აზარტი ახლავს, რაც მე სერიოზულ სტიმულს მაძლევს. შეიძლება, ნორმალურად არც მოგეჩვენოთ, რასაც ახლა გეტყვით: მომწონს ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება – ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.

скачать dle 11.3