კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისმა მკვლელობებმა გაუწყვიტა მოთმინების ძაფი ირაკლი კაკაბაძეს

მწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, მას ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა-წამოსვლა, საქართველოშიც ჩამოდის ოჯახის,  მეგობრების მოსანახულებლად. ის მეუღლესთან, იურისტ ანა დოლიძესთან ერთად, წავიდა, ამერიკაში საცხოვრებლად. პატარა ანდრია ამერიკაში მოევლინა ქვეყანას. ახლა ის ხუთი წლისაა. მოდი, ერთად გავიგოთ როგორ ცხოვრობს კაკაბაძეების ოჯახი საქართველოდან შორს.                  

– თქვენ და თქვენი მეგობრები ქართული საზოგადოების მეხსიერებას ქუჩის აქციებით შემორჩით – გამოხვიდოდით, იყვირებდით რაღაცას, დაგიჭერდნენ, გამოგიშვებდნენ, მერე ისევ დაგიჭერდნენ... აქტიური პატიმარი იყავით. დღეს როგორ გახსენდებათ ეს ყველაფერი?   

– პირდაპირ გეტყვით! ბევრი რამე აღარ მახსოვს კარგად. კი მახსოვს, რომ ჩემს მეგობრებთან მშვენიერი ურთიერთობები მქონდა და მაქვს. სააკაშვილთან კონფლიქტი მოგვივიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ჯერ აირჩია ყოვლად უაზრო მილიტარისტული პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების მაგივრად და მერე უკვე, როცა მისი „ვარდისფერი ტერორი“ დაიწყო. ჟვანიას სიკვდილის გამოძიება რომ არ მოხდა, ეს იყო პირველი განხეთქილება, ამას მოჰყვა გირგვლიანის მკვლელობა, მერე ვაზაგაშვილის და ამის მერე წაეწყო უბედურებები, რომელიც მიშას ერთპიროვნულმა მმართველობამ გამოიწვია. 

– რა შეცვალა ქვეყანაში თქვენმა საპროტესტო გამოსვლებმა? რას ფიქრობთ ამ გადასახედიდან?            

–  ჩვენ მანამდე, უკვე 2003 წელს დავაარსეთ „ცვლილებების თეატრი“, არაჩვეულებრივ ქართველ რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან ერთად. პოეტი და მსახიობი გიორგი ზანგურიც მონაწილეობდა მასში. აგრეთვე, ნინო ქათამაძე პირველ წარმოდგენაში ჩაერთო როგორც ჩვენი მეგობარი, მაგრამ ბოლოს მონაწილეობაც კი მიიღო.  საერთოდ, პირდაპირ გეტყვით, რომ „ცვლილებების თეატრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა იყო ქართულ ხელოვნებასა და სოციალურ ცხოვრებაში ოცდამეერთე საუკუნის პირველ დეკადაში.  ეს თავიდან, ცხადია აუგუსტო ბოალის ტექნოლოგიებით ხდებოდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ინოვაცია განიცადა და გახდა მთლიანად ქართული, ავთენტური ფენომენი. მიხარია, რომ ახალ გეგმებს ვაწყობთ. განზრახული გვაქვს, დავდგათ ახალი პიესა – „კურაჟი კავკასიაში“, რომელიც ახლა დაიწერა და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში დავიწყებთ უკვე გიორგისთან ლაპარაკს, როგორ გავაკეთოთ.

– როგორ აეწყო ამერიკაში თქვენი ცხოვრება, რა გიჭირდათ, რა გილხინდათ, რას ელოდით და რა მიიღეთ?  

– საერთოდ ძალიან მიჭირს ბურჟუა მენტალიტეტის გარემოში ცხოვრება. იქ თითქოს უდაბნოა. ეს ნარატივი ნელ-ნელა კლავს ადამიანს ადამიანში. თუმცა, ამერიკაში გამიმართლა, რადგან ჩემი და ანას აქ ჩამოსვლის დღიდან მომიწია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც არიან: ლამარ ჰერინი, ალისონ ლური, რასელ ბენქსი, ჯერი ალენი, ბილი ქოლინზი, ედვარდ ჰოვერი, არიელ დორფმანი, დერეკ უოლკოტი, კატია ბოგინა, იანა ჯინი, ირინა პოპიაშვილი, ჯოდი დინი, მეტ კადანი და სხვები. ეს ამერიკის კონტრკულტურის სასუნთქი წყარო, ელიტაა, თორემ ბიურგერულ გარემოში უაღრესად უბედური ვარ, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, რომელსაც კაპიტალიზმი ახრჩობს.  მატერიალურად ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ისეთი პერიოდი, როცა ბევრი მქონდა და ალბათ, არც არასდროს იქნება, მაგრამ ამას სულაც არ განვიცდი. მთავარია, არ გამოიხუთოს ადამიანის შემოქმედებითი სული და არ გახდე ბურჟუა-მომხმარებელი.

– რა სიძნელეები გამოიარეთ, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით? ასე იოლია კარგად ცხოვრება მოგინდეს, ერთ დღეს ადგე, სადაც გინდა წახვიდე და იცხოვრო?   

   – რა თქმა უნდა, ბევრი სიძნელე გამოვიარეთ და ახლაც ხელმოჭერილად ვცხოვრობთ. პირველი ჩემი სამუშაო იყო მაღაზიაში – გამყიდველს ვეხმარებოდი, არეულ ტანსაცმელს ვალაგებდი. ასეთი წესია – გაჩერებული არ უნდა გნახონ. ახლა თავისუფალი ვარ? – რომ ვკითხავდი მენეჯერს, მეტყოდა –  არა, თავად არიე და თავადვე დაალაგეო. მერე ერთ პატარა ბარში მღებავად ვიყავი, წითელი ხის  იმიტაციები იყიდებოდა. კარგი ქართველი კაცი, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დაიღუპა. მან მოგვაწყო რამდენიმე ადამიანი. იქ იციან, როცა ადამიანს ავეჯი აღარ უნდა, გარეთ დგამს და ვისაც უნდა მას მიაქვს. მთელი ღამე დავდიოდით ბრუკლინის ქუჩებში და ამ  გადმოგდებულ ავეჯს ვაგროვებდით, მერე ვაშალაშინებდით და ისე  ვღებავდით, რომ წითელ ხეს დამსგავსებოდა. თუ წითელი ხე ღირდა 20-25 ათასი, ეს 700-1000 დოლარად ყიდდა და ასე ვმუშაობდით. სხვათა შორის, ნაგვის გამტანადაც მიმუშავია. მაღალ კორპუსებში დავდიოდით და ქვემოთ ჩამომქონდა, 17 კაცი ვმუშაობდით სულ.  დორმენადაც მიმუშავია – სასტუმროს შესასვლელში რომ დგას კაცი. 

– მახსოვს, ანაც საკმაოდ აქტიური იყო როგორც თავის საქმეში, ისე შენთან ერთად საპროტესტო გამოსვლებში, ხშირად აკეთებდა ტელევიზიით კომენტარებს. სწორედ ამ დროს შეიცვალა მისი პირადი ცხოვრება. გაშორდა მეუღლეს და უცებ გამოაცხადა, რომ ძალიან დიდი ხანია გიყვარდათ ერთმანეთი, გადაწყვიტეთ, ერთად იცხოვროთ, მაგრამ არა საქართველოში. გავიდა წლები. როგორი გახდა თქვენი ცხოვრება, რა შეიცვალა?

– ანა ახლა უკვე საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა დოქტორია და ვესტერნ ონტარიოს უნივერსიტეტში ტენუარის შემოთავაზება მიიღო, რაც უდიდესი წარმატებაა მისი ასაკის ახალგაზრდა მკვლევრისთვის. ორივენი უნივერსიტეტებში ვასწავლით. მე ვასწავლი ხელოვნებისა და სოციალური ცხოვრების სინთეზს და ანა – საერთაშორისო სამართალს. ჩვენი შვილი, ანდრო 5 წლისაა. 

– აქ რომ დარჩენილიყავი, რას ფიქრობ, როგორ გაგრძელდებოდა შენი ცხოვრება და არის რამე ისეთი, რაც არ გაკმაყოფილებს?  

– რა თქმა უნდა, ყოველთვის რაღაც ახლის და კრეატიულის გაკეთება გინდა ადამიანს.  ახლაც მაქვს გეგმები. ვნახოთ, რა იქნება.  ის კი მიხარია, რომ გამომცემლობა „საბა“ ელექტრონულად გამოსცემს ჩემს ბოლო წიგნს „მარგინალური ბოდვები“, რომელიც 2008-2010 წლებში დავწერე. ეს არის პოლიფონიური წიგნი, რომელიც პარალელურად რამდენიმე ენაზეა დაწერილი. მასში გამოყენებულია კალამიც და საბეჭდი აპარატურაც (ანუ კომპიუტერი) – ცნობიერების ნაკადისა და ფაქტების ერთობლიობაა და არის დოკუმენტური ხასიათის სურათები. ეს ახალი ჟანრის, ოცდამეერთე საუკუნის ლიტერატურაა, რომელიც თავისი არსით უპირველესად, ელექტრონულია. თუმცა, შეგიძლია, ჰარდ კოპით ამობეჭდო. პოლიფონიური დისკურსი დღევანდელობის მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში – დღეს ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ მონოფონიას ჩვენს ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. უკვე ბევრი ხმაა გასაგონი ერთდროულად და ამიტომაც არის აუცილებელი, მრავალხმოვანი მიდგომა, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას დიდი ხანია, აქვს. იგივე ბახტინის გავლენაც არის ამ ტიპის ხელოვნებაზე.  ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში 2003-2006 წლებში ამ მხრივ რამდენიმე კომპოზიტორთან ერთად ვმუშაობდი. ესენი არიან:  ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო, გოგი ძოძუაშვილი და სალომე კორკოტაშვილი. ჩემი ტექსტები თითოეულ მათგანს გამოყენებული აქვს.  დიდი ტრაგედია იყო ირაკლის გარდაცვალება.  იმ დროს ჩვენ უკვე ვთანამშრომლობდით და არაერთი კარგი იდეა გვქონდა. ჩვენს ერთად ჩაწერილ ალბომს, იმედი მაქვს, მალე იხილავს ქართველი მსმენელი. ქეთათოსთან ერთად სხვა რეჩიტატივებიც გვაქვს გაკეთებული. აგრეთვე, ვთანამშრომლობ დუდანა მაზმანიშვილთან მუსიკალურ ლექციების კურსზე. 

– სიმართლე გითხრა, როცა გავიგე, ქუჩის თეატრი დააარსე, ვიფიქრე, ილუზიონისტობა ან ჟონგლიორობა დაიწყო-მეთქი. 

– აუგუსტო ბოალის დამსახურება ძალიან დიდია იმაში, რომ ჩვენ ქუჩის თეატრის საქმიანობაში ჩავებით. გიორგი სიხარულიძემ მასთან მასტერკლასიც გაიარა ლონდონში, თუ არ ვცდები, 2004 ან 2005 წელს. მე ეს ვერ მოვახერხე. უკვე მერე, 2008 წელს, ჩემი პიესა – „კანდიდატი ჯოყოლა“ წამოაყენეს „ფრიდამ თუ ქრიეით“ პრემიაზე და ბოალი ამ პრემიის გადამცემ კომისიაში იყო.  სრულიად მოულოდნელად, მომივიდა ბოალის იმეილი კორნელის უნივერსიტეტში, რომ მას აინტერესებდა, ჩემთან ემუშავა „კანდიდატი ჯოყოლას“ ბრაზილიაში დასადგამად. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მაგრამ, საუბედუროდ, ბოალი 2009 წლის მაისში გარდაიცვალა. ჩვენ კი გავაგრძელეთ მისი გზა და მის მეთოდოლოგიას ახალი ელემენტები დავამატეთ.  კორნელის უნივერსიტეტის თეატრის პროფესორ ბურს ლევიტთან ერთად, ახალი მეთოდოლოგია შევქმენით და ამაზე ქრისჩენ მადერამ პატარა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, – „ტრაგედიის ხელახლა გააზრება“.       

скачать dle 11.3