კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, ზოგადად, ხდება თუ არა კერძო აღმასრულებელთა წარმოებაში არსებული საქმეების აღნუსხვა და ვინ ახორციელებს კონკრეტულად კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული საქმეების კონტროლს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ კერძო აღმასრულებელი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს სტატისტიკური ინფორმაცია თავის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების შესახებ. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფორმით ახორციელებს კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას და არის თუ არა ვალდებული კერძო აღმასრულებელი, აანაზღაუროს მის მიერ არასწორად წარმოებული საქმით მხარისთვის მიყენებული ზიანი? 

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია სააღსრულებო წარმოების მხარეების წინაშე მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კანონით, ასევე, კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევისთვის, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს; ასევე, კერძო აღმასრულებლის მიერ შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისთვის, მის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამასთან, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია, სააღსრულებო საქმის წარმოება განახორციელოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ფორმით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიისთვის შეწირულობის სახით მიცემული ფულადი თანხისთვის დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა შეწირული თანხის  ხუთმაგი ოდენობით და  დაუყადაღდათ უძრავ-მოძრავი ქონება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი ასეთი პირების ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება, რომელთაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისთვის. ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისგან, აგრეთვე, საურავისგან.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ გადაწყდება იმ ადამიანების საკითხი, რომლებიც პოლიტიკური პარტიისთვის შეწირულობის სახით მიცემული ფულადი თანხისთვის დაჯარიმდნენ, მათ მიმართ განხორციელდა სააღსრულებო წარმოება და უკვე გადაიხადეს დაკისრებული ჯარიმის თანხა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, მიღებული კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის, აგრეთვე, საურავის როგორც აღუსრულებელ, ისე აღსრულებულ ნაწილზე. ასევე, უქმდება ასეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან/აღსრულებასთან დაკავშირებული ყადაღა და სხვა სახის იძულებითი ღონისძიებები. საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის შესაბამისად, უნდა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება, ხოლო, უკვე აღსრულებული საჯარიმო თანხისა და საურავის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც შეეხება ამგვარი ქმედებისთვის დაჯარიმებულ პირებს, ისინი ჩაითვლებიან ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად.

კითხვა: მაინტერესებს, იმ შემთხვევაში,  თუ დავკარგე უკვე გამოცემული სააღსრულებო ფურცელი, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი გახდეს სააღსრულებო პროცესის შეჩერების საფუძველი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სააღსრულებო ფურცლის დაკარგვა არ შეიძლება გახდეს სააღსრულებო პროცესის შეჩერების საფუძველი. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია, გასცეს დუბლიკატი.

კითხვა: მაინტერესებს, კონკრეტულად რა პროცედურები უნდა გავიარო, ვიდრე მოხდება საბოლოოდ აღსრულების პროცესის დასრულება და თანხის გადახდევინება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: აღსრულების დაწყება, ქონებაზე ყადაღის დადება, აუქციონის ჩატარება და, საბოლოოდ – კრედიტორისთვის თანხის გადაცემა.

ითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ მოხდება აღსრულების პროცესის განხორციელება მაშინ, როცა მოვალე იმალება, არ ცხადდება და თავს არიდებს აღსრულების პროცესს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან, როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება, ანუ, რა მოქმედებები უნდა განახორციელოს შესაბამისმა პირმა, რომ დაიწყოს კერძო აღმასრულებლის საქმიანობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება ხორციელდება შემდეგნაირად: აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს სამსახურებრივ ბეჭედს (რომელზეც აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი და კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს, ასევე, ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტს,  ამ ანგარიშის ნომერსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს. დაზღვევის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ, მაგრამ, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

скачать dle 11.3