კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N26-4(630) 

 

– ძალიან მარტივად წარმოგიდგენია ყველაფერი, – განაგრძო პროკურორმა.

– ჩვენდა სამწუხაროდ, მალიშევი განსაკუთრებული გონიერებით არ გამოირჩეოდა. ის ორმოცდაათიანი წლების დეტექტივებში ამოკითხული მეთოდებით მოქმედებდა, – უპასუხა რიბკინმა, – მან ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა. ავანტიურაში ჩაითრია კრილოვი და მასთან ერთად მთელი საგამოძიებო სამსახური. უთავბოლოდ დაგეგმა დოსიეების არქივიდან ჩემი სახელით გატანის ოპერაცია, რასაც, საბოლოო ჯამში, სრულიად უდანაშაულო ადამიანი – დიმიტრი გრომოვი შეეწირა.

– მაინც რას ისახავდა მიზნად დოსიეების შენთან გამოგზავნა? – ჰკითხა პროკურორმა.

– კრილოვს ჩემთან სავაჭრო მიზეზი სჭირდებოდა. ისეთი ფაქტი, რომლის გაბათილებასაც ვერ შევძლებდი.

– არა მგონია, რომ ეს მისი იდეა ყოფილიყო, – ჩაილაპარაკა პროკურორმა.

– რა თქმა უნდა. ის მხოლოდ იარაღი იყო მალიშევის ხელში, მაგრამ, ეს მაინც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. როგორი ყოვლისშემძლეც არ უნდა იყოს „ეფესბე“, ის შეუმჩნევლად მაინც ვერ შეაღწევდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კაბინეტში. გარდა ამისა, არქივის სააღრიცხვო ჟურნალში აღნიშნულია, რომ დოსიეები არქივიდან მე გამოვითხოვე, ეს კი კრილოვის უშუალო მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

– გეთანხმები... – პროკურორი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა – „ეფესბეს“ უკვე დაფიქსირებული აქვს დოსიეების შენი კომპიუტერიდან გაგზავნის ფაქტი. რა საჭირო იყო გრომოვის მკვლელობა?

– მგონია, რომ ეს შემთხვევითობა იყო. მალიშევის „ოპერები“ გვითვალთვალებდნენ და, დარწმუნებული ვარ, ჩვენს სატელეფონო საუბრებსაც ისმენდნენ. იმ დილით დიმიტრი თავად დამიკავშირდა და მისთვის გაგზავნილ მასალებზე წამოიწყო საუბარი. ბუნებრივია, გაოცებული დავრჩი – მე ხომ არაფერი გამიგზავნია მისთვის. მაშინ გრომოვმა შეხვედრა და მასალების ჩვენება შემომთავაზა. მალიშევის „ოპერებისთვის“ წინასწარ იყო ცნობილი ჩვენი შეხვედრის დრო და ადგილი. მათ ფაქტით უნდა ავეყვანეთ – ნოუთბუქით, რომელშიც ინახებოდა დოსიეები. მაგრამ, ისინი ძალიან უხეშად მოქმედებდნენ. ჩვენ კაფედან გამოსვლისთანავე შევამჩნიეთ, რომ გვითვალთვალებდნენ და გაქცევა ვცადეთ. ამის საპასუხოდ „ოპერებმა“ პისტოლეტები მოიმარჯვეს და დაგვედევნენ. იარაღი ამოვიღე მეც. ახლა მომხდარის აღდგენაც კი მიჭირს. ყველაფერი წამიერად მოხდა. ერთმანეთში აირია სროლის ხმა, გამვლელების კივილი... დიმიტრი მანქანისკენ გარბოდა, ტყვია რომ მოხვდა...

– „ოპერები“? ვინ დახოცა ისინი? – შეაწყვეტინა პროკურორმა.

რიბკინმა მზერა აარიდა და ისე უპასუხა:

– დიმიტრის დაღუპვის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც იგივე მელოდა!

– გინდა თქვა, რომ ისინი შენ დახოცე?! – ეჭვით ჰკითხა პროკურორმა.

– მე თავს ვიცავდი!

– „ეფესბე“ ამტკიცებს, რომ გრომოვიც და „ოპერებიც“ გეგეშიძემ დახოცა!

– ტყუილია... თავისთავად გასაგებია, რომ ისინი არასოდეს აიღებენ თავზე ჟურნალისტის მკვლელობას!.. ეს მალიშევის მიერ მოფიქრებული სისულელე იყო. მას გეგეშიძის თანამშრომლობაზე დათანხმება სურდა, ამის სანაცვლოდ კი გრომოვის მკვლელობის ბრალდების მოხსნას შეჰპირდებოდა.

– რა სისულელეა! – უკმაყოფილოდ შენიშნა პროკურორმა, – გეგეშიძე რიჟკოვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ასეთ ფონზე ჟურნალისტის მკვლელობა უმნიშვნელო ანცობად გამოიყურება!

– თავისთავად... „ეფესბე“ ხომ გეგეშიძის სასამართლოსთვის გადაცემას არ აპირებდა – ეს მის ინტერესებში არ შედიოდა. მას, უბრალოდ, გააქრობდნენ. გამოიყენებდნენ და შემდეგ თავიდან მოიშორებდნენ, – უპასუხა რიბკინმა, – მე მაშინ მიმაჩნდა, რომ მალიშევი მხოლოდ ერთი მოსაზრებით მებრძოდა – მეგონა, რომ „ეფესბე“ მუნდირის ღირსებას იცავდა. სპეცსამსახურს არ სურდა რიჟკოვის დაღუპვის გარემოებების გახმაურება, ეს კი აუცილებლად მოხდებოდა თუკი მე გეგეშიძის აყვანასა და სასამართლოსთვის გადაცემას მოვახერხებდი. მაშინ იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ „ეფესბეს“ მიერ დაგეგმილ ოპერაციას ვუშლიდი ხელს.

– რომელ ოპერაციაზეა საუბარი? – დაინტერესდა პროკურორი.

– საქმე უკრაინაში მიმდინარე ოპერაციას ეხება. უკრაინის მთავრობას გაზსადენ „ნორდსტრიმის“ აქციების გასხვისება ჰქონდა გადაწყვეტილი, „ეფესბე“ კი აქციების რუსული გაზპრომისთვის გადასაცემად იბრძოდა.

– არა მგონია, გეგეშიძე ასეთ სიმაღლეს შესწვდეს! – თავი გაიქნია პროკურორმა.

– ცდებით, კონსტანტინ მიხაილოვიჩ, გეგეშიძე ჩვეულებრივი კრიმინალი არ არის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აქციების გასხვისების საქმეში მისი ჩართვის შემდეგ, უკრაინის მთავრობის რამდენიმე წევრმა, რომლებიც „გაზპრომს“ ლობირებდნენ, პოზიცია შეიცვალეს და აქციების ევროპაში გაყიდვას დაუჭირეს მხარი.

– ესე იგი, გეგეშიძე მალიშევის წინააღმდეგ მოქმედებდა?

– დიახ... მალიშევმა ვერ შეძლო თანამშრომლობაზე მისი დათანხმება.

– ამისთვის გრომოვის მკვლელობის ბრალდების მოხსნა არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა?

– რა თქმა უნდა. მაგრამ, მალიშევი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა – თავისი პოზიციების გამყარება მან საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით სცადა.

– არ მესმის, რაზეა საუბარი?

– მალიშევთან შეთანხმებით, საქართველოს პროკურატურამ გეგეშიძის მეგობარი ქალი დააპატიმრა, – თქვა რიბკინმა.

– რა ინტერესი ამოძრავებდა ამ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურას? – ჰკითხა პროკურორმა.

– ქალის დაპატიმრების სანაცვლოდ, მალიშევმა თბილისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „ეფესბეს“ სასარგებლოდ მოქმედი რამდენიმე აგენტის ვინაობა გაუმჟღავნა.

– ესეც ორმოცდაათიანი წლების დეტექტივებში ამოიკითხა?! – ზიზღით თქვა პროკურორმა.

– არა მგონია, ეს უფრო ოცდაათიანი წლების სტილია! – უპასუხა რიბკინმა.

– ესე იგი, გეგეშიძეს ქალით ევაჭრებოდნენ?

– დიახ.

– უცნაურია... – ჩაილაპარაკა პროკურორმა, – ზოგადად, კრიმინალები ძალიან გულგრილები არიან ქალების მიმართ. ისინი მათ მხოლოდ სექსუალური ურთიერთობის ობიექტებად მიიჩნევენ და მათ გამო საკუთარ თავს შეზღუდვებს არ უწესებენ.

– ნუ შეადარებთ გეგეშიძეს კრიმინალური სამყაროს თქვენთვის ცნობილ წარმომადგენლებს. მერწმუნეთ, ის სრულიად სხვა ღირებულებების მქონე ადამიანია. როგორც წესი, მისი ქცევის განსაზღვრა შეუძლებელია და ძალიან ხშირად ის საერთოდ არ ჯდება ლოგიკის ჩარჩოებში. იმის ნაცვლად, რომ საერთო ენა გამოენახა მალიშევთან, გეგეშიძე საქართველოში ჩავიდა და თავისი მეგობარი ქალი მოიტაცა.

– რატომ იყო მალიშევი ასე დაინტერესებული ამ პიროვნებით? მის განკარგულებაში იყო იგივე დოსიეები, რომელთა არქივიდან გატანაშიც დაგადანაშაულეს. ელემენტარულად, მას შეეძლო საქმეში სხვა კანონიერი ქურდები ჩაერთო, – შენიშნა პროკურორმა.

– შეეძლო, მაგრამ მას სხვა პიროვნება სჭირდებოდა. მერწმუნეთ, უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთაც არ მეგულება კრიმინალი, რომელიც მასთან დაპირისპირებას გაბედავს. გეგეშიძე თავის სამყაროში უდავო ავტორიტეტია და მასთან დაპირისპირება ძალზე სახიფათოა. ის არ არღვევს კანონიერი ქურდების კოდექსს. მასზე პირდაპირ თავდასხმას კი მხოლოდ თვითმკვლელი თუ გაბედავს. ის მარტო არ არის. გეგეშიძის უკან დგას ძალიან მძლავრი კრიმინალური დაჯგუფება, რომლის საქმიანობის შესახებ უკრაინელ სამართალდამცველებს ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებს კომპანია „ვერშინას“. მათ განკარგულებაშია მრავალმილიონიანი საბანკო ანგარიშები, უძრავ-მოძრავი ქონება უკრაინის ტერიტორიაზე და, მის ფარგლებს გარეთ. მათ ანგარიშს უწევენ და რიგ შემთხვევებში, პირდაპირ ემსახურებიან სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. ესაა უხილავი იმპერია თავისი კანონებით, მკაცრად განსაზღვრული საზღვრებითა და ერთობ ეფექტური არმიით. მერწმუნეთ, კონსტანტინ მიხაილოვიჩ, გეგეშიძის ყოველი განკარგულება უფრო სწრაფად და ეფექტურად აღსრულდება, ვიდრე თქვენი, ან, თუნდაც, რუსეთის „ეფესბეს“ ხელმძღვანელისა!

– ამლაშებ, იგორ. ჩვენ ერთ რიგით კრიმინალზე ვსაუბრობთ და არა არარსებული იმპერიის მმართველ ახლად მოვლენილ ალექსანდრე მაკედონელზე! – უკმაყოფილოდ შენიშნა პროკურორმა.

– პიროვნებამ, რომელსაც თქვენ რიგით კრიმინალად მოიხსენიებთ, „ეფესბეს“ პოლკოვნიკი რიჟკოვი თავხედურად მოკლა გენერალური პროკურატურის წინ! – უპასუხა რიბკინმა.

– ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შენ სიმპათიით ხარ განწყობილი ამ პიროვნების მიმართ, – თქვა პროკურორმა.

– არ დაგიმალავთ, კონსტანტინ მიხაილოვიჩ, – გულწრფელად უპასუხა რიბკინმა, – თქვენ მართალი ხართ. გეგეშიძის ცხოვრების დეტალების გაცნობამ გარკვეული სიმპათია აღმიძრა მის მიმართ. პარადოქსია, მაგრამ, ჩემთვის ცნობილ ყველა შემთხვევაში ის არავის დასხმია თავს, როგორც წესი, ის ყოველთვის თავს იცავდა. მე მას გარემოებათა მსხვერპლად მივიჩნევ!

– შენი აზრით, რიჟკოვის თავხედური მკვლელობისას გეგეშიძე თავს იცავდა?! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა პროკურორმა.

– ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩემი აზრით, რიჟკოვი სრულიად სამართლიანად დაისაჯა. ეს პიროვნება „ეფესბეს“ ოფიცრისთვის სრულიად შეუფერებელი, უფრო მეტიც – აშკარად კრიმინალური საქმიანობით იყო დაკავებული!

– რას გულისხმობ რიჟკოვის კრიმინალურ საქმიანობაში?

– რიჟკოვმა აფხაზეთში კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება შექმნა. დაჯგუფების ბირთვს წარმოადგენდნენ: ჩეჩენი კანონიერი ქურდი გამზათი, აფხაზი კანონიერი ქურდები გუმბა და ჩაჩბა, იორდანიელი ტერორისტი ნეჯეთი. ამ სუბიექტზე დამატებით მოგახსენებთ. ეს ტერორისტი აქტიურად ებრძოდა ფედერალურ ძალებს ჩეჩნეთში. მის ანგარიშზეა რამდენიმე ტერორისტული აქტი, ტყვე სამხედროების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები. ოფიციალურად ის ფედერალურ ძებნაში ირიცხება და, ასეთ ვითარებაში, რიჟკოვმა მას აფხაზეთში სასათბურე პირობები შეუქმნა.

– რა ინტერესი ამოძრავებდა რიჟკოვს? – ჰკითხა პროკურორმა.

– ეს დაჯგუფება ნარკოტრასის შექმნით იყო დაკავებული. ნეჯეთის კავშირებით ჰეროინი ავღანეთიდან ტაჯიკეთში უნდა შემოეტანათ; შემდეგ ნარკოტიკი რუსეთში მოხვდებოდა, რუსეთიდან კი აფხაზეთში. მარშრუტის ამ ნაწილზე გამზათი იყო პასუხისმგებელი – მისი ხალხი უზრუნველყოფდა ჰეროინის ტრანსპორტირებას. აფხაზეთში კი ნარკოტიკებზე გუმბა და ჩაჩბა აგებდნენ პასუხს. მათ ქართველი კრიმინალების მეშვეობით საქართველოში უნდა გაეტანათ ჰეროინი. საქართველოდან თურქეთში და შემდეგ – ევროპაში. არსებული მონაცემები იმაზე მიანიშნებს, რომ რიჟკოვი უბრალოდ კრიმინალურ დაჯგუფებას კი არა, საერთაშორისო ნარკოკარტელს ხელმძღვანელობდა. ნებსით თუ უნებლიეთ, საქმე, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, გეგეშიძემ გააკეთა. მისი და რიჟკოვის დაპირისპირებას მოჰყვა პროცესი, რომელმაც ნარკოტრასის ფუნქციონირება შეაჩერა. დაიღუპნენ ჩაჩბა, გუმბა, ნეჯეთი და მათი დაჯგუფების ათზე მეტი წევრი. მერწმუნეთ, კონსტანტინ მიხაილოვიჩ, გეგეშიძე რომ არა, რიჟკოვი დაუსჯელი დარჩებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვერასოდეს შევიტყობდით ამ ნარკოტრასის არსებობის შესახებ! და თუ რიჟკოვი ცოცხალი დარჩებოდა, ის სხვა კრიმინალებს შემოიკრებდა გარშემო და კვლავ აამოქმედებდა ნარკოტრასას!

– ესე იგი, შენ პროკურატურაში დაბრუნება და ამ საქმის ბოლომდე გამოძიება გსურს?

– არა! – მოკლედ უპასუხა რიბკინმა.

– არა?! – გაუკვირდა პროკურორს, – მაშ, რას მოითხოვ ჩემგან?

– საქმეს თქვენ გამოიძიებთ. მე ვიცი, რომ პროკურატურაში ბევრი საქმის მცოდნე და პრინციპული გამომძიებელია. ჩემი მხრივ კი ყველაფერში დაგეხმარებით.

– მაინც რით დამეხმარები? – დაინტერესდა პროკურორი.

– თავის დროზე მე გრომოვს გარკვეული მონაცემები გადავეცი. ამჟამად გრომოვის მეგობრები ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებენ – მათ თავად სურთ ჟურნალისტის მკვლელობის გარემოებებში გარკვევა. ეს გარემოებები კი პირდაპირ უკავშირდება რიჟკოვისა და მალიშევის საქმიანობას. ისინი უარს არ იტყვიან მოპოვებული მონაცემების გენერალური პროკურატურისთვის გაზიარებაზე.

– პროკურატურაში რატომ არ გსურს დაბრუნება?

– მე საკუთარ თავზე გამოვცადე, რას წარმოადგენს „ეფესბე“. ამ ჯოჯოხეთურ მანქანას ვერავინ შეუშლის ხელს ჩემთვის ანგარიშის გასწორებაში. ვიდრე ეს საქმე საზოგადოების განხილვის საგნად არ იქცევა მშვიდად ცხოვრება არ მიწერია.

– გასაგებია... საქმის გამოძიების შემდეგ ხომ შეძლებ პროკურატურაში დაბრუნებას? – ჰკითხა პროკურორმა.

რიბკინი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მხარე უნდა ავირჩიოთ. არ მინდა ისეთ სამსახურში ყოფნა, სადაც გარკვეულ შეზღუდვებს დამიწესებენ. სხვა სფეროში ვცდი ბედს.

– მაინც რომელ სფეროში?

– ჟურნალისტიკაში... ჩემი გამოცდილების მქონეს, ნებისმიერი მედიასაშუალება მიმიღებს სამსახურში. თუმცა, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველაფერი გამოძიების შედეგზეა დამოკიდებული, – თქვა რიბკინმა.

– კეთილი... გეგეშიძის შესახებ რა აზრისა ხარ? – განაგრძო პროკურორმა.

– ჩემი აზრით, მის მიმართ ძიების შეწყვეტა მოგიწევთ.

– ძიების შეწყვეტა?! – გაუკვირდა პროკურორს, – სწორედ ამის გამო დაუპირისპირდი კრილოვსა და მალიშევს და ახლა ძიების შეწყვეტას მირჩევ?!

– ეს, უბრალოდ, საპროცესო კოდექსის მოთხოვნების აღსრულება იქნება. მე ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და ასეთ დასკვნამდე მივედი: გვამი, რომლითაც უნდა მომხდარიყო გეგეშიძის იდენტიფიკაცია, განადგურებულია. მას შემდეგ გეგეშიძე არსად გამოჩენილა. ანუ არ არსებობს პოროვნება, რომელიც მას პირადად შეხვდა. ამიტომ, ძიება ვერ შეძლებს იმის დოკუმენტურად დადასტურებას, რომ გეგეშიძე ცოცხალია.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, „ეფესბე“ მას ადანაშაულებს ორი კანონიერი ქურდის მკვლელობაში.

– მარჩუკსა და ციგანოვს გულისხმობთ?

– დიახ, – დაუდასტურა პროკურორმა.

– დარწმუნებული ვარ, რომ „ეფესბე“ ამ განცხადებას ვერ გასცდება. მარჩუკი და ციგანოვი მალიშევის ინფორმატორები იყვნენ. ისინი „ეფესბეს“ მითითებით მოქმედებდნენ გეგეშიძის წინააღმდეგ. ჩემთვის უცნობია მათი დაღუპვის გარემოებები, მაგრამ, შემიძლია ვივარაუდო, რომ ისინი ქურდების თავყრილობაზე დახოცეს. გეგეშიძის დოსიე იმაზე მიუთითებს, რომ ის ყოველთვის სასტიკად სჯის ქურდული კოდექსის დამრღვევებს. სავარაუდოდ, მარჩუკმა და ციგანოვმა მასთან დაპირისპირებისას უხეში შეცდომა დაუშვეს და ქურდების თავყრილობაზე თავი ვეღარ გაიმართლეს. შესაძლოა, იმ თავყრილობას „ეფესბეს“ სხვა ინფორმატორებიც ესწრებოდნენ, მაგრამ, ისინი ოფიციალურად არასოდეს დაადასტურებენ, რომ მარჩუკი და ციგანოვი გეგეშიძემ დახოცა – ეს ხომ საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნება.

– უკრაინულ მხარეს მის შესახებ გარკვეული მონაცემების მოწოდება შეუძლია, – თქვა პროკურორმა.

– ცდებით, – სწრაფად უპასუხა რიბკინმა, – უკრაინა არასდროს აღიარებს, რომ ის ცოცხალია. ოფიციალური ვერსიით, გეგეშიძე რამდენიმე წლის წინ დაიღუპა და ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა.

– შენი აზრით, რა მოტივით უნდა შევწყვიტოთ ძიება?

– სამხილების უქონლობის მოტივით. პრინციპში, გეგეშიძის მიმართ ძიების შეწყვეტა თქვენ არაფერში გიშლით ხელს. თუ ძიებამ მის შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვა, თქვენ, ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, ისევ განაახლებთ გამოძიებას. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, მეეჭვება, ეს რომ მოხდეს.

– რატომ? – ჰკითხა პროკურორმა.

– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გეგეშიძე ძალიან დიდხანს აღარ შეგვახსენებს თავს – მან ყველაფერი მიიღო, რაც სურდა. „ნორდსტრიმის“ აქციების საქმეში ჩართვით, ის კიევის ინტერესებს იცავდა. ბუნებრივია, რომ ამით  ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების კეთილგანწყობას დაიმსახურებდა. კიევი მის დევნას შეწყვეტს. უკრაინაში მის დაკავებასა და რუსეთისთვის გადმოცემაზე ხომ საუბარიც არ ღირს – კიევი არასოდეს წავა ამაზე. რჩება რუსეთი. თქვენ რომ რუსეთში მოახერხოთ მისი აყვანა, პროცესები სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდება. მაგრამ, გეგეშიძეს აღარაფერი ესაქმება რუსეთში. მისი ყველა მოწინააღმდეგე მკვდარია, მას კი სრულიადაც არ იზიდავს მძაფრი შეგრძნებები და მაქსიმალურად მოერიდება რუსეთში ჩამოსვლას. გასათვალისწინებელია „ეფესბეს“ ფაქტორიც. ის არასდროს შეურიგდება თავისი მაღალი რანგის ოფიცრების დაღუპვას და არც კიევის უარი შეაჩერებს. „ეფესბე“ ყველაფერს გააკეთებს გეგეშიძის დასასჯელად, მაგრამ, ეს სრულიად სხვა მეთოდით მოხდება და ჩვენ ვერაფერს შევიტყობთ ამის შესახებ!

– შესაძლოა, ეს უკეთესიც კი იყოს.

– შეიძლება, – დაეთანხმა რიბკინი, – გეგეშიძეს შესანიშნავად ესმის, რომ „ეფესბე“ არასდროს დაუშვებს, ის სასამართლოში მოხვდეს და თავადაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს! – რიბკინმა ნოუთბუქი ახლოს მიუწია პროკურორს და ლაპარაკი განაგრძო – რაც შეეხება დოსიეებს, პირობას გაძლევთ, რომ ჩემი და გრომოვის გარდა, ეს მასალები არავის უხილავს. არც მისი ასლი არსებობს და ამის შემოწმება ტექნიკურადაც შეიძლება. თქვენი სპეციალისტები ძალიან იოლად გაარკვევენ, რომ მასალების შენახვის შემდეგ, კომპიუტერზე რაიმე მანიპულაცია არ ჩატარებულა.

– სიტყვაზე გენდობი, – უპასუხა პროკურორმა.

– ეს ყველაფერია, რისი თქმაც მინდოდა, – რიბკინმა მზერა გაუსწორა პროკურორს, – ახლა კი თქვენს პასუხს ველი.

პროკურორი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– კეთილი... პირობას გაძლევ, რომ საქმეს სხვა გამომძიებელს გადავცემ და პირად კონტროლზე ავიყვან!

– თქვენგან სხვა პასუხს არც ველოდი, – თქვა რიბკინმა.

პროკურორმა ფურცელზე ტელეფონის ნომერი დაწერა და რიბკინს მისცა:

– ეს ჩემი მობილურის ნომერია. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია, დამიკავშირდე... და, კიდევ ერთი რამ, იგორ: მაქსიმალურად ფრთხილად იყავი. ხომ ხვდები, რომ შენზე ნამდვილი ნადირობა გაიმართება... ვიდრე ვითარება არ გაირკვევა, ნურავის მისცემ შენი გაჩუმების შესაძლებლობას!..

* * *

ლუკა და ჯაბა ყურადღებით ისმენდნენ ვოვას ნაამბობს, რომელიც იმ დღეს დაბრუნდა კიევიდან.

– ვითარება ასეთია: კლიმის სასტავი რამდენიმე ჯგუფად დაიშალა და ახლა მათ შორის დაპირისპირება იწყება – ყველას თავისი წილის მიღება უნდა კლიმის მემკვიდრეობიდან.

– ვინაა მათ შორის ყველაზე ძლიერი? – ჰკითხა ლუკამ.

– ანტონოვის გჯუფი.

– რა ტიპია? ადრე არასოდეს მსმენია მისი სახელი, – განაგრძო ლუკამ.

– ჩვეულებრივი ბესპრიდელშჩიკია. მერკულოვივით, ისიც ყოფილი სამხედროა. სასტავში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ, მაინც ვერ გაქაჩავს, – თქვა ვოვამ.

– რატომ? – ჰკითხა ჯაბამ.

– კლიმის მემკვიდრეობას ბუცამ დაადგა თვალი. ანტონოვი ვერაფრით დაუპირისპირდება მის ხალხს, სხვებზე ხომ ბაზარიც არ ღირს. ბუცამ ყველას აგრძნობინა, რომ ლაი-ლაის არავის დაუწყებს და ჯიუტებს საქმიდან გასვლა მოუწევთ. კლიმის ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ, როგორც ნათქვამია, ძალა აღმართს ხნავს! თანაც, როგორც ჩანს, ბუცამ პეტრე ტიხონოვთანაც გამონახა საერთო ენა. ტიხონოვი ხომ კლიმის საქმიანი პარტნიორი იყო. ახლა იმავე საქმის ბუცასთან ერთად გაგრძელებას აპირებს.

– ბუცა ნაგლობს – იმას ეპოტინება, რაც მას არ ეკუთვნის, – ცივად ჩაილაპარაკა ლუკამ.

– რას გულისხმობ? – გახედა ჯაბამ.

– ვისაც თევზი უყვარს, უკანალის დასველებისაც არ უნდა ეშინოდეს! ბუცას ტრაკის გაუნძრევლად უნდა კრეშჩატიკზე მოჯდომა. მე ვიცი, რომ თავის დროზე გუსმანმა მას შესთავაზა კლიმთან დაპირისპირება. სტავკა იგივე იყო: აქციების პაკეტი, პლუს – კლიმის მემკვიდრეობა. მაგრამ, ბუცამ უარი თქვა. მას, უბრალოდ, შეეშინდა კრეშჩატიკელებთან დაპირისპირების. განზე გადგომა ამჯობინა და გუსმანს ჩვენთან დაკავშირება ურჩია. კლიმი ჩვენ გავიყვანეთ საქმიდან; როგორ, – ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სიტყვა ჩვენ ვთქვით და, ამ დროს, ბუცამ სუფრის თავში დაჯდომა მოინდომა. ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ რა ადგილს დაიკავებს იმ სუფრასთან. ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხში ბუცა არ იქნება, – ლუკა წამით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო, – ვოვა, შენს ხალხთან ერთად კიევში უნდა დაბრუნდე.

– რისთვის?

– კლიმის ხალხს უნდა შეხვდე. ერთად მოუყარე თავი და ჩემი დანაბარები გადაეცი. უთხარი, რომ მფარველობას ვპირდებით. ამის სანაცვლოდ კი ერთმანეთში ჭიდაობას შეწყვეტენ და ობშჩიაკის შევსებაზე იფიქრებენ. თუ ამას შეასრულებენ, ბუცა მათ ვერ შეეხება.

– ბუცა არ მოითმენს, მას განსაკუთრებით აღიზიანებს კიევში ჩვენი გამოჩენა, – თქვა ვოვამ.

– მაშინ, მასაც მოუწევს საქმიდან გასვლა, – უპასუხა ლუკამ.

– რისთვის უნდა ვეფეროთ იმ ნაბიჭვარს? ბაზარი არაა, მე თვითონ ჩავალ კიევში და... – ბრაზით წამოიწო ჯაბამ, მაგრამ ლუკამ არ დაასრულებინა:

– არა!.. – თქვა სწრაფად, – ვიდრე ბუცა ქურდის სახელს ატარებს ვერავინ შეეხება. მე წოდებას ვცემ პატივს და არა პიროვნებას!

– ტიხონოვზეც უნდა ვიფიქროთ.  კიევში გადაბარგებით მასთანაც მოგვიწევს დაპირისპირება, – ჩაურთო ვოვამ.

– კიევში გადაბარგებას არ ვაპირებ. თავი და თავი ბუცაა. ის დღესაც უკავშირდება ქურდებს და ჩვენთან რუსულ დოსიეებზე ბაზარის აწევას სთხოვს! – თქვა ლუკამ.

– თვითონაც ხომ არ არის იმ სიაში?! – იკითხა ჯაბამ.

– არა... მაშინ სხვანაირად დაიჭერდა თავს.

– აბა, რატომ იბრძვის იმ დოსიეებისთვის?

– ადვილი მისახვედრია. წარმოიდგინე, რამდენი მასკიანი ნაბოზარი აღმოჩნდება მის ხელში. ბუცა მათი სულების მფლობელად იქცევა და ხელს მოაწერინებს ყველაფერზე, რაზეც კი მოისურვებს, – უპასუხა ლუკამ, – ბინძური ბაზარია. ქურდი კაცის საქმე არ არის მასკიანების დოსიეებში ქექვა, ამაში სახელმწიფო პროკურორებს უხდის ხელფასს. ქურდმა კაცმა კი საქციელით, სიტყვით უნდა გაშიფროს ნაბოზარი!.. ბუცამ ძალიან მაღლა მოინდომა აფრენა. ასეთ სიმაღლეზე კი ძალიან ძნელია თავის შენარჩუნება. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბუცა თავად წამოვიდეს კონფლიქტზე. როცა მას საქმიდან გავიყვანთ, მის სასტავსა და ობშჩიაკს კი ჩვენი კაცი ჩაიბარებს!

– მაგალითად, ვინ? – ჰკითხა ვოვამ.

– კოპაძე!..

– კოპაძე?! – გაუკვირდა ჯაბას, – ის ხომ ბუცას სასტავშია!

– ვიცი და ეს ჩვენთვის მომგებიანია, – განაგრძო ლუკამ, – ბუცა ანგარიშგასაწევი ძალაა. მისი სასტავი ასე იოლად არ შეეგუება მის წასვლას, გარეშე კაცს კი საერთოდ არ მიიღებს. ბავშვობაა იმაზე ფიქრი, რომ ბუცას ჩვენი წრის კაცით ჩავანაცვლებთ. ამ შემთხვევაში კოპაძე ჩვენთვის ყველაზე კარგი ვარიანტია: კიევში ახალი კაცია. დიდი საახლობლო არ ჰყავს. ბუცას გვერდით მუდამ ჩრდილში იყო მოქცეული, მაგრამ, სასტავში პატივს სცემენ და მის სიტყვას ანგარიშს უწევენ. ბუცას წასვლის შემდეგ სასტავს არ გაუჭირდება მასთან შეგუება. მეორე მხრივ კი, კოპაძეს მუდმივად ემახსოვრება, რომ ჩვენი ჩარევის გარეშე სასტავსა და ობშჩიაკს ვერ მიიღებდა. ემახსოვრება და ყველაფერში გაითვალისწინებს ჩვენს აზრს. მის სასტავს კლიმის ხალხი გააწონასწორებს. ოფიციალურად მათ საქმეებს კოპაძე მიხედავს, მაგრამ, კლიმის ხალხი გააკეთებს იმას, რასაც ჩვენ მოვთხოვთ. ბუცას სასტავს კი ეცოდინება, რომ, თავს თუ წამოყოფენ, ჯერ კრეშჩატიკელებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, შემდეგ კი – ჩვენთან.

– წამოვლენ კრეშჩატიკელები ამაზე? – იკითხა ჯაბამ.

– ჰო... ეგეც საფიქრალია, – ჩაურთო ვოვამ, – რაც არ უნდა იყოს, მოსისხლე მტრებად მივაჩნივართ!

– მთლად ეგრეც არ არის საქმე, – უპასუხა ლუკამ, – სასტავი უკმაყოფილო იყო კლიმის გადაწყვეტილებებით. ბევრს არ მოსწონდა „ეფესბეს“ განკარგულებების შესრულება. ანდა, ჩვენ რაში უნდა დაგვადანაშაულონ?  საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ცოფიანი ძაღლებივით ამოხოცეს ერთმანეთი. მე თავიდანვე შევთავაზე მერკულოვს ყველაფრის მშვიდად მოგვარება. სასტავი წინააღმდეგი არ იყო, თუმცა, კლიმმა არაფერი შეისმინა. ახლაც მივცემთ შანსს, მაგრამ, ძველ პირობებზე ბაზარი აღარ იქნება. კლიმის ხალხს ასე დაუყენებ საკითხს: ვინც არ გამოგვყვება ჩვენ, გაჰყვება კლიმს!..

– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ვოვამ, – მაგრამ, რა მოვუხერხოთ ტიხონოვს? ის ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ თავის სიახლოვეს არ დაგვინახოს.

– ცოტა ხნის წინ ტიხონოვი მართლაც ძალას წარმოადგენდა, მას გუსმანიც კი უწევდა ანგარიშს. მაგრამ, მალიშევისა და „ეფესბეს“ მხარდაჭერის გარეშე, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, – უპასუხა ლუკამ, – ვასილიჩმა ბევრი რამ გაარკვია მის შესახებ. ახლო მომავალში მას თანამდებობიდან გაუშვებენ – მას მაინც არ აპატიეს „ნორდსტრიმის“ საქმე. მართალია, საბოლოოდ, უკრაინულ პროექტს დაუჭირა მხარი, მაგრამ, რა ფასად – რამდენი ადამიანი შეიწირა მისმა ავანტიურამ?! ის, რომ მალე უმუშევარი დარჩება, ტოხონოვმაც კარგად იცის. ამიტომაც ცდილობს ბიზნესში დამკვიდრებას და სხვა გამოსავალი არცა აქვს. „ნორდსტრიმის“ საქმის ჩაფლავების შემდეგ, რუსეთში აღარ ჩაესვლება და როგორმე უკრაინაში უნდა გაიდგას ფესვები. მაგრამ, აღარ ჰყავს კლიმი და მისი საძმო და ამიტომაც დაუახლოვდა ბუცას. მისი ხელით სურს კლიმის ხალხის მოთოკვა. ამას ნაღდად მოახერხებს, მაგრამ, ჩვენ ვერ დაგვიპირისპირდება – თანამდებობისა და „ეფესბეს“ მხარდაჭერის გარეშე ტიხონოვი პარკეტზე გაზრდილი ერთი ჩვეულებრივი სირია!..

კლიმის დაღუპვის შემდეგ ღამის კლუბმა „ვეგასმა” დროებით შეწყვიტა მუშაობა, რაც კლიმის მიერ შექმნილი მართვის მექანიზმის მოუქნელობის ბრალი იყო. ის არავის ენდობოდა და, როგორც წესი, უშუალოდ წარმართავდა კომპანიის ბიზნესსაქმიანობას. მისი დაღუპვის შემდეგ კი კომპანიაში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც საქმის მართვას საკუთარ თავზე აიღებდა. კომპანიის აქციების წილი, კლიმის ოჯახის წევრებს ერგოთ. მაგრამ, მათ აღარ იზიდავდათ სკანდალურად ცნობილი ღამის კლუბი და ისინი თანახმა იყვნენ კუთვნილი წილის გაყიდვაზე. მაგრამ, ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საქმე ის იყო, რომ აქციების წილს ტიხონოვი ფლობდა, რომელსაც სამომავლოდ ბიზნესსაქმიანობის უცნობ პარტნიორთან გაგრძელება არ სურდა. ის კლიმის ოჯახის წევრებს აქციებში იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას სთავაზობდა, ვიდრე მათ სურდათ, მიეღოთ. ყოველივე ეს კი „ვეგასის” მუშაობის შეჩერების მიზეზად იქცა. ოდესღაც ხმაურიანი ღამის კლუბი მდუმარებაში ჩაიძირა და იქ მხოლოდ „კრეშჩატიკელთა” ის ნაწილი იყრიდა თავს, რომელიც თავის ახალ ლიდერად ანტონოვს აღიარებდა.

ანტონოვი აუჩქარებლად წრუპავდა კოქტეილს და მომავლის განჭვრეტას ცდილობდა. მისი აზრით, ხვალინდელი დღე კარგს არაფერს უქადდა. ის ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც კლიმს უარი შეჰბედა მალიშევის დავალებების შესრულებაზე. ანტონოვი დარწმუნებული იყო, რომ შურისმაძიებლობით ცნობილი „კრეშჩატიკელთა” ლიდერი ამას არ აპატიებდა, ამიტომ, დროზე გაერიდა კიევს და უკან მხოლოდ კლიმის დაღუპვის შემდეგ დაბრუნდა. იმ დროისთვის ყველაფერი დამთავრებული იყო: კლიმი და მერკულოვი ცოცხლები აღარ იყვნენ. „კრეშჩატიკელთა” ნაწილმა, მთავრობის მიერ რეპრესიების გატარების მოლოდინში, რუსეთს შეაფარა თავი. კიევში დარჩენილები კი სრულ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ. არავინ იცოდა რა იქნებოდა ხვალ. „კრეშჩატიკელები” ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კლიმის დაღუპვით მათ დაკარგეს კავშირები მთავრობის იმ წევრებთან, რომლებიც მათ მფარველობდნენ. ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ანტონოვი ამ შემადგენლობიდან იცნობდა, ტიხონოვი იყო, მაგრამ, ის უშუალოდ იყო ჩართული „ნორდსტრიმის“ საქმეში და ანტონოვმაც სწორედ მისი და მალიშევის ბრძანებების შესრულებაზე უთხრა უარი კლიმს. ბუნებრივია, ამის შემდეგ ტიხონოვი მასთან ურთიერთობას აღარ მოისურვებდა და ასეთ ვითარებაში ანტონოვს „კრეშჩატიკელთა” შეკოწიწება და წარსული ძლიერების აღდგენა შეუძლებლად ეჩვენებოდა. დანარჩენი კი დროის ამბავი იყო: კონკურენტი დაჯგუფებები მალე ისარგებლებდნენ „კრეშჩატიკელთა” დასუსტებით და დაიწყებოდა ტერიტორიის გადანაწილება. იმ ორმოცდაათიოდე „მებრძოლით”, რომელთა შეგროვებაც შეძლო, ანტონოვი ვიღაცის მოგერიებას მოახერხებდა, მაგრამ, ეს არაფერს შეცვლიდა. ადრე თუ გვიან, მაინც გამოჩნდებოდა ვინმე, ვისაც „კრეშჩატიკელები” ვერაფერს დაუპირისპირებდნენ და სამუდამოდ დატოვებდნენ ასპარეზს.

ასეთი ადამიანი იმაზე მალე გამოჩნდა, ვიდრე ანტონოვი ელოდა...

ბუცას ხალხი უცერემონიოდ შეიჭრა „ვეგასში” და ანტონოვს გაყოლა უბრძანა.

– სად? – ჰკითხა მან.

– იქ გაიგებ! – მოკლედ მოუჭრეს მათ.

ანტონოვმა თავის ხალხს გახედა. ისინი მის ნიშანს ელოდნენ თავხედების დასასჯელად. „კრეშჩატიკელებსა” და ბუცას ხალხს ერთმანეთთან არასოდეს ჰქონიათ კარგი ურთიერთობა, თუმცა,  კონფლიქტიც არასდროს მოსვლიათ. უბრალოდ, ორივე მხარე მკაცრად იცავდა უხილავ საზღვარს, რომელიც მათ შორის არსებობდა. ბუცა მათ საქმეებში არ ერეოდა და არც „კრეშჩატიკელები” აწუხებდნენ კანონიერ ქურდს. მაგრამ, ახლა ეს საზღვარი ბუცას მხრიდან იყო დარღვეული და „კრეშჩატიკელებს” შესაბამისი პასუხი უნდა გაეცათ.

– კარგი, წავიდეთ... – ანტონოვმა ჟესტით ანიშნა თავის ხალხს, არაფერი მოიმოქმედოთო. მისთვის გასაგები იყო, რომ ბუცას მასთან საუბარი სურდა. „ვეგასში” თავხედური შეჭრა კი მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებდა: კანონიერი ქურდი აგრძნობინებდა, რომ ამიერიდან პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა და ის უყოყმანოდ უნდა შესრულებულიყო.

ბუცა კიევის გარეუბანში, გზის პირას მდებარე რესტორანში შეხვდა ანტონოვს. კუპეში სუფრა მხოლოდ ორ კაცზე იყო გაწყობილი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მასპინძელს პირისპირ სურდა ანტონოვთან საუბარი.

ანტონოვი მიპატიჟების გარეშე მიუჯდა სუფრას, ბუცას სახეში შეხედა და ჰკითხა;

– რისთვის გინდოდა ჩემთან შეხვედრა?

– ნუ ფაფხურობ! – ცივად უპასუხა ბუცამ, – ქურდს ელაპარაკები, პროკურორს კი არა!

– შენ კარგად იცი, რომ მე არ მაინტერესებს თქვენი ქურდული ფილოსოფია!

– დღეიდან დაგაინტერესებს! – განაგრძო ბუცამ, – ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. რა ხდება კრეშჩატიკზე?

– განსაკუთრებული არაფერი. მართალია ბოლო ხანებში რაღაც-რაღაცები შეიცვალა. მაგრამ, რა ვუყოთ, ცხოვრება გრძელდება. წარსულზე ტირილს მომავალზე ფიქრი ჯობია, – უპასუხა ანტონოვმა.

– მორჩი, ანტონ, – მეტსახელით მიმართა ბუცამ, – რამდენიც არ უნდა იფიქროთ, თქვენს ბრიგადას მომავალი აღარ აქვს!

– მაგას დრო გვიჩვენებს! – არ შეეპუა ანტონოვი.

– დრო, რომელიც შენ არ გაქვს!.. თქვენთან დიდ ბაზარს არ ვაპირებ, ყველაფერი აქვე უნდა გადაწყდეს!

– რა გინდა? – ჰკითხა ანტონოვმა.

– ღიად ვილაპარაკოთ: შენ კარგად იცი, რომ კლიმთან არასდროს მომსვლია კონფლიქტი. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ეს ბაზარიც არ შედგებოდა, მაგრამ, როგორც შენ ამბობ, წარსულზე ტირილს მომავალზე ფიქრი სჯობია, მომავალი კი ასეთია: კლიმისა და მისი კავშირების გარეშე თქვენ ვერ გაქაჩავთ...

– გაგვიჭირდება, მაგრამ, გულხელდაკრეფილებიც არ ვაპირებთ ჯდომას! – შეაწყვეტინა ანტონოვმა.

– ნუ იპრანჭები! – შეუბღვირა ბუცამ, – მე გადარჩენის გზას გთავაზობ. შემიძლია, გვერდზე გავდგე და მშვიდად ვადევნო თვალი, როგორ იომებ რომელიმე კიევურ ბესპრედელურ ბრიგადასთან და შემდეგ წამოვკრიფო თქვენი ნარჩენები, მაგრამ, მე კიევში მეორე ომს არ დავუშვებ. კლიმს ისედაც ზედმეტი მოუვიდა.

– პირდაპირ მითხარი, რას მთავაზობ? – ჰკითხა ანტონოვმა.

– ასე ჯობია, – ბუცამ ჭიქები კონიაკით შეავსო და ახლოს მიუწია, – მე არ დავშლი თქვენს სასტავს – დარჩით ისე, როგორც აქამდე იყავით. უფრო მეტიც, ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებით. თქვენს ტერიტორიასა და ბიზნესს ვერავინ გაეკარება.

– ტიხონოვი?.. ის კლიმის მოწილე იყო და როგორ შეხვდება ამ ამბავს?

– ტიხონოვთან მე მოვაგვარებ ურთიერთობას.

– და რას ითხოვ სანაცვლოდ? – ჰკითხა ანტონოვმა.

– ორმოცდაათ პროცენტს!.. ტიხონოვი თავის წილს მიიღებს – ის კომპანიის აქციონერია. დანარჩენი მოგება კი შუაზე გატყდება!.. რა არ მოგწონს?! – ხმას აუწია ბუცამ, როგორც კი ანტონოვის უკმაყოფილო მზერა შენიშნა.

– ბევრია... კაპიკებზე გინდა გვამუშაო?! – თქვა მან.

– თქვენ ძალიან დიდხანს არიდებდით თავს გადასახადებს! – ხაზგასმით წარმოთქვა ბუცამ, – ჩათვალე რომ დაჯარიმებული ხართ!

– ჩემი ხალხი არ წავა ამაზე!

– ეს უკვე შენი მოსაგვარებელია, მე არ ვაპირებ შენს ხალხთან ბაზარს. პირობები გითხარი. მოელაპარაკე შენს ხალხს და შემდეგ დამიკავშირდი!.. ერთი რამ გაითვალისწინე, ანტონ: უპირველესად, თქვენს ინტერესებშია ჩემთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ერთმანეთს თუ ვერ გავუგეთ, მეორედ სხვა ადგილასა და სხვა პირობებში მოგიწევს ჩემთან ბაზარი! – დაასრულა ბუცამ და კონიაკის ჭიქას მისწვდა.

იმ შეხვედრის შემდეგ სამი დღე იყო გასული. ანტონოვმა წინასწარ იცოდა, რომ მისი ხალხი ასეთ პირობებს არ დასთანხმდებოდა და ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩენოდათ. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული თუ როდის და როგორ დარტყმას მიაყენებდა მათ ბუცა.

– ანტონ... – ანტონოვი ფიქრებს „ვეგასის” ერთ-ერთი მცველის ხმამ მოსწყვიტა, – შენი ნახვა უნდათ.

– ვის?

– აზრზე არ ვარ, ვიღაც ტიპია. გარეთ სხვებიც ელოდებიან. რამდენი არიან, არ ვიცი. კლუბის წინ ოთხი მანქანა დგას.

– ბუცას ხალხია!.. – წამოიძახა ანტონოვმა და ელვის სისწრაფით მოიმარჯვა პისტოლეტი.

– არა... – თქვა მცველმა, – იმათ ვიცნობთ. ეს სხვა ხალხია.

ანტონოვმა „კრეშჩატიკელებს” ანიშნა, მზად იყავითო და შემდეგ მცველს უბრძანა, მოიყვანეო.

ორიოდ წუთში მცველმა დარბაზში შუახნის, ტანმაღალი მამაკაცი შემოიყვანა. ანტონოვს ნაცნობად ეჩვენა მისი სახე, ოღონდ, ვერ გაიხსენა სად და რა ვითარებაში შეხვედროდა მას.

– ეს გეგეშიძის პადელნიკია, მასთან ერთად იყო მოსული „ვეგასში”, – ჩასჩურჩულა ერთ- ერთმა მცველმა.

ამასობაში მამაკაცი მის პირისპირ შედგა და მიესალმა.

– ვინ ხარ? – დაძაბული ხმით ჰკითხა ანტონოვმა. ის ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო გეგეშიძის „პადელნიკის” „ვეგასში” გამოჩენა.

– თქვენს დაწესებულებაში ასე იღებენ სტუმრებს? – მშვიდად ჰკითხა ვოვამ.

– ალბათ, ვერ შენიშნე, რომ დაწესებულება დაკეტილია! – უპასუხა ანტონოვმა.

– კარგია... ასე უფრო მშვიდ ვითარებაში ვისაუბრებთ. გავიცნოთ ერთმანეთი – მე „ჩუმას” მეძახიან.

„ჩუმა”... – ელვასავით დაურბინა ანტონოვს. მას ადრეც სმენოდა ეს სახელი და იცოდა, რომ ის გეგეშიძის დაჯგუფების ერთ-ერთი საშიში წევრი იყო.

– აქ ვილაპარაკოთ? – ვოვამ დარბაზს მოავლო თვალი.

– რატომაც არა. შეგიძლია, მაგიდა ამოირჩიო. ყველა თავისუფალია.

ვიდრე ვოვა მაგიდას მიუჯდებოდა, ანტონოვმა ბარიდან ვისკის ბოთლი მოიტანა, მის პირისპირ ჩამოჯდა, ჭიქები შეავსო და მოსასმენად მოემზადა.

– როგორც ვხედავ, კარგი დრო არ გიდგათ, – ვოვამ აუჩქარებლად მოსვა ვისკი.

– არა... უბრალოდ, სანიტარული დღე გვაქვს, – გამომწვევად უპასუხა ანტონოვმა.

– დღე თუ კვირა? – ვოვამ ზუსტად შეახსენა, რამდენი ხნის დახურული იყო ღამის კლუბი.

– არა მგონია, მაგის გასარკვევად იყო მოსული...

– პრინციპში, ესეც მაინტერესებს... მე ერთხელ უკვე ვიყავი თქვენს კლუბში. მომეწონა აქაური ატმოსფერო და, მინდა, რომ ისევ ამუშავდეთ. რაა ამისთვის საჭირო?.. თქვი, იქნებ შევძლოთ თქვენი დახმარება, – უპასუხა ვოვამ.

– ვისი სახელით მელაპარაკები?

– შენით ვერ ხვდები?

– გეგეშიძის! – თქვა ანტონოვმა.

– ლუკამ ერთხელ უკვე შემოგთავაზათ მშვიდობა, მაგრამ კლიმმა არაფერი შეისმინა. როგორც ვიცი, მაშინ შენ მშვიდობის მომხრე იყავი და ამის გამო უთანხმოებაც კი მოგივიდა მასთან, – განაგრძო ვოვამ, – ეს მართლა ასე იყო?

– ასე იყო, – დაუდასტურა ანტონოვმა.

– ლუკა იმავეს გთავაზობთ და, ამასთან ერთად – დახმარებასაც.

– რაზე გვატყობ, რომ თქვენი დახმარება გვჭირდება? – ჰკითხა ანტონოვმა.

– ამ სანიტარული დღით თუ ვიმსჯელებთ, ბუცასთან და ტიხონოვთან საერთო ენა ვერ გამოგინახავთ, – შენიშნა ვოვამ.

ანტონოვმა დუმილით უპასუხა – ის არ აპირებდა ვოვასთან ბუცასთან შეხვედრის დეტალების განხილვას.

– მოდი, ალალად ვიბაზროთ: მე ვიცი, რომ ბუცა უკვე შეგხვდა. იმასაც ვხვდები, რასაც შემოგთავაზებდა, მაგრამ, მაინც შენგან მინდა ამის მოსმენა... მაინც, რამდენი მოგთხოვა ბუცამ?

– ორმოცდაათი პროცენტი, – ყრუდ ჩაილაპარაკა ანტონოვმა.

– ოჰო! თუმცა, დედაქალაქში ხომ ყველაფერი უფრო ძვირია!.. – გაეცინა ვოვას, – თქვენ გაწყობთ ასეთი სტავკა?

– არა... ბუცას ფული თუ სჭირდება, თვითონ იშოვოს. ჩვენ მის რჩენას არ ვაპირებთ.

– გამოდის, რომ მართლაც გქონიათ პრობლემები!

– მე კი მგონია, რომ ბუცას აქვს პრობლემები! – უპასუხა ანტონოვმა.

– მოდი, არ გვინდა საპირველმაისო ლოზუნგები. თქვენი დღევანდელი მდგომარეობით ბუცას ვერ დაუპირისპირდებით – მისი ხალხი გადაგთელავთ.

– თქვენ უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებთ? – ჰკითხა ანტონოვმა.

– ჩვენ პროვინციალები ვართ და დიდ სტავკებს არ დავდევთ, მცირედითაც ვკმაყოფილდებით.

– და, რამდენია თქვენთვის ეს მცირედი?

– თქვენი შემოსავლის ოც პროცენტს შეიტანთ ობშჩიაკში. ყველა სერიოზულ გადაწყვეტილებას შეათანხმებთ ჩვენთან და ამისთვის მიიღებთ ჩვენს მხარდაჭერას. პრობლემებს მოგიგვარებთ მთავრობასთანაც.

– სულ ეს არის? – უნებურად წამოსცდა ანტონოვს.

– სულ ეს არის.

ანტონოვმა თავის ხალხს გახედა. ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და მათი საუბრიდან არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვიათ. მათმა გამომეტყველებამ მიახვედრა, რომ ასეთი პირობები ყველასთვის მისაღები იყო.

– რა მოვუხერხოთ ბუცასა და ტიხონოვს? – თანამოსაუბრეს მიუბრუნდა ანტონოვი, – ისინი არ მოგვეშვებიან!

– შენ ჯერ არ გითქვამს, წამოხვალთ ამ პირობებზე თუ არა.

– ჩვენს საქმეებში არ ჩაერევით?

– ჩავერევით... თქვენ აღარ გექნებათ საქმეების კლიმის მეთოდებით წარმოების უფლება. არავითარი სროლა, არავითარი აფეთქებები. პალაჟენიის გაფუჭებისთვის ნებისმიერს მკაცრად დავსჯით. თუ პრობლემები შეგექმნებათ, დაგვიკავშირდებით ჩვენ, დანარჩენში კი სრულიად თავისუფლები იქნებით.

– მოსულა, – ანტონოვმა მარჯვენა გაუწოდა ვოვას.

– კეთილი. ესე იგი, შევთანხმდით, – განაგრძო ვოვამ, – ახლა, რაც შეეხება ბუცასა და ტიხონოვს: ეს თქვენთვის პირველი გაკვეთილი იქნება. ჩავთვალოთ, რომ თქვენ გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, ჩვენთან მოხვედით და დღეიდან ეს ჩვენი პრობლემაა. მაგრამ, შენ ერთი რაღაც უნდა გააკეთო ჩემთვის.

– რა? – სწრაფად ჰკითხა ანტონოვმა.

– დაუკავშირდი ბუცას. უთხარი, რომ ვერ შეთანხმდით და, თუ მას რამის გარკვევა უნდა, ხარკოვში ჩუმას დაუკავშირდეს!

ანტონოვმა გამომცდელად შეხედა, შემდეგ ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა ბუცას ნომერი. 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3