კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

აჩქარება მკვლელია

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ, დილით, როცა ქმარი სამსახურში გააცილა და ბაღში ყვავილებს რწყავდა, ალექსმა ქმრის უბის წიგნაკი იპოვა, სადაც მარტინი ჩანაწერებს აკეთებდა ხოლმე. ალექსი სამი თვის გათხოვილი იყო და თავს ბედნიერად გრძნობდა. ქმარი ძალიან უყვარდა. მართალია, დაქორწინებამდე მხოლოდ ორი კვირა იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ის მაშინვე მოიხიბლა ამ მამაკაცით. მანამდე თითქმის ექვსი წელი ხვდებოდა თავის თანამშრომელს, ბილი სტივენსონს. ბილი სულ უმტკიცებდა, რომ ძალიან უყვარდა, მაგრამ, დაქორწინებაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ალექსი ამას იმით ხსნიდა, რომ მათი შემოსავალი ოჯახის შესანახად საკმარისი არ იყო. მერე უცებ ალექსის შორეული ნათესავი გარდაიცვალა და, სრულიად მოულოდნელად, ქალს მემკვიდრეობა დაუტოვა. თანხა ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ, ერთი სახლის ყიდვასა და ოჯახის მოწყობას თავისუფლად ეყოფოდა. ალექსმა ეს სასიხარულო ამბავი მაშინვე აცნობა ბილის, რაც, ფაქტობრივად, წინადადებას ნიშნავდა, მაგრამ კაცი არ აღფრთოვანებულა – მისთვის მიუღებელი იყო ცოლის ხარჯზე ცხოვრება. ალექსს ლამის დეპრესია დაეწყო და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მარტინი – სიმპათიური და მტკიცე ხასიათის მამაკაცი, რომელმაც სამ დღეში სიყვარული აუხსნა, ორ კვირაში კი დაქორწინდნენ და ვინდიფორდის საგრაფოში ულამაზესი პატარა სახლი შეიძინეს. ერთადერთი ნაკლი ამ სახლს ის ჰქონდა, რომ დაბას საკმაოდ იყო მოშორებული და მეზობლები პრაქტიკულად არ ჰყავდათ.  მაგრამ ალექსი ამას არ შეუწუხებია. ის თავით გადაეშვა საოჯახო საქმეებში: ხან სამზარეულოში ფუსფუსებდა და მეუღლეს გემრიელ კერძებს ახვედრებდა, ხან ულამაზეს ბაღს უვლიდა. მის ბედნიერებას ჩრდილი მხოლოდ ორჯერ მიადგა და მიზეზი ორჯერვე ბილი იყო, რომელმაც დაურეკა და საყვედურებით აავსო: როგორ გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი იცოდი, იქნებ მკვლელი ან ყაჩაღია... თაღლითი და მანიაკიო... ჩემი ამდენი წლის სიყვარული როგორ უარყავი, ცუდ დღეში ვარ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, სხვაზე ვერაფერზეო... ალექსს ეს ამბავი ქმრისთვის არ უთქვამს, მაგრამ, აფორიაქდა... რამდენჯერმე გაახსენდა ფრაზა – როგორ გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც არაფერი იცოდიო და, მიუხედავად იმისა, რომ მარტინის საქციელში არაფერი იყო საეჭვო, მაინც უსიამოვნო განცდა დაეუფლა. მართლაც, რა იცოდა ქმრის წარსულზე? სრულიად არაფერი. არადა, 43 წლის მამაკაცის ცხოვრებაში აუცილებლად იქნებოდნენ სხვა ქალები. რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა იმ ქალებზე ეჭვიანობა, მაგრამ, იქნებ მათზე ქმრისთვის რაღაც მაინც უნდა ეკითხა?! და, უცებ – ეს წიგნაკი... ალექსმა გადაშალა და პირველივე ჩანაწერი წაიკითხა: „სახლის არენდა – ათასი ფუნტი, ათასი ფუნტი დანაზოგი – პოზიტივია“. ალექსი შეფიქრიანდა. რა დანაზოგზე იყო ლაპარაკი? ქმარმა უთხრა, რომ სახლში ორი ათასი ფუნტი გადაიხადეს. ეს მისი ფული იყო, რომელიც ქმარს ანდო... ხელები აუკანკალდა. შემდეგი ფურცელი გადაშალა – ისევ ციფრები და ჩანაწერები, გაუგებარი თარიღები და უცებ, მომავალი დღის რიცხვი და დრო – საღამო, 9 საათი. ეს რაღას უნდა ნიშნავდესო, – შეიფქრიანდა, – ნეტავი, რისი გაკეთება უნდა ხვალ საღამოს ჩემს ქმარსო. ან, ეს ციფრები რას ნიშნავდა? ზოგიერთს გვერდით ეწერა: „დანაზოგი“, ზოგს – „პოზიტივი“... ალექსი კედელს მიეყრდნო. აშკარად რაღაც ხდებოდა. ინტუიცია გაუაქტიურდა... შინაგანი ხმა თითქოს განგაშის ზარებს რეკავდა... უცებ, გაიგონა, ვიღაც ეძახდა. მათი მებაღე აღმოჩნდა – სასიამოვნო მოხუცი, რომელიც მათთან შაბათობით მოდიოდა ხოლმე. დღეს კი სამშაბათი იყო. გაკვირვებული მივიდა და ნაძალადევად გაუღიმა.

– როგორ მეწყინა, რომ აქ აღარ იცხოვრებთ, მისის. თქვენი ქმარი დაბაში შემხვდა და მითხრა, რომ ლონდონში გადადიხართ საცხოვრებლად, სახლს კი ყიდით. ჰოდა, ვიფიქრე, რადგან ხუთშაბათს უკვე მიემგზავრებიან, მივალ და ბაღს მოვაწესრიგებ, ახალ მობინადრეებს ყველაფერი ლამაზად რომ დახვდეთ-მეთქი. მყიდველების ამბავი ხომ იცით, ყველაფერს აკვირდებიან.  საკმაოდ დაბალი ფასი გადაიხადა – ათასი ფუნტი. ორმაგად კი გაყიდით, მაგრამ, მე მაინც გული მწყდება.

ალექსი გაოგნდა:

– ჩემმა ქმარმა გითხრათ, რომ სახლს ვყიდით და ლონდონში გადავდივართ? ეს მარტინმა თქვა?

– დიახ, მემ... არადა, ისე შეგეჩვიეთ, ეს სახლიც მიყვარს. აქ ყოველთვის კარგი ადამიანები ცხოვრობდნენ, – განაგრძო მოხუცმა ისე, რომ ქალის გაფითრებული სახე არც შეუნიშნავს.

– დარწმუნებული ხართ, რომ არაფერი გეშლებათ? მგონი, ამ სახლშიც ორი ათასი ფუნტი გადავიხადეთ.

– რას ბრძანებთ, მემ. მე კარგი მახსოვრობა მაქვს, მიუხედავად ჩემი ასაკისა. სახლის ფასიც ზუსტად ვიცი. მე თავად ვიყავი მოწმე, როცა თქვენმა მეუღლემ ძველ მეპატრონეს თანხა გადასცა. გამიკვირდა კიდეც, ასე იაფად როგორ მოურიგდა-მეთქი...

ალექსს სმენა დაეხშო და ყურებში თითქოს ზარებმა დაიწყეს რეკვა. მუხლებში სისუსტე იგრძნო. მებაღისთვის არაფერი უთქვამს და გადაწყვიტა, იმ საღამოსვე დალაპარაკებოდა ქმარს...

მარტინის რეაქცია წარმოუდგენელი იყო. როგორც კი ალექსმა ჰკითხა, რატომ უთხარი მებაღეს, რომ ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლადო, კაცი ჭარხალივით გაწითლდა, თვალებში ბოროტი ნაპერწკალი გაუჩნდა და შეშლილივით წამოხტა ფეხზე:

– სად, სად ნახე მებაღე? ჩუმად დაბაში იყავი, ხომ?! ჩემს დაუკითხავად წახვედი... საინტერესოა, რას იძიებდი, კიდევ რა გაიგე? როგორ არ გრცხვენია, რომ ვიღაც გამოშტერებულ მოხუცს ენდობი და საკუთარ ქმარს არა, რომელსაც ასე უყვარხარ?!

 – მარტინ, რა დაგემართა, ასე რამ გადაგრია? მე შენ გენდობი. არც დაბაში ვყოფილვარ და არც არაფერი გამომიკითხავს. უბრალოდ, კითხვა გაჩნდა და დავინტერესდი. ამაში საშინელებას რატომ ხედავ?!

– შენ არ მენდობი... დილას ჩემი უბის წიგნაკიც ვერ ვიპოვე – ალბათ, ისიც შენ ამომაცალე.

– აი, შენი წიგნაკი, – ცრემლი მოერია ალექსს, – ბაღში ვიპოვე. საინტერესოა, ხვალ საღამოს რის გაკეთებას აპირებ? გული მატკინე...

ქალმა წიგნაკი მიუგდო და ოთახიდან გავიდა. უკვე სერიოზულად შეეშინდა. ამ კაცს აშკარად არ იცნობდა... „საფრთხე! საფრთხე!“ – ჰკარნახობდა ინტუიცია. იმასაც გრძნობდა, რომ საშიშროება სულ ახლოს იყო. უცებ მარტინის ხმა შემოესმა – ბაღიდან ეძახდა... სასოწარკვეთილმა მიმოიხედა. ხსნას არსაიდან ელოდა. ვერავინ უშველიდა. მთლიანად ამ კაცის ტყვეობაში იყო... გარეთ გავიდა. კაცი ვარდების ბუჩქთან იდგა, ხელში ახალთახალი ნიჩაბი ეჭირა და უღიმოდა:

– მაპატიე, რომ ავღელდი, საყვარელო... არ ვიცი, რა დამემართა. გეტყვი, რის გაკეთებას ვაპირებდი ხვალ შენთვის – იაპონური ვარდის ნერგი ვიყიდე და, მინდა, ჩვენი სიყვარულის ნიშნად დავრგოთ. ლონდონში გავგზავნე ადამიანი მის ჩამოსატანად. სწორედ ეს ვუთხარი ჩვენს სულელ, ბებერ მებაღეს და იმან ყველაფერი არასწორად გაიგო...

ალექსს „მექანიზმი“ ჩაერთო: ღმერთო!.. ბუჩქი, ბაღი, ნიჩაბი... ის ახლა მომკლავს მიწაში ჩამფლავს და ვეღარავინ მიპოვის... 

– ალექს, ჩქარა, რაღას აყოვნებ? თუ, მე მოვიდე და ხელში აყვანილმა ჩამოგიყვანო ბაღში? ხომ იცი, რომ მოგერევი...

ქალს უკვე პასუხის გაცემის თავიც აღარ ჰქონდა, უცებ ნიჩბის სიმძიმეც კი იგრძნო საკუთარ თავზე, მუხლი მოეკვეთა და  გონება დაკარგა... ბუნებრივია, არც გასროლის ხმა გაუგია.

თვალი რომ გაახილა, ბილ სტივენსონს ჰყავდა ჩაბღუჯული და მაგრად ჰკოცნიდა.

– ჩემი სულელი გოგო... სულზე მოგისწარი... ცოტა რომ დამეგვიანა, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი. ყველაფერი ვიცი შენს ნაძირალა ქმარზე. ტყუილად კი არ შემეპარა მის მგზნებარე სიყვარულში ეჭვი. შენამდე სამი ცოლი ჰყავს მოკლული – ისინი უკვალოდ გაუჩინარდნენ და ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს. აი, საიდან ჰქონდა ფული. ნუ გეშინია, საყვარელო, ის უკვე მკვდარია და ვეღარასოდეს შეგაწუხებს... რაც ცოლად გაჰყევი, ერთი წუთითაც არ მომიდუნებია ყურადღება – სულ ვეძებდი, ვქექავდი და ამოვქექე კიდეც...

– ბილ... – ამოიკნავლა ქალმა სუსტი ხმით, – მეც მიკარნახა ინტუიციამ, რომ მკვლელი იყო, მაგრამ, დაგვიანებით. მართლაც, როგორ გავყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი?!

скачать dle 11.3