კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

როგორ ეხმარებოდა დეგოლი სტალინს შვილის საფლავის აღმოჩენაში

იოსებ სტალინი 3 შვილის მამა გახლდათ. ბელადს, უფროსი ვაჟი – იაკობი, პირველ ცოლთან, სვანიძის ქალთან შეეძინა. მეორე მეუღლესთან, ნადეჟდა ალილუევასთან კი, ქალ-ვაჟი – ვასილი და სვეტლანა. ბელადს შვილები განსაკუთრებულად უყვარდა, მაგრამ ხასიათიდან გამომდინარე, ამას თითქმის არ ამჟღავნებდა. მავანნი ადასტურებენ, თითქოს სტალინს განსაკუთრებულად ვასილი ჰყვარებია და თავის ვერსიას იმით ასაბუთებენ, რომ მან სტალინის გვარის ტარების უფლება სწორედ მას მისცა და არა – იაკობს. ეს არ უნდა იყოს სწორი ვერსია. ცნობილია, რომ, როცა სტალინი გარდაიცვალა და ტანისამოსი გახადეს, აღმოჩნდა – ბელადს კიტელქვეშ შავი ფერის მაისური ეცვა. სტალინის მომვლელმა ქალმა განმარტა, რომ შავი ფერის მაისურს სტალინი იაკობის დაღუპვის შეტყობის შემდეგ მუდმივად ატარებდა.

ალბათ, წინა ვერსიის შექმნას ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ ვასილი და სვეტლანა მამასთან იზრდებოდნენ, ხოლო იაკობი კი მამისგან შორს – საქართველოში.

ცნობილია ისიც, რომ სტალინი შვილებს არ ანებივრებდა, განსაკუთრებით ვაჟებს. ისინი არ სარგებლობდნენ არანაირი პრივილეგიით. თურმე, ვასილ სტალინი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი, მოსკოვის ოლქის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი, პერიოდულად კრემლში შეივლიდა ხოლმე მამასთან. წესის თანახმად, კრემლის კომენდატურას ვასილის სახელზე საშვი უნდა დაეშვა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ბელადის ვაჟს საშვს ვინ მოსთხოვდა?!

მიუხედავად ამისა, სტალინს ტელეფონით მოახსენებდნენ ხოლმე, რომ კრემლში მისი შვილი შევიდა. ერთხელაც ბელადს შეატყობინეს, რომ მისმა ვაჟმა კრემლის საკონტროლო გამშვები პუნქტი გაიარა, თუმცა საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ იმ დღეს ვასილს მამა არ მოუნახულებია. სტალინმა პირადად დაურეკა კრემლის კომენდანტს და უბრძანა: ხვალიდან ვასილ სტალინი კრემლში აღარ შეუშვაო. კრემლში ბელადის ვაჟის მორიგი ვიზიტის დროს, ვასილს საშვი მოსთხოვეს, რაც ბუნებრივია, არ აღმოაჩნდა. შეურაცხყოფილმა ვასილ სტალინმა მამას დაურეკა და ყველაფერი მოახსენა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „თანამდებობრივად შენ კრემლში შემოსვლის უფლება არ გაქვს, როცა შემოდიოდი, მეგონა, რომ ჩემს სანახავად მოდიოდი. ამის წინ კი, კრემლში იყავი, მაგრამ ჩემთან არ შემოსულხარ. კრემლში სხვა საქმე შენ არ გაქვს. ამიერიდან საშვს მიიღებ დადგენილი წესით!” 

სტალინის უფროსი ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი, უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომში საბრძოლველად ოფიცრის ჩინით წავიდა. ხაზგასმით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ომის მსვლელობის პერიოდში ბელადს არც ერთი შვილისთვის შეღავათი არ გაუწევია. სამხედრო მფრინავმა ვასილ სტალინმა მთელი ომი მოქმედ არმიაში გაატარა და უამრავი საბრძოლო გაფრენა განახორციელა. მოქმედ არმიაში იყო იაკობ ჯუღაშვილიც.

საბჭოთა არმიის სხვა ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან ერთად, ტყვედ ჩავარდა იაკობ ჯუღაშვილიც. მას დაკითხვისას გვარი, სახელი და მამის სახელი არ დაუმალავს. გერმანელებმა ჩათვალეს, რომ მათ წინაშე იყო არა სტალინის უფროსი ვაჟი, არამედ – ვიღაც ავანტიურისტი. საჭირო გახდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც უეჭველად დაადასტურებდა, რომ ტყვე ოფიცერი ნამდვილად საბჭოთა ბელადის შვილი იყო. გერმანელებს კი ასეთი პიროვნების მოძებნა არ შეეძლოთ. არმიის სარდლობამ დახმარებისთვის მიმართა აბვერს (იმპერიის სადაზვერვო სამსახურს). იმ დროისთვის აბვერში მსახურობდა 1921 წლის შემდეგ ემიგრაციაში წასული, ცნობილი მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე. მაღლაკელიძემ გერმანელბს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო დაედასტურებინა ტყვე ოფიცრის ვინაობა, რადგან პირადად იაკობ ჯუღაშვილი არასოდეს ენახა. სამაგიეროდ, მაღლაკელიძემ გერმანელების თხოვნით მოძებნა აბაშის ყოფილი პრისტავი – შალვა ფირჩხაია, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგად იცნობდა, როგორც სტალინის პირველ მეუღლეს, ისე – იაკობს. გერმანელებმა სასწრაფოდ მოძებნეს ემიგრაციაში მყოფი ფირჩხაია, რომელმაც პირველივე შეხედვისთანავე დაადასტურა, რომ ტყვე ოფიცერი ნამდვილად იაკობ ჯუღაშვილი იყო. შალვა ფირჩხაია დაესწრო საპატიო ტყვის დაკითხვას, რომელზეც ბელადის ვაჟს თავი ღირსეულად ეჭირა. 

გერმანელებმა დააკმაყოფილეს იაკობ ჯუღაშვილის თხოვნა და ფრანგი ოფიცრების ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ძნელი ასახსნელი არ არის, თუ რატომ არ ისურვა იაკობ ჯუღაშვილმა საბჭოთა სამხედრო ტყვეების ბანაკში მოხვედრა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას სამხედრო ტყვეები დიდი პატივით შეხვდებოდნენ, როგორც ბელადის ვაჟს და წინამძღოლადაც დასახავდნენ. გერმანელები გაასმაგებული ყურადღებით განახორციელებდნენ დაკვირვებას და იაკობის ყოველი ნაბიჯი მათი მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნებოდა. არ იყო გამორიცხული, საბჭოთა ტყვეებიდან გერმანელთა სამსახურში გადაბირებული რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები მიეჩინათ იაკობისთვის, რათა საქმის ყურში ყოფილიყვნენ, თუ რას ფიქრობდა და რის გაკეთებას აპირებდა იაკობ ჯუღაშვილი. ყოველივე ეს, ცხადია, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა ბელადის ვაჟს. მას კი არ სურდა, თავისი საქციელით ჩრდილი მიეყენებინა მამის სახელისთვის. რაც შეეხება ფრანგ სამხედრო ტყვეებთან ერთად ცხოვრებას, ის ნაკლებ საზრუნავს უჩენდა იაკობს. ფრანგი ოფიცრები საბჭოთა სამხედრო ტყვეებთან შედარებით პრივილეგირებულად ცხოვრობდნენ, მათ სამხედრო ფორმისა და სამხრეების ტარების უფლებაც კი ჰქონდათ. გერმანელი ოფიცერი და ფრანგი ტყვე ოფიცერი ერთმანეთს ჩვეულებრივ სამხედრო წესით ესალმებოდნენ. ფრანგებიდან იაკობ ჯუღაშვილი პროვოკაციებს არ ელოდა და ფრანგებს შორის მყოფს არც გერმანელები შეაწუხებდნენ დაუსრულებელი მეთვალყურეობით. იაკობის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა. ფრანგი ოფიცრების ტყვეთა ბანაკში ყოფნის პერიოდში მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ მამის ავტორიტეტი შეელახა. მოგვიანებით, იაკობმა არ მიიღო შეთავაზება გენერალ ანდრეი ვლასოვის სარდლობით სამხედრო ტყვეებისგან გერმანიაში ჩამოყალიბებული რუსეთის „გამათავისუფლებელი არმიის” შტაბში პოლიტიკურ მრჩევლად დანიშვნის თაობაზე. გერმანელებსაც მეტად აღარ შეუწუხებიათ. ცნობილი არაა, ეს წინადადება გენერალ ანდრეი ვლასოვიდან მოდიოდა, თუ გერმანელების სურვილი იყო. უფრო სავარაუდოა, რომ ვლასოვი სტალინის ვაჟთან თანამშრომლობას არ ისურვებდა. ფრანგები ბელადის ვაჟის მიმართ ყოველთვის პატივისცემით იყვნენ განწყობილნი. არავინ იცის, მამამ მოიწონა თუ არა გადაწყვეტილება, მაგრამ ის კი ცხადია, რომ იაკობ ჯუღაშვილის მოქმედების მოტივი სტალინისთვის ძნელად გასაგები არ იქნებოდა.

 გავრცელებულია მცდარი ვერსია, რომ იაკობ ჯუღაშვილი საბჭოთა ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა და ბანაკში არსებულ იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი იყო. ეს ორგანიზაცია თითქოს ტყვეთა გაქცევას გეგმავდა, რომლის დროსაც დაიღუპა კიდეც იაკობ ჯუღაშვილი. ეს ვერსია სინამდვილეს არ შეეფერება. იოსებ სტალინმა შვილის ტყვედ ჩავარდნის ამბავი უმალვე შეიტყო, მაგრამ არავითარი განკარგულება მისი ტყვეობიდან გამოხსნის შესახებ, არ გაუცია. მოგვიანებით, საქმეში ჩაერია საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია. ჩანს, წითელი ჯვარი გერმანული მხარის შეკვეთით მოქმედებდა. სტალინგრადთან გერმანიის ჯარების განადგურების პროცესში ტყვედ ჩავარდა მეექვსე არმიის სარდალი ფერდმარშალი პაულიუსი. წითელი ჯვარი საბჭოთა მხარეს სთავაზობდა, იაკობ ჯუღაშვილის პაულიუსზე გაცვლას. იმხანად, გავრცელდა ამ შემოთავაზებაზე სტალინის პასუხის ასეთი ვერსია: „მე ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ვცვლი!” ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს სიტყვები სტალინს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ გაცვლა არ შედგა. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ სტალინთან შეთანხმებით, საბჭოთა მხარემ წითელ ჯვარს შესთავაზა პაულიუსი გაეცვალათ გერმანიის კომპარტიის ლიდერზე – ერნსტ ტელმანზე, რომელიც იმხანად ჰიტლერის პირად ტყვედ ითვლებოდა. ამ გაცვლაზე გერმანელები არ დასთანხმდნენ. 

იაკობ ჯუღაშვილი დაიღუპა შემდეგ ვითარებაში: საფრანგეთის, მეორე ფრონტის გახსნისა და საფრანგეთში ინგლის-ამერიკის ჯარების გადასხდომის (1944) შემდეგ, გერმანელებმა დაიწყეს ფრანგი ტყვე ოფიცრების გადაყვანა, შვეიცარიის გავლით, გერმანიაში. მათ შორის იყო იაკობ ჯუღაშვილიც. ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურის დაბომბვის დროს, სადგურის მოსაცდელ დარბაზს ბომბი დაეცა და ფრანგ ოფიცრებთან ერთად დაიღუპა იაკობიც. 

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, იოსებ სტალინმა თხოვნით მიმართა გენერალ შარლ დეგოლს, დახმარებოდა შვილის საფლავის მოძებნაში. დეგოლმა უსწრაფესი განკარგულება მოახდინა და სპეციალური ჯგუფი, მისი პირადი ადიუტანტის ხელმძღვანელობით, გაემგზავრა სტალინის შვილის დაღუპვის ადგილას. მანამდე, ფრანგებმა მოძებნეს ტყვეების იმ ჯგუფის მამასახლისი, რომელიც შემთხვევით გადაურჩა დაბომბვას. მამასახლისმა დაადასტურა, რომ იაკობი სხვა ტყვე ოფიცრებთან ერთად დაბომბვის დროს ნამდვილად სადგურის შენობაში იმყოფებოდა და ისიც სხვა დაღუპულებთან ერთად, იქვე, მახლობლად დაასაფლავეს. მართლაც, გახსნეს სამარხი, საიდანაც ამოიღეს რამდენიმე ათეული გვამი. რადგან საფლავი გათხრილი იყო, კლდის ძირას, საიდანაც წყალი ჟონავდა, გვამები, იმდენად გახრწნილი აღმოჩნდა, გარეგნული დათვალიერებით, ვინმეს ამოცნობა შეუძლებელი გახდა. სამწუხარო ამბავი გენერალმა შარლ დეგოლმა პირადად აცნობა სტალინს. 

скачать dle 11.3