კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას საქმიანობს მექსიკაში გადახვეწილი 52 წლის ქართველი ძებნილი, მეტსახელად „ხარო“

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

„პარავოზი“

1979 წლის 10 მაისს, ვაკეში, ცნობილი ქართველი პროფესორის, ვანო გოგიშვილის ქვრივი, ანა გოგიშვილი გაქურდეს და ბინიდან ფული, ძვირფასეულობა, ანტიკვარიატი და უცხოური წარმოების ელექტრომოწყობილობა წაიღეს, რომლის საერთო ღირებულებამ 100 ათასი მანეთი შეადგინა. ეს იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა იყო. სამი დღის შემდეგ, მილიციამ კოტე ბელქანია და ანზორ მელქაძე დააკავეს. მათ აღიარეს ქურდობა და თქვეს, რომ ნაქურდალი ნივთები მათი მეგობრის, გურამ ხარაძის ბინაში ინახებოდა, რომელიც პლეხანოვის გამზირზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობდა მოხუც ბებიასთან ერთად. იმავე საღამოს, მილიციის ოპერჯგუფმა გურამ ხარაძის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და ორი ტყავის ჩემოდანი ამოიღო, სადაც ყველა ნაქურდალი ნივთი უკლებლივ ინახებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხარაძეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ბინის ქურდობაში, ჩემოდნები მეგობრების თხოვნით შეინახა სახლში და მათ შიგთავსზეც წარმოდგენა არ ჰქონდა, მაინც არ გასცა ბელქანია და მელქაძე და ჩემოდნები თავის კუთვნილებად აღიარა.

ბელქანია, მელქაძე და ხარაძე სკოლის მეგობრები იყვნენ, კლასელები და საშუალო სკოლა ერთი წლის დამთავრებული ჰქონდათ. ბელქანიას მამა „ცეკას“ პარტიული ფუნქციონერი იყო, მელქაძის მამა – ერთ-ერთი მსხვილი ქარხნის დირექტორი. გურამის გეოფიზიკოსი დედ-მამა კი ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში იყო ის, რომ ტრაგიკულად დაეღუპა ერთ-ერთი ექსპედიციის დროს. ბიჭს ბებია, მამის დედა, ქალბატონი ელენე ზრდიდა.

გურამს, პირველ წელიწადს უმაღლესში ჩაბარება არ უცდია. ინტენსიურად ემზადებოდა და სამედიცინო ინსტიტუტში აპირებდა ჩაბარებას. კოტე ბელქანია თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, ანზორ მელქაძე კი პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტის პირველკურსელი. ორივე მამებმა მოაწყვეს უმაღლესში და თავიანთ უქნარა შვილებს უამრავი ფული დაახარჯეს.

გაქურდული პროფესორის ქვრივი ძალიან ჯიუტი, თავისნათქვამა ქალი იყო. მას უამრავი ნაცნობი ჰყავდა პარტიულ ელიტაში და ქურდების დასჯა მოითხოვა. ანა გოგიშვილმა ბელქანიას და მელქაძის მამების ფულად შეთავაზებაზე უარი თქვა და თავის ნათქვამზე ფეხმოუცვლელად იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მილიციას უკვე ფული ჰქონდა აღებული და ქურდები გარეთ გამოუშვეს, იძულებულნი გახდნენ, ისინი უკანვე შეებრუნებინათ. მაშინ მამებმა გამოსავალი იპოვეს და კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ გვალიას, იგივე „თუთიყუშის“ მეშვეობით, რომელსაც 10 ათასი მანეთი გადაუხადეს, გურამ ხარაძე დაითანხმეს, რომ ციხეში ის ჩამჯდარიყო ნამდვილი დამნაშავეების ნაცვლად.

– მაქსიმუმ, ერთი წელი მოგიწიოს ჯდომამ. მერე კი გამოგიყვანენ, უმაღლესშიც მოგაწყობენ და ბლომად მაყუთსაც მოგცემენ, – უთხრა თუთიყუშმა გურამს და დაამატა, – ნეტავ, მე შემეძლოს ჩაჯდომა და უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.

– ფული რა შუაშია. თუ საჭიროა, ისედაც ჩავჯდები, – მიუგო გურამმა თუთიყუშს.

18 წლის გურამ ხარაძეს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რუსთავის კოლონიაში გაამწესეს.

ამგვარად, კრიმინალური ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ყოვლად უდანაშაულო ყმაწვილი „პარავოზად“, მარტო წავიდა „სროკზე“ და ვერ წარმოედგინა, თუ წინ რა ელოდა...

გაქცევა

გულუხვი დაპირებების მიუხედავად, ხუთი წლით ციხეში გამომწყვდეული გურამ ხარაძე არც ნამდვილ დამნაშავეებს, არც მათ მამებს და არც მალხაზ გვალიას, იგივე თუთიყუშს გახსენებიათ, თუმცა, გვალია სიტყვით და სახელით „პატიოსან კაცად“ იყო ცნობილი, სინამდვილეში კი ნებისმიერი სისაძაგლის ჩამდენი გახლდათ.

ერთი წლის შემდეგ, გურამმა დაპირებული თავისუფლება რომ ვერ მიიღო და ამის გამო ძალიან ნერვიულობდა, ბებია ელენეს გარდაცვალების შესახებ შეიტყო, მაშინ მან ბელქანიას და მელქაძეს ერთ-ერთი გათავისუფლებული პატიმრის ხელით წერილი გაუგზავნა, სადაც ციხიდან გამოყვანას მოითხოვდა. ამის მიუხედავად, გურამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. როცა ის დარწმუნდა, რომ ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩა და პატრონი არ ჰყავდა, დაიფიცა, ყველასთვის სამაგიერო გადაეხადა.

ერთ დღეს ციხეში თუთიყუში მიიყვანეს, რომელიც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობისთვის იყო დაკავებული. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ მალხაზ გვალიამ მეზობლის 9 წლის გოგონა გააშიშვლა და გარყვნილებას აპირებდა. სწორედ იმ დროს შეიპყრეს ბავშვის მშობლებმა და სასტიკად სცემეს. ასეთი ბრალდება ციხეში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია და არავის პატიობენ. მართალია, თუთიყუში აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი მოწყობილი იყო, მაგრამ მისი დანაშაული ზუსტად დადგინდა და ქურდების გადაწყვეტილებით, მას სიკვდილი მიუსაჯეს. მით უმეტეს, რომ პატარა გოგონა ცნობილი ქურდის ნათესავი იყო. ის ქურდიც თბილისის ციხეში იხდიდა სასჯელს. იმ პერიოდში, გურამიც თბილისის ციხეში გადმოიყვანეს დროებით, რადგან რუსთავის კოლონიაში გრანდიოზული ბუნტი ატყდა და პატიმრები სხვადასხვა საპყრობილეში გადაანაწილეს. გურამი სწორედ იმ გოგონას ნათესავი ქურდის საკანში მოხვდა და თუთიყუშის ამბავი რომ შეიტყო, ქურდს საკუთარი ისტორია უამბო და უთხრა:

– შანსი რომ მომეცეს, მაგ ნაბიჭვარს თვალში შტირს ჩავარჭობდი.

– თითქმის გამორიცხულია, – მიუგო გურამს ქურდმა, – ციხის უფროსი, ეს ბოზი არ შვრება. აძინოჩკაში ჰყავს გამოკეტილი, რომ თითი არავინ დააკაროს. არადა, „ქათმებში“ უნდა იჯდეს და მას ჯერ მაგრად იხმარდნენ, შემდეგ კი დაბრიდავდნენ.

– მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე. ოღონდ, შტირი მინდა და შენი სიტყვა უნდა თქვა პატიმრებში, რომ ჩემი საქციელი გრეხში არ ჩამითვალონ.

– რა საქციელი?

– ციხის აბსლუგაში მოვითხოვ გადაყვანას, ბალანდიორად ვიმუშავებ და მაგ ნაბოზარს კარმუშკიდან შტირით დავბრიდავ. შენ კი უნდა თქვა, ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდაო და რომ ბალანდიორობის გრეხი არ დამეწეროს.

– რა გრეხი, ხაროჯან. დღეიდან შენ „ხარო“ გერქმევა. შენ ეგ ქურდული საქმე გააკეთე და დანარჩენი ჩემზე იყოს, – უთხრა გურამს ქურდმა, რომელიც 19 წლის ბიჭის საქციელით გაოცებული იყო.

 და, მართლაც, გურამ ხარაძე ციხის მოსამსახურე პერსონალში ჩაეწერა, რაც პატიმრებისთვის დამამცირებელ საქციელად ითვლებოდა და სამი დღის შემდეგ თუთიყუში ერთადგილიან საკანში მოკლა. როდესაც ხარომ პატიმარ გვალიას წყალწყალა სუპის ასაღებად დაუძახა და თუთიყუშმა პატარა რკინის ფანჯარა, ეგრეთ წოდებული „კარმუშკა“ გამოაღო, თვალში ალესილი ფოლადის ნაჭერი ბოლომდე ჩაესო და ადგილზევე დაიღუპა...

მკვლელობისთვის ბრალდებულ გურამ ხარაძეს დახვრეტის მუხლი მიუყენეს, ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს და ციხის უფროსის ბრძანებით, საშინელ პირობებში ამყოფობდნენ. ერთ-ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ კი, პატიმარი გურამ ხარაძე ტუალეტში რომ შევიდა,  იქიდან გაიქცა. მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს.

გამქრალი „მხედრიონელი“

ხაროზე ძებნა 1981 წლის 2 ივლისს გამოცხადდა და მართალია, მას მკვლელობისთვის ჯერ არ ჰქონდა მისჯილი, მაგრამ უეჭველად სიკვდილი ელოდა, რადგან მის მიმართ მიყენებული მუხლი სხვა სასჯელს არ ითვალისწინებდა.

საკავშირო ძებნილი 2 წლის განმავლობაში არსად გამოჩენილა. 1983 წლის ნოემბერში კი ხარო კოტე ბელქანიას მამას, ტიტიკოს სახლში დაადგა და უთხრა:

– ხვალ, საღამოს, ვერის სასაფლაოზე 100 ათას მანეთს თუ არ მომიტან, შენი ნაბიჭვარი შვილის თავს გამოგიგზავნი. შე ბოზო, სულ შენი და მელქაძეების ბრალია, რაც მჭირს. თუთიყუში ხომ გავარასხოდე, არც თქვენ დაგაყენებთ კარგ დღეს.

ტიტიკომ კარგად იცოდა, რომ ხარო თავის სიტყვას შეასრულებდა, რადგან უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და დაჭერის შემთხვევაში სიკვდილი ელოდა. ამიტომ, მეორე დღეს მან 100 ათასი მანეთი მართლაც მიუტანა ხაროს ვერის სასაფლაოზე და გატაცებული შვილი უკან დაიბრუნა. გურამს, მელქაძეებისთვისაც უნდოდა ფულის წართმევა, მაგრამ, როდესაც ანზორის მამამ, ირაკლიმ ხაროს ციხიდან გაქცევის ამბავი შეიტყო, შურისძიების შეეშინდა და ცოლ-შვილთან ერთად სადღაც გადაიხვეწა.

ხარო ცნობილ რუს რეციდივისტთან, ალექსეი ხოდოვთან, მეტსახელად „ლიოხასთან“ ერთად მოქმედებდა, რომელიც ასევე ციხიდან იყო გაქცეული. მათ ერთმანეთი ლენინგრადის ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გაიცნეს, დაძმაკაცდნენ და ერთად მოქმედება გადაწყვიტეს. ძებნილებმა 1986 წელს მელქაძეებსაც მიაგნეს ყირიმში, სადაც გურამმა ანზორი შემთხვევით ნახა. მას ლიოხა დაადევნა და რომ გაიგო, მამამისი მსხვილი კოოპერატორი იყო, ანზორი მოიტაცა და ირაკლი მელქაძეს 500 ათასი ამერიკული დოლარი აართვა შვილის სანაცვლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ხარო და ლიოხა ძებნილები იყვნენ, პერესტროიკის არეულ-დარეულ ხანაში, მათ არცთუ ისე ინტენსიურად ეძებდნენ. თანაც, მათ უკვე დიდი თანხა ჰქონდათ და დამალვა არ გასჭირვებიათ. 1989 წლის ივლისში, ლიოხა ოდესაში ერთ-ერთი კრიმინალური გარჩევის დროს როსტოველმა ბანდიტებმა მოკლეს. ხარომ მათზე შური იძია და სამი კაცი სიცოცხლეს გამოასალმა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. 1991 წლის მიწურულს. 31 წლის გურამ ნოდარის ძე ხარაძე, რომელიც 10 წლის ძებნილი იყო, საქართველოს „მხედრიონში“ აღმოჩნდა და მისი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი გახდა. ხარო‚ რომელიც სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, იარაღით ამარაგებდა „მხედრიონს“ და არც ერთ მძიმე დანაშაულში არ იყო გარეული. 1992 წლის დეკემბერში კი, ხაროს „მხედრიონის“ რამდენიმე გავლენიან პირთან მოუწია დაპირისპირება და ამ დაპირისპირების შედეგად, თბილისის ცენტრში შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დაიჭრა. ამის შემდეგ ხარო გაუჩინარდა...

სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, გურამ ხარაძე უცხოეთში გაიქცა, რომ მხედრიონელთა რისხვას გადარჩენოდა. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია არავის გააჩნდა. 1999 წელს კი 39 წლის მექსიკის მოქალაქე, ვინმე მანუელ ვარცი აბუ-დაბის საერთაშორისო ბაზრობაზე ნახა ყოფილმა მხედრიონელმა, რომელიც იმ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მასში გურამ ხარაძე შეიცნო.

ხარო დღესაც ცოცხალია, 52 წლისაა და მექსიკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, სადაც შემოსავლიანი, კერძო ბიზნესითაა დაკავებული.

скачать dle 11.3