კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეჩვევა თორნიკე შენგელია ამერიკულ ცხოვრებას და რატომ არასდროს ეგება ის მოწინააღმდეგის პროვოკაციაზე

21 წლის ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას სპორტული კარიერა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლო 15 წლიდან საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. ჩვენი რესპონდენტის ოჯახის ყველა წევრის ცხოვრება სპორტის ამ სახეობას უკავშირდება. ასე რომ, თორნიკე კალათბურთისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ეზიარა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2012 წელი აღმოჩნდა – სწორედ ამ წელს აიხდინა მან ოცნება და NBA-ს წევრი გახდა. მან „ბრუკლინ ნეთსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 20-ნომრიანი მაისური მოირგო.

– გასული წელი შენთვის, როგორც კალათბურთელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ელოდი ასეთ წარმატებას?

– ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გასული წელი. წარმატებას ველოდი და ამის დიდი სურვილიც მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი მიზნის მისაღწევად და თავს არ ვზოგავდი. მიხარია, რომ, ღმერთის წყალობით, შრომა დამიფასდა. 

– NBA-ში მოხვედრა ყველა კალათბურთელის ოცნებაა. როგორც ვიცი, გუნდმა, რომელმაც აგიყვანა, შემდეგ გაგასხვისა, თუმცა, იმდენად კარგი შედეგი აჩვენე, რომ უკან დაგიბრუნა.

– როცა ამიყვანეს, მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ევროპაში გამოვეშვი. საზაფხულო კემპსაც თუ ვითამაშებდი, არ ეგონათ. მინდოდა, ჩემი აყვანის შემდეგ, პირველივე წელს აქ დავრჩენილიყავი. ამიტომ, როცა შევთავაზე, საზაფხულო კემპზე ვითამაშებ-მეთქი, გაუკვირდათ, რადგან, არ ელოდნენ. თანხმობა რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა. ღმერთის წყალობით, კემპი კარგად ჩავატარე და მას მერე მიიღეს გადაწყვეტილება, „ბრუკლინ ნეთსში“ დავეტოვებინე.

– 20 ნომრით პირველად თამაშობ თუ ადრეც გეცვა ამ ნომრის მაისური?

– შარშან ბელგიაშიც 20 ნომერი ვიყავი.

– ალბათ, შეგრძნება, რომელიც მოედანზე პირველად გასვლის დროს გქონდა, არასდროს დაგავიწყდება.  

– ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. მოთამაშეები, რომლებთან ერთადაც მოედანზე ვიდექი, ტელევიზორში თუ მყავდა ნანახი. როცა მოედანზე ერთად დგახართ და, ხან შენ უტევ და ხან ისინი, ენით აუწერელი შეგრძნებაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ძალიან გახარებული ვიყავი.

– როგორ შეეგუე ქვეყანას, სადაც ბოლო პერიოდში გიხდება ცხოვრება?

– ჯერ კიდევ შეგუების პროცესში ვარ. ნიუ-იორკი ძალიან აქტიური ქალაქია, ყველანაირ ხალხს შეხვდებით აქ, რომლებსაც შესამჩნევად აქტიური ცხოვრების რეჟიმი აქვთ. ასე რომ, ჯერ ბოლომდე არ ვარ აქაურობას შეჩვეული, ნელ-ნელა კიდევ ვერგები ამ ყველაფერს.

– გუნდმა როგორ მიგიღო?

– თვითონ ორგანიზაციამაც და გუნდელებმაც ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს. ეს ყველაფერი ძალიან დავაფასე, რადგან, ასეთ დახვედრას არ ველოდი – ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მქონდა აქაურობაზე. 

– ალბათ, გადატვირთული რეჟიმი გაქვს ყოველდღიურად.

– თვითონ, როგორც ობლიგაცია, იმდენად გადატვირთული არ მაქვს, რადგან, ევროპის გუნდებთან შედარებით, დღეში ერთი ვარჯიში გვიტარდება, მაგრამ, ყოველ მეორე-მესამე დღეს თამაშები გვაქვს. ვცდილობ, რომ დამატებითაც ვივარჯიშო ყოველდღიურად.

– შენც ახსენე და ბევრს აინტერესებს, რატომ არის ევროპასთან შედარებით NBA-ში ნაკლები ვარჯიში?

– ევროპაში კვირაში ერთი თამაშია, აქ კი კვირაში ხუთი თამაში გვაქვს და ეს არის მიზეზი. რადგან მე დიდხანს არ მიწევს თამაში, ამიტომაც ვვარჯიშობ დამატებით და მაქსიმალურად ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. 

– დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ?

– დილით გუნდთან ერთად საათი, საათ-ნახევარი გვაქვს ვარჯიში, ხოლო საღამოს დამატებით კიდევ ორ საათს ან უფრო მეტს ვვარჯიშობ. 

– რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული?

– ორწლიანი.

– მართალია, წარმატებას უკვე მიაღწიე, მაგრამ მჯერა, რომ საოცნებო გუნდი მაინც გექნება, სადაც დიდი სიამოვნებით ითამაშებდი.

– ახლა სადაც ვარ, ახალი და ძალიან კარგი გუნდია და, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. პირველივე წელს გვაქვს შანსი, რომ პლეიოფებში გავიდეთ და იმის შანსიც არის, რომ შორს წავიდეთ. ამიტომ, გეტყვით, რომ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის გუნდში ვარ. 

– მართალია, ძალიან ბევრ ადამიანს უხარია შენი წარმატება, მაგრამ, ყველაზე დიდი გულშემატკივარი მაინც შენი ოჯახია, რომლის ყველა წევრი, ასევე, ძალიან ახლოს არის სპორტის ამ სახეობასთან. 

– ჩემი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა კალათთან შეხება – მამით დაწყებული, ჩემი დით დამთავრებული, ყველა კალათბურთს თამაშობდა. რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახია, ასევე, ჩემი მეგობრები.

– ამერიკაში მარტო ხარ თუ ოჯახის რომელიმე წევრი გყავს სტუმრად?

– სხვათა შორის, გუშინ წამოვიდა დედაჩემი საქართველოში. მალე ისევ ჩამოვა, უკვე ჩემს დასთან ერთად.

– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავ?

– ჯერ ჩამოსვლას ვერ ვგეგმავ, რადგან, არ ვიცი, ზუსტად როდის მოვრჩები. ალბათ, უფრო ზაფხულის პერიოდში. 

– რა შეიცვალა შენში პიროვნულად მას შემდეგ, რაც ამერიკაში გადახვედი საცხოვრებლად?

– ჩემში არაფერი არ შეცვლილა და, ვცდილობ, არც არაფერი შეიცვალოს, რადგან, ადამიანში ყოველთვის იმას ვაფასებ, რასაც არ უნდა მიაღწიოს, ისევ ისეთი დარჩეს. ასე რომ, მეც ისეთივე თორნიკე შენგელია ვარ, როგორიც ვიყავი ყოველთვის.

– თამაშის საოცრად კარგი ტექნიკა გაქვს, რაც დაგიფასდა კიდეც. როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი გენეტიკურად გამოგყვა თუ მხოლოდ საკუთარი შრომის შედეგია?

– გენეტიკურიც არის ჩემი მშობლებიდან გამომდინარე და, თან, ძალიან დიდი შრომაც ჩავდე ამაში. ასე რომ, ალბათ, ორივემ ერთად გამოიღო შედეგი.

– დასახულ მიზანს რამდენად ხშირად აღწევ?

– ძალიან მიზანდასახული ვარ და, თუკი რამეს ჩავიფიქრებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბოლომდე მივიყვანო. 

– ამ ეტაპზე შენი მიზანი რა არის?

– ვისურვებდი, რომ „ოლ სტარში” მეთამაშა.

– შენს მიზანდასახულობას თუ გავითვალისწინებთ, არც ეგ არის გამორიცხული, მით უმეტეს, რომ ასაკიც ხელს გიწყობს და ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. როდისმე თუ ყოფილხარ იმ ზღვარზე, რომ სპორტზე უარი გეთქვა?

– არა, პირიქით, როცა რთული მომენტები მქონია ცხოვრებაში, საკუთარ თავს ყოველთვის მოტივაციას ვუკეთებ.

– არაერთი კალათბურთელისგან გამიგია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ვერასდროს გახდება მწვრთნელი. მართალია, ჯერ 21 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ადრეა ლაპარაკი, მაგრამ, თავად თუ ისურვებდი წლების შემდეგ სპორტსმენების გაზრდას?

– არ გამოვრიცხავ და ვერ ვიტყვი, რომ მწვრთნელი ვერასოდეს გავხდები. კალათბურთი იმდენად მიყვარს, რომ, შეიძლება, ჩემი გამოცდილება გამოვიყენო და, რაც ვიცი, ბავშვებს ვასწავლო. 

– რჩევებს თავადაც იღებ?

–  რა თქმა უნდა, რჩევას ყველასგან მოვისმენ, შემდეგ კი უკვე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას რომელი გავითავისო. 

– ევროპაში უფრო უხეში თამაშის სტილია თუ ამერიკაში?

– უხეშობა ორივეგან ერთნაირია, უბრალოდ ინდივიდუალურია გუნდების მხრივ. არის გუნდები, რომლებიც ძალიან უხეშად გეთამაშებიან, არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთ რამეს არ აკეთებენ. 

– როცა მოწინააღმდეგე უხეშად გეთამაშება, ძალიან დიდი ნებისყოფა გჭირდება მის პროვოკაციაზე რომ არ წამოეგო. წონასწორობას ყოველთვის ინარჩუნებ?

– ბავშვობიდან რომ თამაშობ კალათბურთს, ამ ყველაფერს ნელ-ნელა ეჩვევი. თავიდანვე თუ გაითავისე, რომ პროვოკაციას არ წამოეგო, მერე უკვე აღარ გაგიჭირდება და ჩვეულებრივად თამაშობ, თუ მეუხეშება მეც ვეუხეშები და მეც ვეცდები, ისევე მოვუშალო ნერვები, როგორც ის მომიშლის. 

– გარდა იმისა, რომ ბევრს ვარჯიშობ, კიდევ რით ხარ დაკავებული?

– ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით  ვსაუბრობ მეგობრებთან. ამისთვის სპეციალურად მაქვს დრო გამოყოფილი, რადგან, დროში ცხრა საათია განსხვავება და, თუ დროზე არ დაველაპარაკე, მერე იძინებენ. თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად ხან კინოში დავდივარ, ხან ვსეირნობ და ასე შემდეგ. 

скачать dle 11.3