კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჯაშუშმა, ვახტანგ აბაშიძემ, ჯეიმს ბონდის პროტოტიპი – „ჯაშუშთა მეფე“ სიკვდილს გადაარჩინა

სიდნეი ჯორჯ რეილი სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის უდიდეს მზვერავად. „ჯაშუშთა მეფე“ – ასე შევიდა ისტორიაში რეილი. ამ კაცზე უამრავი მასალა არსებობს, გადაღებულია არაერთი ფილმი. თურმე, რეილის ერთ-ერთი თანამებრძოლი ქართველი ყოფილა. ამ საკითხზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და პენკლუბის წევრი, ნიკა თევზაძე.

– ბატონო ნიკა, რა გვარია ქართველი, რომელიც რეილის თანამებრძოლი იყო?
– ეს კაცი ვახტანგ აბაშიძეა. სამწუხაროდ, მის შესახებ ძალიან მწირი ცნობები გვაქვს. აბაშიძის პერსონა მოხსენიებულია ინგლისელი ისტორიკოსების შრომებში, რომლებიც „ჯაშუშთა მეფის“ – სიდნეი ჯორჯ რეილის ცხოვრებას აღწერდნენ. რეილი მართლაც საოცარი პიროვნება იყო. ის ოდესაში დაიბადა და გაიზარდა. 16 წლის ასაკში ინგლისში გადასახლდა და შევიდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურში. ფლემინგი წერდა, რომ სწორედ რეილი იყო მისი ჯეიმს ბონდის პროტოტიპი. ასეთი კაცის თანამებრძოლი იყო ვახტანგ აბაშიძე. როდესაც რუსეთი ომიდან გამოვიდა (ბრესტის ზავი), ინგლისელებმა და ფრანგებმა გადაწყვიტეს ბოლშევიკების დამხობა და ხელისუფლებაში ისეთი ძალის მოყვანა, რომელიც გერმანიასთან ფრონტს აღადგენდა. ამრიგად, დაიგეგმა ინგლისურ-ფრანგული ერთობლივი სპეცოპერაცია, რომელსაც სიდნეი რეილი ხელმძღვანელობდა. თანახმად რეილის გეგმისა, ლენინი, ტროცკი თუ სხვა ლიდერები, ცოცხლად უნდა შეეპყროთ და სასამართლოსთვის გადაეცათ, ახალ მთავრობას კი, სათავეში ცნობილი ესერი-ტერორისტი და არანაკლებ ცნობილი მწერალი – ბორის სავინკოვი უნდა ჩასდგომოდა. 1912 წლიდან სავინკოვი ინგლისის აგენტი იყო. პარალელურად, მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ინგლის-საფრანგეთის გავლენიან წრეებთან, რომლებიც რუსეთის მომავალზე გარკვეულ სქემებს ადგენდნენ. ამას გარდა, სავინკოვის კანდიდატურას მხარს უჭერდა რეილიც. 
– აბაშიძე იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა?
– ის მოსკოვში დაახლოებით 1918 წლის მაისის დასაწყისში ჩავიდა. აბაშიძე კადრის მზვერავი იყო. ჯერ კიდევ 1910 წელს ის გერმანიაში გაგზავნეს. კიევში მას დარჩა ახალშერთული მეუღლე. 1916 წელს გერმანელებმა აბაშიძე ამხილეს. ის დახვრეტას გადაურჩა ვინმე პოდპოლკოვნიკ მოლტსეს წყალობით, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია დაინტერესებულია საქართველოს დამოუკიდებლობით და მას თანამშრომლობა შესთავაზა. აბაშიძეც დასთანხმდა. მალე რუსეთში თებერვლის რევოლუცია მოხდა. ბრესტის ზავის დადების შემდეგ აბაშიძემ კიევში ცოლს წერილი გაუგზავნა. პასუხად ცოლისძმამ მისწერა, რომ მისი მეუღლე მძიმედაა ავად. მაშინ აბაშიძემ მოითხოვა, კიევში გაეშვათ.
– და აბაშიძე კიევში დაბრუნდა?
– დიახ, თუმცა, ცოლი გარდაცვლილი დახვდა. მას სპეციალურად დაუკავშირდა მისი მეგობარი, ასევე, პროფესიონალი მზვერავი ალექსანდრ ვოლინი, რომელიც იმჟამად სკოროპადსკის კონტრდაზვერვაში („დერჟავა ვარტა“) მსახურობდა და მაღალი პოსტიც ეკავა. ვოლინმა აბაშიძეს „ვარტაში“ სამსახური შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ცოლის სიკვდილის შემდეგ აბაშიძეს კიევთან აღარაფერი აკავშირებდა. მას საქართველოში ჩამოსვლა სურდა. იმ დროს ბათუმს თურქები აკონტროლებდნენ. ასეთ ვითარებაში უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. ვოლინმა მას განუცხადა, რომ ანტანტამ დაიწყო სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც ბოლშევიკების დამხობა იყო და ამ ოპერაციას თავად სიდნეი ჯორჯ რეილი ხელმძღვანელობს. ვოლინმა უთხრა, რომ სურს, შეთქმულთა რიგებში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, რათა ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. ეს როლი მან აბაშიძეს შესთავაზა. აბაშიძე დასთანხმდა მის წინადადებას და რუსეთ-უკრაინის საზღვარი არალეგალურად გადალახა. ამის შემდეგ ყალბი დოკუმენტებით ის ჩნდება მოსკოვში და მიდის ვინმე ორლოვთან, რომელიც ვოლინის ძველი მეგობარი იყო. იმჟამად ორლოვი, კონსპირაციის მიზნით, „ჩეკაში“ მსახურობდა, რითაც შეთქმულებს უდიდეს სამსახურს უწევდა. ბოლშევიკების დამხობის შემდეგ უნდა შექმნილიყო მთავრობა, რომელსაც სათავეში ცნობილი ტერორისტი ბორის სავინკოვი ჩაუდგებოდა.
– როგორ გაიცნეს ერთმანეთი რეილიმ და აბაშიძემ?
– ეს მემარცხენე ესერთა პუტჩის ჩახშობის შემდეგ მოხდა, რაც, როგორც ჩანს, ბოლშევიკური ხელისუფლების შიგნით არსებული ინტრიგების შედეგი იყო. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. ორლოვმა აბაშიძეს განუცხადა, რომ რეილის საფრთხე ემუქრება, რადგან „ჩეკამ“ „ჯაშუშთა მეფის“ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინას მიაგნო. ორლოვმა რეილის გადარჩენა აბაშიძეს დაავალა. ამ უკანასკნელმა დავალება უნაკლოდ შეასრულა. ატეხილი სროლის შედეგად სამი ჩეკისტი მოკვდა, ორიც დაიჭრა, აბაშიძე და რეილი კი არ დაზარალებულან.
– დღეს მემარცხენე ესერთა პუტჩზე ბევრი იწერება. რა იყო ეს – დაგეგმილი პროვოკაცია თუ რეილის მუშაობის შედეგი?
– რეილი აქ არაფერ შუაშია. პუტჩი მისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა აღმოჩნდა. ერთი შეხედვით, ბოლშევიკებმა მოიგეს, რომლებმაც ჩამოიშორეს თავიანთი დროებთი მოკავშირეები – მემარცხენე ესერები და ამიერიდან რუსეთში ბოლშევიკების ერთპარტიული დიქტატურა დამყარდა, თუმცა, ბოლშევიკური პარტია ერთიან მონოლითს არ წარმოადგენდა. ძერჟინსკიმ ვერ შეძლო მოვლენების დრამატული სცენარით განვითარების თავიდან აცილება და, უდავოდ, წააგო. ზინოვიევმა და კამენევმაც ვერ შეძლეს თავიანთი გავლენის გაფართოება. თავის მხრივ, სვერდლოვმაც ვერ შეძლო „ჩეკას“ თავმჯდომარედ მისთვის სასურველი კაცის გაყვანა. ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვა ტროცკიმ, რომელმაც ესერთა პუტჩი ჩაახშო; აგრეთვე, პეტერსმა, რომელმაც თავის უფროსს – ძერჟინსკის, სავარძელი გამოაცალა. პეტერსს „ჩეკას“ თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნება სურდა, საამისოდ კი ორი რამ იყო საჭირო: შეთქმულების მხილება და ბოლშევიკური პარტიის ზედა ფენაში არსებული გავლენიანი დაჯგუფებების მხარდაჭერა. პეტერსიც ამ კლანებს შორის ლავირებდა. სვერდლოვს პეტერსმა შესთავაზა ლენინის ლიკვიდაციის გეგმა. პეტერსს საიდუმლო ვითარებაში შეხვდა ცნობილი ბოლშევიკი იუროვსკი, რომელიც „სვერდლოვის კაცი“ იყო. საუბრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოხდება ლენინის ლიკვიდაცია, ხელისუფლებაში კი მოვა სვერდლოვი. აუცილებელი იყო, მოეძებნათ ფიგურა, რომელიც განტევების ვაცად იქცეოდა და ნამდვილ ტერორისტებს დაფარავდა. იუროვსკიმ პეტერსს შესთავაზა მისი ბავშვობის მეგობარი – ფანი კაპლანი, ყოფილი ტერორისტი და კატორღელი, რომელიც განტევების ვაცის როლზე ყველაზე შესაფერისი იყო. მეორე დღეს პეტერსმა ლენინს განუცხადა, რომ მემარცხენე ესერთა ამბოხი რეილის ინტრიგების შედეგად მოხდა. „ამ რეილის როდის შეიპყრობთ?“ – გაღიზიანებით ჰკითხა ლენინმა. „დღეს საღამოს ეს ვაჟბატონი თქვენს ხელთ იქნება!“ – მიუგო პეტერსმა. მართლაც, იმ საღამოს ჩეკისტები რეილის დაკავებას შეეცადნენ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ინგლისელმა შეძლო გაქცევა და ამაში მას ვახტანგ აბაშიძე დაეხმარა. რაკი რეილის შეპყრობა ვერ შეძლო, მას ორი გამოსავალი დარჩა: ან ეღიარებინა, რომ ხელიდან დაუძვრა კაცი, რომელიც გადატრიალებას გეგმავდა, ან, საბჭოთა მთავრობისთვის მოეხსენებინა, რომ შეთქმულებას სრულიად სხვა პიროვნება აწყობდა და, რომ მან, პეტერსმა, მის მიმართ კონკრეტული სამხილებიც მოიპოვა.
– და ვინ იყო ეს პიროვნება?
– დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთში – რობერტ ბრიუს ლოკარტი. პეტერსის ინფორმაციის თანახმად, ლოკარტი დიპლომატის საფარქვეშ ამოფარებული რეზიდენტი იყო, შეთქმულების შტაბი კი, თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისის საელჩოში მდებარეობდა და ყველაფრის კოორდინაციაც აქედან ხდებოდა. ხოლო რეილი, პეტერსის სიტყვებით, ლოკარტის ქვეშევრდომი იყო და მის ბრძანებებს ასრულებდა.
– პეტერსს ჰქონდა დამამტკიცებელი საბუთები?
– დიახ. მემარცხენე ესერთა ამბოხის ჩახშობის შემდეგ ლოკარტთან ორი ლატვიელი ოფიცერი მივიდა: ერთი ედუარდ ბერზინი გახლდათ, ხოლო მეორემ თავი სმიდჰენად წარუდგინა. ორივე უშუალოდ პეტერსზე მუშაობდა, ლოკარტმა კი ისინი გულწრფელ პატრიოტებად ჩათვალა.
– ნუთუ ინგლისის ელჩი ასეთი გულუბრყვილო აღმოჩნდა?
– ოპერაცია კარგად იყო დამუშავებული. ბერზინს ჰქონდა სარეკომენდაციო წერილი ლოკარტთან და ელჩიც ორივე ლატვიელის მიმართ ნდობით განიმსჭვალა. ლოკარტმა იქვე დაწერა სარეკომენდაციო წერილი არხანგელსკში გადმომსხდარი დესანტის მეთაურთან, გენერალ პულთან. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ჩეკისტებს სამხილი საკუთარი ხელით მიართვა. ბერზინმა და სმიდჰენმა ყოველივე პეტერსს მოახსენეს. 
– ლოკარტმა ლატვიელები რეილისთანაც დააკავშირა?
– დიახ. მან რეილის მოახსენა, რომ მასთან ორი ლატვიელი ოფიცერი მივიდა. რეილის დავალებით, ბერზინსა და სმიდჰენს ჯერ აბაშიძე ხვდება მოსკოვის ცენტრში. აბაშიძემაც გულდასმით შეამოწმა და დარწმუნდა, რომ „კუდი“ არ აჰკიდებია. ამის შემდეგ ბერზინს რეილი შეხვდა.
– ლენინმაც დაიჯერა, რომ შეთქმულების თავკაცი მართლაც ლოკარტი იყო?
– ლენინი, რასაკვირველია, უტოპისტი და ექსტრემისტი იყო, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არც ალღო აკლდა, არც ინტელექტი და რეალობის გრძნობაც არასდროს ღალატობდა. ამიტომ, გულდასმითი გაანალიზების შემდეგ, დაასკვნა, რომ ლონდონთან კონფრონტაცია გარდაუვალია, მაგრამ, პროცესების დაჩქარებაც არ შეიძლებოდა. ლენინმა ლოკარტის დაპატიმრებაზე თავი შეიკავა და ბრძოლისთვის მოემზადა. მას პრინციპად ჰქონდა, რომ გათავისუფლებული კაცი თანამდებობაზე არასდროს დაებრუნებინა. ძერჟინსკის მიმართ კი გამონაკლისი დაუშვა. ლენინი ინტრიგების დიდოსტატი გახლდათ და, ამიტომაც, გააღვივა დაპირისპირება პარტიის შიგნით. ძერჟინსკი სრულ იზოლაციაში მოექცა. მისი ერთადერთი ხსნა ლენინის მხარდაჭერა იყო. ამის შემდეგ ვლადიმირ ილიჩმა ის დაიბარა და „ჩეკას“ თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნება შესთავაზა. ლენინმა ხაზი  გაუსვა, რომ „ჩეკას“ რეფორმირება აუცილებელია. ძერჟინსკი დაეთანხმა, თუმცა, გულში სხვას ფიქრობდა და შემდგომმა მოვლენებმაც ეს დაადასტურა – მხედველობაში მაქვს თავდასხმა ლენინზე და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
– ანუ, როდესაც ლენინს კაპლანმა ესროლა და დაჭრა? ლენინს მართლა კაპლანმა ესროლა?
– ასეთი იყო ოფიციალური ვერსია. კაპლანს 16 წლის ასაკში ვინმე გორსკი შეუყვარდა. მისი გავლენითაც ის ანარქისტი გახდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კაპლანი მშვიდად, წყნარად ცხოვრობდა. ერთ დღეს კი კაპლანს ქუჩაში „შემთხვევით“ ხვდება თავისი პირველი სიყვარული – იაშკა გორსკი. მათ შორის ურთიერთობები აღდგა. კაპლანმა არ იცოდა, რომ იაშკა „ჩეკას“ საიდუმლო აგენტი იყო. სწორედ გორსკიმ დაარწმუნა ქალი, რომ რევოლუცია უნდა იხსნას და ლენინი მოკლას. 
– ანუ, ლენინზე თავდასხმა ძერჟინსკის პროვოკაცია იყო?
– ყოველ შემთხვევაში, ამით ძერჟინსკიმ იხეირა. ლენინმა ოფიციალურად გამოაცხადა „წითელი ტერორი“. „ჩეკას“ გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. მალე მოულოდნელად გარდაიცვალა სვერდლოვი. ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს. რაც შეეხება ძერჟინსკის, მან პოსტიც შეინარჩუნა და გავლენის გაზრდასაც მიაღწია, ანუ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ლენინზე თავდასხმა სწორედ მის მიერ მოწყობილი მარჯვე პროვოკაცია იყო. 
– აბაშიძე ამ დროს მოსკოვში იმყოფებოდა?
– დიახ. რეილი რამდენიმე დღით ადრე პეტერბურგში გაემგზავრა, აბაშიძე კი მოსკოვში დარჩა და აქტიურად ჩაერთო გადატრიალების მომზადების საქმეში. კაპლანის გასროლა მისთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო. ლენინზე თავდასხმის შემდეგ წითელი ტერორი გაჩაღდა და რეილის ორგანიზაციაშიც მასობრივი ჩავარდნები მოხდა. თავად აბაშიძე ამას სასწაულით გადაურჩა.
– მაინც, როგორ გადარჩა?
– რეილიმ, როგორც გამოცდილმა მზვერავმა, უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემა შეიმუშავა. დაჭერას გადაურჩნენ როგორც აბაშიძე, ასევე, ჯორჯ ჰილი, ფრანგი მზვერავი ვერტამონი და სხვები. ისინი წინასწარ მომზადებულ კონსპირაციულ ბინებში გადავიდნენ. ახლა ყველა მათგანს ახალი ყალბი საბუთი ჰქონდა: ჯორჯ ჰილი კინომექანიკოსი გახდა, აბაშიძე მტვირთავ მუშად გადაიქცა... მალე პეტერბურგიდან მოსკოვში დაბრუნდა რეილიც. რეილი შეეცადა ამ მწირი ძალებით მოეხდინა გადატრიალება. მთავარ ფსონს, რასაკვირველია, ლენინ-სვერდლოვის ქიშპზე დებდა. რუსეთიდან წასვლა მან მხოლოდ მას მერე გადაწყვიტა, როცა სვერდლოვი უეცრად გარდაიცვალა. ამის შემდეგ რეილი და აბაშიძე გაემგზავრნენ პეტერბურგში. აქ მათ პატარა კატერი ელოდათ, რომლითაც ისინი შვედეთში გადავიდნენ. 
– აბაშიძის შემდგომი ბედი როგორ წარიმართა?
– ამის შესახებ ცნობები მწირია. ცნობილია ის, რომ აბაშიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ის პოლონეთის „არმია კრაიოვას“ (აკ) რიგებში იბრძოდა, თუმცა, სხვები ამას ეჭვქვეშ აყენებენ. ცალკეული ცნობების თანახმად, აბაშიძე აკ-ის რიგებში „ყაზბეგის“ ფსევდონიმით იმყოფებოდა. აკ-ში ასეთი მეთაური მართლაც იყო. ერთნი ამტკიცებენ, რომ თითქოს ესესელებთან შეტაკებისას დაიღუპა, სხვების აზრით, გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და სიცოცხლე ოსვენციმის სიკვდილის ბანაკში დაასრულა. არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ყაზბეგი“ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას მოესწრო და კომუნისტური პოლონეთის უშიშროების ძალებთან შეტაკებისას დაიღუპაო, თუმცა, ერთში ყველა ერთსულოვანია: „ყაზბეგი“ მამაცი მეომარი იყო, მას სძულდა როგორც ნაცისტები, ისე კომუნისტები და ორივეს წინააღმდეგ ერთნაირი გააფთრებით იბრძოდა.

скачать dle 11.3