კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვარი და სად მდებარეობდა ალექსანდრე მანთაშევის სავაჭრო სკოლა

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში რამდენიმე სასწავლებელი ფუნქციონირებდა, როგორც ვაჟებისთვის, ისე ქალებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე მსგავსი დაწესებულებები თბილისში, ფაქტობრივად, არ არსებობდა, 1870-1890-იანი წლები საგანმანათლებლო დაწესებულებების დაბადების პერიოდად უნდა ჩაითვალოს, რადგან, სწორედ დროის ამ მონაკვეთში დაარსდა უამრავი გიმნაზია, ინსტიტუტი, სკოლა და სასწავლებელი. იმ პერიოდში აგებული ზოგიერთი შენობა დღემდე ინარჩუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას, ხოლო ზოგის ნახვა, მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შესაძლებელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ვაკის რაიონის უძველესი შენობაა. დედაქალაქის 1906 წლის გეგმაზე მხოლოდ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და გზაზე გამავალი ხიდი იყო აღნიშნული, რომელიც ძველ ფოტოებზეა აღბეჭდილი. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის (რომელიც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია) ხუროთმოძღვარი პირველი ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი იყო, რომელიც მოსკოვის ფერწერისა და  ხუროთმოძღვრების სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. მას ჰქონდა დავალებული შენობის დაპროექტება, ხოლო მშენებლობის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი იყო ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე – ნიკო ცხვედაძე. შენობა კერძო პირების შემოწირულობების ხარჯზე აშენდა. მშენებლობა 1899 წელს დაიწყო და სიმონ კლდიაშვილის ხელმძღვანელობით 1906 წელს დასრულდა. კლდიაშვილის პროექტის თანახმად, შენობის ცენტრალურ ნაწილში მართლმადიდებლური ეკლესია იყო განთავსებული, რომელიც შემდგომში გადააკეთეს, ზედა ნაწილი სამკითხველო დარბაზად აქციეს, ხოლო ქვედა – აუდიტორიად. სათავადაზნაურო გიმნაზიას სათავადაზნაურო ბანკი ინახავდა, ხოლო ღვთისმეტყველების ლექციებს ერთი პერიოდი  საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე კითხულობდა. რენესანსული არქიტექტურის მოტივებზე აგებული შენობა მოგვიანებით ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელ საზოგადოებას გადაეცა, რომლის თავკაცი ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი იყო. უნივერსიტეტი საზეიმოდ 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა-ლოცვა  აღავლინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს ჩატარდა, ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ ამიერკავკასიაში. 

 

დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია

რევოლუციამდე თბილისში ვაჟთა რამდენიმე გიმნაზია ფუნქციონირებდა, რომელთა შორის გამორჩეული იყო დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია, რომელიც მეფის რუსეთის დროს დიდი მთავრის ქუჩაზე მდებარეობდა (ამჟამად უზნაძის ქუჩაზე). ეს არის ამჟამინდელი განათლების სამინისტროს შენობა, რომლის მშენებლობა 1893 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო და 1899 წლის 24 მაისს დასრულდა. თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის შენობა ცნობილი სომეხი მეცენატის, მიქაელ არამიანცის დაფინანსებით აშენდა და გახსნის დღეს ის საქართველოს ეგზარქოსმა აკურთხა. 1900 წლის ¹39 ჟურნალი „ნივა” წერდა, რომ ახლად გახსნილი გიმნაზია, ყველა პარამეტრების დაცვით, ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი იყო, რომელიც აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, მათ შორის – ჰიგიენურ მოთხოვნებს. საკლასო ოთახები ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარე ფლიგელებში იყო განთავსებული, ერთ მოსწავლეზე კლასში 1,68 კვადრატული მეტრი ფართობი იყო განსაზღვრული და ყველა მოსწავლისთვის იყო გამოყოფილი საშხაპე. 1901 წლის „კავკასიური კალენდრის” ცნობებზე დაყრდნობით, მეორე გიმნაზიაში 765 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, მათ შორის: რუსი – 293, ქართველი – 184, სომეხი –  170, ებრაელი – 20, თათარი – 8, სხვა ეროვნების – 90. 

ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი

შენობა, სადაც ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა განთავსებული, წარსულში წმიდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას ეკუთვნოდა და იქ განთავსებული იყო ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. საზოგადოება 1846 წელს მაშინდელი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის მეუღლის, ელიზავეტა ვორონცოვას მიერ იყო დაარსებული, ინსტიტუტის პირველი შენობა კი მაშინდელი ერმოლოვის და ამჟამინდელი ჩიტაძის ქუჩაზე 1846  წლის 5 მაისს გაიხსნა. შემდგომში, როგორც ჩანს, შენობა ვერ აკმაყოფილებდა ინსტიტუტის მოთხოვნებს და ის გადაკეთდა იმ სახით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. შენობის საზეიმო გახსნა 1883 წლის 2 ოქტომბრით არის დათარიღებული. ინსტიტუტში 8-12 წლის ასაკის გოგონებს იღებდნენ და სხვადასხვა საგანს ასწავლიდნენ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი იმ დროის თბილისის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სასწავლებლად ითვლებოდა.

მანთაშევის სავაჭრო სკოლა

ალექსანდრე მანთაშევი ცნობილი თბილისელი მეწარმე იყო, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის განაშენიანებაში. მას არაერთი ცნობილი შენობის მშენებლობა დაუფინანსებია და მათ შორის გახლდათ თბილისის სავაჭრო სკოლა, რომელიც თბილისელი ვაჭრების საზოგადოების მიერ, ალექსანდრე მანთაშევის ფულით აშენდა და მის სახელს ატარებდა. 1910 წელს არქიტექტორ გაზაროს სარქსიანის პროექტით ბებუთოვის ქუჩაზე (ამჟამად ლადო ასათიანის ქუჩა) აშენებული შენობა მანთაშევის უსაყვარლესი ნაგებობა იყო, რომლისთვისაც მას არც ხარჯები და არც დრო არ დაუზოგავს. სავაჭრო სკოლა იმ დროის ტფილისის სკოლებს შორის გამორჩეული გახლდათ. ის აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უახლესი ტექნიკით: ჰქონდა საუკეთესო ლაბორატორიები, კაბინეტები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ბუფეტი. შენობას ამშვენებდა ბრინჯაოსგან დამზადებული დაფა, რომელზეც ეწერა, რომ სავაჭრო სკოლა 1910 წლის 1 ივლისს ააგო თბილისის ვაჭართა საზოგადოებამ მისი უდიდებულესობა გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის მთავარმმართებლად მსახურობის დროს და ალექსანდრე მანთაშევის ფინანსური დახმარებით. სამწუხაროდ, 1911 წელს ალექსანდრე მანთაშევი გარდაიცვალა და სკოლას მისი სახელი ეწოდა. 1922 წლამდე, გარდაცვალების დღეს, 19 აპრილს, მანთაშევს სკოლაში პანაშვიდს უხდიდნენ, თუმცა, საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ეს ტრადიცია დაირღვა. როგორც დაიკარგა მანთაშევის ბიუსტი, რომელიც 1922 წლამდე სკოლის ვესტიბიულში იდგა. ამჟამად მანთაშევის სავაჭრო სკოლაში თბილისის 43-ე სკოლაა განთავსებული.

скачать dle 11.3