კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია დათო დვალიშვილი ილია ჭავჭავაძის მკვლელის დაკითხვის ოქმთან

 

თეატრი ცოცხალი ორგანიზმია. აქ მაყურებელი თავის საყვარელ მსახიობს ძალიან ახლოს ხედავს და უსმენს; აკვირდება მის ყველა მოძრაობას, მეტყველებას; აქ მაყურებელს არ გამოეპარება მსახიობის მიერ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა და, ამიტომ, მსახიობსაც ასჯერ მეტი მობილიზება სჭირდება, რათა მაყურებლის იმედები გაამართლოს. დათო დვალიშვილი წლებია, მარჯანიშვილის თეატრის  მსახიობია. დღეს მის დღიურებს გაგაცნობთ.                              

– ბატონო დათო, რამ იქონია გავლენა თქვენზე მსახიობი გამხდარიყავით და როგორ დაიწყო ყველაფერი? 

– ბავშვობაში ერთი გოგო მომწონდა. ერთხელ თქვა, მსახიობს გავყვები ცოლადო და ამიტომაც გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი. 

– რას გვეტყვით თქვენი ოჯახის შესახებ? 

– ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა, როგორი ოჯახებიც იყო კომუნისტების დროს. მამაჩემი ძალიან საინტერესო კაცი ყოფილა. „ყვარყვარე თუთაბერში” ყვარყვარე რომ ვითამაშე მარჯანიშვილის თეატრში, მამა კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. პრემიერას დედაჩემი დაესწრო. რომ  ჰკითხეს, როგორი იყოო, უპასუხა – კარგი  იყო, გვაცინაო. მერე მითხრა, მამაშენიც თამაშობდა „ყვარყვარეში“ ტყიბულშიო. მე დედით ხონელი ვარ, მამით – ვანელი. მამაჩემი სრულიად ახალგაზრდა კაცი გახლდათ, დაახლოებით 30 წლის, მაშინ დაქორწინებული არ იყო, როცა სცენაზე ითამაშა.  ერთხელ, სოფლის საბჭოსთან ჩაიარა ნასვამმა. ხედავს, ლენინის სურათს კიდებენ. გადმოცემით ვიცი, ბაბუაჩემს მიწები, ტყე ჰქონია, ზოგი ოქროთი უყიდია. კულაკები არ ყოფილან, მაგრამ, კომუნისტებმა, რაც ჰქონდა, ყველაფერი წაართვეს. როგორც ჩანს, მამაჩემს ეს გულში ჰქონდა ჩარჩენილი, ჰოდა, ლენინის სურათს აქ რა უნდაო, – ჩამოიღო და ღელეში მოისროლა. ეტყობა, ღვინომ გააბედვინა, თორემ, ფხიზელი როგორ გაბედავდა. სანდრო, მოუსვი ახლა აქედან, თორემო... – უთხრეს თანასოფლელებმა. შეშინებული მამაჩემიც გავარდა და გაიქცა ტყიბულში. მაშინ ყველა ქალაქში იყო სახალხო თეატრი. სხვათა შორის, ტყიბულს ყოველთვის კარგი თეატრი ჰქონდა და იქ თამაშობდა სპექტაკლებში. რაც შეეხება დედას, იჯდა  თავისთვის და კერავდა. ახალგაზრდას დააკლდა თვალთ და, მახსოვს, მთხოვდა ხოლმე, ნემსში ძაფი გამეყარა, სხვათა შორის, სიბერეში უფრო კარგად ხედავდა. 86 წლის გარდაიცვალა. ექვსი შვილი გაგვზარდა. სამტრედიის რკინგზის სკოლაში ვსწავლობდი, იქ იყო რკინიგზის კულტურის სახლი, სადაც კარგი მსახიობები იყვნენ. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი – ალექსანდრე მიქელაძე, ეს ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მკვლელის დაკითხვის ოქმი ნახა. ბაზარში ხორცი იყიდა და იმ ქაღალდებში გაუხვიეს. ფუსფუსა კაცი იყო და, რასაც ნახავდა, ყველაფერს კითხულობდა.  გავარდა და ყასბისგან ხორცის გასახვევად მომარაგებული ქაღალდები იყიდა. გვერდები აკლდა, მაგრამ, შეაქუჩა და შეინახა. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი. მამაჩემს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რა გინდა თეატრალურშიო,  არ შემწინააღმდეგებია. ჩემი სიყვარული და სწრაფვა მსახიობობისკენ  განაპირობა იმანაც, რომ იმ დროს ეკრანებზე ახალი გამოსული იყო: „ბაში-აჩუკი”, „საბუდარელი ჭაბუკი” და სხვა პოპულარული ფილმები, ეროსი რადიოდან გვიყვარდა ჯერ კიდევ, აზანზარებდა ყველაფერს, ისეთი დინამიური ხმა ჰქონდა. ასე რომ, მომსწრე ვიყავი ამ მოვლენების და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თეატრალურში ძალიან კარგი ჯგუფი ვიყავით: მე, ნანული სარაჯიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, გია ფერაძე... პირველი სპექტაკლი იყო საკურსო „მზის შვილები”, „ძუნწი”, „ძია ვანია”. ამის შემდეგ წავედი ქუთაისის თეატრში. თავიდან მოზარდ მაყურებელთა  თეატრში გამანაწილეს, მაგრამ, მერე საშა მიქელაძემ თქვა: არა, არ გინდა მოზარდში, წადი და თეატრში სერიოზული როლები ითამაშეო. ათი წელი ვიყავი ქუთაისის თეატრში. მერე, თბილისში ახმეტელის თეატრი იხსნებოდა და ახმეტელში გადმოვედი. ორი წლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში წამოვედი, სადაც დღემდე ვარ.   

– საუბარი თქვენი ბავშვობიდან დავიწყეთ, კომუნისტებიც ვახსენეთ. იმ  დროს ყველა ოჯახი განიცდიდა იდეოლოგიურ ზეწოლას და სულ შიშის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. თქვენ რას გაიხსენებდით?

– მახსოვს, აღდგომის დღესასწაულზე კვერცხის შეღებვას გვიშლიდნენ. წითელი კვერცხი რომ დაენახათ ჩვენს ხელში,  კომკავშირის კრებაზე დგებოდა ჩვენი საკითხი. ხალხი ჩუმად დადიოდა ეკლესიებში, მალულად ნათლავდნენ ბავშვებს... საშინელი დრო იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა მაინც შემორჩნენ პატიოსანი ადამიანები, რომლებმაც აქამდე მოიყვანეს ჩვენი ქვეყანა. ღვთის მოყვარული ხალხი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაც დაიღუპებოდა. ბებია მყავდა, გვარად ხელაძე. მისი ძმები მღვდლები იყვნენ. ჩვენს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შობის დღესასწაული იყო – 7 იანვარი. თორმეტ საათს რომ გადასცდებოდა, სუფრას შემოვუსხდებოდით, ლოცვას წავიკითხავდით და მერე შევექცეოდით. მამიდაჩემმა რომ იცოდა სახარება, ისე, ალბათ, არავინ იცის. ძალიან პატარა მომნათლეს მამაჩემის მეგობარმა დავით ბესილიამ და მამიდასაც მოვუნათლივარ. ექვსი დედმამიშვილი ვიყავით, მე მამიდას გაზრდილი ვარ და მან წამიკითხა პირველად სახარება. ეს იყო უძველესი სახარება, 1888 წელს გამოცემული. როდესაც მიკითხავდა, ბევრი რამე, რაც არ მესმოდა, მიხსნიდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო და, საერთოდ, ძალიან ბევრი რამ მან მასწავლა. ის სახარება ახლა მე მაქვს სახლში. ჩემთვის ეს წიგნი ყველაფერს ნიშნავს. ბედნიერი კაცი ვარ, რომ პატრიარქი ჩემი გვარის განათლულია – მისი ნათლია გვარად დვალიშვილი ყოფილა. ერთხელ, თეატრში იყო და ასეთი რამე მითხრა: ჩემი ნათლიის ფეხებში ვარ გაზრდილიო. როცა გავიგებ, რომ სადმე შეკრებაა და პატრიარქი ჩვენი პროფესიის ხალხს ხვდება, მეც დიდი სიამოვნებით მივდივარ იქ.  

– ათეული წლებია, სცენაზე დგახართ. მაყურებელი უყურებს  სპექტაკლს, მაგრამ, არაფერი იცის, რა ხდება კულისებში. ალბათ, გქონიათ პატარ-პატარა უთანხმოებები, გაუგებრობები მსახიობთან ან რეჟისორებთან.           

– თეატრშიც და კინოშიც ყოფილა პატარა გაუგებრობები, მაგრამ, სერიოზული არაფერი. ახალი ჩასული ვარ ქუთაისში და დაიდგა „ნაცარქექია”. საგრიმიოროში ვსხედვართ, გრიმს ვიკეთებთ. ერთი  მეუბნება, უჯრაში ნახე რა გიდევსო. რა მიდევს-მეთქი – გამოვწიე უჯრა და მერცხალი ამოფრინდა. შემოფრენილა საგრიმიოროში, დაუჭერიათ და უჯრაში ჩაუსვამთ. მოვაბი ფეხზე ბაწარი. ჩემი გმირი სცენაზე დარბის, „რაგატკას“ ისვრის და თავისთვის მღერის: „ჰერი, ჰერი“.. ეს მერცხალი კი მიზის მხარზე მიმინოსავით. არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ, იმ მიზანსცენაში კარგად ჩაჯდა, იმპროვიზაცია გამოვიდა. უცებ, გამისხლტა მერცხალი ხელიდან და დაიწყო დარბაზში ფრენა. ჩაშლამდე მივიდა სპექტაკლი, იმიტომ, რომ მთელი ყურადღება მასზე გადავიდა. თეატრიდან ვერ გამაგდეს, ან, რაში აწყობდათ ჩემი გაგდება. შეიკრიბა სამხატვრო საბჭო, ჩემს საქმეს იხილავენ – გუშინ, დვალიშვილმა სცენაზე გააფრინაო... და, ატყდა სიცილი. ასე რომ, გადავრჩი. ერთხელ ასეთი რაღაც მოხდა და ეს იყო ჩემთვის კარგი გაკვეთილი. ხდება ხოლმე, ახალგაზრდა რომ ხარ, აგივარდება თავში – ერთ-ორ წარმატებას რომ ნახავ, გგონია, მე ვარ ყველაფერიო და ნასვამი მივედი. პიესა იყო ასეთი – „მკვლელობა სადგურზე”. ებრაელს ვთამაშობდი, ძალიან კარგი სახე იყო და ბევრი მაყურებელი ჰყავდა, ტიროდნენ. ციხის შესახებ იყო, როგორც „თეთრი ბაირაღები”. მივედი, ჩავიცვი ციხის ტანსაცმელი, ოთახში ტახტი იდგა და წამოვწექი – ერთი საათით ადრე ვარ მისული და  ჩამძინებია. მაღვიძებენ, ადექიო. ავდექი და მივდივარ სცენისკენ. სად  მიდიხარ, დამთავრდა სპექტაკლიო. თურმე იმდენ ხანს მაღვიძებდნენ  და ვერ გამაღვიძეს. თეატრში თუ რამე „ჩეპე“ მოხდებოდა,  ყველა მსახიობი ვალდებული იყო, სცენაზე გასულიყო და არ გაეფუჭებინა სპექტაკლი. ამასაც რაღაცნაირად გადავრჩი. ის დღე იყო და ის დღე, თეატრში ნასვამი აღარ მივსულვარ. 

– ბევრ ფილმში ხართ გადაღებული. ალბათ, კინოშიც ისეთივე საინტერესოა თქვენთვის მუშაობა, როგორც თეატრში.           

– კინოში ძალიან საინტერესოა, როცა ბევრ სახეს ქმნი, შეგიძლია, ბევრი თვისება ნახო შენს თავში და თეატრი ამის  საშუალებას უფრო მეტად გაძლევს, საკუთარ თავში, ტვინსა და გულში იჩიჩქნო, შენი ნერვები აწვალო. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს სუფრა, მეგობრებთან ერთად ქეიფი, სიმღერა, ხელის გაშლა, სადღეგრძელოები და ახლა ამის საშუალება აღარ მაქვს – ძალიან ადრე დავჯექი დიეტაზე, ოჯახისა და თეატრის ჭკუაზე დავდივარ. სცენას ბევრი ჯაფა სჭირდება, ხუთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანი, რომ კარგი გამოვიდეს.                        

–  რომ შეიძლებოდეს წლების უკან დაბრუნება, რა მონაკვეთიდან დაიწყებდით ცხოვრებას?          

– არა, რა გაივლის კიდევ იმ გზას, ახლა იქით მინდა ვნახო, რა ხდება. რატომ უნდა დავიწყო თავიდან, როცა მეუბნებიან, რომ იქით კარგი ცხოვრებაა, მარადიული?! 64 წელი არც ისე ბევრი და არც ისე ცოტაა, მაგრამ, მაინც კმაყოფილი ვარ იმ ცხოვრების, რაც გავიარე. აი, შეყვარებული რომ ვიყავიო... – ზოგმა შეიძლება ინატროს. შეყვარებული რომ ვიყავი, იმის გადატანა არ გინდა მეორედ?! შეყვარებული ადამიანის ცხოვრება არის ტანჯვა და მე ეს ტანჯვა გამოვლილი მაქვს. სხვა მხრივ, რა ვიცი, მართლა რომ შეიძლებოდეს  ცხოვრების თავიდან დაწყება, უფრო მეტ განათლებას მივიღებდი.

 

скачать dle 11.3