კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ელისო ჩაფიძე ორჯერ ნასამართლევი და რაში ემადლიერება ის პავლე კუბლაშვილის მეზობლებს

ელისო ჩაფიძე ქართულ პოლიტიკაში რეზონანსული ჟურნალისტური წარსულის წყალობით მოხვდა. ხმაური ჟურნალისტიკაში დებიუტიდანვე დაებედა, როცა 18 წლის დამწყები ჟურნალისტი ცნობილ სასამართლო პროცესზე მოხვდა.  ამის შემდეგ მას ხან მოკვლით ემუქრებოდნენ,  ხან პატიმრობით.  სწორედ ამ სკანდალების დამსახურება იყო, რომ ელისო ჩაფიძემ  ორი ცნობილი პრემია, წლების შემდეგ კი  ქართული პოლიტიკის „საგზური” მიიღო. როგორ ირგებს   ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტიკოსის ამპლუას  და რატომ „გადააგდეს” ის ოკეანეში, ამას თავად ელისოსგან შეიტყობთ,  რომელსაც ძველი და საყვარელი საქმის კვალი რესპონდენტის ამპლუაშიც კარგად „ახსოვს”.      

– ელისო, როგორ შეეჩვიე ქართულ პოლიტიკურ პროცესებს და როგორ მოირგე   პოლიტიკოსის ამპლუა? 

– სიმართლე გითხრათ, ეს ადვილი არაა. შარშან 15 თებერვალს, როდესაც  პოლიტიკაში წასვლის შესახებ განვაცხადე, პრესკონფერენციის შემდეგ  ისეთი შეგრძნება მქონდა,  დიდი სიმაღლიდან ოკეანეში რომ გადაგაგდებენ, თან ისე, ცურვაც რომ არ იცი. პოლიტიკა რედაქციაში მუშაობა არაა, რასაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ვაკეთებდი. მე მიჩვეული ვარ ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებიც მიყვარს და  მსიამოვნებს. რედაქციაში, უნივერსიტეტში, სადაც დღემდე ვკითხულობ ლექციებს, ყველგან მქონდა ურთიერთობები ადამიანებთან, ვინც ჩემი თანამოაზრეები იყვნენ, ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ისეთივე გარემოა, რომელსაც  შეჩვეული ვიყავი. აქ  მოქმედებს  თამაშის სხვა წესები. პოლიტიკა არის ინტერესები,  მაგრამ მე  ვცადე, გამეჩინა თანამოაზრეები ჩემს გუნდში, რომ მქონდეს მათთან პიროვნული ურთიერთობები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  მე ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფნა, გადავწყვიტე იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩვენ გვქონდა. იმ შეხვედრაზე რომ მივდიოდი, ბევრი ჩემი ახლობლისგან ვიყავი „დარიგებული”, გამერკვია ჩემი პოლიტიკური მომავალი. თუმცა,  ორი საათის განმავლობაში  ჩვენ იმდენ ადამიანურ თემაზე ვისაუბრეთ, არც სია გამხსენებია და არც რიგითობა.  ასეთი ტიპის  ვაჭრობას, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე,  რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი. მაგრამ, როდესაც ადამიანი მესაუბრებოდა საქმეზე, რომელიც მთელი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გაკეთებულიყო,  ჩემი კონკრეტული ადგილის ძებნა ნამდვილად არ დამიწყია. 

– ბიძინა ივანიშვილის „აღმოჩენა” არ ხარ, მასთან  მიხვედი ძალიან საინტერესო და აქტიური  ჟურნალისტური წარსულით, რაც გახდა კიდეც ამ  პოლიტიკური კარიერისთვის გადამწყვეტი.

– რა თქმა უნდა, გადამწყვეტი  იყო ჩემი  განვლილი გზა,  რომელიც 18 წლის ასაკში დავიწყე. სულ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმა ადამიანმა – პოლიტოლოგმა ლაშა გელოვანმა, რომელიც ახლა კანადაში ცხოვრობს და მწერალმა აკა მორჩილაძემ. ისინი ჩემი რედაქტორები იყვნენ გაზეთ „რეზონანსში”. მაშინ მე ვიყავი მეორე კურსის სტუდენტი  სამყაროს შესახებ იდეალისტური წარმოდგენებით.  ჩემი სტუდენტობა თბილისის ომის პერიოდს დაემთხვა, მყავდა ძალიან კარგი სამეგობრო. მაშინ, როცა ლექციები გვიცდებოდა და ეს ხშირად ხდებოდა ასე, ჩვენ  დავდიოდით მთაწმინდაზე, დიდუბეში, ვკითხულობდით ტერენტი გრანელს, გალაკტიონს. ერთ დღეს, როცა გამიცდა ლექცია უცხოური ლიტერატურის ისტორიაში, მახსოვს, მე ჩემს მეგობართან  ერთად ვავსებდი კროსვორდს. კროსვორდის გვერდით შევნიშნე  განცხადება, რომ  „რეზონანსი” ეძებდა ახალგაზრდებს, რომლებიც დაწერდნენ სტატიებს. ჩვენ  წავედით „რეზონანსის“ რედაქციაში, ყველაფერი დაიწყო იქ და მაშინ (იცინის).

–   გიწევდა მუშობა ძალიან სკანდალურ მასალებზე. არ იყო რთული დამწყები ჟურნალისტისთვის, პროკურატურასთან და სამართალდამცველებთან „ჭიდილი”?

– რატომღაც ასე დამებედა. პირველივე დღეს გამგზავნეს სასამართლო პროცესზე,  ისე, რომ არც კი ვიცოდი, ვინ იყო პროკურორი და ვინ მოსამართლე. მე აღმოვჩნდი დომუხოვსკი-გელბახიანის ცნობილ საქმეზე. განიხილებოდა 18 განსასჯელის საქმე, რომელთაგან ერთ-ერთი გულწასული მოიყვანეს სასამართლო პროცესზე. თუმცა, მოსამართლეს არც უფიქრია  პროცესის გადადება. ამ პროცესის შემდეგ დაიწერა  ცნობილი სტატია სათაურით „მოსამართლე – იგივე ჯალათი?!”. ამ სტატიის გამო ლამის მიჩივლეს, სათაური რედაქტორებმა – აკამ და ლაშამ გამოიტანეს. მაგრამ, ახლაც მახსოვს, მოსამართლე მემუქრებოდა, რომ  სისხლის სამართლის 186 მუხლით პატიმრობა არ ამცდებოდა.  ასეთი ხმაურიანი იყო ჩემი ჟურნალისტური დებიუტი.

– ხმაური არც მერე გაკლდა, თუ არ ვცდეები, ორჯერ  აღმოჩნდი სასამართლო პროცესზე „განსასასჯელის სკამზე”.

– მე ორჯერ ნასამართლევი ვარ, მაგრამ არც ერთი პროცესი არ წამიგია, რადგან სიმართლე ჩემს მხარეს იყო. ჩემი პირველი ადვოკატი იყო კობა დავითაშვილი. მეგობრობა, რომელიც ჩემი სასამართლო პროცესის დროს დაიწყო, დღემდე გრძელდება. 

– სიძის, ზაზა ხატიაშვილის დახმარებაზე უარს ამბობდი?  ის ხომ ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი იყო იმ წლებში. 

– ზაზასთვის არასდროს მითქვამს, რომ ჩემს საქმეში გამოსულიყო ადვოკატად, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის უფრო  რთული იქნებოდა. ზაზა იმდენად კეთილია, უამრავ გაჭირვებულს დახმარებია უსასყიდლოდ, მაგრამ როცა საქმე შენი  ოჯახის წევრს ეხება,  ორმაგად ღელავ და განიცდი.  არ მინდოდა, ზაზასთვის ეს მძიმე ტვირთი დამეკისრებინა. მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავრიო ჩემს საქმეებში ის ადამიანები, რომელთა მიმართაც დიდი ემოციები და სიყვარული მაქვს.  მგონია, ასე უფრო მოვუფრთხილდები მათ.  მე ისე ხშირად მემუქრებოდნენ ხან ფანჯრიდან გადაგდებით, ხან – დაპატიმრებით,  ხან პროკურატურა მემუქრებოდა, ხან – სასამართლო, ამას მივეჩვიე კიდეც.  ალბათ, გახსოვთ  ზვიად გამსახურდიას მომხრე, ზაზა წიკლაურის ცნობილი საქმე. ის საშინლად იყო ნაწამები.  მე და მისი მეუღლე  ნინო, ერთად ვცდილობდით სიმართლის დადგენას. ამას მოჰყვა გახმაურებული მკვლელობები სამეგრელოში, ამ საქმეებზე მუშაობის დროს პროკურატურა დაკავებით მემუქრებოდა. ძალიან კარგად მახსოვს ანზორ ბალუაშვილი, რომელიც ამ საქმეების გამომძიებელი იყო. პროკურატურაში მუშაობის დროს ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ბატონი ანზორი მემუქრებოდა, უნდა დაგიჭიროო. მერე ელჩად რომ გაუშვეს ისრაელში, იქ მეპატიჟებოდა სტუმრად. პროკურატურისგან  მუქარა მოდიოდა ჩემი შეშინების მიზნით – პატარა გოგო ვიყავი, არ მქონდა იურიდიული განათლება და ინტუიციით უფრო ვხვდებოდი საქმის დეტალებს. თუმცა, მერე იურისპრუდენციაში ისე გავიწაფე, კარგ იურისტს რომ შეშურდებოდა (იცინის). არ დაგიმალავთ, თავიდან ამ საქმეებზე მუშაობა მეშინოდა. ერთხელ სამუდამო პატიმრობამისჯილმა ადამიანმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. მე ხელი მოვაწერე წერილს, რომ საკუთარი ნებით შევდიოდი მასთან შეხვედრაზე. აბსოლუტურად არ ვიყავი დაცული, ხომ შეიძლებოდა მძევლად ავეყვანე? მახსოვს, როგორ მიცემდა გული  და როგორ მიკანკალებდა ხელები. ის  პატიმარი  ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მისი წერილიდან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა და რაღაც სათქმელი ჰქონდა. მან სცადა აეხსნა, რატომ ჩაიდინა ის დანაშაული.   ძალიან ბევრი  ვიმუშავე რუსთაველი მანიაკის გახმაურებულ საქმეზე. ვამაყობ იმით, რომ იმ ადამიანს, ვისაც ამ მძიმე დანაშაულს აბრალებდნენ, დავეხმარე და ინფორმაცია, რომელიც მის უდანაშაულობას ამტკიცებდა, საჯაროდ გავახმაურე.

– როგორ ახერხებდი იმ ჩაკეტილ სისტემაში ინფორმაციის მოპოვებას?

– მქონდა ჩემი მეთოდები. გარეგნულად არ მემჩნეოდა, რომ შემეძლო ინფორმაციის მოსაპოვებლად რისკზე წასვლა – ქალური სისუსტე იყო ჩემი სიძლიერე და ისიც, რომ როგორც ყველა ქალს, მეც შემიძლია  ყველგან ვიცვალო ფერი (იცინის). მახსოვს, როგორ მომიყვა ერთ-ერთი გამომძიებელი საქმის დეტალებს ისე, რომ ვერ მიცნო. მეც დაზარალებულის ახლობელი ვეგონე, რადგან საავადმყოფოში დაჭრილის ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი, რომლებიც მას ეჩხუბებოდნენ.  მას ყველა ერთად დაესხა თავს, დამნაშავე რატომ არ დააპატიმრეთო. მე ვიჯექი ჩემთვის წყნარად.  ის კი თავის გასაჭირს მე შემომჩიოდა, როგორც ერთადერთ ადამიანს მათ შორის, ვინც არ ჩხუბობდა. ამ საუბარში მთელი ინფორმაცია მომაწოდა თავიდან ბოლომდე (იცინის). სწორედ ამ საქმიანობის დამსახურება იყო,  რომ 1998 წელს მივიღე გაეროს მეორე ხარისხის პრემია ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპატიო პრემია. 2004 წელს მივიღე ევროპაში ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო, რომელიც დაახლოებით  ნობელის პრემიაა და მას გადასცემენ ოსლოში, ნობელის ცენტრში. ხშირად ვხუმრობ, რომ წაგება არ ვიცი-მეთქი. შეიძლება, გარეგნულად ვჩანდე სუსტი, არ მიმაგრებდეს ზურგს მდიდარი ბიძა-ბაბუა, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს. 

– ამ არჩევნებშიც ასე არ მოხდა. ტყიბულში, ისეთი მოწინააღმდეგე დაამარცხე, ამის წარმოდგენა რთული იყო.  

– მე არჩევნებზე წავედი აბსოლუტურად შიშველი ხელებით. საარჩევნო კამპანიას ოჯახის წევრებისა და მეგობრების შემოწირულობებით ვუძღვებოდი, ხან გვქონდა ბენზინის ფული, ხან – არა. დღეს მინდა, მადლობა გადავუხადო  იმ ხალხს, ვინც გვერდით დამიდგა. ახლაც რომ ვაანალიზებ იმ მონაცემებს და პირობებს, რომელშიც მე ვიყავი, კიდევ არ მჯერა, რომ არჩევნები მოვიგე.  ადამიანები უფრო ახლოს რომ გამეცნო, ტყიბულის ატელიეში დავდიოდი და იქ ვიკერავდი კაბას. სხვათა შორის, ძალიან კარგად კერავენ იქ კაბებს (იცინის). 

– იმ პოლიტიკურ ორომტრიალში კაბებისთვის გეცალა?

– თბილისის ქუჩაზე, სადაც პავლე კუბლაშვილი ცხოვრობს, ჩემმა კოორდინატორმა ვერ შეკრიბა მოსახლეობა, რომ შეხვედრა გამემართა. ამ ადამიანებთან რაღაც ფორმით უნდა მოვხვედრილიყავი. ზოგთან მივედი ქარხანაში, ზოგთან რესტორანში, ზოგთან – სალონსა და ატელიეში. ეს მეთოდი ძალიან გამომადგა. იმ ქუჩაზე  ხმების 67 პროცენტი ავიღე, რის გამოც ძალიან მადლობელი ვარ პავლე კუბლაშვილის მეზობლების. აღარაფერს ვამბობ ჩემი ულამაზესი სოფლის, მუხურას მცხოვრებლებზე, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მე მომცა ხმა. პავლე კუბლაშვილის მეზობლები ჩემი მეზობლების შემდეგ  აღმოჩნდნენ მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებლით.    

– ახლა ცოტა პირად ცხოვრებაზეც მითხარი რამე, შენი ხაჭაპურის ცხობისა და გათხოვების ამბავი, სრულიად „ქართული ოცნების” განხილვის თემა რომ გახდა.

– სადედამთილოებს ნუ დამიფრთხობ და ვაღიარებ, რომ საოჯახო საქმეში მთლად მარჯვე არ ვარ (იცინის). პოლიტიკოსისთვის ხომ ნეკროლოგის გარდა ყველაფერი რეკლამაა.  ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს რამე წავართვი, ან მოვიპარე. ამიტომაც ხუმრობა ჩემსა და  ხაჭაპურის „მეგობრობაზე,”  არ მიმაჩნია მძიმე ბრალდებად. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას,  ამ მხრივ მაქვს ცვლილებები. საკმაოდ რომანტიკული და ემოციური პერიოდი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემაზე  საუბარს ნუ მომთხოვთ. 

– ეს სიყვარული ახლა დაიწყო?

– არა, ეს ძველი ისტორიაა. რაც თავი მახსოვს, ის ადამიანიც არსებობს ჩემ გვერდით. ბავშვობის წლები  ერთად გვაქვს გატარებული, მაგრამ რაღაც პერიოდში  ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით. 

– ისიც პოლიტიკაშია ჩართული?

– არა, პოლიტიკოსს ცხოვრებას არასდროს დავუკავშირებ, რადგან პოლიტიკოსები ოჯახისთვის არ არიან. მე გვერდით  მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც  ჩემი ცხოვრების რიტმსა და ვალდებულებებს „გაუძლებს” და იზრუნებს ჩემზე. ის  ადამიანი ყოველთვის  ხელოვნებასთან იყო ახლოს. დღეს  საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ მალე ჩამოვა – გაზაფხულისთვის  და მაშინ გაგიმხელთ ყველაფერს  (იცინის).       

скачать dle 11.3