კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნახა საკუთარი თვალით ციხეებში ბაჩო ახალაიას ცოლმა

 

დღევანდელი პოპულარული დაჭერების ფონზე საზოგადოების ინტერესი ყველაზე მეტად ძმები ახალაიებისკენ არის მიმართული. ბევრს აღარ გავაგრძელებ და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბაჩო ახალაიას მეორე ნახევართან – ანი ნადარეიშვილთან, საიდანაც გაიგებთ, როგორია ცოლის თვალით დანახული ბაჩო ახალაია, რა ნაკლოვანებები და ღირსებები გააჩნია მას, სად და როდის დაუშვა შეცდომა...

 

– ანი, მოგვიყევით თქვენი და ბაჩოს გაცნობისა და შეუღლების ისტორია. ჩემთვის ესეც საინტერესოა იმ პასუხებთან ერთად, რაც ჩემს კითხვებს მოჰყვება და რომლებიც ფართო საზოგადოებას ასე ძალიან აინტერესებს.

– ერთმანეთი სამსახურებრივ ვითარებაში გავიცანით, შემდეგ საერთო მეგობრების წრეში შევხვდით რამდენჯერმე და დავახლოვდით. მაშინ ბაჩო ომბუცმენის მოადგილედ მუშაობდა, მე  – პროკურატურაში ადამიანთა უფლებათა დაცვის კუთხით და რამდენჯერმე შევხვდით სამსახურებრივად. ვინც იცნობს ბაჩოს, ყველას უყვარს, ვინც არ იცნობს – ყველას სძულს. ეს არის ძალიან კეთილი ადამიანი, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნის, ყოველთვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და თავს არ ზოგავდა.

– ანი, ანი, ერთი წუთით! მოდი, გავაგრძელოთ პირველი შეკითხვის პასუხი, თორემ, თქვენი გაცნობისა და შეუღლების ისტორია დაუსრულებელ ისტორიას ჰგავს, რომელიც გაცნობით დაიწყო და სხვა აღარაფერი ყოფილა... ასე პირდაპირ შეუღლდით?

– თავიდან დავმეგობრდით, მერე მივხვდით, რომ სხვა გრძნობები გვქონდა ერთმანეთის მიმართ. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით და ვიცოდი, როგორი ადამიანი იყო. ძალიან განათლებული, ძალიან მოწესრიგებული პიროვნებაა და თავიდანვე მომნუსხა. შემდეგ, რომ დავახლოვდით, მისი პიროვნული თვისებები უფრო კარგად დავინახე. მართლა ძალიან შემიყვარდა და დღეს თავდავიწყებით მიყვარს. შემიძლია, მის გამო სიცოცხლე დავთმო. უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით, რომ ორი წლის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ. რომანტიკული, როგორც ასეთი, ბაჩო არ არის, მაგრამ, ყოველთვის გაგრძნობინებს სიყვარულსა და სითბოს. მე უფრო სხვა თვისებებით მომხიბლა. ჩვენ მანამდე ვიყავით დაოჯახებულები. ბაჩოს ჰყავს 9 წლის შვილი, მე – 13 წლის. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახები დაინგრა. არც არანაირი ხელის შემშლელი გარემოებები ყოფილა, გარშემო ყველამ იცოდა, რომ თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი, ამიტომ, არც არავის გაჰკვირვებია, პირიქით, ყველას ის უკვირდა, რომ ჩვენი დაქორწინების ამბავი ასე გაიწელა დროში. ასე თუ ისე, ერთხელ ორივე უკვე ვიყავით დაოჯახებულები და მაინც დაფიქრება იყო საჭირო, თორემ, სხვა არაფერი.

– აი, წეღან თქვენ თქვით, ვინც არ იცნობს ბაჩოს, მისთვის ცუდი ადამიანიაო. ბაჩო ახალაია უკვე ბევრი წელია, ძალიან გამოკვეთილი ფიგურაა ქართულ საზოგადოებაში. ხომ არ შეიძლება, საქართველოში მცხოვრები თითოეული კაცი მას ძალიან ახლოს იცნობდეს და, თან, მასზე დადებითი შეხედულება ჰქონდეს. თქვენს მეუღლეზე საზოგადოებაში დღემდე მხოლოდ ერთი აზრია შექმნილი – ბაჩო ახალაია არის სადისტი, დემონი.

– მესმის, მაგრამ, ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მისი უარყოფითი. ჩემთვის მისი უარყოფითი, ალბათ, ის იქნებოდა, რომ ის 24 საათი მუშაობდა, მისთვის საქმე იყო უპირველეს ყოვლისა და, ალბათ, ეს რეჟიმი იყო ჩემთვის ცოტა მიუღებელი. არც ახალი წელი, არც რაიმე დღესასწაული ჩემთვის არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მისთვის არასდროს მისაყვედურია, რადგან, დიდი ხანია, მიჩვეული ვარ ამას. მამაჩემიც ასე იყო ზუსტად (აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, – ავტორი). ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრს ნიშნავდა და, როცა ვიცი, რომ ამას ჩემი ქვეყნისთვის აკეთებდა, არ გამომითქვამს საყვედური.

– მე კარგად მესმის, რომ, ის საუბრები, სამსახურებრივი თუ პირადი, რაც, შეიძლება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს გაანდონ, ასე საჯაროდ არ ითქმის და ჟურნალისტებთან არასოდეს იტყვით. ცხადია, ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. მაგრამ, რამდენად გულახდილები იყავით ერთმანეთთან, რა არის რეალობა?

– ჩვენი დევიზი სწორედ ეს იყო, რომ ერთმანეთთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, გულახდილები ვყოფილიყავით. მე არასდროს დამიმალავს მისთვის, თუ რამე არ მომწონდა მასში და, ასევე, მას – ჩემთვის. სამსახურებრივად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მის საქმიანობაში არასდროს ჩავრეულვარ, ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის სამსახურზე არაფერი მეკითხა და ვერც ვასწრებდი კითხვის დასმას, იმდენად ცოტა დროს ატარებდა ბოლო დროს ოჯახში, ჩვენ სულ სხვა, ყოფით საკითხებზე ვსაუბრობდით. პირიქით, მე ახლა ვიგებ ბევრ ისეთ რამეს, რაც თურმე მას უკეთებია და მე არ ვიცოდი ამის შესახებ.

– რა?

– თუნდაც ის, რომ, თურმე, სრულიად უცხო ადამიანებს ეხმარებოდა, რამდენი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი... ის ადამიანები ახლა გვიკავშირდებიან და ასეთ რამეებს მეუბნებიან. სახელებიც ვიცი მათი, გვარებიც, არც იმალებიან და, მინდა გითხრათ, რომ შოკში ვარ.

– ბატონი ბაჩოს საზოგადოებაში გამოჩენის დღიდან, მას ყოველთვის ძალიან უარყოფით პიროვნებად ახასიათებენ, რას აღარ ლაპარაკობდენ მასზე, ახლა კი – უფრო მძაფრად. ამ ყველაფერს, ალბათ, თქვენც იგებდით. აქედან გამომდინარე, არასდროს დაგისვამთ კითხვა ქმრისთვის – რა ხდება, ბაჩო. ამას რატომ ამბობენ შენზე, რა წამებებზე, რა ფინანსებზე ლაპარაკობს ეს ხალხიო?!

– იცით, რა არის? ამასთან დაკავშირებით კითხვაც კი არ გამჩენია, იმიტომ, რომ ბაჩო არის ძალიან კანონმორჩილი ადამიანი. არ ვეკითხებოდი, რადგან, არ მინდოდა, გამეღიზიანებინა ჩემი ამგვარი კითხვებით. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ამ ჭორებს და ყურადღებას არ ვაქცევ. იმდენი ცილისწამება და ტალახის სროლა იყო მამაჩემის მიმართ, სულ გაოგნებული ვიყავი. რომ გარდაიცვალა, მერე დააფასეს. ბაჩოს დიდი დანაშაული ისაა, რომ არ ურთიერთობდა პრესასთან, არ ურთიერთობდა ხალხთან.

– არა მხოლოდ ბაჩო ახალაია, საერთოდ, ნაციონალური მოძრაობის გუნდი იყო ხალხთან დისტანციური. პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ მისცა სახალხოდ შენიშვნა თითოეულ მათგანს,  პირად ტელეფონებზე ზარებს არ პასუხობდნენ. 

– გეთანხმებით. ყველაზე მეტად ბაჩო არ ურთიერთობდა! მაგრამ, იცით, მას ჩუმად ჰქონდა ურთიერთობა ადამიანებთან და, აფრთხილებდა ყველას, არ თქვათ, რომ მე გეხმარებითო. ბავშვთა სახლებშიც დადიოდა და ეხმარებოდა და ამაზე ჩემთანაც კი არაფერი უთქვამს. ყოველთვის დარდობდა თავისი ქვეყნის მდგომარეობაზე და, შეიძლება, ამასთან დაკავშირებით ეთქვა რამე, მაგრამ, კონკრეტულ გაკეთებულ საქმეებზე არ ლაპარაკობდა. არც მე არ ავყოლივარ რაიმე ჭორს და არაფერი მიკითხავს, რადგან როცა პროკურატურაში ვმუშაობდი მაშინ, რაღაც პერიოდის განმავლობაში ბაჩო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდა და თვითონ ვხედავდი, რას და როგორ აკეთებდა. ძალიან კარგად მახსოვს რევოლუციამდელი მდგომარეობა ციხეებში და შემდგომაც. თვითონ მინახავს წამების იარაღები – ხელით დასაქოქი, დენის, ფრჩხილების დასაძრობი აპარატები... მინახავს პატიმრები, რომლებიც საერთოდ ვერ წვებოდნენ ლოგინში და, შეიძლებოდა, ერთი საათი რიგში დგომის შემდეგ დაწოლილიყვნენ.

– ანუ, რას და როგორ აკეთებდა ბაჩო? რა გაქვთ ნანახი?

– მერე ვნახე ბაჩოს მიერ გაკეთებული საქმეები – ის დიდი მონდომებით აკეთებდა ყველაფერს. იმ დროს სულ არ ვიყავი ბაჩოს ცოლი, მაგრამ, ვაფასებდი მის მუშაობას. ამას სოზარ სუბარი თავის ანგარიშებში აღწერს  – რა მდგომარეობაში იყო მანამდე და შემდეგ.

– რატომ არავინ არაფერი იცის ბაჩო ახალაიას ოჯახის შესახებ? თქვენ, როგორც მისი მეუღლე, მხოლოდ ახლა გამოჩნდით, ახლა ლაპარაკობთ; ბევრი ახლა იგებს, რომ თამაზ ნადარეიშვილის ქალიშვილი ხართ; ახლა იგებს, რომ ახალაიას, თურმე, ასეთი კარგი ცოლი ჰყოლია; რომ ბაჩოს მანამდეც ჰყავდა ოჯახი, შვილი... უმრავლესობამ ეს არ იცოდა.

– ჩვენ, ზოგადად, ჩაკეტილ ცხოვრებას ვეწეოდით, რაც ძალიან სამწუხაროა და რასაც ახლა ძალიან ვნანობ. არ დავდიოდით არც თეატრში, არც კონცერტებზე, არც სადმე სტუმრად ან რესტორან-ბარებში. თვითონაც ნანობს ამას. შავი ფიარის მანქანა კარგად მუშაობდა მის წინააღმდეგ. ხალხმრავლობა სადაც იყო, არ ვჩნდებოდით.

– რატომ არ დადიოდით? იცოდით, რომ ხალხი უარყოფითად იყო განწყობილი და ერიდებოდით გამოჩენას?

– შეიძლება, ასეც ითქვას, რომ ვერიდებოდით, იმიტომ, რომ ბაჩოს მიმართ შავი ფიარი იყო აგორებული. მაშინ, უნდა გამოხვიდე და ვიღაცას საწინააღმდეგო დაუმტკიცო, რომ ეს ასე არ არის, რაც ძალიან ძნელია. არასდროს, არც  ერთ ეტაპზე არ მიმიცია ინტერვიუ პრესისთვის, ვიყავით ჩუმად. ბაჩოს მიაჩნდა, რომ საკმარისი იყო ის საქმე, რასაც აკეთებდა. მაგრამ, ჩვენს საზოგადოებაში, რეალობაში, სხვანაირად უნდა იცხოვრო – უნდა გამოხვიდე და ყველას პასუხი გასცე. მაგრამ, არა უშავს, ახალგაზრდაა და შემდგომში გამოასწორებს ამას, გავითვალისწინებთ.

– როგორი იყო სახლში?

– ავადაც რომ ყოფილა ბაჩო, სიცხიანი, ფილტვების ანთებაც რომ ჰქონია, არც ერთი წუთით არ გაჩერებულა სახლში და არ ჩაწოლილა ლოგინში. ყოფილა შემთხვევები, სახლში დილის შვიდ საათზე მოსულა, გადაუვლია წყალი და ისევ სამსახურში გაქცეულა. სახლში, როგორც ასეთი, ბაჩო დიდხანს არ რჩებოდა. მოდიოდა ან წყლის გადასავლებად, ან – დასაძინებლად. თუმცა, როდესაც ერთ-ორ საათს გამონახავდა დროს და მოვიდოდა, სამზარეულოში შედიოდა. ძალიან კარგად ამზადებს საჭმელებს – ეს მისი ჰობია. ისე მონდომებით, გემრიელად და ლამაზად აკეთებდა, ძალიან მსიამოვნებდა. 

– იცით, რა მინდა, გკითხოთ? თქვენთვის, როგორც მეუღლისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ის ჭორი თუ ბრალდება, რაზეც საუბრობენ? არაფერი არ არის სიმართლე? გასაგებია, რომ თქვენ ცოლი ხართ, ძალიან გიყვართ და ვერასოდეს დაინახავთ მის ნაკლოვანებებს, მაგრამ, მაინც...

– რა თქმა უნდა, ბაჩოს პიროვნებიდან გამომდინარე, აბსურდულია ყველა ის ბრალდება. ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, ბევრი ჭორი მსმენია სხვა ადამიანებზეც და, მივხვდი, რომ მართლა ჭორებით საზრდოობს ხალხი. ვიღაც რომ სულ გაიძახის, ვიღაცაზე – მონსტრია, მონსტრიაო და ეს სულ ჩაგესმის ყურში,  შეიძლება, შენც ასეთივე აზრი შეგექმნას. ხეს რომ უძახო სულ – გახმიო, მართლა გახმება. ბაჩო ძალიან კანონმორჩილი ადამიანია, არ არსებობს, კანონს გადაუხვიოს. წითელზე არ გაუვლია არასდროს, ელემენტარულად, ღვედის გარეშე არ უვლია და ამაზე ჩემთვისაც მოუცია შენიშვნა. ყოველთვის ფიქრობდა თავის ქვეყანაზე, მომავალზე, რადგან, იცის, რომ მისმა შვილებმა ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ – სწორედ ამიტომ არასდროს ჩაიდენდა ცუდს. ბაჩო არის ამ ხელისუფლების მძევალი, რომელსაც ძალიან უნდათ, რომ ხელები, ფეხები შეაწმინდონ და ყველაფერი დააბრალონ. მართლა ჩალით კი არ არის ეს ქვეყანა დახურული, ხვალ და ზეგ აუცილებლად გამოჩნდება სიმართლე და ყველაფერი გაირკვევა, ასე არ დარჩება. ძალიან გამაღიზიანებელია უსამართლობის განცდა. მინდა, ყველასთან სათითაოდ მივიდე და სიმართლე დავუმტკიცო, რომ ეს ასე არ არის, არ დამეზარება. მეტი ვერაფრის გაკეთებას მე ვერ შევძლებ. მინდა, სიმართლისთვის ვიბრძოლო. ბუნებით ძლიერი ადამიანი ვარ, გენეტიკაში მაქვს ეს. არ მიყვარს ტირილი და გოდება, ამით მაინც არაფერი ეშველება ბაჩოს. იქიდან გამომდინარე, რომ, მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია – „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“ და, მარტო ბაჩოს კი არა, ყველა ადამიანს დავეხმარებით, ვინც მოგვმართავს. 

– თქვენი შეფასებები ბაჩოს მიმართ გადაჭარბებული ხომ არ არის?

– მესმის, მაგრამ მე ვერ მათქმევინებთ ბაჩოზე ცუდს, გამორიცხულია. იმ დღეს ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, რამე წყენა მაინც გამახსენდეს ბაჩოსგან, რომ რაღაც მაინც ვთქვა-მეთქი. ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იყო სამსახურში. ყველამ იცოდა, რომ მასთან ოთახში ვერ შევიდოდა მოუმზადებელი – რაღაც რომ ეკითხა, პასუხი ამომწურავი უნდა ყოფილიყო. ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გაკეთებულიყო. სახლშიც იმავეს ითხოვდა. თუ ბოდიში აქვს მოსახდელი ვინმესთან, აუცილებლად მოიხდის. ფეთქებადია, მაგრამ, მეორე წუთს ისე მოგიდგება, ისეთ თბილ სიტყვებს გეტყვის, არ არსებობს, ნაწყენი დარჩე. ძალიან თბილი ადამიანია. არ მახსოვს ბაჩო გაბუტული, დაბოღმილი, მხოლოდ წუთიერი გაბრაზება იცის.

– მან პრობლემები შეუქმნა ოჯახს იმით, რომ საპატიმროშია. თქვენ, მისი ცოლი, ფაქტობრივად, აღმოჩნდით  უსუსურ მდგომარეობაში, მარტო, ბავშვთან ერთად; გაჩნდა ათასი საზრუნავი, საფიქრალი... ამ ყველაფერმა თუ დაგაფიქრათ ერთი წუთით მაინც, ერთხელ მაინც თუ გინანიათ – ნეტავი მასთან არ დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრებაო?

– არა, არც ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ, რომ ბაჩოს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რაც, შეიძლება, სანანებელი გახდეს. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ეს ღმერთის ნებაა. არა უშავს, ყველაფერს გავუძლებ და ასე მარტივად ვერ დავნებდები.

– ახლა როგორ ცხოვრობთ? ალბათ, ეს მდგომარეობა საგრძნობლად აისახება თქვენს ოჯახზე.

– რა თქმა უნდა, აისახება. მე ამჟამად არ ვმუშაობ, ეს ოფისიც ძლივს ვიქირავე. ზოგმა მაგიდა მოიტანა, ზოგმა კომპიუტერი – ვისაც რა შეეძლო. საერთო ძალებით ვიქირავეთ ოფისი, დედაჩემიც მეხმარება – მამაჩემის სახლი გვაქვს გაქირავებული. არც პირადი მანქანა მყავს, არც აგარაკი გვაქვს,  არც ბათუმში სახლი და არც არაფერი, მით უმეტეს, უცხოეთში არანაირი ქონება არ გაგვაჩნია, მხოლოდ ერთი სამოთახიანი ბინა გვაქვს ნუცუბიძეზე. ბაჩოს უცხოეთში სიარულზე მეტად ბუნებაში გასვლა უყვარს. კახეთში, სიღნაღში მივდიოდით ხოლმე, თორემ, ისე არსად არ უყვარს წასვლა. არც არასდროს მქონია პრეტენზია, მეტი მქონოდა, რაც მაქვს, ისიც მყოფნის და ისედაც ბედნიერი ვარ. მთავარია, ახლა ყველაფერი გაირკვეს და ბაჩო დაგვიბრუნდეს, მეტი არაფერი მჭირდება. ერთადერთი, რაც მიჭირდა, იყო ის, რომ ვერასდროს ვხედავდი – ვერ იცლიდა. ახლა პატარა გოგო გვყავს და მისი გაზრდით ვარ დაკავებული. ღამეები არ მძინავს, უძილობა დამჩემდა და ლაპარაკში გამყავს დრო – ახლობლები, მეგობრები, ვსხედვართ და ვსაუბრობთ. ბაჩოზე არანაირი მტკიცებულება, სამხილი არ არსებობს, უბრალოდ, ვიღაცის ნათქვამის ნათქვამზე გავრცელდა ჭორი, რომ ვითომ ბაჩო იქ იყო, როცა ვიღაცას აწამებდნენ, როცა ვიღაც ჯარისკაცს სცემდნენ. თუ ბაჩო ამდენი წელი ხალხს აწამებდა, სცემდა, ვიღაცას ხომ შეეძლო, ეს გადაეღო, ხომ შეიძლება, ამის დამადასტურებელი თუნდაც ერთი კადრი არსებობდეს, ან – მოწმე, მესამე პირი?!

 

скачать dle 11.3