კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის 2012 წლის ყველაზე უიღბლო ამერიკელი მილიარდერი და რომელი პოზიცია უკავია ამერიკელი მილიარდერების ტოპ-ოთხასეულის რეიტინგში ნიუ-იორკის მერს, მაიკლ ბლუმბერგს

 

ფინანსური კომპანიებისა და სოციალური ქსელების ბუმი წარსულში დარჩა, ამის საუკეთესო ინდიკატორად „ფორბსის” მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ-ოთხასეულის მილიარდერის ახალი რეიტინგი გამოდგა. „ფეისბუქის” თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა, მან რეიტინგში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა და მე-14 პოზიცია 36-ზე გადაცვალა. ტოპ-ათეულიდან გაუჩინარდა საქართველოში კარგად ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსიც. ახალ რეიტინგში 20 ახალწვეულიდან არც ერთი არ გამოდგა სოციალური მედიის სფეროდან. თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით მილიარდერი რომ გახდე, ამერიკაში, გაცილებით იოლია ეს რესტორნების გახსნით ან მაისურების გაყიდვით, ვიდრე სოცქსელის შექმნით.

„ფორბსის” ვერსიით, ამერიკის უმდიდრესი ადამიანების პირველ ხუთეულში, გასული წლების მსგავსად, სტაბილური სიტუაციაა. ყველაზე მდიდრები კვლავ თავიანთ ადგილებს იკავებენ. „მაიკროსოფტის” მფლობელი, ბილ გეითსი 7 მილიარდით გამდიდრდა და 66 მილიარდით ლიდერობს. მეორე პოზიცია უკავია ინვესტორს, უორენ ბაფეტს, რომელიც გეითსის მსგავსად, 7 მილიარდით გამდიდრდა და 46-მილიარდიან კაპიტალს განაგებს. „ორაკლის” დამფუძნებელი ლარი ელისონის ჯიბე 8 მილიარდით შეივსო და 41-მილიარდიანი კაპიტალით მესამეა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი რეიტინგში ძმები – დევიდ და ჩარლზ კოხები იკავებენ. ჰოლდინგ „კოხ ინდასტრისის” მფლობელებს, სათითაოდ 31 მილიარდი დოლარი აქვთ. პირველ ათეულში 2012 წელს დიდი გადანაცვლება მოხდა. ათეულიდან გავარდა ჯორჯ სოროსი, რომელმაც სამი მილიარდი დოლარი დაკარგა და მე-7 ადგილიდან მეთხუთმეტეზე გადავიდა 19-მილიარდიანი კაპიტალით. პირველ ათეულში შევიდა ნიუ-იორკის მოქმედი მერი მაიკლ ბლუმბერგი. მისი კაპიტალი 5,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 25 მილიარდი შეადგინა. ბლუმბერგის კაპიტალის ზრდა მისმა საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგმა” განაპირობა, რომლის შემოსავალმა წლის განმავლობაში 20-პროცენტიანი მატება განიცადა და 7,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. „ფეისბუქის” აქციებთან დაკავშირებული წარუმატებლობა მარკ ცუკერბერგს მე-15 პოზიციის დაკარგვად დაუჯდა. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ამერიკელ მილიარდერებს შორის 36-ე ადგილზეა და მისი კაპიტალი თითქმის ორჯერ შემცირდა – 17,5 მილიარდი 9,4 მილიარდად იქცა. ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო და წარუმატებელი მილიარდერია. 

თუკი გასულ წელს მილიარდერთა რეიტინგის 18 ახალწვეულიდან 7 დაკავშირებული იყო სოციალურ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, წელს მსგავსი ტენდენცია არ განმეორდა და სოცქსელთან დაკავშირებული ვერც ერთი ახალი მილიარდერი ვერ მოხვდა რეიტინგში. ფორმალურად შესაძლოა, სოციალურ ქსელთან იყოს დაკავშირებული „ტვიტერის” თანადამფუძნებელი ჯეკ დორსიც, რომლის კაპიტალი 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარია. თუმცა, რეიტინგში მისი მოხვედრა არა მიკრობლოგის, არამედ გადახდის სისტემის ახალ სერვისს „სქუეირს” უკავშირდება. „სქუეირი” – ყავის მწარმოებელი კომპანია „სტარბაქსის” კაფეების პარტნიორი გახდა 2012 წლის აგვისტოში და სწორედ ამ სერვისით მოხდება ამიერიდან გადახდა საკრედიტო ან სადებეტო ბარათებით. გარდა ამისა, „სტარბაქსმა” 25-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანია „სქუეირში”, ხოლო თავად კომპანიის ღირებულება ბაზარზე 3,25 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის ახალი მილიარდერების კაპიტალი სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. 20-დან 16-მა ახალმა მილიარდერმა ქონება ნულიდან დააგროვა. მაგალითად, კევინ პლანკმა, რომლის ქონება 1,35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და რეიტინგში 345-ე ადგილი უკავია, კაპიტალი ოფლის შემწოვი მაისურის წარმოებით მოიპოვა. მერილენდის უნივერსიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდის მოთამაშე პლანკმა საკუთარი დიზაინით შექმნილი მაისურების წარმოება 1996 წელს, ბებიასთან, სახლის, სარდაფში დაიწყო  და შექმნიდან პირველივე წელს მისმა კომპანიამ „ანდერ არმორმა” 17 ათასი დოლარის ღირებულების მაისურები გაყიდა. მაშინ ჯერ კიდევ უცნობი პროდუქციით მხოლოდ პლანკის ნაცნობი სპორტსმენები და სხვა კოლეჯისა და უნივერსიტეტის მოთამაშეები ინტერესდებოდნენ. დღევანდელი მონაცემებით კი პლანკი მილიარდერია და მისი კომპანია გასულ წელს 60 პროცენტით უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე წინა წლებში.

კიდევ ერთმა ახალმა მილიარდერმა ტილმან ფერტიტამ კაპიტალის დაგროვება ტეხასის შტატში არსებული ორი რესტორნით დაიწყო და ამჟამად მთელ იმპერიას ფლობს, რომელიც მოიცავს 421 სამორინეს და რესტორნების ქსელს, სადაც 56 სხვადასხვა ბრენდია გაერთიანებული. ფერტიტას ბიზნესის წარმოების მეთოდი მარტივია. ის გაკოტრების პირას მყოფი რესტორნებით ან სამორინეებით ინტერესდება, უკეთებს რებრენდინგს და რენტაბელობის ახალ საფეხურზე აჰყავს. ფერტიტას კაპიტალი 1,6 მილიარდი დოლარია და ის 298-311 ადგილებს იყოფს რეიტინგში.

ამერიკელ ახალწვეულ მილიარდერთა ტოპ-რეიტინგში ემიგრანტებიც ფიგურირებენ, რომლებმაც „ამერიკული ოცნების” ახდენა მოახერხეს. ისინი სულ ოთხნი არიან და რთული გზა გაიარეს, სანამ საკუთარი თავი „ფორბსის” რეიტინგში იხილეს. ენდრიუ ჩანგი ჩინეთიდან  ამერიკის კონტინენტზე 1966 წელს გადმოსახლდა და 1973 წელს მამასთან ერთად, რომელიც წარსულში იაპონიაში შეფ-მზარეულად მუშაობდა, ჩინური რესტორანი გახსნა. 1983 წელს ენდრიუმ პირველი სწრაფი კვების რესტორანი გახსნა ჰიპერმარკეტში „პანდა ექსპრესის” სახელით. ენდრიუს ჰყავს მეუღლე, რომელიც მასთან ერთად იყოფს ადგილს „ფორბსის” რეიტინგში. პეგი წარსულში პროგრამისტი იყო, ამჟამად კი მეუღლის „მფარველი ანგელოზია”. ჩანგების ოჯახს 1 500 რესტორნისგან შემდგარი ქსელი აქვთ და მათი კაპიტალი 2 მილიარდი დოლარია.

დანარჩენი ემიგრანტი-მილიარდერები არიან: ინდოელი მანოჯ ბხარგავა, ყოფილი ბუდისტი ბერი, რომელმაც 1,5-მილიარდიანი კაპიტალი ენერგეტიკულ სასმელ 5-Hour Energy-ით შექმნა; პაკისტანელი შახიდ ხანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია „ფლექს-ენ-გეითის” და ამერიკული ფეხბურთის კლუბ „ჯექსონვილ იაგუარსის” მფლობელია. მისი კაპიტალი 2,5 მილიარდი დოლარია. სამხრეთ აფრიკელი ელონ მასკი კი, ინჟინერია, კომპანია „სფეის იქსის” დამფუძნებელი – პირველი არასამთავრობო კომპანიის მფლობელი კოსმოსურ სფეროში. მასკის ქონება 2,5 მილიარდი დოლარია. 

„ფორბსის” ვერსიით, 400 ამერიკელი მილიარდერის საერთო კაპიტალი 1,7 ტრილიონი დოლარია, რაც 200 მილიარდი დოლარით მეტია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. მილიარდერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.  კაპიტალის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: აქციების ფასის ზრდამ საფონდო ბირჟებზე, უძრავ ქონებასა და ხელოვნების ნიმუშებზე ფასის მატებამ. საინტერესოა, 2013 წლის რეიტინგში როგორი ტენდენციები და სიახლეები იქნება  აქტუალური. ცნობისთვის, „ფორბსის” ახალ რეიტინგს მსოფლიო საზოგადოება მარტის შუა რიცხვებში შეიტყობს.

 

скачать dle 11.3