კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა უნდა გაითვალისწინონ მესაკუთრეებმა, რომლებსაც უკანონოდ ჩამოართვეს ქონება ან ბიზნესი და ვინ აუნაზღაურებს ზარალს მესაკუთრეს, თუ მისთვის ქონების უკანონოდ ჩამომრთმევლის ბალანსზე არც ქონებაა და არც ფული

 

მართალია, თაფლობის ექვსი თვე ჯერ არ გასულა, თუმცა, რაკი ახალი ხელისუფლება მინისტრთა კაბინეტსა და საკანონმდებლო შტოს აგერ უკვე 100 დღეზე მეტია, აკონტროლებს, სავსებით ბუნებრივია, რომ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკუთრება უკანონოდ ჩამოართვეს, მოუთმენლად  ელიან დაკარგული ქონების დაბრუნებას. რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ამ პროცესის დასაწყებად და ვის რა შანსი აქვს დაკარგული კერძო საკუთრების თავიდან საპოვნელად, თემას საიას იურიდიული სამსახურის იურისტი, ქეთევან კრაწაშვილი განგვიმარტავს.

– გასაგებია, რომ უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრება მფლობელს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ შესაძლოა, ეს საკუთრება უკვე მეორე, მესამე ან მეათე კეთილსინდისიერი ან არაკეთილსინდისიერი მყიდველის ხელში იყოს. რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს საიმისოდ, რომ არც ძველი დაზარალდეს და არც ახალი კეთილსინდისიერი მფლობელი დაიჩაგროს?

– ეს საკითხი საკმაოდ ვრცელია. თქვენ რაც ბრძანეთ, ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე გასხვისებულია და რამდენიმე მესაკუთრეც ჰყავს შეცვლილი. უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხი წინა პლანზე წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ პერიოდში წამოიწია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ დადგინდება ეს და კონკრეტულად რომელი უწყების მიერ იქნება შესწავლილი. უკანონოდ ჩამორთმეული ქონება საჭიროებს როგორც სისხლისსამართლებრივად, ისე სამოქალაქოსამართლებრივად შესწავლას. სისხლისსამართლებრივი შესწავლისას შეიძლება, საუბარი იყოს სხვადასხვა მუხლზე.

– კერძოდ?

– მაგალითად, გამოძალვა, უფლებამოსილების გადამეტება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

– ეს სისხლისსამართლებრივი ძიება შეიძლება, გახდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საფუძველი თუ უბრალოდ, დადგინდება დამნაშავე და ის დაისჯება?

– როდესაც ფაქტი დადგინდება, ეს არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება სამოქალაქო კუთხით განსახილველი საქმისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, საქმე სასამართლომდე არც მივიდეს. თუ იმ კონკრეტული მომენტისთვის დამნაშავის ბალანსზე იარსებებს დანაშაულის შედეგად შეძენილი ქონება, შესაძლოა, ის სასამართლოს გარეშე გადაეცეს დაზარალებულ პირს, რომელსაც უკანონოდ ჩამოართვეს ქონება.

– სასამართლოს გარეშე, ანუ?

– სადავო არ გახდეს ის საკითხი, რომ ნამდვილად უნდა გადასცეს ქონება დაზარალებულ პირს. შესაძლოა, თვითონ დამნაშავე პირმა დაუბრუნოს, როდესაც დადგინდება, რომ ის დამნაშავეა ან მხარეები მორიგდნენ, ანუ პრობლემა აღმოიფხვრას ისე, რომ არც მოსარჩელე და არც მოპასუხე არ წავიდეს სასამართლოში.

– თუ დამნაშავის ბალანსზე არის ქონება, ის დაუბრუნდება დაზარალებულს, მაგრამ თუ ის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე გაყიდა დამნაშავემ ან სხვის სახელზე, ოჯახის წევრზე გადააფორმა?

– ამ შემთხვევაში, ბრალეულმა პირმა უნდა აანაზღაუროს შესაბამისი ზიანი ფულადი სახით. კომპენსაციას აანაზღაურებს ის პირი, ვისი ბრალითაც დადგა ზიანი.

– გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწიოს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ანაზღაურება, მაგრამ, როგორც მივხვდი, ბრალეულ პირს მოუწევს ამის გაკეთება საკუთარი ჯიბიდან.

– გააჩნია, ვინ იქნება ბრალეული პირი: კონკრეტული სუბიექტი თუ იურიდიული პირი. წინასწარ ვერ ვიტყვით.

– თუ იმ მომენტისთვის მათ არანაირი ქონება და არც ფული არ ექნებათ, მაშინ რა ხდება?

– არ აქვს მნიშვნელობა, ბრალეული სუბიექტი ფიზიკური პირია, იურიდიული თუ ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, რეალურია, დადგეს კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობაც. ეს შეიძლება იყოს, საჯარო რეესტრი ან სხვა ადმინისტრაციული ორგანო. კონკრეტული თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს სახელით გვესაუბრება, პასუხს აგებს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ერთად სოლიდარულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოც აგებს პასუხს.

– ანუ ბიუჯეტი?

– დიახ. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან ფართოა და წინასწარ არავინ იცის, ვინ აგებს პასუხს. ყველა კონკრეტულ საქმეში, სავარაუდოდ, სხვადასხვა სუბიექტი იქნება პასუხისმგებელი. სამართლებრივი პრინციპით, თუ ბრალეული პირის სახელზე, ბალანსზე არანაირი ქონება არ აღმოჩნდება, ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგებს პასუხს მთელი თავისი ქონებით, თუკი მივმართავთ იძულებითი აღსრულების მექანიზმებს, როგორებიცაა: მოვალეთა რეესტრში მისი რეგისტრაცია და ასე შემდეგ. თუ ბრალეული პირი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დააგროვებს იმდენ ქონებას, რომ აანაზღაუროს ზარალი, შესაძლოა, კონკრეტულმა დაზარალებულებმა კომპენსაცია ვერ მიიღონ.

– რადგან სავარაუდო სცენარებზე ვსაუბრობთ, ასეთი ვარიანტიც განვიხილოთ: ვთქვათ, თავდაპირველად, უკანონოდ მიითვისა კერძო საკუთრება მეორე პირმა, მესამე პირმა კი მისგან ის კანონიერად შეიძინა, მაგრამ იცოდა, რომ თავის დროზე ეს ქონება უკანონოდ იყო წართმეული, მისი პასუხისმგებლობა არ დადგება?

– ეს რთული სამართლებრივი საკითხია. კანონი უძრავ ქონებასთან მიმართებაში კეთილსინდისიერ მყიდველად მიიჩნევს პირს, რომელმაც საჯარო რეესტრის ჩანაწერზე დაყრდნობით შეიძინა ქონება. მაგრამ, თუ ის ქონება მესაკუთრის ნების გარეშე მოხვდა რეესტრის ჩანაწერში, სასამართლოს პრაქტიკით, კეთილსინდისიერი შემძენის პოზიცია სუსტდება და უპირატესობაში აღმოჩნდება თავდაპირველი მესაკუთრე. არ არის გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში, ვისაც კეთილსინდისიერ მყიდველად ვგულისხმობთ, მათგანაც მოხდეს ქონების გამოთხოვა და, რეალურად, დაზარალებული პირი აღმოჩნდეს ის, ვინც თავს კეთილსინდისიერ მყიდველად მიიჩნევს.

– უშუალოდ ქონების დაბრუნება სამოქალაქო საქმეა და, როგორც ვიცით, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. 

– სამივე ინსტანციის სასამართლოს დადგენილი აქვს განხილვის ვადები. საუბარია ორთვიან ვადაზე, განსაკუთრებით რთული საქმეების შემთხვევაში –  5-თვიან ვადაზე, უზენაესში კი –  6-თვიანი ვადაზე. თუ რთული კატეგორიის საქმედ ჩაითვლება კონკრეტული საქმე, რასაც ხშირად მიმართავს ხოლმე სასამართლო, უნდა ვივარაუდოთ, 5 თვეს პლუს 5 თვე და პლუს 6 თვე, ანუ 16 თვე. 16 თვე არის მაქსიმალური ვადა საიმისოდ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდეს სასამართლო დავა. ასევე, უზენაეს სასამართლოში  ექვსთვიან ვადაზე ძალიან ცოტა საქმე გავა, რადგან დასაშვებობის საკითხი ერთხელ გაირკვევა და შემდგომ უკვე დაუშვებლად იქნება ცნობილი სარჩელების ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, 6-ის ნაცვლად 3-თვიანი ვადა იქნება საჭირო. ანუ ერთი წლიდან 16 თვემდე ვადაში სამოქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა უნდა დასრულდეს.

– ძირითადად, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის რა ფორმებზე ჩიოდნენ დაზარალებულები? ჩუქება, საკუთრების უფლების მიტოვება, კიდევ?

– ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც აქტიურად მოგვმართავენ ასეთ საკითხებზე, საუბრობენ მუქარაზე მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ანუ ჩუქება არის უკვე გამოხატული ფორმა, შედეგი, მაგრამ მთავარია, რა უძღოდა წინ ამ კონკრეტულ შედეგს. საუბრობენ იმაზე, რომ მათ, სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით, უამრავი გადასახადი დააწერეს, რამაც განაპირობა ამ გადასახადების ჩამოწერის მიზნით, გაკოტრების პროცესის არდაწყების მიზნით, მასა და სახელმწიფოს შორის გარკვეული კაბალური გარიგების დადება ან მეორე ვარიანტი, მათ და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ სიცოცხლის  ხელყოფით და ამის გამო მიიღეს ასეთი კაბალური გადაწყვეტილებები. ძირითადად, გამოდის, რომ ქონების გადაცემისას ადამიანის ნება მონაწილეობას იღებს, მაგრამ ეს ნება არ არის ნამდვილი. თუ ნების ნამდვილობა დადგინდება, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე საუბარი შეუძლებელია.

არის კიდევ ერთი მომენტი: საუბარი არ არის მხოლოდ უძრავი ან მოძრავი ქონების მიტოვებაზე, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებად მიიჩნევენ, ასევე, ბიზნესებს. ამ ბიზნესების მფლობელი ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათთან მიმართებაში ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომ მათი ბიზნესები უკან წავიდა და ისინი გაკოტრდნენ რამდენიმე დღესა თუ თვეში.

– ასეთ რამესაც ამბობენ, რომ, თუკი მავანი მოიფიქრებდა მომგებიან ბიზნესს, რამდენიმე თვეში მას ამ ბიზნესს ან უბრალოდ ართმევდნენ, ან ამის პარალელურად ქმნიდნენ იმავე ტიპის ბიზნესს და ხელოვნურად აკოტრებდნენ.

– ეს თემაც ძალიან ფართოა და კონკრეტულადაა შესასწავლი. წინასწარ ვერ გათვლი, რა ფაქტები შეიძლება, გამოიკვეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილებით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში დადგინდეს, რა იყო უკანონოდ ჩამორთმეული ქონების  ფაქტი. და ეს ქონება შეიძლება, იყოს უძრავი და მოძრავი, მოთხოვნის უფლებები, წილები, აქციები და ასე შემდეგ.

–  ბუნებრივია, რომ ამ პროცესს მიტმასნილებიც ეყოლება, იმ იმედით, იქნებ რამეს გამოვრჩეთო, რაც სიმართლის დადგენის თვალსაზრისით, არ არის პრობლემა, მაგრამ დროს წაიღებს. 

– ასეთი შემთხვევებიც არის. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება, გითხრათ, რომ ჩვენთან უკანონოდ ჩამორთმეული ქონების პრობლემით რამდენიმე ასეული ადამიანი მოსულა და მათი უმეტესობა –  ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ ეს არ არის სრული სტატისტიკა. მოქალაქეების განცხადებები, ერთი მხრივ, შედის პარლამენტში, მეორე მხრივ, იუსტიციის სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ განხილვის კონკრეტული მექანიზმი არ არის დადგენილი, მოქალაქეები აქტიურად წერენ განცხადებებს. უპრიანიცაა, დაწერონ განცხადებები, რადგან უფრო ადრე მოხდება მათი განხილვა.

– დიახ, საქმეების განხილვის რიგითობაც საინტერესო თემაა: ანბანის მიხედვით იქნება თუ ცოცხალი რიგით?

– სავარაუდოდ, არც ერთი და არც მეორე. განხილვა უნდა დაიწყოს იმისდა მიხედვით, თუ ვისი განცხადებაა უფრო ადრე რეგისტრირებული. ვინც ადრე მიმართა, მას უფრო ადრე უნდა გაეცეს პასუხი.

– ვისაც აქვს ეს პრობლემა და ფიქრობს, რომ უკანონოდ ჩამოართვეს ქონება ან წაართვეს ბიზნესი, რას ურჩევთ?

– ჩამოწერონ ის ფაქტები, რაც მათ სუბიექტურად უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკანონოდ ჩამოართვეს ქონება. აუცილებლად აღწერონ ფაქტები, მაგრამ თავი შეიკავონ სამართლებრივი შეფასებებიდან და კონკრეტული დანაშაულებების ჩამოთვლისგან, რადგან შესაძლოა, ცრუ დასმენა გამოუვიდეთ და ამის გამო საქმე მათ წინააღმდეგ შეტრიალდეს. ამიტომ უბრალოდ, ფაქტები აღწერონ მაქსიმალურად დეტალურად და კონკრეტულად, სამართლებრივი შეფასება კი სამართალდამცავ ორგანოებს მოსთხოვონ.

– ვის უნდა მიმართონ ამ განცხადებებით?

– პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას.

– გარდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა, შესაძლებელია, რომ მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურებაც?

– მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ესენია: ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი და ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი. თან, ამ უფლებებზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.

– ვინ იხდის მორალური ზიანის კომპენსაციას?

– ვედავებით მას, ვისგანაც შემელახა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და ჩემს ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.

– ესე იგი, თუ ადმინისტრაციული ორგანოა –  ბიუჯეტი, თუ იურიდიული ან ფიზიკური პირი –  ეს პირები?

– როგორც წესი, ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი სიძლიერის სუბიექტები: ჩვეულებრივ სუბიექტს უკანონოდ ქონების გამორთმევა გაუჭირდება. ამდენად, ამ განცხადებების დიდი ნაწილი სწორედ ადმინისტრაციული უფლებამოსილების პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ან მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე მოვა. ჩვენთან მოსული მოქალაქეების უმეტესობაც ადასტურებს, რომ საუბარია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უკანონო ზემოქმედებებზე. თუ დადგინდება იმ კონკრეტული სუბიექტის ბრალეულობა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა, თავისთავად ცხადია, რომ ზიანი ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა აანაზღაურონ.

 

скачать dle 11.3