კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო სამსახურის უფროსის მენეჯერ-სტილისტი ქართველი გურამ ბაღდოშვილი და სად დადიან მისი კერძების დასაგემოვნებლად ზიდანი და რონალდუ

37 წლის გურამ ბაღდოშვილი უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს. როგორც იტყვიან, ის ნამდვილად ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული – საქართველოდან შორს საკუთარი ბიზნესიც ააწყო, ცნობილ ადამიანებსაც დაუკავშირა ცხოვრება, რვა უცხო ენაც შეისწავლა და ახლა, სამშობლოში დროებით ჩამოსული, ისეთ გარემოს ეძებს, სადაც მომავალში ფულს მომგებიანად დააბანდებს. როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, ის საკმაოდ წარმატებულ ადამიანად მოიაზრება პორტუგალიაში და ახლა, მხოლოდ პირადი ცხოვრების აწყობაღა დარჩა, რომელშიც მთელი მისი სანათესაოა ჩართული.

გურამ ბაღდოშვილი: უკვე 15 წელია, რაც საქართველოში აღარ ვცხოვრობ. ეს პერიოდი საკმაოდ საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი ქვეყნის საზღვარი გადავლახე, რვა უცხო ენაზე ავლაპარაკდი და ბოლოს პორტუგალიაში აღმოვჩნდი, სადაც დღესაც ვცხოვრობ. საკუთარი ორი რესტორანიც მაქვს და ბედს არ ვუჩივი. პროფესიით შეფ-მზარეული ვარ და 90-იან წლებში ეს კი არა, საქართველოში არც ერთი პროფესია არ იყო საჭირო, ისეთი კრიზისი იდგა. თავიდან მოსკოვში წავედი. იქ დავიწყე სწავლა და მუშაობა. შვიდი წელი ვცხოვრობდი მოსკოვში და ჩემდა გასაკვირად, ისეთი ვოკალური მონაცემები აღმომაჩნდა, რომ გლიზინის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში ჩავაბარე, ესტრადის განხრით.  პარალელურად, რესტორანში მზარეულად ვმუშაობდი. რთული იყო ამ ორი პროფესიის შეთავსება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, შემოსავალი ხომ მინდოდა? ტრიოშიც ვმღეროდი და დიდ დარბაზებშიც გამოვდიოდით.

– მართალია, რომ ბატონი ნოდარ ანდღულაძე შენზე დიდ იმედებს ამყარებდა?

– დიახ, მართალია. მოსკოვიდან საქართველოში დავბრუნდი და ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან ვსწავლობდი. მან მოსკოვში მომისმინა და იქ მითხრა, აუცილებლად ჩემი მოსწავლე უნდა გახდეო. დაბალი ბარიტონი მაქვს და საკმაოდ კარგად ვმღეროდი საოპერო რეპერტუარსაც და ქალაქურ სიმღერებსაც. 

– თუმცა, შენ სასიმღერო კარიერაზე უარი თქვი და გადაწყვიტე უცხოეთში წასვლა. ეს ერთგვარი რისკი არ იყო?

– რისკი იყო, მაგრამ გამიმართლა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, უცხო ქვეყნებს დავათვალიერებ და ცოტას დავისვენებ-მეთქი. სამთვიანი ვოიაჟი მქონდა გადაწყვეტილი და აგერ უკვე 15 წელია, კიდევ ვმოგზაურობ (იცინის). მოკლედ, მოვიარე ის ქვეყნები, რომლებიც მაინტერესებდა და ბოლოს, ბრიუსელში გავიცანი ფედერიკო, რომელიც პორტუგალიელია და საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს იქ. სხვათა შორის, რომ გაიგო შეფ-მზარეული ვიყავი და თან ვმღეროდი, ძალიან დაინტერესდა ჩემით, მივხვდი, მისი ნდობა მოვიპოვე და შემეძლო, გულღიად მესაუბრა... პორტუგალიას მე მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი, მან კი ისე დამიხატა, ვიფიქრე, რაც არის არის – მასაც დავათვალიერებ-მეთქი. არადა, სულ ერთი კვირაღა მქონდა დარჩენილი და ვიზას ვადა გასდიოდა. ფედერიკომ პორტუგალიაში  თავის სახლში დამპატიჟა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, საიდუმლო სამსახურის უფროსს არ გასჭირვებია ჩემი ვიზის ერთი სატელეფონო ზარით, ერთი თვით გაგრძელება. მანქანით ჩავედით პორტუგალიაში, მის სახლში დავბინავდი და გაოცებული ვიყავი ჩემი მასპინძლის სტუმართმოყვარეობით. ის საკმაოდ მიღებული ადამიანია მაღალ საზოგადოებაში და უამრავი მიწვევაც აქვს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად. არ დამავიწყდება, მის სახლში რომ ჩავედით, ფოსტა შეამოწმა და უამრავი მოსაწვევი გვერდზე გადადო. ვკითხე, ეს მოსაწვევები რატომ არ გაინტერესებს-მეთქი. მიპასუხა, ზოგი დისკოთეკის გახსნაა, ზოგიც „ტუსოვკა-ფართი”, ზოგიც გასართობი ცენტრების გახსნა და იქ მე რა მინდაო. გადავირიე, აქ თუ ჩამომიყვანე, გართობაც ხომ მინდა-მეთქი. ერთი სიტყვით, იმდენი ველაპარაკე, რომ „ამოვქოქე”. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ „სატუსოვკო” ჩასაცმელი არ აღმოჩნდა მის გარდერობში. მისი იმიჯის შეცვლაც საკუთარ თავზე ავიღე და გარდერობიც გავაახლებინე (იცინის). აბა, სერიოზულ, დიპლომატიურ პიჯაკში გამოწყობილი ხომ არ წამოვიდოდა გასართობად? თქვენ წარმოიდგინეთ, მენდობოდა და ამყვა კიდეც. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს პორტუგალიაში წარმატებული შეფ-მზარეული ვარ, ორი საკუთარი რესტორანიც გავხსენი და ამ ქვეყნის ბომონდის ბევრი წარმომადგენლის მეგობრად ვითვლები. 

– აკლიმატიზაცია როგორ გაიარე? არ გაგიჭირდა პორტუგალიური ადათ-წესებისა და კლიმატის ატანა კავკასიელ ბიჭს?

– ძალიან მომეწონა პორტუგალიური გარემო – ჰავა, სუნი, სიმწვანე, სულ ზაფხული და ბევრი მსგავსება ქართველ ერთან. დამიჯერეთ, ერთნაირი ხასიათი გვაქვს ქართველებსა და პორტუგალიელებს. ერთნაირად ფეთქებადები და ჯიუტები ვართ. ხმამაღალი ლაპარაკი ორივეს გვახასიათებს და სამზარეულოც ძალიან მსგავსია. სხვათა შორის, როგორც ამ დარგში პროფესიონალი, თამამად ვიტყვი, რომ იმ ქვეყანაში ზოგიერთი კერძი, კავკასიიდან ჩაიტანეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბასკები რომ წავიდნენ პორტუგალიაში, მათ კავკასიელი ალანებიც გაჰყვნენ და იქ დასახლდნენ. ვფიქრობ, მათ ჩაიტანეს კავკასიიდან ზოგი წესი და ადათი პორტუგალიაში. სახლებიც კი რიყის ქვით არის ნაშენი და ეს ტრადიცია დღესაც აქტუალურია ამ ქვეყანაში. 

– დღეს, სამხრეთ პორტუგალიაში, სადაც ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვა ერწყმის ერთმანეთს, ორი საკუთარი რესტორნის მეპატრონე ხარ. რა ჰქვია ამ რესტორნებს და თუ დადიან იქ ცნობილი ადამიანები?

– პორტუგალიაში ღამე ვახშმით იწყება, არაჩვეულებრივი გურმანები არიან და უყვართ გემრიელი საკვები. ძირითადად, გარეთ ჭამენ და სახლში არაფერს ამზადებენ. ამ მხრივაც გამიმართლა (იცინის). ბოლოს, ლისაბონში, წელიწად-ნახევარი, ერთ-ერთი ცნობილი პოლკოვნიკის რესტორანს ვკურირებდი, რომელსაც ერქვა „ყვითელი სახლი”. მერე კი მივხვდი, რომ საკუთარი უნდა გამეხსნა. ბევრი ვიარე და ისეთი ადგილები შევარჩიე, რომელიც აფრიკის კონტინენტთანაა ახლოს. ეს არის ქალაქი ალგარი, სადაც ხედიც ლამაზია, კლიმატიც არაჩვეულებრივი, უძველესი ნაგებობებია და ის გარემოც ხელს მიწყობს ხალხის მოზიდვაში. კულინარიულ ინსტიტუტშიც ვკითხულობდი ლექციებს სამხრეთ პორტუგალიაში და პარალელურად, რესტორნის ბიზნესს ვაფართოებდი. მე ჩემი პირადი სამზარეულო მაქვს – შერეული კერძებითა და ჩემი ხელწერით გამოირჩევა. უფრო სწორად, პირადი ხაზის კულინარია მაქვს, სადაც ხუთივე კონტინენტის სამზარეულოა შერწყმული. ერთ ჩემს რესტორანს ჰქვია, უბრალოდ „გურამი”, მეორეს კი – „არა მარტო წყალი”. იმდენ სიყვარულს ვდებ ჩემს კერძებში, ისეთ სითბოს და სულ ღიღინ-ღიღინით ვამზადებ, ვინმეს რომ არ მოეწონოს და არ აღფრთოვანდეს, გამორიცხულია. რაც შეეხება სტუმრებს, უამრავი ცნობილი ადამიანი წვევია ჩემს რესტორნებს. მაგალითად, ფეხბურთელებს – ზიდანსა და კრიშტიანუ რონალდუს უკვე „ვიაიპ” კლიენტებად მივიჩნევთ და ისინი ჩემი კარგი მეგობრებიც არიან. ხშირად, რესტორნის დაკეტვაც გვიწევს, რადგან ცნობილი ადამიანები პაპარაცებს ერიდებიან და მყუდრო, მშვიდ გარემოში უნდათ ვახშმობა ან სადილობა.  ხშირად მიწვევენ ცნობილი ივენთებისა და ფესტივალების მოსაწყობად, სადაც მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები არიან მიწვეულნი. ყველგან ფიქსირდება, რომ ის ქართველი შეფ-მზარეულის მოწყობილია. 

– პირად საუბარში აღნიშნე, არა მარტო ბიზნესის მიზნით, არამედ ცოლის შესარჩევადაც ჩამოვედი საქართველოშიო. პორტუგალიელმა ქალებმა ვერ მოგხიბლეს თუ უბრალოდ, ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი ცოლი გინდა?

– (იცინის). ჩემი ცოლის შერჩევის საქმეში, მთელი სანათესაოა ჩარეული. პორტუგალიელი ქალებით ვერ ვიხიბლები, რაღაცნაირად მოუწესრიგებლები არიან, სადები, ყურადღებას არ აქცევენ ჩაცმას, გაპრანჭვას და ქუჩაში „ფაჩუჩებით” დადიან. წუნია კი ვარ, მაგრამ 37 წლის გავხდი და დაოჯახების დროა. ქართველი ცოლი მინდა,  აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ვაკვირდები აქ ბიზნესის განვითარებას, პირად ცხოვრებასაც ავაწყობ და საბოლოოდ, აქ გავაგრძელებ ბიზნესსაქმიანობას.

скачать dle 11.3