კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N26-3(629) 

მიღება „ალფა TV-ს” საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. იქ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ტელევიზიის ხელმძღვანელები, კინოსა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები. დარბაზში ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილი ოფიციანტები მიმოდიოდნენ და სტუმრებს გამაგრილებელ და ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდნენ. კუთხეში მოწყობილ სცენაზე ანსამბლი იჯდა, რომელიც მსუბუქი ჯაზით ართობდა საზოგადოებას. სასიამოვნო გარემოს ოდნავ არღვევდა ათამდე ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებიც დარბაზში სწრაფად მოძრაობდნენ, ინტერვიუებს იღებდნენ.

კაცუბა და გუსმანი, შეთანხმებისამებრ ერთად მივიდნენ პრეზენტაციაზე. ისინი დარბაზში გამოჩენისთანავე აღმოჩნდნენ ჟურნალისტების გარემოცვაში.

– კარგი, კარგი, თქვენთვისაც მოვიცლი, მაგრამ, მოცდა მოგიწევთ. ჯერჯერობით სერგეით შეიქციეთ თავი... – გუსმანმა ჩვეული ღიმილი მოირგო სახეზე, იქვე მდგარ ოფიციანტის სინიდან შამპანურით სავსე ბოკალი აიღო და მიღების ორგანიზატორებს მიაშურა.

ჟურნალისტები მაშინვე გარს შემოეხვივნენ კაცუბას და კითხვები დააყარეს.

– ყველას ერთად ვერ გიპასუხებთ, რიგრიგობით დამისვით კითხვები, – უთხრა მათ კაცუბამ. 

– არსებობს ინფორმაცია თქვენი და სტეფანე გუსმანის დაპირისპირების შესახებ. რას იტყვით ამის შესახებ? – ჰკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

– დაპირისპირების?! – გაიკვირვა სერგეიმ, – უცნაურია... მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ?

– ესე იგი არ ადასტურებთ თქვენ შორის რაიმე სახის უთანხმოების არსებობას? – განაგრძო ჟურნალისტმა.

– რა თქმა უნდა, არა, – მშვიდად უპასუხა კაცუბამ, –  სადმე გინახავთ, რომ ორი დაპირისპირებული ადამიანი ერთად მისულიყო მიღებაზე?

– პრეზენტაციაზე ერთად გამოჩენით უფრო გააძლიერეთ ჩვენი ეჭვი! – შენიშნა ჟურნალისტმა.

– მე მგონია, მკითხველებს ფაქტები უფრო აინტერესებთ, ვიდრე თქვენი ეჭვები, – კაცუბა მეორე ჟურნალისტს მიუბრუნდა, – გისმენთ.

– თქვენ ასევე უარყოფთ თქვენზე მომხდარ თავდასხმასა და დაჭრას? – ჰკითხა მან.

– რა სისულელეა! – აღშფოთდა კაცუბა, – მე არავისზე მაღლა არ ვაყენებ თავს, მაგრამ, შეგახსენებთ, რომ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი ვარ და, რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, ვსარგებლობ პირადი დაცვით. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და არა ტომში და, თავდასხმისას რომ დავჭრილიყავი, ამას თქვენგან კი არა, შინაგან საქმეთა პრესცენტრის განცხადებიდან შეიტყობდა ჩვენი მოსახლეობა!

– სტეფანე გუსმანის პირადი მცველების დაღუპვის შესახებ რას გვეტყვით? – სწრაფად ჩაურთო მესამე ჟურნალისტმა.

– ამის შესახებ შეგიძლიათ ბატონ გუსმანს ჰკითხოთ, – პირდაპირ პასუხს გაერიდა კაცუბა.

– მაგრამ, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კურირებთ. გამორიცხულია, რომ ზუსტი ინფორმაცია არ გაგაჩნდეთ ამ ფაქტის შესახებ! – არ მოეშვა ჟურნალისტი.

– თქვენ სწორად შენიშნეთ, მე შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორი ვარ და არა პრესცენტრის წარმომადგენელი!

– ამით იმის თქმა გინდათ, რომ გუსმანის მცველები დაიღუპნენ, მაგრამ, ამ ფაქტის შესახებ არ გსურთ საუბარი? – ჩაეძია ჟურნალისტი.

– არა, მე იმის თქმა მინდა, ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, შესაბამის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი გააკეთებდა. და თუ განცხადება არ გაკეთებულა, გამოდის, რომ ასეთი შემთხვევაც არ მომხდარა! – თქვა კაცუბამ და ჟურნალისტს ზურგი შეაქცია.

– ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე, გეგეშიძეზე რას გვეტყვით? – დაადევნა ჟურნალისტმა.

– ვისზე?! – მძიმედ მიუბრუნდა კაცუბა.

– ლუკა გეგეშიძეზე... ქართველ კანონიერ ქურდზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ „ხარკოვის დაჯგუფებას” ხელმძღვანელობს!

– როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს პიროვნება რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, – უპასუხა კაცუბამ.

– ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა?

– თავისთავად. 

კაცუბას პასუხმა ჟურნალისტების საერთო ღიმილი გამოიწვია.

– დროდადრო მეჩვენება, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, – ირონიით ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, – არავისთვის არ არის დაფარული, რომ გეგეშიძე ცოცხალია, უფრო მეტიც. ის აქტიურად იყო ჩართული „ნორდსტრიმის“ აქციების გასხვისების პროცესში.

– იქნებ, ისიც მითხრათ, საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია? – ჰკითხა კაცუბამ.

– მე არ ვარ ვალდებული, გავამჟღავნო ჩემი ინფორმაციის წყარო, მაგრამ, დახურულ სასამართლო პროცესზე სიამოვნებით დაგისახელებთ მას! – ხმა გაიმკაცრა ჟურნალისტმა.

– თქვენგან განსხვავებით, მე არ ვარ შეზღუდული და სასამართლოს გარეშე დაგისახელებთ ჩემი ინფორმაციის წყაროს, – სწრაფად თქვა კაცუბამ, – შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია გეგეშიძის დოსიე და მასში შავით თეთრზე წერია, რომ ის რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. სხვათა შორის, იმავე მოსაზრებებით რუსეთის პროკურატურამაც მოგვაბეზრა თავი. რუსი სამართალდამცველები დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ თავშესაფარს ვაძლევთ გეგეშიძეს. ასე რომ, ახლა მე გკითხავთ: ვის დავალებას ასრულებთ, როდესაც გეგეშიძეზე იწყებთ საუბარს?

– ძალიან მარტივად წარმოგიდგენიათ პასუხისთვის თავის არიდება. დღეს მართლაც ახერხებთ ამას, მაგრამ, ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ჟურნალისტურ გამოძიებას. როგორ მოიქცევით მაშინ, როდესაც კონკრეტული ფაქტებით დაგიწყებთ საუბარს?! მაშინაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ყალბ დოსიეზე მიმითითებთ?! – ირონიით თქვა ჟურნალისტმა.

– გამოიძიეთ... იქნებ, მაშინ მაინც დარწმუნდეთ თქვენი მოსაზრების აბსურდულობაში, – უპასუხა კაცუბამ, მერე კი ზურგი შეაქცია ჟურნალისტებს და გუსმანს მიაშურა, რომელიც დარბაზის საპირისპირო მხარეს იმყოფებოდა.

– გამოგწურეს? – მიახლოებისთანავე ჰკითხა მან.

– ლიმონივით, – უხალისოდ უპასუხა კაცუბამ, – აბეზარი და თავხედი პუბლიკაა. ყველაფერზე წავლენ, ოღონდ რაიმე სკანდალური გამოჩხრიკონ და, თუ ვერ გამოჩხრიკეს – შეთხზავენ.

– ცოტაც მოითმინე და... – გუსმანმა სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. სწორედ ამ დროს გვერდით მიმავალმა ქალმა შემთხვევით გაჰკრა ხელი.

– ფრთხილად!.. – უკმაყოფილოდ შესძახა სტეფანემ და ხელის მტევანი მოისინჯა, რომელიც ქალმა მსხვილთვლიანი ბეჭდით ოდნავ გაუკაწრა.

– მაპატიეთ, – მოიბოდიშა ქალმა, მერე ბეჭედი თითიდან მოიძრო, ხელჩანთაში შეინახა და სწრაფად გაეცალა.

– ვინაა? ადრე არასოდეს მინახავს? – გუსმანმა მზერა გააყოლა ქალს.

– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა კაცუბამ, – ალბათ, აქაური თანამშრომელია.

ათიოდ წუთში გუსმანს განაკაწრი უჩვეულოდ აეწვა. ამასთან ერთად, შუბლზე ოფლის მსხვილმა წვეთებმა გამოჟონა. გაუხშირდა სუნთქვაც.

– ცუდად ხომ არ ხარ? – კაცუბამ ყურადღებით შეათვალიერა თანამოსაუბრე.

– საშინლად ცხელა, – ყრუდ ჩაილაპარაკა გუსმანმა და შუბლზე მომდგარი ოფლი ცხვირსახოცით შეიმშრალა.

– რამე ცივი დალიე, – შესთავაზა კაცუბამ.

– არა... არ მინდა... ჰაერზე გავალ, – თქვა გუსმანმა და გასასვლელისკენ წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გუსმანი შედგა და მარჯვენა ხელი მკერდზე მიიჭირა. შემდეგ მოულოდნელად შებარბაცდა და წონასწორობის შესანარჩუნებლად გვერდით მდგომ ქალს ჩააფრინდა მხარში.

– რა გემართებათ? – დაბნეული სახით ჰკითხა ქალმა.

– ჰაერი... ჰაერი არ მყოფნის... – გაჭირვებით ჩაიხიხინა გუსმანმა, შემდეგ კი უეცრად მოეშვა და მძიმედ დაასკდა იატაკს.

* * *

შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღებით წაიკითხა სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და ზიბკოს მიუბრუნდა, რომელიც მოთმინებით ელოდა.

– და, რა გინდათ, ამით მითხრათ?

– თქვენ გუსმანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გაინტერესებდათ, – უპასუხა ზიბკომ.

– აქ წერია, რომ ის ინფარქტით გარდაიცვალა.

– სამწუხაროდ, არავინ ვართ ამისგან დაზღვეული. ბოლო დრო ძალიან დაძაბული გამოდგა მისთვის, – ამოიოხრა ზიბკომ, – ვეღარ გაუძლო.

– მე ერთ ადამიანს შეგახსენებ, რომელმაც ასევე „ვეღარ გაუძლო”! – მკაცრად თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– ვის გულისხმობთ?

– ტურჩენკოს...

– ხარკოვის ოლქის მილიციის ხელმძღვანელს?

– სწორედ მას... ამ ორის სიკვდილი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. თავის დროზე ტურჩენკოც დაუპირისპირდა ჩვენს საერთო ნაცნობს – მას გეგეშიძის ხარკოვის ოლქიდან განდევნა სურდა. ამისთვის ჩამოვიდა კიევში. როგორც ჩემთვის ცნობილია, ტურჩენკო პროკურატურისთვის გარკვეული მონაცემების გადაცემას აპირებდა. ეს მონაცემები მთავრობის რამდენიმე წევრს უკავშირდებოდა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ გეგეშიძესთან და მის დაჯგუფებასთან. მაგრამ, მან პროკურატურამდე ვერ მიაღწია – გზაში გარდაიცვალა. ამასთან, უკვალოდ გაქრა ხსენებული მასალებიც. მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ კი სიკვდილის მიზეზად ინფარქტი დაასახელა!

– თქვენ ფიქრობთ, რომ...

– კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მკვლელობა იყო და ის გეგეშიძის მიერ იყო ორგანიზებული! – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– არა მგონია, რომ გეგეშიძეს ასეთი ტიპის პრეპარატებზე მიუწვდებოდეს ხელი, – ჩაილაპარაკა ზიბკომ.

– მე კი მგონია, რომ ამ სამყაროში არაფერი არსებობს, რაზეც მას ხელი არ მიუწვდება! – ბრაზით შენიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– მაგრამ, საქმე მხოლოდ პრეპარატის მოპოვება არ არის, საჭიროა მისი ორგანიზმში მოხვედრაც. არა მგონია, რომ გუსმანს გეგეშიძისთვის მიახლოებისა და ინიექციის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა, – უპასუხა ზიბკომ, – თანაც, ის მიღებაზე იმყოფებოდა!

– სწორედ ეს გარემოება ადასტურებს, რომ მკვლელობა გეგეშიძის მიერაა ორგანიზებული. ეს გამოწვევაა. ეს პიროვნება არასოდეს ირჩევს იოლ გზას. გუსმანი სხვა ვითარებაში რომ დაღუპულიყო, შესაძლოა, მეფიქრა, რომ გეგეშიძეს არაფერი აკავშირებდა თავდასხმასთან – სტეფანეს მის გარეშეც ბევრი მტერი ჰყავდა. „ნორდსტრიმის“ საქმემ კი მთელი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დააპირისპირა. მაგრამ, ასეთი დემონსტრაციული მკვლელობა გეგეშიძის სტილია. ეს უბრალოდ მკვლელობა არ არის, ესაა გაფრთხილება!.. მე კარგად ვიცნობ მის დოსიეს. თბილისში მან საიქიოში გაისტუმრა მოწმე, რომელსაც მის წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება. იმ ადამიანს სასამართლოს წინ დემონსტრაციულად დაახალეს ტყვია! ახლა გაიხსენე „ეფესბეს” პოლკოვნიკის, რიჟკოვის მკვლელობა, რომელშიც რუსული მხარე გეგეშიძეს ადანაშაულებს. რიჟკოვი ასევე დემონსტრაციულად, რუსეთის პროკურატურის წინ მოკლეს. გესმის, რაზეა საუბარი?! რიჟკოვს მოსკოვის ცენტრში, ასობით თვითმხილველის თვალწინ, კეფაში დაახალეს ტყვია. შენ კი მიმტკიცებ, რომ გეგეშიძე ტელევიზიის პრეზენტაციაზე ვერ მოახერხებდა ამას!

– მაგრამ, ის იქ არ ყოფილა!

– კაცუბაზე რა აზრისა ხარ, ის ხომ გეგეშიძის ყურმოჭრილი მონაა?! დარწმუნებული ვარ, უარს ვერ შებედავდა. თანაც, მას მართლაც ექნებოდა სასმელში რაიმე პრეპარატის შერევის საშუალება, – ივარაუდა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– გამორიცხულია, – თავი გაიქნია ზიბკომ, – თავად გეგეშიძე არ მოინდომებდა კაცუბას ასეთ საქმეში გამოყენებას – ის ხომ საშიშ მოწმედ იქცეოდა. გარდა ამისა, კაცუბაც ვერ გაბედავდა გუსმანის მოკვლას, რადგან, ამით საკუთარ თავსაც გამოუტანდა განაჩენს – ასეთი საქმის შემდეგ გეგეშიძე აღარ აცოცხლებდა.

– კარგი... ვთქვათ, კაცუბას არაფერი აკავშირებს მკვლელობასთან, მაგრამ, ამით არაფერი იცვლება. უბრალოდ, იქ იყო პიროვნება, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით.

– თავად კაცუბა რას ამბობს მომხდარის შესახებ? – ჰკითხა ზიბკომ.

– არაფერს, – უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, – რაიმე განსაკუთრებული ან უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია. მისი თქმით, გუსმანი მოულოდნელად გახდა ცუდად და დარბაზიდან გასვლა მოინდომა. ამ დროს წაიქცა და გარდაიცვალა. 

– რა გადაწყვიტეთ? გეგეშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავთ?

შინაგან საქმეთა მინისტრი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– ამ მასალებით საქმის აღძვრა შეუძლებელია და ეს არც შედის ჩვენს ინტერესებში. ასეთ შემთხვევაში, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ კიევი მართლაც მფარველობდა გეგეშიძეს. მაგრამ, ამ საქმის ასე დატოვებაც არ შეიძლება. ეს არნახული თავხედობაა. გეგეშიძემ ნათლად გვაგრძნობინა, რომ ის შეჩერებას არ აპირებს და ჩვენთვის მოცემული პირობა მისთვის მხოლოდ ჰაერია, მეტი არაფერი! – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– როგორ აპირებთ ამას? – ჰკითხა ზიბკომ.

– გეგეშიძეს მხოლოდ მისივე მეთოდებით თუ შევაჩერებთ! – მზერა გაისწორა შინაგან საქმეთა მინისტრმა, – ამას პირადად შევათანხმებ ზემოთ!

– მე კი მგონია, რომ არ ღირს ამის გაკეთება. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ, ეს მართლაც ასეა... – ზიბკომ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა – გეგეშიძემ კიდევ ერთხელ გაგვიწია სამსახური!

– რაა?! –  გაოცებული მზერა მიაპყრო, შინაგან საქმეთა მინისტრმა, – გუსმანის მკვლელობა ჩვენთვის გაწეულ სამსახურად მიგაჩნია?!

– რა თქმა უნდა... ეს ყველასთვის მომგებიანი იყო. გუსმანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გასულიყო საქმიდან. ჟურნალისტები ისედაც ცდილობენ მისი და კაცუბას დაპირისპირების მიზეზების გარკვევას. ასეთ ვითარებაში, გუსმანის თანამდებობიდან გადადგომა თავისთავად გააძლიერებდა არასასურველ მითქმა-მოთქმას. თანაც, ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებდა გუსმანი ერთი, სამი ან ექვსი თვის შემდეგ. მე კარგად ვიცნობდი მას და ვიცი, რომ ის შურისმაძიებელი ადამიანი იყო. მისი ამჟამინდელი მოდრეკა მხოლოდ დროებითი უკანდახევა იყო. დარწმუნებული ვარ, ის ძალას მოიკრებდა და მოულოდნელ დარტყმას მოგვაყენებდა. ყოველ შემთხვევაში, გეგეშიძისთვის სამაგიეროს გადახდას მაინც შეეცდებოდა. მერე, რა მოჰყვებოდა ამას? რა და, გეგეშიძის ამოქმედება და, სხვათა შორის, ჩვენ პირობა მივეცით, რომ გუსმანი მას არ შეეხებოდა. ასეთ ვითარებაში ჩვენ, უბრალოდ, იძულებული გავხდებოდით, შეგვეჩერებინა სტეფანე... რა მივიღეთ ახლა? – გუსმანი ყველას თვალწინ გარდაიცვალა. ექსპერტიზა უჩვენებს, რომ ამის მიზეზი იყო ინფარქტი. მისი ასაკის ადამიანისთვის ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ აღარ მოგვიწევს მისი თანამდებობიდან გადაყენება, ამით კი თავიდან ავიცილებთ არასასურველ მითქმა-მოთქმას და აბეზარი ჟურნალისტების მიერ ამ ჭუჭყიანი თეთრეულის ქექვას. თანაც გუსმანის დაღუპვას ვეღარავინ დაუკავშირებს გეგეშიძესა და „ნორდსტრიმის“ საქმეს.

– საინტერესო მოსაზრებაა, – ჩაფიქრდა შინაგან საქმეთა მინისტრი, – მაგრამ, საქმე მხოლოდ გუსმანსა და „ნორდსტრიმის“ ისტორიას არ ეხება. უბრალოდ, გეგეშიძე არ შეჩერდება. მომავალში ჩვენ მაინც მოგვიწევს მისი საკითხის მოგვარება.

– შეჩერდება! – უყოყმანოდ უპასუხა ზიბკომ.

– რატომ ხარ ასე დარწმუნებული?

– მე პირადად შევხვდი მას და დარწმუნებული ვარ, რომ ის გონიერი და საღად მოაზროვნე ადამიანია. მისი დოსიეს შესწავლით კი ერთი დასკვნა გამოვიტანე: გეგეშიძეს მხოლოდ ერთი რამ სურს – სიმშვიდე!.. მას უნდა, რომ ყველამ მიივიწყოს მისი არსებობა! ამიტომაც არავის ტოვებს ცოცხალს, ვისაც შავი სამყაროსთვის მისი სახელის შეხსენება შეუძლია! დარწმუნებული ვარ, რომ გუსმანი უკანასკნელი იყო მის სიაში. მას აღარ აქვს ვინმეზე თავდასხმის მიზეზი. მალიშევი და კლიმოვი დაიღუპნენ; პრაქტიკულად დაიშალა „კრეშატიკის საძმო” – კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც თქვენც მრავალჯერ გაგიჩინათ თავსატეხი. გეგეშიძე შესანიშნავად ხვდება, იმავეს თუ განაგრძობს, თავისთავად დადგება მისი ლიკვიდაციის საკითხი. ის არ წავა ამაზე, რადგანაც, მასთან ერთად განადგურდება „ვერშინაც”, ის კი განსაკუთრებით უფრთხილდება ამ კომპანიას.

– ესე იგი, შენ მირჩევ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ და გეგეშიძე დაუსჯელი დავტოვოთ? – ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– დიახ... – თავი დაუქნია ზიბკომ, – დაივიწყეთ ყველაფერი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ ვინმემ არ აიძულა, ის აღარასოდეს შეგახსენებთ თავს!.. როგორც წესი, ის მხოლოდ მაშინ იწყებდა სისხლისღვრას, როდესაც არჩევანს აღარ უტოვებდნენ. ასე იყო ახლაც. „ნორდსტრიმის“ საქმემ კატალიზატორის როლი შეასრულა. ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე გარემოებას: რუსეთის „ეფესბეს” გეგეშიძის თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენების გიჟური იდეა გაუჩნდა. რა მოჰყვა ამას? – დაიღუპნენ მალიშევი და კლიმოვი. მართალია, პირადად გეგეშიძეს არც ერთი მათგანი არ მოუკლავს, იმ ნაძირლებმა ერთმანეთი ამოხოცეს, მაგრამ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასე რომც არ მომხდარიყო, გეგეშიძე მაინც არ აცოცხლებდა მათ. თუმცა, ამასთან ერთად, ის კლიმოვის შეგონებას ცდილობდა – სურდა, დაერწმუნებინა, რომ თავი დაენებებინა „ნორდსტრიმის“ საქმისთვის!.. იგივე შეცდომა გაიმეორა გუსმანმაც – მან გეგეშიძის მართვა სცადა. ეს კი შეუძლებელია, რადგან ის არავის მისცემს ამის საშუალებას. სწორედ ესაა მისი დაღუპვის მიზეზი. ამიტომაც გირჩევთ, ნუ გაიმეორებთ მის შეცდომას. ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ მასზე თავდასხმა წარმატებული იქნება?.. ჩვენ კი კარგად ვიცით, რით პასუხობს ეს პიროვნება მასზე თავდასხმის მოსურნეს!

– მაშინებ?! – მოიღრუბლა შინაგან საქმეთა მინისტრი.

– არა... უბრალოდ, არ მინდა თქვენ იქცეთ იმ დაპირისპირების მიზეზად, რომელსაც მრავალი ადამიანის, მათ შორის, ჩვენი დაღუპვაც შეუძლია!.. მერწმუნეთ, გეგეშიძეს აღარ აქვს ვინმესთან დაპირისპირების მიზეზი. მან ყველაფერი მიიღო, რაც სურდა: მალიშევი მკვდარია, მკვდარია კლიმოვიც და მათ გზას გაუდგა გუსმანიც. ამ მხრიდან გეგეშიძეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამასთან ერთად მან მიიღო იმ აქციათა პაკეტი, რომელიც „ნორდსტრიმის“ საქმეში ჩართვის სანაცვლოდ აღუთქვეს... ყოველივე ამის შემდეგ ის მშვიდად დაუბრუნდება თავის სამალავს და აღარასოდეს შეგვახსენებს თავს!.. მე არ ვიცი, რას გადაწყვეტთ თქვენ, მაგრამ, გაფრთხილებთ: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა გეგეშიძის წინააღმდეგ თქვენი ამოქმედება!

– შენ გინდა თქვა, რომ ზემოთ შეათანხმებ ამას?

– შევეცდები, – უპასუხა ზიბკომ.

შინაგან საქმეთა მინისტრი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– კეთილი, სცადე... არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ყოველ შემთხვევაში, გეგეშიძემ თუ იგივე განაგრძო, ჩემ მიმართ არავის ექნება პრეტენზია..

* * *

გენერალური პროკურორი მანქანიდან გადავიდა, პროკურატურის მთავარ შესასვლელს მიაშურა და სწორედ ამ დროს შენიშნა შუა ხნის მამაკაცი, რომელიც მისკენ მოდიოდა. პროკურორს ნაცნობად მოეჩვენა მისი სახე, ამიტომ, შეჩერდა და ყურადღებით დააკვირდა. მისდა გასაოცრად ის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იგორ რიბკინი აღმოჩნდა, რომელსაც რუსი სამართალდამცველები უშედეგოდ ეძებდნენ.

ამასობაში რიბკინი მის პირისპირ შედგა და მიესალმა:

– გამარჯობა, კონსტანტინ მიხაილოვიჩ!..

– საიდან გაჩნდი აქ? – გაოცებით ჰკითხა პროკურორმა.

– ყველაფერს აგიხსნით. მე სწორედ თქვენთან შესახვედრად მოვედი.

– ახლა თათბირზე მელიან. ახსნა-განმარტებას სამსახურის უფროსს მისცემ და ის მომახსენებს, – უპასუხა პროკურორმა და გზის გაგრძელება სცადა, მაგრამ რიბკინმა ამის შესაძლებლობა არ მისცა – ის სწრაფად გადაუდგა წინ და ლაპარაკი განაგრძო:

– არ შემიძლია, კონსტანტინ მიხაილოვიჩ, თქვენ გარდა ვერავის ვენდობი. არა მგონია, სამსახურის უფროსთან საუბრის შემდეგ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცეს!

– რატომ? – გაუკვირდა პროკურორს.

– რამდენიმე გავლენიანი თანამდებობის პირი არასდროს დაუშვებს ამას!

– თქვენ რაიმე საფრთხე გემუქრებათ?

– დიახ, – უყოყმანოდ დაუდასტურა რიბკინმა, – აქ ყოფნითაც დიდ რისკზე მივდივარ!

– რას უკავშირდება ეს საშიშროება? – ჰკითხა პროკურორმა.

რიბკინმა ჩანთა უჩვენა, რომელიც მხარზე ჰქონდა ჩამოკიდებული.

– იმ მასალებს, რომლებიც ამ ჩანთაშია!

პროკურორი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ გადაწყვიტა:

– კეთილი, გამომყევით...

პროკურორი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში და რიბკინს ანიშნა, დაჯექიო. გამომძიებელმა სწრაფად შეასრულა განკარგულება – მაგიდას მიუჯდა და ჩანთა გახსნა, რომელშიც ნოუთბუქი და საშუალო ზომის საქაღალდე აღმოჩნდა.

– ეს ჟურნალისტ გრომოვის ნოუთბუქია, – წამოიწყო რიბკინმა, – ის სწორედ ამ ნოუთბუქის გამო მოკლეს.

– რა მასალებია მაგ კომპიუტერში? – ჰკითხა პროკურორმა.

– აქაა კრიმინალურ სამყაროში მოქმედი აგენტურის დოსიეები. ამ მასალების გაჟონვაში პროკურატურა მე მადანაშაულებს. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მე არაფერი მაკავშირებს ამ მასალების გაჟონვასთან. ეს მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია იყო, რის დამტკიცებასაც ვაპირებ, – უპასუხა რიბკინმა.

– ჩემთვის ცნობილია, რომ დოსიეების გაჟონვასთან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმეა აღძრული!

– დიახ, საქმე აღძრულია, – დაუდასტურა რიბკინმა, – მაგრამ, რეალურად ძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს – ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალური დამნაშავე არ დასახელდეს!

– მაგალითად ვინ? – ჰკითხა პროკურორმა.

– სამსახური, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა დოსიეების გაჟონვა და ჟურნალისტ გრომოვის მკვლელობა!

– სამსახურმა?! – გაოცებული მზერა მიაპყრო პროკურორმა.

– დიახ, სამსახურმა, – თავი დაუქნია რიბკინმა, – ძიება ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მე და გრომოვი უკრაინაში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდთან, ლუკა გეგეშიძესთან შეთანხმებით ვმოქმედებდით და სწორედ მას გადავეცით დოსიეები. რეალობა კი ისაა, რომ გეგეშიძეს არაფერი აკავშირებს ამ დოსიეებთან.

– თქვენი ვერსიით, რომელმა სამსახურმა განახორციელა ეს პროვოკაცია?

– „ეფესბემ”! – სწრაფად უპასუხა რიბკინმა, – მე შემიძლია უშუალოდ ორგანიზატორის ვინაობის დასახელებაც... აწ გარდაცვლილი პოლკოვნიკი მალიშევი, რომელიც უკრაინის მოქალაქემ, ვინმე ლეონიდ კლიმოვმა მოკლა!

– მოკლა?! – ეჭვით თქვა პროკურორმა, – რაღაც გეშლებათ. მალიშევი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მე თავად ვესწრებოდი მის დაკრძალვას!

– ეს „ეფესბეს” მორიგი ავანტიურაა, – ამ სიტყვებთან ერთად რიბკინმა მაგიდაზე „ფლეშკა“ დადო, – აქ მალიშევის მკვლელობის დამადასტურებელი მონაცემებია!

პროკურორმა ჩაფიქრებულმა გახედა გამომძიებელს, შემდეგ კი კომპიუტერი ჩართო და შიგ „ფლეშკა“ ჩადო... 

„ფლეშკაში“ ტიხონოვის დაკვეთით გაკეთებული ჩანაწერი იყო შენახული. მასზე აღბეჭდილი იყო კლიმის მკვლელობის დეტალები. უშუალოდ მკვლელობამდე კი კლიმოვი და მერკულოვი მალიშევის შესახებ საუბრობდნენ. კლიმოვი დაუფარავად აცხადებდა, რომ მან მოკლა მალიშევი, რომელიც შემდეგ მისმა მცველებმა იქვე, ტყეში დამარხეს. რამდენიმე ფოტოსურათზე  კი უშუალოდ მისი საფლავი იყო აღბეჭდილი.

– გასაგებია – პროკურორმა უკმაყოფილო იერით შეაჩერა ჩანაწერი, – კეთილი... ვთქვათ, გენდე და დავიჯერე, რომ მალიშევი მართლაც კლიმოვმა მოკლა და ტყეში დამარხა. მაგრამ, სასამართლო ასეთ ჩანაწერს ნივთმტკიცებად არ მიიღებს და მეც და შენც ბრიყვების მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

– ეს ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეს აღძვრის მიზეზად გამოდგება. შემდგომ კი ძიება დაამტკიცებს, რომ მალიშევი ავტოკატასტროფაში არ დაღუპულა, – სწრაფად უპასუხა რიბკინმა.

– როგორ? – ჰკითხა პროკურორმა.

– ძალიან მარტივად. ჩემთვის ცნობილია, სადაც მდებარეობს კლიმოვის აგარაკი. მაქვს საფლავის ფოტოსურათებიც. მალიშევის ცხედარი იმ საფლავიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამოიღეს, ეს სრულიად საკმარისია მიწიდან ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად. ექსპერტიზა ძალიან მარტივად დაასკვნის, რომ მალიშევი სწორედ კლიმოვის აგარაკის სიახლოვეს ჩამარხეს. ასეთი დასკვნა კი სხვა ღირებულებას შესძენს ამ ჩანაწერს!

პროკურორი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:

– რას მიაღწევ ამით?.. ვთქვათ, შენ დაამტკიცე, რომ მალიშევი სრულიად სხვა ვითარებაში დაიღუპა. სიმართლე რომ გითხრა, ამაში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს. „ეფესბე” სპეცსამსახურია, ანუ, ესაა ორგანიზაცია, რომელიც ვერ ეტევა კანონმდებლობის ჩარჩოებში. ის ძალიან მარტივად ახსნის მალიშევის ავტოკატასტროფაში დაღუპულად გამოცხადების მიზეზს. მაგალითად, ისინი განაცხადებენ, რომ ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რათა ხელი არ შეშლოდა რომელიმე ოპერაციას, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ისახავდა მიზნად!... მოკლედ, მიმიხვდი, რისი თქმაც მინდა?

– მესმის... მაგრამ, რომელ სახელმწიფო ინტერესს ემსახურებოდა ჟურნალისტ გრომოვის მკვლელობა?! – ჰკითხა რიბკინმა.

– შენ სწორედ ასე ესაუბრებოდი საგამოძიებო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს – კრილოვს?

– დიახ.

– და ამას მოჰყვა თქვენი დაპირისპირება? – განაგრძო პროკურორმა.

– დიახ!

– მაშინ, შენ ჟურნალისტებისთვის მასალების გადაცემით დაემუქრე!... როგორ მოიქცევი ახლა?! რას იზამ თუ მეც შეჩერება გირჩიე? ისევ ჟურნალისტებს მიმართავ დახმარებისთვის?! – პროკურორი გამომცდელად ჩააცქერდა სახეში.

– არა მგონია, ეს შევძლო. თუ თქვენ –„ეფესბეს” მოკავშირე ხართ და მასთან შეთანხმებით მოქმედებთ, მაშინ მე ამ შენობიდან გასვლას ვეღარ მოვახერხებ! – გულწრფელად უპასუხა რიბკინმა, – თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ. მე საკუთარ თავზე გამოვცადე, რასაც წარმოადგენს სახელმწიფო მანქანა და ისიც კარგად ვიცი, რომ „ეფესბესთვის” რთული არ იქნება ჩემნაირი ადამიანის გასრესა!

– მაგრამ, შენ მაინც გაბედე აქ მოსვლა! – შენიშნა პროკურორმა.

– კრილოვის თანამდებობიდან გათავისუფლებამ მიმახვედრა, რომ თქვენ „ეფესბეს” მითითებით არ მოქმედებდით. „ეფესბე” ყველაფერს გააკეთებდა ამ ისტორიის გახმაურების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, თქვენ სწორედ დოსიეების გაჟონვის მოტივით გაათავისუფლეთ კრილოვი!

– სხვათა შორის, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე კრილოვმა ბევრი რამ მიამბო თავისი და „ეფესბეს” ურთიერთობის დეტალებზე, – თქვა პროკურორმა.

– არა მგონია სიმართლე ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მას სახლში კი არა, საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნიდით! – შენიშნა რიბკინმა.

– იზოლატორში გაგზავნა მისი ნაამბობის შემდეგაც შემეძლო, მაგრამ, მაინც გავითვალისწინე „ეფესბეს” ფაქტორი. კრილოვი „ეფესბესთან” ფარული თანამშრომლობისთვის არ დასჯილა. ის იმისთვის დაისაჯა, რომ ჩემს ზურგსუკან აკეთებდა ამას!

– როგორ აგიხსნათ კრილოვმა დოსიეების გრომოვთან აღმოჩენის ფაქტი? – ჰკითხა რიბკინმა.

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენ თვითონ როგორ ამიხსნი ამას? – ჰკითხა პროკურორმა.

– ჯერჯერობით ამის ახსნა არ შემიძლია. იმედი მაქვს, რომ ყველა გარემოება ძიებისას გაირკვევა. მთავარ კითხვაზე კი კრილოვს მოუწევს პასუხის გაცემა.

– ვერსიაც არ გაქვს?

– მაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერსია არ არის, ესაა რეალობა, რომელიც დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს... – რიბკინმა პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო – ჩემი და კრილოვის უთანხმოება მკვლელობაში ეჭვმიტანილის გვამის განადგურებას მოჰყვა. ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო, კრილოვმა ამ ფაქტის მიმართ მოკვლევის დაწყებაზე უარი მითხრა. არადა, მხოლოდ გვამის ექსპერტიზით იყო შესაძლებელი გეგეშიძის იდენტიფიკაცია. როდესაც პროტესტი განვაცხადე, კრილოვი საქმის ჩამორთმევით დამემუქრა. ამის პასუხად განვუცხადე, რომ ჩემს ხელთ არსებულ მონაცემებს ჟურნალისტებს გადავცემდი...

– პირადად მე რატომ არ მომმართე? – შეაწყვეტინა პროკურორმა.

– მარტივი მიზეზის გამო: მიმაჩნდა, რომ კრილოვი თქვენს დავალებას ასრულებდა, – გულწრფელად უპასუხა რიბკინმა.

– ჩემს დავალებას?! – გაუკვირდა პროკურორს, – შენ გგონია, რომ მე კანონდარღვევისკენ ვუბიძგებდი კრილოვს?!

– მე სრულიად სხვაგვარად აღვიქვამდი მოვლენებს. მეგონა, რომ გეგეშიძის მიმართ ძიების შეჩერება მხოლოდ ერთი სურვილით იყო ნაკარნახევი: მთავრობაში, უფრო კი „ეფესბეში,” ვიღაცას ძალიან არ სურდა მასთან და აფხაზეთის საქმეებთან რიჟკოვის სახელის დაკავშირება. ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის იოლი წარმოსადგენი იყო სქემა, რომლითაც მოქმედებდა კრილოვი. –„ეფესბემ” ექსპერტიზაზე წარდგენილი გვამის განადგურებაზე იზრუნა. ამასთან ერთად, დაგიკავშირდნენ თქვენ და ძიების შეწყვეტა გთხოვეს, შესაძლოა, იმ პირობითაც, რომ „ეფესბეს” პოლკოვნიკის დაღუპვის გარემოებებს თავად გაარკვევდნენ. თქვენ კი არ მოისურვეთ სპეცსამსახურის საქმიანობაში ჩარევა და კრილოვს შესაბამისი განკარგულება მიეცით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3