კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიყვანეს მოუხელთებელი ბანდა, რომელსაც 34 წლის ქალი მეთაურობდა

გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე საქართველოში კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ბანდა მოქმედებდა, რომელმაც ბევრი თავსატეხი გაუჩინა ქართულ მილიციას. ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია, ქართველი ძალოვნების მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციაზე მოგითხრობთ, რომელიც ამ მოუხელთებელი ბანდიტების შესაპყრობად იყო შემუშავებული.

მასალა ექსკლუზიურია, პრესაში პირველად ქვეყნდება და რედაქციასთან შეთანხმების გარეშე მისი გადაბეჭდვა დაუშვებელია.

განრისხებული მინისტრი

1969 წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რომელსაც პირადად მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ატარებდა. კაბინეტში მას ყველა ძირითადი განყოფილების უფროსი ჰყავდა დაბარებული. გენერალმა, რომელიც მისთვის უჩვეულო, მაღალი ტონით საუბრობდა, ხელქვეითები საკმაოზე მეტად შეახურა და უბრძანა, რომ უმოკლეს დროში მოეღოთ ბოლო იმ მოუხელთებელი ბანდიტების თარეშისთვის, რომლებიც ამ უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში დაუსჯელად ძარცვავდნენ მოქალაქეებს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. თავისი გამოსვლის ბოლოს შევარდნაძემ კოლეგებს უთხრა:

– ამხანაგებო! ნუ გავიწყდებათ, რომ ახლა 1969 წელია და არა 1949. თუმცა, არც მაშინ, სამამულო ომის დასრულების პირველ წლებში ყოფილა ჩვენში ასეთი დაუსჯელობა და ბანდიტების თარეში და ახლა რა ღმერთი გაგვიწყრა? რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელობა შეშფოთებულია და სასწრაფოდ მოითხოვს ბოროტმოქმედების შეპყრობასა და დასჯას. საქმის კურსშია მოსკოვიც და ისინიც იმავეს ამბობენ. ახლა სიტყვა ჩვენზეა და, თუკი ჩვენი პარტიისა და მშრომელი ხალხის ნდობა ვერ გავამართლეთ, კაპიკია ჩვენი ფასი. გეძლევათ სამი დღე, რომ სრულყოფილი ოპერაცია შეიმუშავოთ და სასწრაფოდ განახორციელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც დაისჯებით და არც მე დავრჩები ამ თანამდებობაზე. ახლა თავისუფლები ხართ და სამ დღეში ოპერაციის სერიოზული გეგმით გელოდებით.

მოუხელთებელნი

პირველი ცნობები ბანდის შესახებ, რომელზეც მინისტრი შევარდნაძე ლაპარაკობდა, 1968 წლის 1 სექტემბერს გაჩნდა. იმ დღეს ქალაქ ახმეტაში რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი შემნახველი სალაროს ინკასატორს, გოდერძი ცისკარიშვილს დაესხა თავს. მათ 57 ათასი მანეთი და ინკასატორის „ნაგანის“ სისტემის ტაბელური რევოლვერი გაიტაცეს და მიიმალნენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. გოდერძი ცისკარიშვილმა კი გამომძიებლებს უამბო, რომ თავდამსხმელები ნიღბებში იყვნენ და, ფაქტობრივად, ხმას არ იღებდნენ, ამიტომ, მათი ამოცნობა არც ხმით და არც აქცენტით არ შეეძლო. მისივე თქმით, მძარცველები ერთი „აკაესის“ სისტემის ავტომატითა და „ტეტეს“ პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ცისკარიშვილისვე განცხადებით, მას ოთხი ნიღბიანი დაესხა თავს, თუმცა, ის ვარაუდობდა, რომ მეტნი იყვნენ.

– რატომ ფიქრობ, რომ მძარცველები მეტნი იყვნენ? – ჰკითხა ცისკარიშვილს გამომძიებელმა.

– იმიტომ, ამხანაგო კაპიტანო, რომ როდესაც მე მანქანის იატაკზე დამაწვინეს და ფულით სავსე ჩანთა და „ნაგანი“ წამართვეს, უკნიდან მანქანის ხმა გავიგონე. მიბრძანეს, არ გავნძრეულიყავი და თავიც არ ამეწია ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ისევ შემომესმა მანქანის ხმა და ისინი წავიდნენ. ჩემი აზრით, მათ, მინიმუმ, ერთი კაცი  – იმ მანქანის შოფერიც ახლდათ, რომელმაც მოაკითხა.

ერთი თვის შემდეგ, ანალოგიური მეთოდით გაძარცვეს ინკასატორი ლანჩხუთში, რომელსაც 32 ათასი მანეთი წაართვეს და არც იქ დაზარალებულა ვინმე. ერთი კვირის შემდეგ კი, ნიღბიანი მძარცველები უკვე ქუთაისში, საღორიაზე, მოქალაქე ტატიანა ამაშუკელს ღამით მიადგნენ სახლში და, რაც კი ძვირფასეულობა ჰქონდა, ყველაფერი წაიღეს. ამაშუკელი აფთიაქის პროვიზორი იყო და უზარმაზარ სახლში მარტო ცხოვრობდა. ქუთაისის შემდეგ მძარცველები ახალ წლამდე არ გამოჩენილან, 30 დეკემბერს კი ისინი კვლავ ქუთაისში, ცენტრალური უნივერმაღის სალაროში შეიჭრნენ, სადაც მთელი დღის ნავაჭრს ითვლიდნენ და იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა – 206 ათასი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ. ამჯერად ნიღბიანი ბანდიტები უკვე რვანი იყვნენ, თუმცა მათ მძღოლი ელოდებოდა „ერაზით“ და ისინი სწორედ ამ მიკროავტობუსით მიიმალნენ. მოგვიანებით დადგინდა, რომ „ერაზი“ წინა დღით ¹3 ავტოფარეხიდან იყო გატაცებული... 

1969 წელს ნიღბიანმა ბოროტმოქმედებმა კიდევ ექვსი დანაშაული ჩაიდინეს და, როგორც ადრე, ერთი გასროლაც არ მოუხდენიათ. ბანდიტები მოქმედებდნენ კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით, შეთანხმებულად, თამამად და უშეცდომოდ. მათ შესახებ ხმები მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ხალხმა მათ „მოუხელთებელნი“ შეარქვა. მილიციას თითქმის არანაირი ხელჩასაჭიდი არ გააჩნდა. ზემოთ აღნიშნულის გარდა, იცოდნენ მხოლოდ ის, რომ ბოროტმოქმედებს კარგად ინფორმირებული საქმის მიმცემი ან მიმცემები ჰყავდათ, რაც მათი ქმედებების წარმატებას განაპირობებდა.

გაქცევა

ბედის ირონიით, იმ დროს, ანუ, 1969 წლის 9 აპრილს, როდესაც მინისტრი ედუარდ შევარდნაძე თავის ხელქვეითებს ცეცხლს უნთებდა, ბათუმში ნიღბიანმა ბანდიტებმა ერთ-ერთი შემნახველი სალაროს ინკასატორი ასლან თურმანიძე გაძარცვეს – მას 61 ათასი მანეთი წაართვეს და „ვილისით“ გაიქცნენ. თუმცა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ვილისის“ მძღოლი, ვინმე კარლო ბალაძე ამოიცნო, რომელიც ქობულეთის მკვიდრი იყო. ბალაძე იმავე ღამეს დააპატიმრეს და ის სპეციალურად თბილისიდან ჩამოსულმა გამომძიებელმა დაკითხა. ბალაძემ აღიარა, რომ მძარცველები მართლა წაიყვანა „ვილისით“, მაგრამ, აცხადებდა, რომ არც მათი სახეები უნახავს და არც ბანდის წევრი იყო. მისივე თქმით, ბალაძე ამ საქმეში მისმა დეიდაშვილმა, მურაზ გოგიტიძემ ჩაითრია, რაშიც წინასწარ მისცა 500 მანეთი და კიდევ ხუთასს დაჰპირდა. გოგიტიძე ადრე წვრილმანი ქურდობისთვის იყო ნასამართლევი და კარლოს გვერდით სახლში ცხოვრობდა. თუმცა, მან გაქცევა მოასწრო და მილიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო. ბათუმური ძარცვის ამბავი იმავე საღამოს შეატყობინეს შევარდნაძეს, რომელმაც პოლკოვნიკი ჯამბულ კორძაია დაიბარა და უთხრა:

– როგორც ეტყობა, მძღოლი ბალაძე მართლაც ახალბედაა ამ საქმეში და ბანდიტებს მისი ჩათრევა უნდოდათ. მისი დეიდაშვილი გოგიტიძე კი, ჩემი აზრით, ბანდის სრულუფლებიანი წევრია და ბოროტმოქმედებზე სწორედ მისი მეშვეობით უნდა გავიდეთ. მართალია, მან მიმალვა მოასწრო, მაგრამ, შორს ვერ წაგვივა. მთავარია, რომ მისი პიროვნება გავშიფრეთ და, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება. ახლა კი აგენტი „დაშნა“ მოამზადეთ. რამდენიმე დღეში ის ჯერ თბილისის ციხეში უნდა მოათავსონ, შემდეგ კი რუსთავში გადაიყვანონ. როგორც მიმალული გოგიტიძე გამოჩნდება, დაშნა ციხიდან გაიქცევა, მას შეხვდება და მისი მეშვეობით შეაღწევს ბანდაში.

– გასაგებია, ამხანაგო მინისტრო. ნება მიბოძეთ, ვიმოქმედო! – გამოეჯგიმა შევარდნაძეს ჯამბულ კორძაია და, დასტური რომ მიიღო, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მინისტრის კაბინეტი. 

ბანდის შეპყრობის ოპერაცია პირადად ედუარდ შევარდნაძის მიერ იყო მოფიქრებული და მისი განხორციელება სპეციალურ ოპერატიულ სამმართველოს დაევალა, რომელსაც პოლკოვნიკი კორძაია ხელმძღვანელობდა. იმავე სამმართველოს თანამშრომელი იყო აგენტი დაშნა, სინამდვილეში – კაპიტანი გივი ჩოხელი, რომელიც მძარცველი რეციდივისტის საფარქვეშ მუშაობდა. 1969 წლის 10 აპრილს დაშნა ვითომდა საიუველირო მაღაზიის ძარცვისთვის გაასამართლეს და ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, სადაც ორი კვირა გააჩერეს, შემდეგ კი რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. ამის პარალელურად, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო სამმართველოს თანამშრომლები მიმალულ მურაზ გოგიტიძეს ეძებდნენ და ის 23 მაისს თბილისში, ვინმე ლეილა კოხრეიძის ბინაში აღმოაჩინეს. კოხრეიძე ექთანი იყო და ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. ის საბურთალოზე, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდა. მილიციამ მისი დამუშავება დაიწყო. ოპერებმა დეტალურად შეისწავლეს მისი მარშრუტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეადგინეს დაშნას გაქცევისა და მურაზ გოგიტიძესთან შეხვედრის გეგმა. კოხრეიძეს საკუთარი ავტომობილი „მოსკვიჩი“ ჰყავდა და იმის მეშვეობით გადაადგილდებოდა ქალაქში. მილიციამ სწორედ ამის გამოყენება  სცადა და 1969 წლის 2 ივნისს დაშნა რუსთავის კოლონიიდან გაიქცა. იმავე დღეს მისი სურათები ტელევიზიით უჩვენეს და მოსახლეობას საშიში ბოროტმოქმედის დაკავებაში დახმარება სთხოვეს. 8 ივნისს კი, სამსახურიდან სახლში მიმავალმა ლეილა კოხრეიძემ „მოსკვიჩი“ დაქოქა და ადგილიდან დაძრა თუ არა, კეფაზე ლულის მიდება იგრძნო და ხმაც მოესმა:

– სადმე საიმედო ადგილზე მიმიყვანე და მაჭამე. იცოდე, პანიკა არ ატეხო, თორემ, მოგკლავ...

ვერაგული ხაფანგი

ლეილა კოხრეიძეს „ტეტეს“ პისტოლეტი დაშნამ მიადო. ლეილამ რომ შეხედა, მასში უმალვე ამოიცნო ციხიდან გაქცეული ბოროტმოქმედი, რომლის ფოტოებსაც ტელევიზიით უჩვენებდნენ.

– იარაღი გასწიე და ნუ გეშინია, საიმედო ადგილზე მიგიყვან და დაგაპურებ, – უთხრა ლეილამ დაშნას და თავის ბინაში მიიყვანა. შემდეგ ის გოგიტიძეს გააცნო და არც მურაზს შეჰპარვია ეჭვი მასში, რადგან დაშნას ფოტოები მასაც ჰქონდა ნანახი ტელევიზორში.

– ბოდიში, ძამიკო. არ ვიცოდი, რა მექნა, თანაც, ძალიან მშიოდა და მილიცია მეძებს. ცოტას შევჭამ, ცოტა საჭმელს თან წავიღებ და წავალ, – უთხრა დაშნამ მურაზსა და ლეილას.

– მეც პაბეგში ვარ. შენ აქ დარჩები და, თუ გინდა, დავპაძელნიკდეთ, – უპასუხა გოგიტიძემ.

– კარგი, მასე იყოს, – გაუღიმა დაშნამ მასპინძელს და ჭამას შეუდგა.

ლეილა კოხრეიძის ბინას მილიციის სპეციალური ოპერჯგუფი ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდა და ფანჯრებზე მიკრული სპეციალური მიკროფონების მეშვეობით უსმენდა. ამიტომ, მილიციელებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ბინაში.

ათდღიანი ერთად ყოფნის შემდეგ, გოგიტიძემ დაშნას „კარგი ხალხის“ გაცნობა შესთავაზა. როდესაც თანხმობა მიიღო, იმავე საღამოს, ლოტკინის მთაზე ლეილას მანქანით წაიყვანა და ერთ-ერთ კერძო სახლში მიიყვანა, სადაც მოუხელთებელი ბანდა იკრიბებოდა. მილიციამ ის სახლიც მოსმენაზე აიყვანა და დაადგინა, რომ ბანდაში სულ თხუთმეტი წევრი იყო გაერთიანებული. ბანდიტებს დაშნაში იოტისოდენა ეჭვიც არ შეუტანიათ, რადგან მათაც ჰქონდათ მისი ფოტოები ნანახი ტელევიზორით და ის მძარცველი-რეციდივისტი ეგონათ. ბანდის მეთაური, მილიციელების გასაკვირად, 34 წლის ელენე სანებლიძე აღმოჩნდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. მილიციას, რა თქმა უნდა, ბანდის აყვანა მათსავე სახლში შეეძლო, მაგრამ, მათ ფაქტზე დაჭერა ამჯობინეს და შევარდნაძის მიერ შემუშავებული ოპერაციის ბოლო ფაზაც დაიწყო...

1969 წლის 15 აგვისტოს, დაშნას „ნაკოლით,“ მოუხელთებელი ნიღბიანები თბილისის ლომბარდს მიადგნენ გასაძარცვავად, სადაც, მათი აზრით, 3 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა ინახებოდა. თუმცა, მოუხელთებლებს იქ კბილებამდე შეიარაღებული მილიციის რაზმი დახვდა. მათ მძარცველები ალყაში  მოაქციეს და „სუფთად“, ერთი გასროლის გარეშე აიყვანეს...

P. S. ბანდიტები გაასამართლეს და  ხანგრძლივი ვადით პატიმრობები მიუსაჯეს, ელენე სანებლიძეს კი 13 წლით აღეკვეთა თავისუფლება. თუმცა, ქალი 8 წელიწადში გათავისუფლდა, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და დღემდე სულიერ მოღვაწეობას განაგრძობს.

скачать dle 11.3