კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გიჟდებიან ზურა შევარდნაძის სახელზე და რატომ დადიან მასთან სტუმრად ჩემოდნებით

 

ძველმანების მოყვარულ ზურა შევარდნაძეს თბილისში ყველა იცნობს. მასთან სტუმრობა მართლაც დიდი ესთეტიკური სიამოვნებაა. სად ნახავთ სხვაგან იმდენ ძველ და ლამაზ ჭიქას, თეფშს, ქვაბს, ორიგინალურ კოვზებს, ჩანგლებს, სკამებსა და ათას ჭინჭილას, რამდენიც მას აქვს სახლში და „გარდენიაში”. როგორც ჩვენი რესპონდენტი მებაღე-დიზაინერი ამბობს, ეს მისი გატაცება კი არა, მთელი ცხოვრებაა. ის ამით ცხოვრობს და დიდ სიამოვნებას იღებს. ბევრისთვის, ალბათ, გასაკვირია, საიდან აქვს ამ გურულ, ასკანელ კაცს ასეთი დახვეწილი გემოვნება. როგორ ცდილობს ის სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებას და როგორ გამოსდის ეს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც საკმაოდ ხალისიანად ჩაიწერა.      

– საქართველოში არ ვიცნობ მამაკაცს, რომელსაც ასეთი მისწრაფება და სიყვარული ჰქონდეს ძველი ნივთების მიმართ და შენ რამ გადაგრია?                               

– მე ასე ვცხოვრობ, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი ნივთები, სახლის მოწყობა. საერთოდ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კარგი ისტორიები, ღამის ქუჩებში სიარული, სხვის ფანჯარაში შეჭყიტინება – როგორ ცხოვრობენ, რა ნივთები აქვთ. ჩემს გარემოს ყველგან ვიქმნი და სადაც ვარ, იქ ყოველთვის განსაკუთრებული გარემოა. ბევრს ჩემს ასაკში თანამედროვე ნივთები მოსწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მე არ ვარ თანამედროვე, ინტერნეტშიც ვმუშაობ და ყველაფერი კარგად გამეგება. 

– თანამედროვე ტექნოლოგიები არა, მაგრამ ისე შეგიყოლია, ჩემო ზურიკო, ამ ძველმანებმა, მგონია, „ლეჟანკაზე” გძინავს.                      

– ისეთი მოხერხებული ცხოვრება მიყვარს, „ლეჟანკაზე” ნაღდად ვერ დავწვები. ძალიან მიყვარს კომფორტი, ან ვინ გინახავს, ვისაც კომფორტი არ უყვარს?! მარტო რას ვერ ვიგებ იცი? ადამიანები მთელი ცხოვრება ცხოვრობენ, ტუალეტი აქვთ ბაღის ბოლოს და არ აქვთ ელემენტარული პირობები. 

– პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ბინა გაქვს. ყველას არ შეუძლია, ასე გემოვნებით მოაწყოს თავის ბინა, ინგლისური სტილი შეგირჩევია.  

– ჩემს ადგილას სხვა დიდ სახლს იყიდიდა, სადმე ქალაქგარეთ. „გარდენიაში”, იმდენი შრომა მიწევს, აქ დასასვენებლად მოვდივარ. იქით ყოფნა გაზაფხულსა და ზაფხულშია კარგი.  

– თუმცა, ქალაქგარეთაც არ იქნებოდა ცუდი. წარმოიდგინე, სადმე, წყნარ ადგილას ტყეში ან ზღვის პირას, ხის პატარა სახლი, შიდა კიბით, თეთრი ინტერიერით... აი, ისეთი ფილმებში რომ არის. შენს ნივთებს ვუყურებ და ვხედავ ერთნაირი არაფერია, ყველაფერი თითო-თითო და სხვანაირია.                                     

– კი, ჩემს სახლში ერთნაირს ვერაფერს იპოვით. საშინლად არ მომწონს სერვიზები – ექვს- ექვსი ჭიქა, თეფში. სკამიც რომ დგას მაგიდის ირგვლივ ერთნაირი, ეგეც მაღიზიანებს. მირჩევნია, თითო ცალი იყოს. საერთოდ ინტერიერი კარგად მესმის და ათვისებული მაქვს. ხალხი იმაში ფულს მიხდის, რომ ვურჩიო – რა რას მოუხდება... 

– სამეულის ძალიან ლამაზი გადასაფარებელი და ფარდები გაქვს. ჩემი აზრით, ზუსტად ჯდება ამ ინტერიერში, ალბათ, შეაკერინე.  

– კი, შევაკერინე, მთელი თბილისის მკერავებს ვიცნობ. საერთოდ, რიტუალი უფრო მიყვარს, ვიდრე რაღაც კონკრეტული ნივთი. მაგალითად, ვგიჟდები ადამიანებთან ურთიერთობაზე. მომწონს როგორც თბილი, ისე უხეში ადამიანები. სულ ვსწავლობ რაღაცას. რომ გითხრა, ნავთლუღის ბაზარში ბევრ რამეს ვსწავლობ-მეთქი, დამიჯერებ? მოკლედ, ცხოვრება მიყვარს! ბევრ, ჩემი ასაკის ადამიანს ეს არ ესმის. ღმერთმა დამიფაროს, რომ ყველას ესმოდეს ჩემი, ასეც უნდა იყოს. 

– ამ ყველაფერს, ალბათ, მშრალ ხიდსა და მაღაზიებში იძენ, რომლებიც ვორონცოვზე მრავლადაა და შენნაირი გამვლელ-გამომვლელის ყურადღებას იქცევს.            

– ბევრს ვყიდულობ, ამიტომ ფული არასდროს მაქვს. რაც მაქვს, სულ ვხარჯავ. ჩემი „წიკები“ მაქვს. მშრალ ხიდზე სიარული ჩემთვის მთელი რიტუალია. ყველას ვიცნობ, ყველასთან მივდივარ. ვფიქრობ, მათთვის სასურველი სტუმარი ვარ.

– სასურველი იქნები, აბა რა, ყველაფერს შენ ყიდულობ და...

– აი, რას ხედავ აქ ძვირად ღირებულს? ყველაფერი იაფფასიანია. არც ერთი გრამი ოქრო და ბრილიანტი არ მაქვს, ჩემს ესთეტიკაში არ ჯდება ძვირფასეულობა. აი, ეს საანგარიშო „ჩოთქი,” მაგალითად, ჩემმა მასწავლებელმა მაჩუქა. დედაჩემი ბუღალტერია, კოლმეურნეობაში მუშაობდა ბუღალტრად და ბავშვობაში რომ მივდიოდი მასთან სამსახურში მახსოვს, როგორ გამოდიოდა ყველა ოთახიდან საანგარიშო კოჭების ხმა. ამ  ხმის ნოსტალგია მაქვს და რომ დავინახე, მომინდა. ძალიან ბევრ ნივთს მჩუქნიან, ყველამ იცის, რა გამიხარდება და… ჩემთან სტუმრები მოდიან ძველი ჩაიდნით, ჩემოდნით. ამას წინათ ერთმა ჩემმა ახლობელმა არაჩვეულებრივი ჩაიდანი მაჩუქა. შეიძლება, სხვისთვის ეს არაფერი იყოს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერია. ვიცი კოლექციონერები, რომლებისთვისაც ეს აზარტია, კოლექციონერი სულ უყურებს ის რა გამოშვებაა, ამ ქარხნის, იმ  ქარხნის... ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვიზუალურად მომეწონოს. ერთი აზერბაიჯანელი მეგობარი მყავდა – ელშა და თავის მეუღლესთან ერთად აქ ცხოვრობდა, როცა მე ზაფხულში იქით ვიყავი – „გარდენიაში”. ჰოდა, გაგიჟებული წავიდა – „სქოლქო ბანქი უტებია, ზურაჯან!“... მაქვს აგრეთვე ძველი საბეჭდი მანქანა, ხელით დასატრიალებელი საანგარიშო, სალარო აპარატი.

– ვა, მაშინაც იყო სალარო აპარატები? შენ მაშინდელი გადახდის ქვითრებიც გექნება. ძველი სკივრივით თუ შემნახველი საკანივით ხარ – ყველაფერს ინახავ. 

– „გარდენიაში” პატეფონი და ფირფიტების კარგი კოლექცია მაქვს. სტუმარი რომ მოდის, ზოგჯერ ჩავრთავ. ერთი არაჩვეულებრივი გერმანელი მეგობარი მყავს – ანდრეას გროგერი, მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის დირექტორია. ისიც ჩემსავით ძველმანებითაა გატაცებული და მიუნჰენში რომ ჩავდივარ, ერთად დავდივართ „ბარახოლკებზე“. აბა, იქ არის თუ არის! ისეთი სიძველეები იყიდება, მართლა საოცრებაა. ანდრეასი ჩემთვის აგროვებს ქართულ ფირფიტებს და მე აქ – გერმანულს. ეს ჩვენი ტრადიციაა. გერმანიაში რომ არის ქართული ფირფიტები, ეს არის გასაკვირი, თორემ აქ რომ იყოს გერმანული – რა გასაკვირია. 

– „ალიხე, მამლიხე“... ეს რაღაა ზურა?   

– ესენი რევოლუციამდელი ჩაის ქილებია. ამ ფორმით იყიდებოდა ჩაი. სულ ვცლი ყველაფერს. შენ გგონია, რაც აქ დევს სულ ასე აწყვია? „გარდენიადან” მომაქვს, მერე ისევ „გარდენიაში” მიმაქვს. სულ მოძრაობაშია – რაღაცას ვამატებ, რაღაცას გავაჩუქებ, გამიყიდია კიდეც, როცა მომბეზრებია და უკეთესი მომნდომებია, სხვათა შორის, ერთი რამე მასწავლა ამ საქმემ – თუ რაღაცეებს არ შეელიე, ისე ახალს ვერ იყიდი. ჩემთვის ამ ყველაფერს დადებითი ენერგია აქვს.             

– შეიძლება, ერთ დღეს ისეთ ხასიათზე გაიღვიძო, ძველი ახლით შეცვალო?   

– თანამედროვე ინტერიერშიც კარგად ვგრძნობ თავს. სხვასთან რომ მივდივარ, ძალიან ბედნიერი ვარ, როცა თანამედროვე სავარძელში მოხერხებულად ვზივარ, მაგრამ ჩემთვის თანამედროვე სავარძელი არ მომეწონებოდა. ხომ მაქვს უფლება, ისე ვიცხოვრო, როგორც მე მომწონს? გერმანიაში ახლობლების სახლში ვცხოვრობ, იქ ჩემი ოთახი მაქვს და რომ ჩავდივარ, მახვედრებენ გაახლებულს, გალამაზებულს, მაგრამ, სანამ ჩემს გარემოდ არ გადავაქცევ, ვერ ვისვენებ.  

– ძველი ფარდაგი არსად გიფენია, არ გიყვარს? 

– დიდი ფარდაგების შეგროვების არც სურვილი მაქვს და არც ადგილი, მაგრამ ძალიან მიზიდავს ქართული ფარდაგების პატარა ნაგლეჯები. მენანება გადაგდება და ზოგი სკამზე მიფენია, ზოგი – რაღაცაზე დევს. მებაღე ვარ და კარგად ვიცი, რა თამაშობს დიდ როლს ადამიანის გემოვნებაზე – თვალი. ჩემი მოვალეობაა, ვიზრუნო იმაზე, რომ ადამიანის თვალს სიამოვნება მივანიჭო. ამით იწყება ყველაფერი. ჩემი სახლი, კარგი გაგებით, ბევრს ეხარბება. ზოგს ჩემი სახლისხელა მარტო სააბაზანო ოთახი აქვს. ძალიან მდიდარ ადამიანებსაც უთქვამთ – ვაიმე, ზურა, რა ბედნიერებაა, რა მყუდროდ ცხოვრობ, რა სიმშვიდეა შენთან...  მაღიზიანებს ისეთი სახლები, ოფისს რომ ჰგავს და სამზარეულო – ლაბორატორიას. თუმცა, არც ეგ მიმაჩნია კატასტროფად, ვფიქრობ, ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მოსწონს. როცა ეს ბინა ვიყიდე, საერთოდ არაფერი იყო – მხოლოდ კედლები. გადავაკეთე, გადმოვაკეთე და აი,  ასეთი გამოვიდა. მაშინ სტუდენტი ვიყავი და სტუდენტისთვის  ეს ფართი აბსოლუტურად საკმარისი იყო. ახლა მეპატარავება. მეგობრებისთვის ექვსი სკამი მაქვს და ყველამ იცის, რომ მხოლოდ ექვსი ადამიანის მიღება შემიძლია.

– ეს შავ-თეთრი პეიზაჟი ვისი დახატულია?   

– ეს სურათი ძალიან საინტერესო ტუშითაა დახატული. ერთი საინტერესო მხატვარია, გვარად მახარაძე, ცალი თვალი არ აქვს და ნახე, ტუშით როგორი კომპოზიცია შექმნა. მიყვარს ძველი სუნები. მაგალითად, იმ კარადაში დევს ძველი სუნამოები „კრასნაია მოსკვა.” რომ გამოვაღებ და ის სუნი მეცემა, ჩემი მასწავლებელი მახსენდება. 

– ამ ძველებურ სასწორს იყენებ?                     

– როგორ არა, ყველაფერს ვიყენებ. მარტო ის არ არის, რომ დავდო და ასე იდოს. სხვათა  შორის, ზუსტად წონის. ესენი დაღესტნური ქამრის ბალთებია ქალისა და მამაკაცის. ესეც ჩემმა მასწავლებელმა მაჩუქა, ქალბატონმა დარეჯანმა.  ესენი დაღესტნური ცხენის მოკაზმულობებია – უნაგირი,  ლაგამი. დაღესტანში ძალიან განვითარებულია ვერცხლის მჭედლობა, კარგად ამუშავებენ და იმ რეგიონში ცხენის მოსაკაზმი ნივთები ძალიან პოპულარულია და არა მხოლოდ ცხენის – ქალის არაჩვეულებრივი სამკაულები აქვთ. თბილისში ერთი დაღესტნელი ხელოვანი ქალბატონი მუშაობს – მანანა მაგაბედოვა და ვერცხლის საინტერესო ნივთებს ქმნის. ეს არის იტალიური საძმრე და სამარილე. იტალიაში რომ დაჯდები  სადმე სავახშმოდ ან სადილად, შავ პილპილთან და მარილთან ერთად, რასაც დებენ მაგიდაზე – ძმარი და ზეთია.     

– ლოგინის თეთრეულს თუ ანიჭებ მნიშვნელობას? ახლა არ მითხრა, ისიც ძველი მაქვსო. 

– მე არ შემიძლია თურქულ თეთრეულში ძილი, მძინავს ჩვეულებრივ, კომუნისტების დროინდელ თეთრ, „გაკრახმალებულ“ თეთრეულში. ჭრელაჭრული და ჟატი არ მიყვარს. რომ გითხარი, აზერბაიჯანელი მეგობარი მყავდა სტუმრად-მეთქი, აქედან „გარდენიაში” ამოვიდა. სულ გადაირია – „სქოლქო“ ბარახლო, ზურაჯან, ნე გდე ვჟიზნი ნე ვიდელ! რა „ბარახლო“, ბიჭო, შენ არ იცი როგორი ესთეტიკით ვუყურებ ამგენს-მეთქი. სხვათა შორის, საჩუქრად კარგი რაღაცეები  ჩამომიტანა, სამოვარი მისახსოვრა. სულ მახსოვს ესა თუ ის ნივთი ვინ მაჩუქა, როდის მაჩუქა, რა გრძნობით მაჩუქა, მოსწონდა თუ არ მოსწონდა. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში, ნივთს იცილებენ თავიდან, აღარ მოსწონთ და შენ გჩუქნიან. ზოგიერთ შემთხვევაში – მასაც ძალიან მოსწონს, გული სწყდება, მაგრამ იმდენად ძვირფასი ხარ მისთვის, მოიკლო და გაჩუქა. ეს არის ნამდვილი საჩუქარი. მეც ვგრძნობ, რომ არ მოეწონათ ჩემი ნაჩუქარი ნივთი, მაგრამ ვცდილობ, ის გავაჩუქო, რაც ძალიან მომწონს. ნაძვის ხის სათამაშოებიც არ მაქვს ახალი, თუ ატყობ, ყველაფერი ძველია.   

– შენს სახლს, ალბათ, არასდროს გატეხავენ, ფული შენ არ გქონია და ოქრო – ძველი საანგარიშო „ჩოთქი“, „აპტეჩკა“  თუ კომუნისტების დროინდელი „გაკრახმალებული“ თეთრეული ვის რად უნდა?! გახსოვს, 90-იან წლებში ოჯახებში „პოლიროვკიან” სერვანდებსა და პიანინოებზე ბროლის, ხილის ლარნაკები და საყვავილეები რომ ედგათ. ბევრმა აიღო, ზოგს დღესაც უდგას.   

– ბროლებსაც ვიყენებ. მოვა ისევ მოდაში, ბროლის ჭაღები. ცოტა დააგვიანდება, მაგრამ მოვა აუცილებლად.  

ეკა პატარაიაძველმანების მოყვარულ ზურა შევარდნაძეს თბილისში ყველა იცნობს. მასთან სტუმრობა მართლაც დიდი ესთეტიკური სიამოვნებაა. სად ნახავთ სხვაგან იმდენ ძველ და ლამაზ ჭიქას, თეფშს, ქვაბს, ორიგინალურ კოვზებს, ჩანგლებს, სკამებსა და ათას ჭინჭილას, რამდენიც მას აქვს სახლში და „გარდენიაში”. როგორც ჩვენი რესპონდენტი მებაღე-დიზაინერი ამბობს, ეს მისი გატაცება კი არა, მთელი ცხოვრებაა. ის ამით ცხოვრობს და დიდ სიამოვნებას იღებს. ბევრისთვის, ალბათ, გასაკვირია, საიდან აქვს ამ გურულ, ასკანელ კაცს ასეთი დახვეწილი გემოვნება. როგორ ცდილობს ის სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებას და როგორ გამოსდის ეს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც საკმაოდ ხალისიანად ჩაიწერა.                                                                                                                                                                           

 

скачать dle 11.3