კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ხანი გაატარა დათო თარგამაძემ ბერებთან მონასტერში და რატომ არ ენატრება მას ქართული კერძები

2012 წელი დავით თარგამაძის კარიერისთვის ნაყოფიერი გამოდგა – მან ახალი კლუბის მაისური მოირგო და უკრაინის ჩემპიონატში ჩვეული დამაჯერებელი თამაშით თავისი ქომაგების რაოდენობა გაზარდა; ამასთან, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის გამწვავება და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნა. ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ დათო თარგამაძის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მისი მონასტრიდან დაბრუნების მერე ჩავწერეთ. დათომ უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე ბერებთან გაატარა და ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

 

– დათო, რამდენიმე დღეა, რაც მონასტრიდან დაბრუნდი. რა მორალური დატვირთვა ჰქონდა შენთვის ბერებთან ცხოვრებას, რას გრძნობდი, როდესაც იქ იყავი?

– სანამ უკრაინიდან ჩამოვიდოდი, გადაწყვეტილი მქონდა, მონასტერში წავსულიყავი. მამკოდის მამათა მონასტერში ვიყავი და ერთი კვირა გავატარე ბერებთან ერთად. თავიდან არ მეგონა თუ ამდენ ხანს გავჩერდებოდი, მით უმეტეს პირველად ვიყავი. მამა სვიმონს ჯერ კიდევ უკრაინიდან შევუთანხმდი, რომ მონასტერში მინდოდა წასვლა, ჩამოვედი უკრაინიდან და ორ დღეში წავედი. ისეთი დადებითი შეგრძნებაა იქ ყოფნა, სულიერად დავისვენე. მაინტერესებდა, როგორი იყო მონასტრული ცხოვრება, ბერებთან ურთიერთობა. ამის დიდი სურვილი მქონდა და ავისრულე კიდეც.

– შენს ძმაზე მინდა გკითხო: ვიცი, რომ განსაკუთრებული ძმობა გაქვთ, სულ გვერდში გიდგას და წარსულში ისიც ფეხბურთელი იყო.

– ამბობენ, რომ ჩემი ძმა (ირაკლი თარგამაძე, – ავტორი) ჩემზე ბევრად ნიჭიერი და მაგარი ფეხბურთელი იყო და, მიხარია, რომ ასეთ რამეს მეუბნებიან. მაგრამ, ტრავმებმა შეუშალა ხელი და ადრე მოუწია კარიერის დასრულება. ბათუმის „დინამოში” თამაშობდა, მაშინ იტალიელი მწვრთნელი ჰყავდა ბათუმურ კლუბს და, ტრავმები რომ არა, ალბათ, ახლა ევროპის რომელიმე გრანდში ითამაშებდა. ჩემზე უფროსია 14 წლით და სულ ჩემზეა გადმორთული – რაც თვითონ დააკლდა, უნდა, რომ მე მივაღწიო და, შეიძლება ითქვას, ჩემით ცხოვრობს, ჩემი ყველაზე დიდი ქომაგია და გასვლით თამაშებზეც კი ჩემ გვერდით არის.

– შენს კლუბზე – „ილიჩევეცზე” და ქალაქ მარიუპოლზე რას იტყვი?

– პატარა ქალაქია – ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ქარხანაა და გამონაბოლქვი ძალიან ხელს უშლის იქაურ მცხოვრებლებს. კლუბს რაც შეეხება, იქაურებს ძალიან უყვართ ფეხბურთი, აქტიურად დადიან სტადიონზე. ახლა ახალი მწვრთნელი მოვიდა გუნდში და შეიცვალა მიდგომა გუნდისადმი, მოიმატა ხალხის რაოდენობამ სტადიონზე და თვითონ ფეხბურთელების მიმართაც სულ დადებითი განწყობა აქვთ.

– გართობის საკითხში როგორ არის საქმე?

– გართობა აკრძალული გვაქვს. მწვრთნელმა გვითხრა, თუ გაიგო, რომ ღამის 11 საათის შემდეგ ვიყავით სადმე, კლუბში ან რესტორანში, ფულადი ჯარიმით დავისჯებით. ისე, დონეცკია ახლოს, 40 წუთის სავალზე და თავისუფალ დროს იქ ჩავდივართ ხოლმე გუნდელები. როდესაც ქართველების გუნდები ვეთამაშებით ერთმანეთს, თამაშის შემდეგ ვნახულობთ ბიჭებს, მაგალითად, კიევის „არსენალთან” თამაშის შემდეგ მე და თორნიკე კიევში დავრჩით სანდრო კობახიძესთან.

– სპორტული თვალსაზრისით, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, როგორ შეაფასებდი 2012 წელს? 

– ვერ ვიტყვი, რომ ცუდი წელი იყო, თუმცა, უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ახალ გუნდში გადავედი და ახალი გარემო იყო, ადაპტაციის გავლაა საჭირო, ახალ კოლექტივთან, ახალ მწვრთნელთან შეჩვევა... თორნიკე ოქრიაშვილი დამხვდა გუნდში და ამან ძალიან გამიიოლა ადაპტაციის პერიოდის გავლა – სხვანაირი შეგრძნებაა, როდესაც შენიანი არის გუნდში. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ნაკრებს, აქაც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი წელი იყო. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ნაკრებს კარგი პირობები ჰქონოდა. ვფიქრობ, ნაკრებში არის პროგრესი – მინიმალური, მაგრამ, მაინც პროგრესია. ფაქტობრივად, ახალი გუნდია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და, მჯერა, რომ წარმატებაც მალე იქნება. ესპანეთის ნაკრებთან თამაში ამ წელს, ალბათ, ყველაზე განსაკუთრებული მატჩი იყო ნაკრებისთვის.  ძალიან ველოდებოდი ამ თამაშს – მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდთან თამაში საოცარი შეგრძნებაა. წარმოიდგინეთ, „ბარსელონისა” და „რეალის” საერთო ნაკრებს ეთამაშები. ცალკე თემაა სავსე ტრიბუნები, რამაც დამატებითი სტიმული მოგვცა, არადა, თამაშის დაწყებამდე ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესპანეთის გამო მოდიოდა სტადიონზე. ესპანეთისა და „ბარსელონის” ფორმიანებიც ბევრი დავინახეთ, რომ ისხდნენ ტრიბუნებზე, მაგრამ, პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, სხვა მუხტი წამოვიდა ხალხისგან – თანადგომა ვიგრძენით და, სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებში გოლი გავუშვით. 

– კლუბში ¹99 ნომრიანი მაისურით თამაშობ. რაიმე დატვირთვა აქვს ამ ციფრს?

– არანაირი დატვირთვა, 9 ნომერი მომწონს, მაგრამ, კლუბში ეგ ნომერი დაკავებული იყო, და ამის გამო, ¹99 მაისურით ვთამაშობ (იცინის).

– „ფეისბუქზე” ფოტო გიდევს – ბუცი გიჭირავს, რომელზეც შენი გვარია დაწერილი, სახელობითი ბუცია?

– კონტრაქტი მაქვს ფირმასთან, მიგზავნიან ბუცებს და, რასაც ვეტყვი, ზედ იმის დაწერა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ჩემი გვარი დავაწერინე (იცინის).

– მარიუპოლში ცხოვრების პერიოდში კვების ამბავში როგორ ხარ, თუ გენატრება ქართული კერძები?

– ჭამის ამბავში ძალიან მაგრად ვარ, რადგან,  დედა მყავდა წაყვანილი მარიუპოლში, ორი თვე ჩემთან ცხოვრობდა და მაგ მხრივ პრობლემა არ მქონდა, ანუ, რაც მომენატრებოდა, ყველაფერი სახლში მხვდებოდა. ისეც, უკრაინაში ძალიან ბევრი ქართული რესტორანია და, თუკი ხინკალი ან ხაჭაპური მოენატრება ადამიანს, უპრობლემოდ შეუძლია ჭამოს.

– შენ ტატუებზე რას გვეტყვი, რა გაქვს დახატული? 

– სამი ტატუ მაქვს: ლომი მახატია მხარზე – ზოდიაქოთი „ლომი“ ვარ; ხელზე მამაჩემის სახელი მაქვს დაწერილი – მამა გარდაცვლილი მყავს, მესამე – ნახატია, უბრალოდ, მომეწონა და დავიხატე.

– დათო თარგამაძის აზრით, ვინ არის დღეს მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი და კლუბი? 

– ფეხბურთელი – ლიონელ მესი და კლუბი – „ბარსელონა”. დიდი ხანია, „ბარსელონის“ გულშემატკივარი ვარ და სიამოვნებით ვითამაშებდი ამ გუნდში (იცინის).

– უკრაინის ჩემპიონატში ძალიან აქებენ გენრიხ მხითარიანს „შახტარიდან”. მართლა ასეთი მაგარია, რომ ევროპული სუპერკლუბებიც კი ნადირობენ მასზე?

– გენრიხი ჩემი ახლო მეგობარია და, ჩემი აზრით, უკრაინის ჩემპიონატში დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელია. „შახტარში” რამდენიმე მაღალი დონის ბრაზილიელი თამაშობს და მათ არაფრით არ ჩამოუვარდება, ძალიან მაგარი ფეხბურთელია. 

– „შახტარის” ფეხბურთელი ხარ და ეს წელი განათხოვრებით გაატარე „ილიჩევეცში”. როგორც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება უნდა „შახტარს”, შენთან რა სიტუაციაა? 

– ბოლო ინფორმაციით ვიცი, რომ თორნიკეს აბრუნებენ გუნდში, მე კი ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან, ჯერჯერობით მიდის საუბარი. ამის გარდა, ევროპიდანაც მაქვს წინადადებები, მაგრამ, „შახტარი” ის გუნდი არ არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ასე უცებ  გაუშვას სხვაგან. ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს დონეცკურ გუნდთან და ახალი წლის შემდეგ მარიუპოლში უნდა დავბრუნდე – შეკრება იწყება და მერე გაირკვევა, რა იქნება და როგორ, ისევ გამანათხოვრებენ თუ „შახტარში” დამაბრუნებენ.

– და, ბოლო შეკითხვა: ახალი წლის დღეებია და, ალბათ ჩვენს მკითხველს აინტერესებს, რასთან ასოცირდება შენთვის ახალი წელი, განსაკუთრებული ტრადიცია, საახალწლო კერძები?

– ახალი წელი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, სულ ველოდები. ერთგვარი ტრადიცია მაქვს – სახლში 24 დეკემბერს მე თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს.  თოვლის ბაბუისაც კი მჯერა, სულ ველოდები, რომ ჩამეძინება და ბალიშთან საჩუქარს დამიდებს (იცინის).

 

скачать dle 11.3