კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იქნება ბერა ივანიშვილის ცხოვრების მეგზური და რამ მიაყენა მას ტკივილი

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და უნდა ვაღიარო, რომ მეგონა, როგორც მინიმუმ, ჭირვეულ და კაპრიზულ ადამიანთან მექნებოდა საქმე. მაგრამ, შეხვედრიდან 40 წამში, აზრი რადიკალურად შემეცვალა, ბავშვური გულწრფელობით აჟიტირებულმა ჩაგვირთო ახალი კლიპი, რომლის ტექსტსაც ცოცხლად აჰყვა და თან, ბედნიერი სახით გვიხსნიდა, რა ხდებოდა გადაღების პროცესში. ძალიან უშუალო, უბრალო და კარგად აღზრდილი ბიჭია. თუ გვჯერა გამონათქვამის – შვილი ოჯახის სარკეაო, მაშინ მისი პირადი ქართული ოცნების რეალობაშიც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომელიც ასევე ბავშვური გულწრფელობით გაგვიმხილა.

 

– ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა შენი პირველი ალბომია, რომელიც დღეს გამოვიდა და რომლის ირგვლივაც უნდა ვიტრიალოთ. თუმცა, იმდენად იშვიათი და სასურველი სტუმარი ხარ ჩვენთვის, რომ გვერდს ვერ ავუვლით შენს პირად ცხოვრებასაც. ამიტომ, მოგიწევს, ამიტანო იმაზე მეტხანს, ვიდრე ჩვეულებისამებრ. მინდა, შედარებით მაქსიმალურად ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ შენი ფანების მთელ არმიას.

– მე მზად ვარ გიმასპინძლოთ იმ დროით, რა დროითაც თქვენ მოისურვებთ. არც დროში და არც ფორმატში არ გზღუდავთ. შეგვიძლია, ვისაუბროთ ნებისმიერ თემასა და საკითხზე.

– უპირველესად, გილოცავთ დაბადების დღეს და ალბომის გამოშვებას. რა გზა გაიარე, რომლითაც დღეს, ალბომამდე მოხვედი?

– დიდი მადლობა. რთული კითხვაა, რადგან ამაზე არ მიფიქრია, პრინციპში, ეს არის 18-წლიანი გზა, რომელიც 23 დეკემბერს შესრულდა და ის, რაც ამ 18 წლის განმავლობაში განმიცდია და გამივლია, ყველაფერი სწორედ ამ ალბომშია შესული, აქ მთელი ჩემი ცხოვრებაა.

– მუსიკალური განათება თუ გაქვს?

– ჩემმა მშობლებმა პატარაობიდანვე მაზიარეს მუსიკის ხელოვნებას, რადგან თავადაც მუსიკის დიდი თაყვანისმცემლები არიან. განსაკუთრებით დედა. ჩემი ბებია ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო. 4 წლიდან ვიოლინოზე შემიყვანეს, შემდეგ ფორტეპიანოზე, ასევე დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ნელ-ნელა ვმუშაობდი საკუთარ თავზე, გემოვნებაც მეხვეწებოდა და შემოქმედებაც. ასე რომ, ჩემი სიმღერა არ არის ის შემოქმედება, რომელზეც უბრალოდ გამოხვალ, რეჩიტატივს იტყვი, ჯაჭვებს ჩამოიკიდებ და გარეპავ.

– ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავად ხარ?

– ყველა სიმღერის ტექსტი ჩემი დაწერილია, მაგრამ მუსიკაში მეხმარება ჩემი უახლოესი მეგობარი, უნიჭიერესი კომპოზიტორი ავთო ბადუაშვილი. ყველა ჩემი სიმღერის არანჟირება, სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა, რაც შეეხება ვოკალს, ჰარმონიზაციას, ხმების გაშლას, მელოდიებს, ამ ყველაფერს მე ვაკეთებ.

– როგორი პროცესია ტექსტის წერა?

– დიდი ხანია, კალამს და ფურცელს აღარ ვიყენებ. ყველაფერი თავში ლაგდება, ინახება და ტრანსფორმირდება. ზოგჯერ მუსიკა მაძლევს შთაგონებას, ზოგჯერ ჯერ ტექსტს ვქმნი და მერე მუსიკას. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სიმღერის დრამატურგიულ განვითარებას და ყოველთვის წინასწარ ვიცი, რა უნდა გასდევდეს სიმღერას ლაიტმოტივად.

– რატომ გადაწყვიტე ალბომის გარეკანზე – პატარა ბერას ფოტო მამასთან ერთად?

– იმაზე ფიქრიც არ დამჭირვებია, თუ რა იქნებოდა გარეკანის ფოტო. ეს ჩემი უსაყვარლესი სურათია. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ წეღან ალბომამდე განვლილ გზაზე ვსაუბრობდით და ეს ორი ფოტოც სწორედ ამ გზის ამსახველია ბავშვობიდან დღემდე. ასევე სიმბოლურია, რომ არც ერთი სურათი ხელოვნურად დადგმული არ არის. 

– ბერა, შენი აზრით, რა არის მიზეზი, რის გამოც ქართველმა მსმენელმა შეგიყვარა და გახდი უსაზღვროდ პოპულარული? აქვე მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ ბერა მანამდე შეიყვარა მსმენელმა, სანამ კოალიცია „ქართული ოცნება” შეიქმნებოდა.

– რთული კითხვაა და არ მინდა, ეგოცენტრულად ან ამბიციურად გამომივიდეს საკუთარ თავზე საუბარი. ხმამაღალ ნათქვამად მიმაჩნია, რომ მე ძალიან ან უსაზღვროდ პოპულარული ვარ... 

– ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, ეს მართლა ასეა და მლიქვნელობაში რომ არ ჩამითვალო, მყარი არგუმენტისთვის გეტყვი, გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და ინფორმაციას ვფლობ, საახალწლოდ კონცერტის გაკეთებასაც ვგეგმავდი და გაირკვა, რომ ყველაზე სასურველი მომღერალი შენ ხარ. თუ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი, მაშინ ასე ექსპრომტად გთავაზობ ჩვენს ჟურნალში შენი ფოტოთი საახალწლო კალენდრის დაბეჭდვას.

– კი ბატონო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ეს თუ მართლა ასეა, მიხარია, რადგან ყველა შემოქმედის უდიდესი ჯილდო ხალხის სიყვარულია. ჩვენ ქართველები ძალიან სენსიტიურები ვართ და ადვილად ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას, მათ შორის გულწრფელობას და ალბათ, სწორედ ჩემმა გულწრფელობამ მომიტანა ის, რასაც თქვენ ამბობთ. ჩემს სიმღერაში არც ერთი სიტყვა არ არის ყალბი, ყოველი ფრაზა გულიდან და გონებიდან არის ამოსული. ჩემს მსმენელს ყოველთვის ვესაუბრები ისე, როგორც ახლობელს. ამას გარდა, ვცდილობ, რაც შეიძლება, ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზო. ყველა სიმღერის თითოეულ დეტალს ერთნაირ ყურადღებას ვაქცევ, ზოგჯერ ნახევარ საათში იწერება მუსიკა და ტექსტიც, მაგრამ მერე იწყება დახვეწისა და სრულყოფის ურთულესი სამუშაო პროცესი. 

– გარდა შემოქმედებისა, რითი ხარ დაკავებული, რით ერთობი ხოლმე?

– ყველაზე დიდ სიამოვნებას მუშაობის პროცესი მანიჭებს და დიდ დროს ვუთმობ ამას. ყოველდღე ვვარჯიშობ, რომ სულ ენერგიაზე ვიყო. ჩემთან ერთად პატარა ძმა, ჩემი თეთრი დათვი ვარჯიშობს (იღიმის). ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს და შესაბამისად, არსად დავდივარ. მირჩევნია, თავისუფალი დრო, მშვიდ გარემოში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო.

– რა ტიპის ღონისძიებამ შეიძლება, დაგაინტერესოს, სადაც სიამოვნებით წახვიდოდი, ანუ რა არის ბერას ინტერესის სფერო?

– არ ვარ შეზღუდული, შეიძლება, ნებისმიერმა ღონისძიებამ დამაინტერესოს და წავიდე. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს მუსიკას უკავშირდებოდეს.

– ალკოჰოლთან და სიგარეტთან მიმართებაში როგორ ხარ?

– ალკოჰოლს არ ვეტანები, რაც შეეხება სიგარეტს, ვცდილობ, იმათაც თავი დავანებებინო, ვინც ეწევა. რამდენიმე მეგობართან შევძელი და გამომივიდა კიდეც და თუ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემი თხოვნით ვინმე თავს დაანებებს სიგარეტს, ბედნიერი ვიქნები. სამწუხაროდ, უფრო მეტად მწეველ გოგონებს ვაფიქსირებ, ვიდრე ბიჭებს. თუ ვინმეს ამით არ გავაღიზიანებ, მინდა ვთქვა, რომ ქართველ მანდილოსანს სიგარეტი არ შეშვენის და ძალიან არ მომწონს, როცა გოგო ეწევა (და გადახედა პრესსამსახურის უფროსს – ავტორი), თათია შენს გასაგონად სულ არ ვამბობ, მაგრამ მაინც... (იცინის).

– ბერა, შეყვარებული გყავს?

– არა, შეყვარებული არ მყავს.

– დაახლოებით როგორი უნდა იყოს ბერას მეუღლე, ის ქართველი იქნება?

– კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ნამდვილი ქართული ოჯახი შევქმნა. ქართველი გოგოს გარდა ჩემს მეუღლედ ვერავინ წარმომიდგენია, თუმცა ყველაფერი მაინც ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. არავინ იცის, ბედი რას გვიმზადებს. ჩემთვის მამაა სამაგალითო და ვისურვებდი, როგორც მან შეძლო ქართველობის, ტრადიციებისა და ოჯახური ჰარმონიის შექმნა, მეც ასეთივე სამაგალითო მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის.

– ანუ ეგრეთ წოდებული ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ხარ?

– მე წეღანაც ვთქვი და ახლაც განვმეორდები: არავინ იცის, ბედი რას გვიმზადებს და არასოდეს თქვა – არასოდეს. მაგრამ, მე ამ ინსტიტუტის, გნებავთ, უნივერსიტეტის (იცინის) მომხრე ვარ. როგორც ჩემს სიმღერაში ვამბობ, თავიდან ფეხებამდე ქართული ვარ და არც ეს საკითხია გამონაკლისი. 

– ტრადიციებზე გამახსენდა. შობა-ახალი წელი მოდის და მაინტერესებს, რა ტრადიციებია თქვენს ოჯახში ამ დღეს?

–  ახალ წელს, ტრადიციულად, სახლში, ოჯახის ყველა წევრი ერთად ვხვდებით. ეს ტრადიცია იმითაც მომწონს, რომ, სადაც არ უნდა იყოს ოჯახის რომელიმე წევრი, ამ დღეს მაინც ერთად ვატარებთ. მიხარია, რომ ახალი წელი ახლოვდება, რადგან ჩემი უფროსი ძმა, უტა ჩამოვა საფრანგეთიდან და ერთად ვიქნებით. ჰო  კიდევ, უკვე 2 წელია, ჩემი პატარა ძმის თოვლის ბაბუა მე ვიყავი. ხმას ვიბოხებდი, ისე ველაპარაკებოდი და ვერ მცნობდა, მაგრამ ახლა გაიზარდა და წელს არა მგონია, გამომივიდეს (იცინის).

– თოვლის ბაბუდ ყოფნის გამოცდილება გქონია და ამიტომაც გამოგივიდა კარგად თამაში საახალწლო კლიპში, რომელსაც ბოლოს „დ(ა)ირექტორ” აწერია.

– ვინმემ სხვანაირად არ გაიგოს. ეს ინგლისური სიტყვაა და რეჟისორს ნიშნავს. რადგან ამ კლიპის რეჟისურაში მივიღე მონაწილეობა, ამიტომაც დავაწერე სკამს, სადაც რეჟისორის მონიტორთან ვზივარ.

– მეგობრების თემასაც მინდა შევეხოთ და მაინტერესებს, ფართოა ეს წრე?

– რაღაცნაირად არის ნათქვამი: 1 მეგობარი კარგია, 2 ძალიან კარგი და 3 უკვე ბევრიაო. ერთ-ერთ სიმღერაში ვამბობ: მეგობრები არ მყავს, მარტო ძმები და ეს მართლა ასეა. სხვათა შორის, ხშირად მაქვს სკოლის მეგობრების და იმ პერიოდის ნოსტალგია, როცა ერთად ფეხბურთს ვთამაშობდით და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ, ვინ იყო.

– ვინ ვინ იყოს თემა, ანუ ის, რომ შენ ბერა ივანიშვილი ხარ, ურთიერთობებში გზღუდავს?

– რაღაც თვალსაზრისით კი და ამან გარკვეული ტკივილიც მომაყენა რიგ შემთხვევაში. თუმცა, ესეც საინტერესოა ცხოვრების გამოცდილების მისაღებად. ნათქვამია: რაც არ გკლავს გაძლიერებსო. ხომ ამბობენ, რომ ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობაო?! მე კი ვფიქრობ, რომ ლხინში უფრო ადვილი ამოსაცნობია ადამიანი თუ როგორ გაიზიარებს შენთან ერთად ის წარმატებასა და ბედნიერებას, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდი.

– ბერა, გავრცელდა ხმები, რომ საახალწლოდ ღია ცის ქვეშ აპირებ კონცერტის გამართვას და მართალია?

– ეს კარგი კითხვაა. ეგ მეც გავიგე, თუმცა არანაირი კონცეტი უახლოეს პერიოდში არ მაქვს დაგეგმილი. საიდან აგორდა ეს ჭორი, არ ვიცი.

– ქართულ ესტრადას როგორ იცნობ?

– ზოგადად, ყველაფერს ვისმენ, მაგრამ რას ვუსმენ, ეს სხვა საკითხია. თუმცა, ერთს დავამატებ, მომწონს ყველაფერი ქართული, რაშიც ქართული სული იგრძნობა.

– იქმნება შთაბეჭდილება, რომ არის ბერა და არის ქართული ესტრადა. ეთანხმები ამ მოსაზრებას?

– თუ გავიხსენებთ გასულ ერთ წელიწადს, ვნახავთ, რომ ჩემი სიმღერის ან კლიპის გაშვება კრიმინალის ტოლფასი იყო. ათას პრობლემას ქმნიდნენ, რომ კონცერტი ჩამშლოდა ან ხალხი ვერ მოსულიყო. გვაძლევდნენ არაშესაფერის ლოკაციებს, ზუსტად ტურნეს დღეებში ამთხვევდნენ თავიანთ კონცერტებს და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჩემს კონცერტზე მოსახვედრად, ხშირად მსმენელი იძულებული იყო, სხვადასხვა შემსრულებლის კონცერტი გაევლო გზად. ეს მათივე ფიასკოთი მთავრდებოდა. მე ვთვლი, რომ პირველმა ტურნემ ძალიან კარგად ჩაიარა.

– ასევე, არის მოსაზრება, რომ მოვიდა ბერა და ახლა ის განსაზღვრავს ვინ იდგება სცენაზე და ვინ არა, რომ ბერა ჩაყლაპავს ქართულ ესტრადას.

– (იცინის) არავის ჩაყლაპვის არც უფლება მაქვს და არც სურვილი. ერთადერთი, რაც შეიცვალა ის არის, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლით, ჩემი შემოქმედების სახით, უბრალოდ, აღარ აიკრძალება სიმღერების მოსმენა. ალბომი კი გამოვუშვი, რა მიზეზითაც, ასე ვთქვათ, დღევანდელი ჩემი და თქვენი თანამშრომლობა შედგა, თორემ სულ არ ვაპირებ ვინმეს ჩანაცვლებას. უფრო მეტად ვჩანვარ ტელეეთერში ან პრესის ფურცლებზე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბოდიშის მოხდით, კიდევ ერთს დავამატებ, ასეთ რამეს, ალბათ, ისინი ფიქრობენ, ვისთვისაც ბუნებრივი მოვლენა იყო დაბლოკვები და ვინც წლების განმავლობაში აკეთებდა ამას.

– თუ სწორად მახსოვს შენი ფრაზა: ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის ჩემი სტუდიის კარი ღიააო და ამაში რას გულისხმობდი?

– ჩვენ გვქონდა ბავშვთა სკოლა, ჩამოყვანილი გვყავდა უცხოელი პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს ამეცადინებდნენ მუსიკის სხვადასხვა დარგში (ვოკალი, ქორეოგრაფია, ინსტრუმენტებზე დაკვრა). იანვრიდან ვაპირებთ ამის განახლებას. გამოცხადდება ქასთინგი და მოსწავლეების მიღება.

– ბერა, რა არის შენი ქართული ოცნება და თუ აგიხდა?

– ჩემი ქართული ოცნების ახდენა დაიწყო. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ვნახავ საქართველოს ერთიანს და უფრო ძლიერს. პრინციპში, უკვე შეიმჩნევა ეს პროცესი, ბედნიერი და ლაღი სახეები, თავისუფლება. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის.

– და ბოლოს, ისევ გილოცავ დაბადების დღეს, პირველი ალბომის გამოშვებას. დღეს გამოვიდა ჩვენი ჟურნალი და შენი ალბომიც. რას ეტყვი შენი თაყვანისმცემლების არმიას, რომლებიც ახლა კითხულობენ ჩვენს ინტერვიუს?

– ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ თქვენი ყველა ოცნების ახდენას.  მჯერა, რომ 2013 წელი ოცნებების ასრულების წელია. ალბათ, ასეთია ბედისწერა, წერილების მაგივრად, ისევ მიწევს ლექსის წერა თუ ამას წაიკითხავ და ავტორს არ იკითხავ, ხელს ვაწერ, მუდამ თქვენი ბერა. 

 

скачать dle 11.3