კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჩუქა თუ არა კოალიციამ „ნაციონალებს“ საპარლამენტო არჩევნებში 25 პროცენტი და რამ შეაცდინა ირაკლი ოქრუაშვილი

 

შიდა პოლიტიკური პროცესები იმდენად ელვის სისწრაფით ვითარდება, რომ, თუ კარგად არ დაუდარაჯდი, შესაძლოა, ისე ჩამორჩე, დაწევაც ვეღარ მოასწრო, არათუ მიმდინარეობის ლოგიკაში გარკვევა. რა ტიპის კონფიგურაცია ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, რამდენად გულწრფელია კოაბიტაცია განზე მორჩენილი ოპონენტების დაპირისპირება და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ მომავალში?  – ამ თემაზე თავის აზრს ირინა სარიშვილი გაგვიზიარებს.

 

– შეინიშნება კოორდინაცია თუ აშკარად და გულწრფელადაა დაპირისპირებული ეს ორი ძალა ერთმანეთთან?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კოორდინაციას არჩევნებამდე და არჩევნების პირველ პერიოდში. დღეს გარკვეულწილად გულწრფელიც რომ იყოს კონკრეტულ საკითხებზე ერთმანეთთან დავა, ეს მაინც იმ შეთანხმების ნაწილია. ადვილი გასათვლელი იქნებოდა, რომ იარსებებს საკითხები, რომლებშიც პირობითად მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთთან ვერ მორიგდებიან. განსაკუთრებით, ეს ეხება საკადრო და ფინანსურ საკითხებს. ასე რომ, კონკრეტულ საკითხებში შესაძლოა, გულწრფელობა მართლაც იყოს.

– გულწრფელი დაპირისპირება?

– დიახ და ეს არაფრით აკნინებს იმ მოსაზრებას, რომ ამ ორ ძალას შორის დიდი გარიგება შედგა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მცირე პერიოდში, რაც გახდა იმ მშვიდობის საფასური, რა მშვიდობაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. მივიღეთ, ასევე, პირველი აქტივი „ოცნების“ პირველი ადგილის სახით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს პირველი აქტივი დარჩეს პირველი ადგილისთვის, ანუ შედეგების გარეშე. მოსახლეობის ორი ძირითადი მოთხოვნა ეხებოდა სამართლიანობის აღდგენას და სოციალურ საკითხებს. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ შეუძლებელია ძალიან მოკლე ვადებში იმის მიღწევა, რაც გასაკეთებელია, მაგრამ ტენდენციაც კი არ ჩანს, რომ რომელიმე ამ სფეროში ნაბიჯი წინ გადაიდგმება. მდგომარეობით შესანიშნავად სარგებლობენ „ნაციონალები“, რომლებსაც დღეს ერთადერთი უალტერნატივო საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი აქვთ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია დანაშაულებრივად გამოცხადებულიყო და მათ საერთოდ გასჭირვებოდათ პოლიტიკაში დარჩენა. არადა, ისინი დარჩნენ საკმაოდ სერიოზულად და უპრეცედენტო რაოდენობით ქართული პოლიტიკური სინამდვილისთვის, ანუ დარჩნენ 40-პროცენტიან პოლიტიკურ ოპოზიციად. თავისთავად, ეს მდგომარეობა ხელს აძლევს კოალიცია „ოცნებასაც“, რადგან, რაც უნდა გაუცრუონ მოსახლეობას იმედი ამ ეტაპზე და ეს ეტაპი არ იქნება ძალიან მოკლე დრო, მხოლოდ და მხოლოდ იმის შიშით, რომ მათ მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება შესაძლოა, „ნაციონალებისთვის“ იყოს ხელსაყრელი და შესაძლოა, „ნაციონალები“ დაბრუნდნენ, შეანარჩუნებინებს „ოცნებას“ თავის პოზიციებს. საერთოდ, ამ ორ ძალას შორის შეთანხმების ყველაზე სერიოზული პუნქტი, ჩემი აზრით, იყო მესამე პოლიტიკური ძალის არდაშვება საპარლამენტო დონეზე და შემდეგ უკვე ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ შეიქმნას პირობები მესამე ძალისთვის. ყველაზე დიდ საფრთხეს ერთსაც და მეორესაც ასეთი მესამე პოლიტიკური ძალა, ანუ რეალური ძალა შეუქმნის.

– თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღო ხმები არჩევნებში. ვინმემ შეუშალა ხელი, რომ გამხდარიყვნენ წონიანი პოლიტიკური მოთამაშეები? პოლიტიკას ჩემზე უკეთ იცნობთ, მათ არასწორი ტაქტიკური გათვლები გააკეთეს და დარჩნენ 1-პროცენტიან პარტიებად.

– გათვლები, რა თქმა უნდა, არასწორი გააკეთეს, მაგრამ, მოდი, შევხედოთ იმას, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა?! თითქმის ყველას, ვინც არჩევნებში დამარცხდა, მცირე გამონაკლისის გარდა და გარდა მიშა სააკაშვილის სატელიტებისა, ჰქონდა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში მიეღო მონაწილეობა.

– თითქმის ყველა არ მიიღო, ვისაც სურდა?

– როგორ გეკადრებათ?! არ მიუღია კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, ანუ ის ადამიანები, რომლებიც აი, ამ სქემას ვერ მოერგებოდნენ, თავიდანვე გარიყეს. ის, რომ შემდეგ ამ კონკრეტულმა ძალებმა ვერ მოახერხეს მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება, ანუ ვერ მოახერხეს გაერთიანება და საერთო საფრთხის დანახვა, რა თქმა უნდა, მათი ბრალიც არის, მაგრამ თვითონ ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მის კოალიციაში პოლიტიკური დომინანტი ყოფილიყო „რესპუბლიკური პარტია“ და მთელი საპარლამენტო საკვანძო თანამდებობები, სხვათა შორის, ყველაზე სტაბილური, ჩაბარდა „რესპუბლიკელებს“. ასე რომ, აქ შეკითხვაც არ უნდა დაისვას. სხვა საქმეა, რამდენად ჭკუის სასწავლებელი იქნება, რაც მოხდა, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც ამ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა: „ქრისტიან-დემოკრატების“ გარდა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ მიშა ტრადიციას არ დაარღვევდა და შეიყოლებდა ერთ-ერთ სატელიტად პარლამენტში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სააკაშვილის გეგმაში არც „ქრისტიან-დემოკრატების“ შეყვანა შედიოდა.

– თქვენ კი ამბობთ, რომ არ შეიცვალა, მაგრამ „ნაციონალები“ სწორედაც იმას ამბობენ, რომ შეიცვალაო, თუმცა დიდ ცვლილებას ვერც მე ვამჩნევ.

– ეს ხომ ვერბალური დონის პოლემიკაა? რომელი ნაბიჯი გადადგა დღევანდელმა ხელისუფლებამ ისეთი, რომელიც სტრატეგიულად შეცვლიდა საქართველოს პროამერიკულ და პროგლობალურ პოლიტიკას და მას ნეიტრალიტეტის რელსებზე გადაიყვანდა?! აბა, „ნაციონალები“ იმას ხომ არ იტყვიან, ესენიც იმავეს აკეთებენ, რასაც ჩვენ ვაკეთებდითო?! არჩევნებამდე მათ უკან მდგომ საერთო ძალასთან ყველა სტრატეგიულ საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას: ძალიან ოსტატურად იდგმება ერთი სპექტაკლი. გამოდის წულუკიანი, აკეთებს ბელეტრისტიკულ განცხადებებს, რაც „ნაციონალებს“ აძლევს იმის საშუალებას, რომ თავიანთი პროტესტი გამოთქვან, რომ თითქოს ვინმე პოლიტიკურად იდევნება და ირღვევა ადამიანის უფლებები. პარალელურად, ამას ისმენს მოსახლეობა და სოციალური პრობლემებით იმედგაცრუებული ფიქრობს, რომ, თუნდაც, ამ თვალსაზრისით, დღევანდელი ხელისუფლება რაღაცას მაინც აკეთებს.

– ამბობთ, რომ პატრონი საერთოა, ვინ არის ეს პატრონი? თუ კურსი არ შეცვლილა, ესე იგი, დასავლეთი, მაშინ რატომ აკეთებს განცხადებებს, გვაშფოთებს დაჭერებიო?

– პატრონს გეოგრაფიული ცნება არ აქვს, მართალი გითხართ.

– საიდანღაც ხომ უნდა იყოს პატრონი?

– ერთი ცენტრი არის ამერიკის შეერთებული შტატები და რატომ არა, მეორე –  რუსეთი?! გავიხსენოთ, შევარდნაძის გადადგომის დროს ვარდების რევოლუციაში ამერიკელებთან ერთად რომელმა რუსმა პოლიტიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა და ყველაფერი აშკარა გახდება.

– იმ შემთხვევაშიც, თუ გარიგება არსებობდა, მოსახლეობამ ხომ მართლაც მისცა ხმა კოალიციას?

– მე იმას კი არ ვამბობ, რომ კოალიციას არ მოუგია, პირიქით, კოალიცია „ოცნებამ“ გარიგების ერთ-ერთ პუნქტად 25 პროცენტი აჩუქა „ნაციონალებს“ და ამას თვითონაც არ მალავენ. თან, ეს ის 25 პროცენტია, რომელიც კოალიციას საშუალებას მისცემდა, მიეღო ყველა მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, მათ რომ ამისი სურვილი ჰქონოდათ. ეს ის 25 პროცენტია, რომელიც საჭირო იქნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. პირიქით, მე ვამბობ, რომ კოალიციამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე შედეგებში დაფიქსირდა.

– ირაკლი ოქრუაშვილის როლი როგორია იმ პროცესებში, რაც ხდება?

– მე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ოქრუაშვილმა დაიჯერა ის განცხადება, რომელიც უკვე უმრავლესობაში მოსულმა კოალიციამ გააკეთა მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, აღარ დაელოდა გადაწყვეტილებას და ჩამოვიდა. ის დააკავეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებაც არ ყოფილა მისთვის მოულოდნელი, მაგრამ, რაც ამის შემდეგ მოხდა, აშკარად ცხადყოფს, რომ ან ოქრუაშვილი მოატყუეს, ან თვითონ მოტყუვდა. მას ჩამოერთვა პოლიტდევნილის სტატუსი და მის ადვოკატებს უარი ეთქვათ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე. ჯერჯერობით ოქრუაშვილის ფუნქციას ასე განვიხილავ. ეჭვი არ მეპარება, რომ ოქრუაშვილის პატიმრობას ძალიან კარგად გამოიყენებს კოალიცია.

– რაში უნდა დასჭირვებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გარიგება კოალიციასთან, იყო საშიშროება, რომ ძალაუფლებას დაჰკარგავდნენ? ვინ ეცილებოდა მათ ამაში?

– არაპოლიტიკური შეკითხვაა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ცვლიან ხელისუფლებაში; მეორეც, „ნაციონალებს“ ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდათ და საზოგადოებაში დაგროვილი იყო მუხტი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადასულიყო ისეთი ძალის სასარგებლოდ, რომელსაც სრულიად ალტერნატიული ხედვა ჰქონდა.

– იყო ასეთი ძალა?

– ასეთი ძალა რომ სერიოზული საფუძვლით და რაოდენობით შექმნილიყო, საჭირო იყო გარკვეული გარემო. „ნაციონალები“ დღიდან მოსვლისა უშლიდნენ ხელს ასეთი პირობების შექმნას და, საბოლოოდ, ამას წერტილი დაასვა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. ცუდი არაფერი იქნებოდა მის გამოჩენაში, ისეთი პოლიტიკური გარემოცვა რომ დაეყენებინა გვერდით, რომელიც იდეოლოგიურად ცოტათი მაინც იქნებოდა განსხვავებული „ნაციონალებისგან“.

– ვის გულისხმობთ?

– ძალიან ბევრს, არ მინდა ჩამოთვლა. მე არც საკამათოდ ვარ განწყობილი ამ თემაზე. ძალიან კარგად ვიცი, რომ რაღაც-რაღაცეები, რასაც არჩევნებამდე ვამბობდი, გაუგებარი იყო კონკრეტული ადამიანებისთვის და ახლა გასაგები გახდა. რაღაც-რაღაცეები შესაძლოა, დღესაც არ იყოს ნათელი და, სამწუხაროდ, შემდეგ გახდეს გასაგები. თუმცა იმაზე ლაპარაკს, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, აზრი არ აქვს. დღევანდელი მდგომარეობით მივდივართ სახელისუფლო კრიზისამდე, რომელიც შეიძლება, ხელისუფლებამ არ ცნოს, იმიტომ რომ მას რიგგარეშე არჩევნები ხელს არ აძლევს, ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან, როგორც უნდა მოხდეს „ოცნების“ დისკრედიტაცია, ეს „ნაციონალებს“ ვერ უშველის და ვერ შეცვლის ძალთა განლაგებას. უბრალოდ, სავარაუდოდ, შეიცვლება „ოცნების“ სია და ამიტომ მათ ეს არ უნდათ და შეიცვლება „ნაციონალების“ სიაც. ამდენად, ერთადერთი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენა. თუ  ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს პოლიტიკური და სახელისუფლო კრიზისი, უპრიანი იქნება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნების საწინააღმდეგოდ მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ ამ მოთხოვნას ხომ უნდა ჰქონდეს საფუძველი?! თუ არ იარსებებს რეალური ძალა, რომელსაც ერთ ნაწილად მაინც შეეძლება, შევიდეს ამ სტრატეგიულ ჰარმონიაში, მაშინ ასეთ მოთხოვნასაც აზრი ეკარგება. დღეს ყველაზე კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები აღარ გადაიღლიან თავს იმის გაანალიზებით, თუ რა მოხდა და იმაზე დავიწყებთ ფიქრს, რომ ჩამოყალიბდეს რეალურად გამართული, იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალური ალტერნატივა იქნება. დღეს საქართველოში რეალური პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს. პარლამენტში ოფიციალურად არ არის, პარლამენტს გარეთ კი ისეთი დანაწევრებულია…

– ჩემი აზრით, უფრო დემორალიზებული.

– ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, ამას არ ჰქვია, რომ ოპოზიცია გვყავს. აი, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არა ის, რა მოხდა.

– თქვით, რომ არც ერთი პოლიტიკურ სცენაზე წარმოდგენილი ძალა არ აღიარებს პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ ქვეყანა რაღაცნაირად ხომ უნდა იმართოს. თან წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, იმის შემდეგ –  ადგილობრივი თვითმმართველობის. კიდევ ელით გარიგებას?

– კონკრეტულ საკითხებზე ეს მოსალოდნელია. ბიძინა ივანიშვილის ძალას უკან ედგა ზუსტად ის გუნდი, რომლებმაც, თავის დროზე, სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანია მოიყვანეს ხელისუფლებაში. ამიტომ სტრატეგიულ საკითხებში ისინი ყოველთვის შეთანხმდებიან და ამას დაერქმევა სამშობლოსთვის ზრუნვა. რაც უნდა გარიგება იყოს, ეს გარიგება იმიტომაც არის ფასეული „ნაციონალებისთვის“, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი მიეცეთ.

– იგორ გიორგაძე აპირებს დაბრუნებას?

– მე არ ვიცი, არ მისაუბრია მასთან ამ თემაზე, თუმცა მე პირადად აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიმაჩნია მისი დაბრუნება ქვეყანაში, სადაც ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ისიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ყველაზე სტაჟიან პოლიტიკურ დევნილ იგორ გიორგაძეს მიანიჭონ თუ არა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ამდენად, ყველასთვის ცხადია, რით დასრულდება მისი საქართველოში დაბრუნება. შეიძლება, არც ეს ყოფილიყო ტრაგედია, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ ამაში.

– როდესაც პოლიტდევნილობაზე ვსაუბრობთ, ხომ უკვე გაირკვა შემდეგ, რომ მაშინ ძალოვანი მინისტრები დაინიშნა რუსეთის კარნახით და ერთ-ერთი ასეთი ძალოვანი იყო იგორ გიორგაძე?

– სად გაირკვა?

– შევარდნაძე ამბობს ძალიან ნათლად.

– არც წინა ხელისუფლებას და არც ამას, არაფერი სჯერათ შევარდნაძის და რაღა ამას იჯერებენ?!

– ეს მე არ ვიცი, უბრალოდ კითხვას ვსვამ.

– როდესაც ვლაპარაკობთ იგორ გიორგაძეზე, ხომ უნდა ჩამოაყალიბოს ამ ხელისუფლებამ, ისევე, როგორც უნდა ჩამოეყალიბებინა წინა ხელისუფლებას, რაში ედება მას ბრალი?! მას ბრალიც არ აქვს წაყენებული, უბრალოდ არსებობს განცხადებები ტერაქტებზე. მთავარი ის არის, რომ, განსხვავებით ოქრუაშვილისგან და სხვებისგან, რომლებიც გაასამართლეს და მიუსაჯეს მათი თანდასწრების გარეშე, იგორ გიორგაძის არც ერთი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა და ყოველთვის მოსამართლე ან გამომძიებელი მიზეზად ასახელებდა გიორგაძის არყოფნას. ამიტომ, თუ იგორ გიორგაძე ეჭვმიტანილია, უნდა ჩამოყალიბდეს, რაშია ეჭვმიტანილი და, თუ აქვს მისჯილი, ხომ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება?! თუ იგორ გიორგაძე აირჩევდა ტაქტიკას, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, ეს შეეძლო, გაეკეთებინა სააკაშვილის დროსაც.

 

скачать dle 11.3