კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ იყენებს საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას და რა შემთხვევაში ექნება ქართულ კომპანიებს რუსეთისთვის ჩივილის უფლება

კითხვამ, დაბრუნდება თუ არა ქართული პროდუქცია რფ-ის ბაზარზე, ლამის ჩაანაცვლა საჭირბოროტო დილემა: ყოფნა –  არ ყოფნა, საკითხავი აი, ეს არის. თუმცა არც უიმისობაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარიც იფასებს თავს და სრულიად რუსეთის პოლიტ- თუ ეკონომიკური ელიტაც. მეორე მხრივ, რაკი ჩვენც და ჩვენი ჩრდილოელი  მეზობელი ერთად ვიმყოფებით მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში (მიუხედავად იმ საჩოთირო წინააღმდეგობისა, რომ რუსეთი და ამ ორგანიზაციის დანარჩენი წევრი ქვეყნები სხვადასხვა საზღვრებში გვაღიარებენ), წესითა და რიგით, რუსულ ბაზარზე შესვლა-დაბრუნება, მაინცდამაინც, დილემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა სავაჭრო უფლებებს ანიჭებს ქართულ პროდუქციასა და საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა არა მხოლოდ რუსულ, არამედ სხვა წევრი ქვეყნების ბაზრებზეც და რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, –  საკითხს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა განგვიმარტავს.

 

– რუსეთი უკვე ლამის ერთი წელია, გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. რა ხეირი მოგვიტანა ამ ფაქტმა ჩვენ ან რის მოტანა შეეძლო?

– საქმე ის არის, რომ საკითხის დაყენება მთავრობის დონეზე, რომ ქართული პროდუქცია დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე, არის შეცდომა. საქართველოში არის განწყობა, რომ მთავრობამ უნდა მოხსნას შეზღუდვა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის. თუ ბატონი ზურაბ აბაშიძე ამაზე ლაპარაკობს კარასინთან, ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ რუსეთს ჩვენთვის ოფიციალურად სავაჭრო ემბარგო არ გამოუცხადებია. არ არსებობს არც რუსეთის პრეზიდენტის, არც რუსეთის „დუმის“ და არც რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ რუსული ბაზარი დახურულიყო ქართული პროდუქციისთვის. არსებობს მხოლოდ მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილება, რომ ქართული პროდუქცია არის უხარისხო. ამდენად, თუ არ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკურ დონეზე ამ საკითხზე საუბარი უაზრობაა.

– თუმცა ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

– მეორე მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილების უკან დგას კრემლის ზეწოლა. გარკვეული აღიარებითი ჩვენება მისცა ლავროვმა, როდესაც ამას წინათ განაცხადა, რომ, თურმე, რუსეთი მზად არის, მოხსნას შეზღუდვა ქართული პროდუქციისთვის. ამით ლავროვმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ონიშენკოს უკან დგას კრემლი. საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და მისი სამთავრობო გუნდი წინააღმდეგნი იყვნენ, ქართული კომპანიები დაბრუნებულიყვნენ რუსულ ბაზარზე, მათთან დაახლოებული „ზედაზენი“ შევიდა რუსულ ბაზარზე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში თავად კომპანიების გადასაწყვეტია, დაბრუნდეს თუ არა მათი პროდუქცია რუსულ ბაზარზე. თუ ამის შემდეგ რომელიმე კომპანიას, რომელსაც აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დაშვებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე, მაინც არ დაუშვებს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის სამსახური რუსულ ბაზარზე, თბილისს შეუძლია, უჩივლოს მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მანამდე ეს საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უბრალოდ არ ეხება.

– სავიზო რეჟიმი არ ართულებს ამ პრობლემის მოგვარებას?

– საქონლის მოძრაობა არ ნიშნავს, რომ საქონელს უნდა გაჰყვეს წარმომადგენელი. მართალია, რუსეთის ვიზის აღება გართულებულია, მაგრამ მისი აღება მაინც შესაძლებელია. ამდენად, უფრო ლოგიკური იქნება, თუ აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე ქართული მხარე აქცენტს გააკეთებს სავიზო რეჟიმზე. ბიზნესს რომ თავი დავანებოთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნახევარ მილიონზე მეტი „პაატა სააკაძე” გვყავს რუსეთში და, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენთვის, სულაც, არ არის უმნიშვნელო, როგორ მდგომარეობაში არიან ჩვენი თანამემამულეები რუსეთში. ისინი რომ ცუდად არ არიან, ამის დასტურია ის, რომ ისინი იქ მუშაობენ და თავიანთი შემოსავლების ნაწილს უგზავნიან თავიანთ ახლობლებს საქართველოში, რაც საბანკო არხებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალოდ, წლიურად 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

– სტატისტიკა გვეუბნება, რომ სტაბილურად ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში, როგორც წესი, სწორედ რუსეთიდან მოდის.

– დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რადგან, თუ ამაზე დაიწყება საუბარი, შევალთ ჩიხში. არადა, რაღაცით უნდა დავიწყო და ერთ-ერთი ასეთი თემაა სავიზო რეჟიმის შემსუბუქება მისი გაუქმების მიზნით. მით უფრო, რომ ქართულ მხარეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვა არ აქვს დაწესებული.

– მე ცოტა უხერხულად მეჩვენება, როდესაც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ამ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად ვუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ არ ვუშვებთ ოსებსა და აფხაზებს.

– არ მგონია, ასე იდგეს საკითხი. არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც აფხაზეთის მკვიდრნი საქართველოში მოდიან სამკურნალოდ. თუმცა ჩვენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში“ გვაქვს შეზღუდვა, რომ, თუ რომელიმე ქვეყნის მოქალაქე თბილისთან შეთანხმების გარეშე შევა აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ მას აღარ შეუძლია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლა. არ არის გამორიცხული, რომ ამ კანონსაც დასჭირდეს ნაწილობრივ გადახედვა, თუნდაც, ამ მუხლის შემსუბუქებით. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სრულადაა მიბმული რუსულ სივრცეზე. ამიტომ ჩვენი ინტერესია, დავანახვოთ აფხაზებსა და ოსებს, თუ როგორი მრავალფეროვანია მსოფლიო. ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს გვაქვს ჩვენ, არ აქვთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრებს. ისინი მსოფლიოში გადიან რუსეთის საშუალებით. მათაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ არ იყვნენ მიბმული მხოლოდ რუსეთზე, რომ მხოლოდ რუსული არ იყოს ერთადერთი უცხოური ენა მათთვის, ანუ მათი ჩართულობა უნდა გაიზარდოს გლობალურ პროცესებში. დღეს იმდენად არიან მიჯაჭვულნი რუსეთზე, როგორც დედის ძუძუზე, რომ მათთვის ამ „დედის ძუძუდან” მოცილება სიკვდილის ტოლფასია. ამდენად, ჩვენ უნდა დავანახვოთ მათ, რომ რუსეთი, სულაც, არ არის ერთადერთი „დედა” და სხვა „ძუძუებიც“ არსებობს.

– ჩვენ 1999 წლიდან ვართ უკვე მსოფდიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. რაში გამოვიყენეთ და ვიყენებთ ამ შესაძლებლობას?

– მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ქვეყნის ეკონომიკისა და მისი საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე 13 წელია, ამ ორგანიზაციის წევრი ვართ, მაგრამ ეს არ გამხდარა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის ზრდის საფუძველი. მოგეხსენებათ, ჩვენს საგარეო სავაჭრო ბალანსში ექსპორტი თითქმის 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იმპორტი, ხოლო ექსპორტის მესამედი მოდის ავტომობილებსა და ჯართზე, ანუ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. პრობლემა გახლავთ ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ექსპორტის სტიმულირებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამდენად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საექსპორტო კუთხით, ჩვენ ვართ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პასიური წევრი. მესმის, რომ საქართველო მცირემასშტაბიანი ეკონომიკის ქვეყანაა და დიდი საექსპორტო პოტენციალი ვერ ექნება, მაგრამ ჩვენ საერთოდ ვერაფერს ვიყენებთ. წარმოიდგინეთ, ჩვენი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მქონე ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ღრმა კრიზისში: ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლად და აწარმოებს მთლიანი შიგა პროდუქტის მეათედზე ნაკლებს.

– ანუ სხვა ქვეყნები უფრო ხეირობენ ჩვენი წევრობით?

– ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის ეკონომიკური სისტემა, რაც, სხვათა შორის, არ არის სააკაშვილის დამსახურება. ეს საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მცირე ზომის ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი ღია ტიპის ეკონომიკაა. მეტიც, დიდი ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვისაც მაინც უკეთესია ღია ტიპის ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, ბევრი რამ თავად აწარმოოს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთთან, რასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა რამდენიმე წლის წინათ და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ რეჟიმს ვერ ვიყენებთ სათანადო დონეზე. 

– მათ შემოაქვთ და ჩვენ მხოლოდ ვასაღებთ?

– უკეთესად იყენებს ამ რეჟიმს თურქეთი და, ფაქტობრივად, ვერ იყენებს საქართველო. თუმცა, უპირველესად, უნდა გქონდეს ისეთი პროდუქცია, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. ჩვენ კი სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობა გვაქვს: როგორც გითხარით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთელი წარმოების მეათედზე ნაკლებს აწარმოებს. იმისათვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უცხოეთში გაიტანო, აუცილებელია ის მაღალი ხარისხის იყოს. მას უნდა ჰქონდეს ამის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ევროკავშირის კონტექსტში არის სასურსათო უვნებლობა. ჩვენთან სასურსათო უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბება ყველანაირად იყო შეფერხებული „ნაციონალური“ მთავრობის მიერ. ამას სჭირდება გამოსწორება. იბადება კითხვა: გააძვირებს თუ არა ეს პროდუქციას? რა თქმა უნდა, გააძვირებს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ, თუ საერთაშორისო სტანდარტებით არ იქნა დადასტურებული, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არის უსაფრთხო, ის ცივილიზებულ ბაზრებზე უბრალოდ ვერ გავა. ამიტომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია და რაც შეიძლება, მალე. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს როლს. მისი საქმიანობა წარმართული უნდა იყოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის, რაც შეიძლება, მალე დასამყარებლად. თუმცა მე აქ ვხედავ ერთ საფრთხეს: როდესაც ვანო მერაბიშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, კანცელარიიდან შესაბამისი გუნდი, ფაქტობრივად, ბენდუქიძის გუნდი, რომელიც მუშაობდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაზე და ყველანაირად აფერხებდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევას, გადაისროლა ფინანსთა სამინისტროში. ხოლო ამჟამად, რაკი ფინანსთა სამინისტროს ეს ფუნქცია არ აქვს, ბუნებრივია, ის  გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფაქტობრივად, უცვლელად გადმოჰყავს ბენდუქიძის ზემოხსენებული გუნდი. ინტერნეტწყაროებიდან აღებული ინფორმაციით, ბ-ნი ბენდუქიძე არის რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრი, როგორც რუსეთ-საქართველოს კომერსანტი და პოლიტიკოსი. ძალიან ექსტრავაგანტური პოზიციაა!

– რუსეთთან ხომ არსებობდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება?

– არსებობდა დსთ-ის ფორმატში. მაგრამ დსთ-დან საქართველოს გამოსვლის შემდეგ აღარ არსებობს. ეს ბევრად უფრო რთული საკითხია. თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული შემდეგი თემა არის თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში ამერიკაში ხელი მოეწერა ქარტიას და ეს არის ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატი. მათ შორის ერთ-ერთია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. სულ მალე, იანვარში, 4 წელი გახდება, რაც ეს ქარტია არის მიღებული და, თუკი ჩვენ ვიცით, რას გვთხოვს ბრიუსელი, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დამყარდეს, წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვთხოვს ვაშინგტონი იმავესთვის. თან ეს ვაშინგტონის კი არა, თბილისის ინტერესი უნდა იყოს და სწორედ თბილისი უნდა სთხოვდეს ვაშინგტონს, რომ, რაც შეიძლება, მალე ჩამოაყალიბოს თავისი პირობები.

– სიშორე არ არის შემაფერხებელი ფაქტორი? თუმცა ისიც გვესმის, რომ ჩვენთან ყველაზე იაფი ღირს ბრაზილიური ქათმის ბარკლები.

– დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ტერმინი „შორს“ პირობითია.

– ხატოვნად და უტრირებულად ვიტყვი: პომიდვრის მისაწოდებლად სიშორე ფაქტორი არ არის?

– არ არის ლაპარაკი მხოლოდ პომიდორზე, თუ ქართული ღვინო იყიდება ამერიკულ ბაზარზე, სხვა ბევრი რამეც შეიძლება, გაიყიდოს. ამერიკაში ეს საქმე ისეა განვითარებული, რომ ყოველ დილით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩააქვთ სხვადასხვა ეგზოტიკური ხილი. ის ყოველდღიურად  არის ახალი და, შესაბამისად, ღირს ძვირიც. ამერიკული ბაზარი ცოტა სხვანაირია, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა პირობები აქვს ამერიკას. ამდენად, ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ჩვენი მთავრობა და, რაც მთავარია, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევისთვის ვაშინგტონის პირობები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ბრიუსელის პირობებთან, იმიტომ რომ დღეს, რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული არ არის. თუმცა არსებობს პრაქტიკა და დღეს მსოფლიოში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთანაც აქვს დამყარებული და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ჩვენც უნდა მოვახერხოთ ქვეყნების ამ მცირერიცხოვან ჯგუფში მოხვედრა და ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის პირობები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რაც საქართველოს ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის.

– კერძოდ?

– ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის მასშტაბს, რაც დამატებით ეფექტს იძლევა. საქართველო მცირე ზომის ბაზარია, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევა კი ნიშნავს შემდეგს: ევროკავშირის ბაზარი საქართველოს ბაზარს 2 000-ჯერ აღემატება. ასე რომ, თუ ჩვენ ამ რეჟიმს მივაღწევთ და შევძლებთ, მართლაც, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, სულ რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი შესაძლებლობები, 2 000-ჯერ დიდ ბაზარს მარტო ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა პოტენციალია საქართველოს ეკონომიკისთვის?! აი, რატომ ვარ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების აპოლოგეტი.

 

скачать dle 11.3